იქ, სადაც თეატრის ნაშთებია... - გზაპრესი

იქ, სადაც თეატრის ნაშთებია...

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოდან 20-ზე მეტი ჟურნალისტი, ბლოგერი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ანალიტიკოსი და ინფლუენსერი ყარაბაღის ინფოტურისთვის შეირჩა. ინფოტური 20 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა.

ბუნებრივია, ასეთ ტურში მოხვედრა პატივიცაა და ვალდებულებებიც. საელჩოს მხრიდან არ ყოფილა რაიმე მოთხოვნა, რომელიც ტენდენციურობას თუნდაც ოდნავ მოიაზრებდა. ვფიქრობ, ყარაბაღის შესახებ რეპორტაჟი ბევრ ადამიანს დააინტერესებს, მით უფრო, რომ საომარი ქმედებების შეწყვეტის შემდეგ პირველად შეგვიშვეს პოსტკონფლიქტურ ზონაში ჟურნალისტები...

თბილისიდან დილის ექვს საათზე გასულებს მარნეულში აღმოსავლეთიდან ამოგორებული მზე მოგვესალმა, მერე - ორი ქვეყნის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალი. გონებაში ვაცოცხლებდი ყარაბაღის ისტორიას, რომელიც ორგვარად იკითხება: ერთი მოსაზრებით, ის აზერბაიჯანისაა, მეორე მხრივ - სომხეთს აქვს პრეტენზია ამ ტერიტორიაზე. ისტორიას არავინ გადაგვაწერინებდა, ეს ვიცოდი და პაციფისტის პოზიციიდან მოვემზადე მძაფრი განცდებისთვის. არაფერი მაინტერესებს, გარდა ფაქტების დანახვისა. დავსახე სტრატეგია და მიკროავტობუსში მოხერხებული პოზიცია ავირჩიე. საღამოს ბაქოში ჩავედით. ბაქო ახლა ამიერკავკასიის ყველაზე დიდი და "მაძღარი" ქალაქია. ოფიციოზიდან, გეგმის მიხედვით, ილჰამ ალიევის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ჰიქმედ გაჯიევმა მიგვიღო. ის დახვეწილი, რაფინირებული პოლიტიკოსია, რუსულ და ინგლისურ ენებზეც საუბრობს, მაგრამ კომუნიკაციისთვის ინგლისურს იყენებს. აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოხელე საამოდ გააოცა ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალის აზერბაიჯანულმა მიმართვამ. ამ ქალბატონზე ცალკე უნდა მოგითხროთ, რადგან საინტერესო მოსაუბრეა და თან, 1993 წლის 23 სექტემბერს სამჯერ გადაურჩა სიკვდილს...

გვიან საღამოს აზერბაიჯანული მასპინძლობით მოვიხიბლეთ. სუფრაზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ეწყო. მერე რა, რომ ქვეყანა ყველაზე თვითკმარი ეკონომიკის სახელმწიფოა კავკასიაში და სოფლის მეურნეობასაც სათანადო ყურადღება ეთმობა.

GzaPress

21 სექტემბერს ირანის საზღვრის მიმართულებით გავემგზავრეთ. ჯიბრაილის რეგიონი ადრე ყარაბაღის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა და იქ მისვლამდე კიდევ ერთხელ მივიღეთ კატეგორიული ინსტრუქტაჟი ჩვენივე უსაფრთხოებისათვის. პოსტკონფლიქტურ ზონაში საპასპორტო კონტროლი გავიარეთ და გორაკ-ბორცვიანი ტერიტორიის ტაფობზე სამხედროებს მივაკითხეთ. სხვადასხვა სიმაღლეზე ტექნიკა, ჯარისკაცები და ძაღლები მოძრაობდნენ. ოფიცერი დაწვრილებით გვიხსნის ზონის საფრთხის მასშტაბს, გაუქმებულ არსენალსაც ვათვალიერებთ და იმის წამიერი წარმოდგენაც კი, რა შედეგი მოაქვს თუნდაც ერთ ნაღმს, როგორ ასრულებს მსხვერპლისთვის სამყაროს, ინტერესსა და შიშს ერთად აღძრავს. ბზეზე უფრო გაფერმკრთალებულ გარემოში გაწვრთნილი ძაღლები წერტილებივით ჩანან, გამნაღმველთა ხელში საძიებო მოწყობილობა კი იმედია, რომ მალე უკანასკნელ საშიშროებას აღმოაჩენს... ნაღმის გაუვნებლების დემონსტრირებისთვის ემზადებიან სამხედროები. კამერები მომარჯვებულია იმის გადასაღებად, რაც მხოლოდ ტელევიზიით გვინახავს. გაიცა აფეთქების ბრძანება და ყველანი მიწას ვწყდებით მოულოდნელი ხმაურის გამო, ასეულობით მეტრის იქით ცეცხლგარეული კვამლის შავი სოკო ზემოთ აიჭრა და რუხად დაეფინა წყალმონატრებულ მიწას. კადრებს ვამოწმებთ და ზოგს აშკარად გაუმართლა: აფეთქება ეფექტურად გადაიღეს. ძაღლების "გაცნობა" მოვისურვეთ და ორმა სამხედრომ ორი ბელგიური ნაგაზი მოგვიყვანა. უდაბნოს მტვრით დაფარული შავი ბეწვი უსიამოვნო შესახედაობას აძლევს კეთილი მისიის შემსრულებელ ცხოველებს. ნაღმის ძებნის "პრაქტიკული კურსი" გვაჩვენეს, მერე კი ფოტოსესია მოვინდომეთ ძაღლებთან. აკადემიური სიმშვიდით აიტანეს ნაგაზებმა პაპანაქება მზის ქვეშ კამერების ჩხაკუნი და მერე ტრამალს გაუყვნენ საქმიანი ძუნძულით - არავინ იცის, რამდენი ნაღმი უნდა აღმოაჩინონ იმისთვის, რომ ოდესმე ამ ადგილებში უშიშრად გაიარონ ადამიანებმა!

ნაღვლიანი ადამიანის აღსანიშნავად ამბობენ ხოლმე, დაკრეფილი ვენახივით გამოიყურებაო. დარდის მეტი ხარისხი კი მიტოვებულ ვენახებში ჩანს. მდინარე არაზის (არაქსის) ხეობისკენ მივუყვებით მტვრიან, ქვიან გზას (უფრო უგზოობას) და ორივე მხარეს ჩანს უპატრონობით დაჩაგრული ზვრები. სანგრები, დაჟანგული თუნუქის ქილები, წითელი პალოებით აღნიშნული ნაღმიანი ადგილები, გაძარცული საფლავები, ნატყვიარი სალოცავები, ნასოფლარები საძირკვლამდე ჩამოშლილი შენობებით - ომის სიავეს მთელი სიცხადით უხმოდ გაჰყვირის. მდინარის გაღმით ირანული სოფლებია აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით. არაზის იქითა, ირანულ მხარეს ვაზიც ბედნიერია, ბამბით დაპენტილი ველიც. სადღაც ლერწმოვანია, ლეღვები და ბუნებრივია, ბროწეულებიც. მდინარეს თავდაღმა მიჰყვებიან იხვები და ყურადღებას არ აქცევენ ფლამინგოებს, რომლებიც ამაყად დაჰყურებენ წყლის ფსკერს... მდინარის მეორე ნაპირზე გამოშლილ ხალხს ხელის აწევით ვესალმებით, ისინიც სიხარულით გვესალმებიან - აქ სამოქალაქო პირები იშვიათად მოძრაობენ და ცხადია, უხარიათ, ვიღაც არამილიტარისტული მიზნით რომ დააბიჯებს ამ გზაზე.

ხუდეფერინის ხიდამდე მივდივართ. ადრე ამ სოფელში ორი საფეხმავლო ხიდი ყოფილა. ერთ-ერთი, 15-თაღიანი კარგ მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - 11-თაღიანი დანგრეულია. შემორჩენილ ხიდს XII საუკუნეს მიაკუთვნებენ, რომელიც შემდგომ პერიოდში აღადგინეს. 11-თაღიანი ხიდი სავარაუდოდ, XIII საუკუნეშია აგებული. ზუსტად ამ ხიდთან ყოფილა არცთუ ისე დიდი ხნის წინ პრეზიდენტი ალიევი, თავის მეუღლესთან ერთად და ამით თამამი პოლიტიკური ჟესტი უჩვენებია მსოფლიოსთვის.

ხუდეფერინის ხიდიდან ჯიბრაილის რაიონის სხვა ნასოფლარში გადავინაცვლეთ. აზერბაიჯანულ ტოპონიმებს ვერ ვიმახსოვრებ, მიუხედავად მათი კეთილხმოვანებისა. ბოლშევიკური ჰეროიკის ნაშთიც დავინახე სადღაც. სამი პროლეტარის ქანდაკებაც დაცხრილულია, მაგრამ სინანულის განცდა არ მაქვს. ზუსტად ბოლშევიზმისა და კომუნისტური იმპერიალიზმის ნამკალია ყოფილი საბჭოეთის ყველა კონფლიქტი და ამიტომ!

მიკროავტობუსები, ადგილობრივი ტელევიზიებისა და სამხედრო გამცილებლების ავტომობილები ყველაზე დამაფიქრებელ ადგილზე გაჩერდა. სასაფლაოს ზოგი ქვა გატეხილია, ზოგიც - გადაყირავებული. ყველა საფლავი ვანდალიზმის ინტერესის სფერო ყოფილა. "ჩვენთან, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოდურად ითვლებოდა ოქროს კბილები. სომხებმა გაძარცვეს ეს საფლავები და მიცვალებულთა კბილები წაიღეს!" - ამბობს ფახდე - ერთ-ერთი მათგანი, ვისი სტატუსიც ამ ტურში ჩვენთვის უცნობია, მაგრამ გადამწყვეტი ისაა, რომ კარგად საუბრობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. 50-მდე ადამიანი ეკლიანი, გამხმარი ბალახებით მოფენილ სასაფლაოზე დავაბიჯებთ და თავს ვარიდებთ ადგილობრივი კოლეგების კამერებს. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაზე პროვოკაციული შეკითხვა მე დამისვეს ზუსტად გაძარცული საფლავის წინ. აინტერესებდათ, რას ვიტყოდი სომხების შესახებ! კითხვაზე ასეთი პასუხი მიიღეს კოლეგებმა: "კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კულტურული ერი სომხები არიან. მათი ისტორია ამაზე მეტყველებს. ის ფაქტი, რასაც აქ ვხედავთ, ვანდალიზმი და ამაზრზენია. გაძარცული საფლავები სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის თანაბარი ტკივილია. ეს ერის ნამოქმედარი არაა. ეს კრიმინალების ამაზრზენი საქციელია. კრიმინალს ეროვნება არა აქვს". არ ვიცი, რამდენად კმაყოფილი დარჩნენ კოლეგები ან ჩემი კომენტარი რომელიმე ეთერში გაუშვეს თუ არა, მაგრამ მედიის როლი ყველა შემთხვევაში ობიექტური უნდა იყოს. თუმცა, ვერც სრულყოფილ ობიექტურობაზე დავდებ თავს, ჩემი პასუხი იყო გულწრფელი...

GzaPress

ფახდესთან ერთად გზა ქალაქ შუშისკენ გავაგრძელეთ. თურმე ეს სახელი ქალაქს გამჭვირვალე ჰაერის გამო უწოდეს. შუშასავით (მინასავით) კრიალებდა ცა. რამდენიმე თვის წინ ამ ქალაქის ქუჩებში ტყვიებს ისროდნენ. ნატყვიარები ღრმა ჭრილობებად ეტყობა ყველაფერს, გარდა სასტუმროსი. სასტუმროს ეზოში მშვიდობიანი გარემოსთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ძელსკამები, ყვავილები, დეკორატიული მცენარეები და დახუნძლული ტყემლები... დილით ფახდე გაგვიძღვა გიდად. მართალია, ბაქოში ცხოვრობს, მაგრამ შუშას კარგად იცნობს. 30 წლის შემდეგ ის პირველად ნახულობს ყარაბახში სახლს, სადაც დაიბადა, სადაც მისი მშობლები და ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ. მობილური ტელეფონით გვაჩვენებს ამ სახლში გადაღებულ ფოტოს, რომელზეც მისი ჩვილობაა აღბეჭდილი...

შუშაში შესასვლელთან გზა ორად იყოფა. ერთ მხარეს აზერბაიჯანის სამხედროები დგანან, მეორე მხარეს - რუსი "მშვიდობისმყოფელები". აქ გადაღება აკრძალულია გასაგები მიზეზების გამო, თუმცა, რუსულ იმპერიალიზმს არ ესაჭიროება აფიშირება, ის კავკასიაშიც ისეთივე დაუნდობელია, როგორც მთელ სამყაროში ნებისმიერი იმპერიის ზრახვები... შუშაში პირველი საცხობი ამოქმედებულა, პური არსობისა სურნელს აფრქვევდა და 20 კაპიკად იყიდება პატარა, ჩვენს "ბულკებზე" ცოტა უფრო დიდი ხორცის საზრდო. ტურის მონაწილე ახალგაზრდა ქალმა სამი პარკი აავსებინა და ყველას ჩამოგვირიგა. ვკბეჩდი ახალშეძენილი მეგობრის მოწოდებულ პურს მოზრდილ ლუკმებად და ვფიქრობდი, ნუთუ რა არის დედამიწაზე გასაყოფი? აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებულ შუშაში ცისფერი მეჩეთის სვეტის წარწერა გავიხსენე და პათეტიკურად წარმოვთქვი: "რასაც აქ ეძებ, ვისაც აქ ეძებ, დახუჭე თვალი, შენშია სულაც". ცოტა უხერხულობა მიპყრობს, როგორ ვაგრძელებდი ლუკმების ყლაპვას მეჩეთში, მაგრამ მიხაროდა, ქალაქის სიცოცხლე ზუსტად პურის საცხობით იგრძნობა ყველაზე უკეთ, ხოლო ადამიანობა - მეპურეების სურვილით, რომ საჩუქრად აგვეღო 20-კაპიკიანი პურები და კიდევ მეტად, როგორ არ დაანება თამუნამ მეპურეებს და ფული მაინც დაუტოვა. შუშაში ბულბულის სახლ-მუზეუმიც დავათვალიერეთ (სადაც თუთის ხეზე შესკუპებული მომავალი მომღერალი ბულბულივით გალობდა ხოლმე) და კიდევ ბევრი რამ, მერე კი 1923 წლამდე სოფლის სტატუსის მატარებელი ხანქენდიც (სტეფანაკერტი) შორიდან დავათვალიერეთ...

შემდეგი გაჩერება განჯაა. ვფიქრობდი, რომ განჯაში მისვლით დავასრულებდით ომის საშინელებათა ხილვას, მაგრამ ომის სიმძაფრე აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის გამარჯვების პარკშიც შემოგვეფეთა. ღამის ორ საათზე ჩამოყრილმა ბომბებმა 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთი ჩვილი იყო. მისი პაწაწინა ფეხსაცმელები ხელისგულზე დავილაგე და ვიგრძენი, როგორ მიფრინდა ამ პატარას სული ღმერთთან და გვიჩივლა ყველას, ვინც დედამიწას ვაცოდვილიანებთ! ღმერთმა ალბათ გაუღიმა პატარას და თავზე გადაუსვა ხელი...

ქალაქი აღდამი უნდა ვნახოთო, გამოგვიცხადეს განჯაში. გვეგონა, რომ უკვე ყარაბაღი სრულად გვქონდა ნანახი, მაგრამ ასე არ ყოფილა... მე-18 საუკუნეში დაარსებული "მცირე ციხესიმაგრე" (ასე ითარგმნება აღდამი) ახლა ნაქალაქარია. 22-ათასიანი ქალაქიდან აღარაფერია. ხანების სასახლე, თავისი ლამაზი ეზოთი და მავზოლეუმებით, განადგურებულია. უზარმაზარი ჭადრის ხეები მოუჭრიათ, მერე "ქიმიურადაც დაუმუშავებიათ". ხანის პოეტი ასულის, ნათავან ხურშიდბანუ ბიუსტიც აუფეთქებიათ, მავზოლეუმებიც დაზიანებულია. ნათავანი წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე, იყო მრავალშვილიანი ქალი, უდიდესი ქველმოქმედი, ფირდოუსის, ნიზამის, საადის, ხაფიზის, ნავოის, ფიზულის შემოქმედების მცოდნე. ალექსანდრე დიუმას მისთვის ჭადრაკი ნატიფი ფიგურებით უჩუქებია... ნათავანის დროს შუშაში ბევრი რამ აშენდა: სასახლე, მეჩეთი, სავაჭრო სახლები, თეატრი, ზაფხულისა და ზამთრის კლუბები, ასევე სასწავლებლები. 1872 წელს მისი ბრძანებით გაიყვანეს წყლით მომარაგების ხაზი შუშიდან სარიბაბამდე. შუშაში ახლაცაა "ხანის ქალიშვილის წყალი"...

შორს დრამატული თეატრის ფასადი და მინარეთები ჩანს... აქ ყველა ნაბიჯზე არის ბროწეულები, რომლებიც არ ემორჩილებიან ომს, ტყვიას, ავ ზრახვებს. ნაყოფით დახუნძლული ტოტები დახრილან და ოდნავი ირონიით დასცინიან მიწაში დაფარულ, სასიკვდილოდ შექმნილ ჭურვებს და თუ გახსნიან დუმილით დაქანცულ პირებს, აუცილებლად გათქვამენ ჩვენს პატარა ადამიანობას...

როლანდ ხოჯანაშვილი