"ბოლო პერიოდში ყვავილებით შეპყრობილი გავხდი" - გზაპრესი

"ბოლო პერიოდში ყვავილებით შეპყრობილი გავხდი"

განსაკუთრებით ლამაზი მცენარეებითაა გაფორმებული, რომელიც ისეთ ასოციაციას იწვევს, თითქოს ყვავილი გაიყინა, სადაცაა გალღვება, ხელახლა გაიშლება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.

ლიკა გულუა:

- პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით, ერთ-ერთ გადამზიდ კომპანიაში ვმუშაობ. საღამოობით შინ რომ ვბრუნდები, ეპოქსიდის მეშვეობით სხვადასხვა ნივთს ვქმნი. ბავშვობიდან ხელსაქმით ვარ დაინტერესებული. სხვადასხვა დროს, ბისერებითა და მძივებით სამკაულს ვაწყობდი, ვქარგავდი, ვხატავდი. მოგვიანებით საქართველოში ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად მასალის მრავალფეროვანი არჩევანი გაჩნდა, თუმცა, იმ დროს ეპოქსიდი აქ საერთოდ არ იშოვებოდა, გამოვიწერე და არ ჩამოვიდა, მაგრამ როგორც კი ჩვენს ბაზარზე შემოვიდა, მაშინვე მოვკიდე ხელი. ეს დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა, თავიდან ჩემთვის, გასართობად, ჰობის დონეზე ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკეთესი მასალა შემოვიდა და პრაქტიკაც მეტი მქონდა, ნივთების დამზადებას უფრო სერიოზულად მოვეკიდე.

2-1634824676.jpg

- რა შესაძლებლობები აქვს ეპოქსიდს?

- ამ მასალას დიდი შესაძლებლობები აქვს. მზადდება როგორც დეკორი, ისე გამოყენებადი ნივთები. პირადად მე ვაკეთებ: "ბრელოკებს", გულსაკიდებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, ჭიქის სადგამებს, სანიშნეებს და ა.შ. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს "ბრელოკები" და ჭიქის სადგამები. ზოგიერთი ამ უკანასკნელს უბრალოდ დეკორის დანიშნულებითაც იყენებს - თაროზე, პატარა მოლბერტზე დებენ და ეფექტურია. ასეთი ნივთები საკმაოდ მყარია, არ ტყდება, არ იკაწრება, სიმხურვალესაც უძლებს და ჩვეულებრივად ირეცხება.

lii-1634824694.jpg

- თქვენი ნივთების დიდ ნაწილში, მცენარეებია მოქცეული...

- დიახ, ბუნებრივ მასალად სხვადასხვა მცენარეს ვიყენებ. შემიძლია ნებისმიერი პრინტი ჩავდო ეპოქსიდში და მან ფერები არ შეიცვალოს. ასევე ვიყენებ საღებავებს, მძივებს, პიგმენტებს, თუმცა, უმთავრესად მაინც მცენარეებია, რომელსაც თავად ვაგროვებ და ვაშრობ. ჯერ წიგნში ვაწყობ და შემდეგ ჰაერზე რამდენიმე დღით. ბოლო დროს ყვავილებით შეპყრობილი გავხდი და სადაც კი მივდივარ, ყველგან ლამაზ ყვავილებს ვაგროვებ. აქედან გამომდინარე, მცენარეების დიდი კოლექცია მაქვს. ეპოქსიდში ცოცხალი ყვავილი რომ მოვაქციო, ფერს იცლის, მაგალითად გვრილა ყვითლდება, შესაბამისად, მას გაშრობა სჭირდება, გახმობის შემდეგ კი მათი სურვილისამებრ გამოყენება შემიძლია. განსაკუთრებით ლამაზი გამოდის, მცირე ზომის მცენარეებით გაწყობილი ნივთები. მეტ-ნაკლებად ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს ის ყვავილები, რომელსაც ვარდისფერი, თეთრი და ცისფერი პიგმენტები აქვს. წითელიც, თუმცა ის უფრო შინდისფერი ხდება.

5-1634824708.jpg

- რა შედის თქვენს უახლოეს გეგმებში?

- უახლოეს მომავალში მოზრდილი ლანგრებისა და ბეჭდების დასადების დამზადებას ვაპირებ. ასევე "ბრელოკებს" ანბანის მიხედვით, რომ ყველას შეეძლოს სახელის პირველი ასოს თავისთვის ან სხვისთვის ჩუქება. ახალი წელი გვიახლოვდება და საახალწლო სათამაშოების დამზადებასაც ვგეგმავ. ლამაზი ფორმები გამოვიწერე და ერთი სული მაქვს, როდის დავტესტავ (იღიმის).

ანა კალანდაძე