ათეული წლების წინ სხვადასხვა ოჯახში გაშვილებული დები
ქალბატონი ნონა ბარიშვილი წლების წინ თბილისში გამართულ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე გავიცანი. ამჯერად ის იტალიაში იმყოფება, სადაც ფერარაში, ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს. მრავალი წელია, ჯერ მისი მშობლები და შემდეგ - თავად, ბავშვთა სახლიდან გაშვილებულ დეიდებს ეძებენ, მაგრამ - უშედეგოდ. დღეს ქალბატონი ნინა გრებნიოვა 77 წლისაა და წლების წინ დაკარგული დების პოვნის იმედი არ დაუკარგავს. მისი შვილის, ქალბატონი ნონას თხოვნაა, თუკი ვინმე ქვემოთ მოთხრობილ ამბავზე რაიმე ინფორმაციას ფლობს, `ფეისბუკზე~ შეეხმიანოს, სადაც თავისი გვარ-სახელით არის დარეგისტრირებული.
ნონა ბარიშვილი:
- ომის შემდგომ წლებში, ბაბუაჩემი, ივანე გრებნიოვი მისი ოჯახით, რუსეთიდან საქართველოში გზების ასაშენებლად გამოგზავნეს. მას მეუღლე ევდოკია, 3 და 2 წლის შვილები - ვლადიმერი და ნინა (დედაჩემი) ჰყავდა. სვანეთში მათ კიდევ 2 გოგონა შეეძინათ. ბაბუა სამთო ინჟინერი იყო და ერთ უბედურ დღეს, გზის გასაყვანად წარმოებული სამუშაოების დროს, კლდის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოთხი თვის შემდეგ ბებია ინფარქტით გარდაიცვალა. ოთხი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა: ვლადიმერი 8 წლის იყო, ნინა 7-ის, ნადეჟდა 3-ის, ხოლო ეკატერინე - 10 თვის.
ომის შემდგომი პერიოდი იყო და ცხოვრება ძალიან ჭირდა. სოფელმა ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარა (ბიძაჩემი და დედა - ქუთაისის ბავშვთა სახლში, ხოლო პატარები - ჩვილ ბავშვთა სახლში). რამდენიმე თვის განმავლობაში უფროსი და-ძმა უმცროსების მოსანახულებლად ხშირად დადიოდნენ, აღმზრდელს მიჰყავდათ, მაგრამ ერთ დღესაც მათ პატარები აღარ ანახვეს - სავარაუდოდ, ისინი უკვე გაშვილებულები იყვნენ. დედამ მამაჩემი გორში გაიცნო, ნინა იქ საქსოვ კომბინატში მუშაობდა. ოჯახის შექმნის შემდეგ, მამა ძალიან ამოუდგა მხარში მეუღლეს, დების ძებნის პროცესში. ქუთაისის პროკურატურას მიაკითხეს, საიდანაც გაიცა წერილი, რომელსაც ახლა მე ვინახავ. ამ წერილში ეწერა, რომ ეკა (ეკატერინე გრებნიოვა) გაშვილდა წყალტუბოში ალექსანდრე კოლომოვსა და ვერა ერემოვაზე, ხოლო ნადეჟდა (ნადია გრებნიოვა) - ეკატერინე ანდრიაძეზე. ამ შემთხვევაში მისამართი არ არის მითითებული. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს, ქუჩა-ქუჩა რომ დავდიოდით და ვეძებდით დეიდებს ქუთაისსა და წყალტუბოში. მერვე კლასიდან ძებნის პროცესში მეც ჩავერთე. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და სკოლაც დამეხმარა, რომ წერილები დაგვეგზავნა ქუთაისისა და წყალტუბოს ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. აწ გარდაცვლილ ჟურნალისტს, სანდრო მამასახლისსაც გავუგზავნე წერილი, რომელიც მან ვინმე ვარდოსანიძეს გადაუგზავნა, ვისაც იმ დროს ბავშვთა სახლებზე ზრუნვა ევალებოდა. ვარდოსანიძისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია და დახმარება არ შეეძლო. წერილები დავგზავნე სხვადასხვა ტელეგადაცემაში, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სოციალური ქსელის მეშვეობით ჯგუფში `ვეძებ~ გავავრცელე პოსტი ამ ამბის შესახებ. ადამიანებმა გამოთქვეს თანაგრძნობა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში არანაირი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გვაქვს. სამწუხაროდ, ბიძაჩემი 5 წლის წინ გარდაიცვალა, დედა კი ამჟამად 77 წლისაა და ძალიან მინდა, დებზე დარდი სიბერეში მაინც შეუმსუბუქდეს და დაკარგულმა დედმამიშვილებმა ერთმანეთი იპოვონ.
- შვილად აყვანის შემდეგ, როგორც წესი, დაბადების თარიღს ცვლიდნენ, გარეგნული მსგავსებითაც ახლა ადამიანების ძებნა რთულია, მაგრამ იქნებ რომელიმეს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი მაინც ჰქონდა - ხალი, იარა... - ერთ-ერთ დას დუნდულზე ხალი ჰქონია. მხოლოდ ეს ვიცი. გამორიცხული არ არის, რომ მათ სახელებიც შეცვლილი ჰქონდეთ, თუმცა მაინც აღვნიშნავ: ეკატერინე დაბადებული იყო 1950 წლის 13 დეკემბერს, ხოლო ნადია - 1952 წლის 22 ნოემბერს. როგორც აღვნიშნე, ქუთაისის პროკურატურის წერილში მშვილებლებად ანდრიაძე და კოლომოვი არიან მითითებული. სოციალურ ქსელში ბევრი ვეძებე ეს გვარები, ანდრიაძეები ბევრნი არიან, მაგრამ დაკარგული დეიდების ასე პოვნა წარმოუდგენელია. სვანეთშიც ვიყავით, იქნებ ვინმე რამე ინფორმაციას ფლობდა ან ფოტოს ინახავდა, მაგრამ იქაც ვერაფერი გავარკვიეთ. რამდენადაც ვიცი, ბებიაჩემი მოლდოველი ყოფილა, გვარი არ ვიცით. დედა ამბობს, რომ მას ბევრი ოქრო ჰქონდა. ახსოვს, რომ ოქროს ბურთის ფორმის დიდ საყურეს ატარებდა, ხოლო ბაბუას ბევრი ობლიგაცია ჰქონია.
- ანუ გამოდის, რომ ფინანსურად საკმაოდ შეძლებული ოჯახი ყოფილა... - შესაძლებელია რუსეთში ასე ყოფილიყო, მაგრამ სვანეთში უკვე ძალიან უჭირდათ, ისევე, როგორც მაშინ ყველას. ბაბუას და ბებიას დაკრძალვაზე მათი ნათესავები რუსეთიდან ჩამოსულან, მაგრამ მათაც უთქვამთ, გვიჭირსო და დაობლებულები არ წაუყვანიათ. ასე დარჩნენ ბავშვები სოფლის ანაბარა. დედა ამბობდა, ბებიაჩემი ლოგინად რომ ჩავარდნილა, 4 ბავშვისთვის მეზობლებს შემოჰქონდათ საჭმელი. ერთხელ, ზამთარში იმდენად გვციოდა, ბებიას ბავშვებიც ლოგინში ჩაუწვენია, რომ არ შესცივებოდათ. იქვე ვჭამდით და საჭმელი რომ არ გვყოფნიდა, ლოგინში პურის ნამცეცებს ვეძებდითო. ერთხელ, ლეიბის პირზე დაკრულ ნალზე მომიხვდა ხელი და მეგონა, პურის დიდი ნაჭერი ვიპოვე, მაგრამ მერე ქსოვილი აღმოჩნდაო. ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვები ჩვილ ბავშვთა სახლებში მეზობლებმა მიიყვანეს.
- სვანეთში სამეზობლოსთან ან მათ შთამომავლობასთან თუ გქონდათ კომუნიკაცია? - სვანეთში რომ ჩავედით, აღმოჩნდა, რომ დედაჩემის ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი ლუდმილა იმ დროს საავადმყოფოში იწვა. გვითხრეს, რომ მას შეიძლება ჰქონდა ობლიგაციები, სავარაუდოდ - ოქროც, ყოველ შემთხვევაში, ფოტოების ნახვის იმედი მაინც გვქონდა, რადგან გვითხრეს, რომ ლუდმილას ბაბუას ფოტო ჰქონდა შენახული. ჯვარში ჩამოვედით და საავადმყოფოში მივაკითხეთ. დედამ რომ უთხრა, ივანე გრებნიოვის შვილი ვარო, ეს ქალი საწოლზე დაემხო და 5 წუთის განმავლობაში თავი არ აუწევია.
- საინტერესოა, ტირილის მიზეზი რა იყო?..
- იფიქრა, რომ რამეს ვთხოვდით თუ სიხარულისგან ატირდა, არ ვიცი, ეს რა ემოცია იყო. ლუდმილამ თქვა, საავადმყოფოდან რომ გამოვალ, რაც შინ მაქვს, ყველაფერს გადმოგცემთო, მაგრამ იქვე გარდაიცვალა. ელდამ დააჩქარა მისი სიკვდილი თუ ესეც ბედისწერა იყო, ვერ გეტყვით. ერთადერთ ხელჩასაჭიდად მას მივიჩნევდით და ისიც ხელიდან გამოგვეცალა... საავადმყოფოში გვითხრა, რომ ბებია-ბაბუას საფლავზე ხის ჯვრები იყო დარჭობილი. ზოგჯერ სოფელი აახლებს, როცა ძველდებაო. ახლა სასაფლაოზე წასვლა ვერ მოხერხდება, რადგან წვიმებიაო... მართლაც, საფლავზე არ ვყოფილვართ. გადმოცემით ვიცით კიდევ ერთი ინფორმაცია: ბებიაჩემის ძმა სასულიერო პირი ყოფილა, ანტიბოლშევიკური ჩანაწერების გამო `გააკულაკეს~. ვიცით, დევნის შემდეგ ის ამერიკაში გაიქცა.
- რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულებს, ბუნებრივია, აქ ნათესავები არ ჰყავდათ და ობლები მეზობლების იმედად იყვნენ. ნეტავ ევგენისა და ევდოკიას მიმოწერა მაინც თუ ჰქონდათ ნათესავებთან? - არ ვიცი... ერთადერთი, ვფიქრობ, რომ შეიძლება რაიმე ინფორმაცია ინახებოდეს ქუთაისის არქივში ან მშვილებლების ვინაობა იმ ბავშვთა სახლებში მაინც იყოს, საიდანაც დები გაშვილდნენ.
- ჰო, მაგრამ როგორც წესი, პასუხი ასეთია: არქივი დაიწვა, განადგურდა, წყალმა დაასველა და ა.შ. მართლა ძალიან მძიმე ამბავია... - დიახ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთადერთი ხელჩასაჭიდი ისევ სვანეთია. დედაჩემის ოჯახი სოფელ ჰაისში ცხოვრობდა. თუკი ვინმეს რამე ახსოვს იქ ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. შეიძლება ბებიასა და ბაბუას თაობა, მეგობრები გარდაცვლილები არიან, მაგრამ იქნებ მათმა შთამომავლობამ იცოდეს რამე.
- საუბრის ბოლოს კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა: მესმის, რომ დედათქვენისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დების პოვნა, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ იმ ადამიანებისთვის რთული არ იქნება სიმართლის გაგება? - ჩვენ ხომ არ ვეძებთ არასრულწლოვანს, რომელსაც შეიძლება ამ ამბავმა ფსიქიკა დაუმახინჯოს. მე უბრალოდ, ნათესაური კავშირის აღდგენა მინდა. თან, ჩვენ ისიც არ ვიცით, შეიძლება მათ აღმზრდელებს ბავშვებისთვის ნათქვამიც ჰქონდათ, რომ მათი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. დედას კიდევ ერთი ეპიზოდი ახსოვს თავისი წარსულიდან: ერთხელ, ბავშვთა სახლში ინტელიგენტი ცოლ-ქმარი იყო მოსული ბავშვის შვილად აყვანის მიზნით. აღმზრდელებმა უთხრეს, რომ მე ძმაც მყავდა. წყვილს ძალიან გახარებია, - მაშინ, ორივეს ავიყვანთო, - მაგრამ 8 წლის ბიძაჩემს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია, - მე დედაც მყავდა და მამაც, სხვა მშობლები არ მინდაო...
ძალიან რთულია იცოდე, რომ სადღაც გყავს სისხლი, ხორცი და არც კი იცნობ. ეს ტრაგედიაა. ნებისმიერ დროს, სანამ პირში სული მიდგას, თუკი ვინმეს მივწვდები, ყველას ვთხოვ დახმარებას. არ მინდა გავჩერდე და უმოქმედობის გამო, იმ ქვეყნად დანაშაულის შეგრძნებით წავიდე.
ანა კალანდაძე