საბჭოთა კოლმეურნეობის თავმჯდომარე
ვერც წარსულიდან იხსენებს ბევრ რამეს. თუმცა, სოფელში არიან შედარებით ახალგაზრდა მცხოვრებლებიც, რომლებსაც კარგად ახსოვთ მათი სოფლის კოლმეურნეობის ბოლო თავმჯდომარის მოღვაწეობის ხანა და ზოგს მოსწონს, ზოგიც ძველ წყენას უხსენებს.
თედო პაპა, 82 წლის:
- მკაცრი თავმჯდომარე იყო და თუ საქმე ფუჭდებოდა, ავადმყოფობასაც არ გაპატიებდა. დაგვადგებოდნენ თავზე დილაბნელზე ის და მისი ბრიგადირები სულთამხუთავებივით და წაგვასხამდნენ ცხვრებივით, არც სიცხეს მოგვარიდებდნენ და არც სუსხს. სულ რაღაცის გეგმა იყო შესასრულებელი და სულ ვიღაცას ვეჯიბრებოდით: ლენინისთავიანი წითელი დროშისთვის გვაკვლევინებდნენ თავს, თორემ პრემია და ფულადი ჯილდო გლეხი კაცისთვის არასოდეს გამოუმეტებიათ. დასხდებოდნენ კანტორის კაცები და სულ თავისთვის გაანაწილებდნენ მოგებულ თანხას. ვბრაზობდით, მაგრამ სად ვიჩივლებდით და ისევ გინებით ვიოხებდით გულებს, რაც გოგიას და მისთანებს ვერაფერს აკლებდა.
რომ არ მოეპარა, რატომ მე ვერ ვუყიდე თბილისში შვილებს ორსართულიანი სახლები და მანქანები?! - ადრე მღეროდნენ მუშაობისას თავჩაღუნული კოლმეურნეები: "იმუშავეთ ვირებო, ჭამეთ ბრიგადირებო" და ნამდვილად ასე იყო...
ქეთო ბებო, 85 წლის:
- მართლა მძიმე შრომაში ვიყავით და გოგიაც არ იყო მთლად სამართლიანი თავმჯდომარე, მაგრამ მაინც ის დრო ჯობდა: ამდენი გალოთებული და უსაქმური ახალგაზრდა მაინც არ იყო ორღობეებში. საზღვარგარეთ წასული ცოლების ხელებს შეჰყურებენ და აღარ მრავლდებიან, დაბერდა და დაიცალა სოფელი. მაშინ კი თუ სამუშაოდ არ გახვიდოდი, შეიძლება დაეჭირეთ კიდევაც. ცოტა იყო თუ ბევრი, ყველას ხელფასი და შემოსავალი გვქონდა და პურის ყიდვა მაინც არ გვიჭირდა. უსაქმურებმა თავი რომ იმართლონ, გაიძახიან: მწირი მიწაა, წვალებად არ ღირს, ბევრს არაფერს იძლევაო. მიწა რაც ადრე იყო, ახლაც ისაა და მაშინ თუ შეეძლო გლეხის გამოკვება, ახლა რა ჭირი ეტაკებოდა? თან, მიწის დასამუშავებლად ახლა მეტი საშუალებაა, ყველა ოჯახმა იყიდა ლამის მინიტრაქტორები და ეზოში უმუშევრად უჟანგდებათ.
ადამიანი ბუნებითაა ზარმაცი და თუ მკაცრად არ მოექეცი, ნებით არ დაიტვირთავს თავს. მკაცრი იყო გოგიაო, აგინებენ. მკაცრი რომ არ ყოფილიყო, ვერც კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ივარგებდა და არც სოფლის მმართველად დანიშნავდნენ.
მაინც ვცადეთ გოგია პაპასთან გასაუბრება და როცა მისი თავმჯდომარეობის პერიოდზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, ცრემლიც კი გაუჩნდა თვალებში:
- ეეჰ, ნეტაი იმ დროს, ახალგაზრდა ვიყავი და მგლის მუხლი მქონდა, დილიდან დაღამებამდე რატო ას კილომეტრს არ გავივლიდი ფეხით. თუ თავზე არ დავადგებოდი სამუშაოდ გასულ კოლმეურნეებს, საქმეს მიატოვებდნენ და ჩრდილში წამოკოტრიალებულები ან იძინებდნენ, ან სვამდნენ.
- თქვენზე ამბობენ, ძალიან მკაცრი იყოო...
- სხვანაირად საქმე არ გამოდის. ვინც პატიოსნად შრომობდა, ის არ გეტყოდა ჩემზე მკაცრი იყოო. ზარმაცს ვუჯავრდებოდი და სულ ვსჯიდი, ამიტომ ეგენი მიჩიოდნენ, რა გასაკვირია. შემოდგომაზე, მოსავალს რომ დააბინავებდნენ და ფულებს ჩაითვლიდნენ, მერე ხომ მეუბნებოდნენ მადლობას: ძალა რომ არ დაგეტანებინა, ახლა ცარიელზე ვისხდებოდითო. ახლა არიან თავის ჭკუაზე მიშვებულები და სოფლის საქმე კი არა, თავიანთი ოჯახის საკეთებელი არ ადარდებთ: ვენახები გადაახმეს, ყანას აღარ თესავენ და ყველის საყიდლად ქალაქებში დადიან. მერე უკვირთ - გაჭირვებააო და მთავრობას აგინებენ. მანამ არაფერი გეტკინოთ თქვენც და ჩემს შვილებ-შვილიშვილებსაც, სანამ მთავრობა თქვენს ყანა-ვენახს არ შეწამლავს და გათოხნის...
- ამბობენ: ჩვენ ცოტას გვაძლევდა და თავად კანტორის ხალხთან ერთად იპარავდა ხალხის ნამუშევარს, ამიტომ უყიდა თავის შვილებს ქალაქებში სახლებიო...
- რომ დავიფიცო, არ მომიპარავს-მეთქი, ღმერთი არ მაპატიებს და ჩემს შთამომავლებს მოეკითხებათ ცოდვა. საბჭოეთი სწორედ იმიტომაც დაინგრა, რომ ყველა მოსწრებაზე იყო და არც მოპარვას აკლებდა ხელს: ჩემზე მეტს ჩემი უფროსობა იპარავდა და არც გლეხი იყო მთლად პატიოსანი სახელმწიფოსთან: ისიც სახლში მიარბენინებდა, რასაც მოახელთებდა. ისეთი ხელფასები ჰქონდათ საბჭოთა კავშირში მშრომელებს, თუ დამატებით შემოსავალს არ გაიჩენდა კაცი, ვერც სახლს აიშენებდა, ვერც მანქანას იყიდდა და ვერც ფუფუნებაში იცხოვრებდა. ახლა მხოლოდ მთავრობა და მასთან დაახლოებული ხალხი იპარავს და ამიტომაა ცოტა მდიდარი და ხალხის 95% დამათხოვრებული...
- მოპარვის გარეშეც შეიძლება ცხოვრება...
- მაგნაირ ქვეყანაში მე არ მიცხოვრია... კარგ დროს ვიცხოვრე და სულაც არ მინდა ცხოვრების თავიდან დაწყება. შვილები და შვილიშვილებიც მეცოდებიან ამ ცხოვრებისთვის: ჩემს ერთ შვილიშვილს ოპერაცია დასჭირდა და ჩემი ნაყიდი სახლი რომ არ გაეყიდათ, ალბათ უწამლობით მოკვდებოდა და ესაა უკეთესი ცხოვრება?!არ შევკამათებივართ გოგია პაპას. არც დაგვიჯერებდა და მის ასაკსაც ვეცით პატივი, აღარ ვანერვიულეთ...
ინგა ჯაყელი