ერთად გატარებული 42 წელი, 3 თვე და 6 დღე - გზაპრესი

ერთად გატარებული 42 წელი, 3 თვე და 6 დღე

24 ოქტომბერს უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მომღერალი, კომპოზიტორი, გიტარისტი და პოეტი - ოთარ რამიშვილი დაიბადა. ბატონ ოთართან დაკავშირებული მოგონებების გახსენება, უპირველეს ყოვლისა, მის მეუღლეს - ქალბატონ გულნაზის ვთხოვეთ, რომელიც საუბარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და ინტერვიუს დაწყებისთანავე ოთარ რამიშვილის ლექსი წაგვიკითხა:

ოცდაოთხი ოქტომბერი - ეს ბრწყინვალე თარიღი,

დავიბადე ერთი გულკეთილი, ალალი და ღარიბი.

დაბადების დღეს არ ვიხდი, ცუდადა მაქვს დაცდილი,

არც საუზმე მეკუთვნის და არც პატარა სადილი.

უთენია გარეთ გავალ, მივეცემი ოცნებას

და დილამდე ხეტიალში ეს ზეიმიც მორჩება.

- ოთარისთვის ოჯახის ყველა წევრის დაბადების დღე დღესასწაული იყო. როცა სტუმრები მოდიოდნენ, სულ ამბობდა, - ჩემი დაბადების დღეაო. ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა, - ოთარ, წელიწადში რამდენჯერ დაიბადე, სულ შენი დაბადების დღე როგორ არისო (იღიმის)?!. ყველას დაბადების დღე მისთვის დაუვიწყარი იყო! საკუთარს განსაკუთრებულად - არა, მაგრამ როცა საშუალება გვქონდა, ყოველთვის კარგად აღნიშნავდა! მოდიოდნენ დაუპატიჟებელი თუ დაპატიჟებული სტუმრები...

ოთარი ყველას მხიარული, უდარდელი კაცი ეგონა. ერთ-ერთ ლექსში წერს: "ყველას ჰგონია, დარდი არ ვიცი/ ყველას ჰგონია, უდარდელი ვარ,/ მე ბავშვობიდან ფიქრებით ვიწვი,/ ყველა ჩემს ლექსში წუხილს ვმღერივარ". ეს იყო კაცი, რომელიც ყველას უყვარდა. ყველას გაჭირვება სტკიოდა, სიხარული - უხაროდა... ამ სათაურით - "კაცი, რომელიც ყველას უყვარს" - პროფესორმა ნანა კოპალეიშვილმა მის შესახებ წიგნიც კი გამოსცა. ოთარი დაუვიწყარი ადამიანი გახლდათ: მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ნათქვამი სიტყვა ყველას ახსოვს, ვის გვერდითაც ერთხელ მაინც გაუვლია. ოთარის გარეშე ლხინი არ იწყებოდა და არ სრულდებოდა. თუკი ვინმე გზაში გააჩერებდა და მაგალითად, ეტყოდა, - იცი, როგორ გვიყვარხარ?! გახსოვს, ჩვენი შვილის გასაჭირში მხარში რომ ამოგვიდექიო?! - ოთარი პასუხობდა, - მე რატომ უნდა მახსოვდეს? მთავარია, თქვენი გული გამიხარებიაო... თავის ლექსებს ყველას ჩუქნიდა - იქვე გაულექსავდა ხოლმე... წინათ ვაკეში ვცხოვრობდით. როცა ბინას ვყიდდით, პარალელურად ახალ ბინას ვეძებდით. ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, მიხეილ ქვლივიძის ოჯახში მოვხვდით - ბინის სანახავად მივედით, რომელსაც ყიდდნენ. თითქოს ოთარს პოეზიის "სუნი" ეცა, რადგან დიდ მაგიდაზე ფურცლები იყო გაშლილი. დიასახლისს ჰკითხა, - ვის ოჯახში მოვხვდიო? - თქვენ მოხვდით პოეტ მიხეილ ქვლივიძის ოჯახშიო, - უპასუხა დიასახლისმა, რომელიც პოეტის მეუღლე აღმოჩნდა. ოთარმა გაიხარა, ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და ხელით გაასწორა. ცალი თვალით მას ვუყურებდი, თან ბინას ვათვალიერებდი... კიბეზე ჩამოსვლისას ოთარმა ქალბატონს უთხრა: - მანდ საჩუქრად ლექსი - "ბალიში" დავტოვე და ბატონ მიხეილს გადაეცით, იმედია, მოეწონებაო... ეტყობა, მიხეილს ლექსი ისე მოეწონა, რომ თავის წიგნშიც გამოაქვეყნა...

ligia-2-1634825023.jpg

- ალბათ ლექსებს თქვენც გიძღვნიდათ...

- ძალიან ბევრს. იმდენი ლექსი დამიტოვა, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში არც ერთ დიდ პოეტს ცოლისთვის ამდენი ლექსი არ ექნება მიძღვნილი. დამიწერდა და წავიდოდა, დილის ნიავს მიჰყვებოდა ხოლმე (იღიმის)...

- რამდენი წელი იყავით ერთად?

- 42 წელი, 3 თვე და 6 დღე...

- როგორ ინარჩუნებდით ოჯახურ იდილიას?

- ბუნებით მოჩხუბარი კაცი არ გახლდათ. დიდი ოჯახი მქონდა. სულ სტუმრიანობა იყო - ჩვენი სახლის კარი თითქმის არასოდეს იხურებოდა... მე ვარ ქალი, რომელმაც ისე საინტერესოდ ვიცხოვრე, რომ მსგავსი ქვეყნად არ მეგულება. ოთარმა ყველანაირი ხალხი გამაცნო: პროფესორები, მინისტრები გვსტუმრობდნენ. ერთადერთი, შევარდნაძე არ იყო ჩვენს სახლში ნამყოფი. მრავალფეროვანი საზოგადოება იკრიბებოდა. ერთმანეთს უსმენდნენ, დაძაბული სიტუაცია არასოდეს შექმნილა... კა-გე-ბე ოთარის სიმღერებს ჩუმად უსმენდა... მისი გარდაცვალების შემდეგ მასთან დაკავშირებული მოგონებების წერა დავიწყე, რადგან ღამით არ მეძინა. ოთარის არყოფნის გამო დღემდე ვგიჟდები! დღე ჩემი ფიქრები ნიავს მიჰყვება, ღამით კი ჩემი ფიქრები ჩემთანაა - სულ ოთარი მესიზმრება. წესით, ასე მწარედ არ უნდა მენატრებოდეს, რადგან ყოველღამე სიზმრად ვნახულობ, მაგრამ რომ გამოვიღვიძებ, იცი, გული როგორ მტკივა, რადგან ეს სიზმარი იყო!.. სულ მეტირება, განვიცდი... სიკეთით სავსე იყო: მშობლებისთვის - არაჩვეულებრივი შვილი, ქვეყნისთვის - ძალიან კარგი მოქალაქე, შვილებისთვის - საუკეთესო მეგობარი და მამა, რძლებისთვის - არაჩვეულებრივი მამამთილი, შვილიშვილებისთვის - გადასარევი ბაბუა... მეუღლეობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ისეთი იყო!..

- ბატონი ოთარის შთამომავლები მის გზას აგრძელებენ?

- მისი შთამომავლობა გვარ-სახელითაც გრძელდება - ჩვენს უფროს შვილიშვილს ოთარი ჰქვია - და მუსიკალურადაც: ლიზი ჩელისტი გახლავთ. მას მსოფლიო უფრო იცნობს, ვიდრე თბილისი, რადგან ხელოვან ხალხს საზღვარგარეთ მეტი გასაქანი აქვს. ნიჭიერი გოგოა. ოთარი ხომ გიტარისტი იყო, არა? გიტარის ნოტების წიგნები ჰქონდა, რომლებსაც დღემდე ვინახავ და ვუფრთხილდები ისევე, როგორც მის ყველა ნივთს. ოთარის გარდაცვალების შემდეგ მისი ნოტების წიგნები დავათვალიერე და აღმოვაჩინე წიგნი, რომელიც, როგორც ჩანს, ცოტათი შელახული იყო, მაგრამ ოთარს გაუსწორებია, გაულამაზებია ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლიზი დაბადებულიც არ იყო. თითქოს გულმა უგრძნო: გიტარის ნოტების უამრავ წიგნთან ერთად, ეს ერთადერთი წიგნი აღმოჩნდა, რომელშიც გიტარის კი არა, ჩელოს ნოტებია... ოთარმა ლიზის კონცერტს ერთადერთხელ მოუსმინა (შემდეგ მალევე გარდაიცვალა). ცრემლებად დაიღვარა. კონცერტზე გოგი ცაბაძის შვილს - კახას ვთხოვე, გარეთ გაეყვანა, რომ იქ დაესრულებინა ტირილი. ასეთი ემოციური კაცი იყო.

mikheili-da-otari-1634825003.jpg

- თუ შეიძლება, თქვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრები გაიხსენეთ...

- სამტრედიაში ჩემს მეზობელთან სტუმრად მყოფს, როცა პირველად დავუნახავვარ, უთქვამს, - ვა, რა მაგარი გოგოაო (იცინის)! მეზობელმა იმედი გადაუწურა - ეგ გოგო სიახლოვეს არ მიგიკარებსო. მეორე ზაფხულს სამტრედიას ისევ ესტუმრა და ჩემს მეზობელს უთხრა, - შარშან რომ გოგო ვნახე, სულ მასზე ვფიქრობ და მინდა, ცოლად მოვიყვანოო. ოთარის მეგობრის (ვინც სამტრედიაში მასპინძლობდა) დედა - ქალბატონი ჟენია, ჩემთან სახლში მოვიდა და დედაჩემი იკითხა. როცა ვუთხარი, რომ შინ არ იყო, შეწუხდა. ვკითხე, - რა მოხდა-მეთქი? - მომატყუა, - თბილისიდან სტუმრები მყავს, თავად ვერ ვახერხებ და მჭადის გამოცხობაში მომეხმარეო. გამიკვირდა. უარსაც ხომ ვერ ვეტყოდი!.. ქალბატონი ჟენიას სახლის ეზოში დამხვდნენ ჩემი მომავალი მული, ოთარის ბიძაშვილის ცოლი და მოცეკვავე ლატავრა ფოჩიანი. არც ვიცოდი, ვინ იყვნენ... ბუხარში ცეცხლი დავანთე და საქმეს შევუდექი. ოთარიც იქვე იყო - არ გადიოდა. უცხო კაცის გარემოცვაში ფუსფუსი მეუხერხულა, თითქოს ხელ-ფეხი შემეკრა. ამასობაში ქალბატონმა ჟენიამ გარეთ სუფრა გაშალა და ჩემი გამომცხვარი მჭადები გაიტანა. ერთი სული მქონდა, იქაურობას მოვცილებოდი. ეჭვი არაფერზე ამიღია... სამზარეულოდან გამოვედი და ყველას დავემშვიდობე. ოთარი ადგა, მაჯაში ხელი ჩამავლო, - არსად არ წახვალო! - როგორ არა? დედა სახლში არ არის, არ იცის, რომ აქ ვარ-მეთქი. - არა, მამა, შენ აქ უნდა დარჩეო, - და დამსვა. რა თქმა უნდა, ცოტა ხანში, თავი დავაღწიე და წამოვედი... შემდეგ ატყდა მისვლა-მოსვლა... ბოლოს და ბოლოს, დედამ გამიმხილა, რაშიც იყო საქმე. ოთარს 3 დღეში ცოლად გავყევი. ჩვენს ამბავზე კარგი რეჟისორი ფილმს გადაიღებდა (იღიმის)... ჩემი და ოთარის უკანასკნელ შეხვედრას რაც შეეხება, გათენდა 5 ოქტომბერი. შინიდან დილით გავიდა და საღამოს დაბრუნდა. ცოტათი ციოდა. ფეხები დავუთბილე, ლოგინში ჩავაწვინე. კარადას ვაწესრიგებდი - მიზეზს ვპოულობდი, ოთართან ახლოს რომ მეტრიალა, რადგან კარგად არ გამოიყურებოდა. კაბის კალთაზე ჩამომქაჩა, - მომხედეო. - რა მოხდა-მეთქი? - გული მწყდება, რომ ჩემს დაბადების დღეს ვერ მოვესწრები... წუხელ მურდალი სიზმარი ვნახეო... კაცს, რომელსაც ამდენი წელი ვიცნობდი, სიზმარი არასდროს უხსენებია... მითხრა, - გული მწყდება, რომ ამ ქვეყნიდან ისე მივდივარ, 1 ბეჭედი ვერ გიყიდეო. დავამშვიდე, - ამხელა შვილები, შვილიშვილები გვყავს, რა დროს ბეჭედია, რად მინდა? შენ ისეთი "ბეჭედი" მაჩუქე, რომელიც არქივში ინახება და არასოდეს დაიკარგება (მის შემოქმედებას ვგულისხმობდი). ამის გამო, გული არ დაიწყვიტო-მეთქი... 6 ოქტომბერს, დილაუთენია მეგობარმა მოაკითხა და შინიდან გავიდა. თბილისს ბოლოჯერ შემოუქროლა. დილიდან აფორიაქებული დავდიოდი, თითქოს ცუდს ველოდი... 4 საათზე დამირეკა და მომიკითხა, 6-ზე მოვალო... ზუსტად 6 საათი იყო, როცა მოვიდა. მითხრა: - გუგუ, მოვედი, მაგრამ ცუდად ვარო. ვითომ იუმორით ვუპასუხე: - ჰო, შინ რომ მოხვალ, შენ მაშინ ხარ ცუდად-მეთქი - არა, ეს სხვანაირი ცუდად ყოფნააო, - მიპასუხა და მთხოვა, ფეხსაცმელების გახდაში დავხმარებოდი. სააბაზანოში შევიყვანე, - ფეხებს დაგითბილავ-მეთქი. იმ სააბაზანოში დატოვა სული... "სასწრაფო" რომ მოვიდა, ექიმებს უთქვამთ, - ნეტავ, ჩვენი მორიგეობა არ ყოფილიყო და ასეთ ამბავს არ შევსწრებოდითო!.. ოთარს სოფელი ძალიან უყვარდა. ამბობდა ხოლმე, - ბებია-ბაბუის გვერდით დამკრძალეთო. როცა გარდაიცვალა და ეს ამბავი მთელმა თბილისმა გაიგო, კითხვა დაისვა, სად დაკრძალავდნენ. მისი სურვილის შესახებ რომ ვთქვი, ვიღაც ბიჭი მომიბრუნდა და მითხრა, - არა, ქალბატონო, ოთარი მარტო თქვენ არ გეკუთვნით, გიგი უგულავამ მისთვის ადგილი პანთეონში უკვე გამონახაო...

6 ოქტომბერს 10 წელი გახდა, რაც ოთარი ჩემ გვერდით აღარ არის. დღემდე მისი ცხოვრებით ვცხოვრობ. ველი, როგორც ცოცხალს. ერთი ისეთი ღამე არ გათენებულა, ოთარი სიზმარში რომ არ მენახა. დღემდე სიზმრები და მოგონებები მაცოცხლებს...

otar-ramishvili-1634824989.jpg

"დაიჩოქა და მუხლზე მაკოცა - მინდა, ჩემი ძმაკაცი იყოო"

ოთარ რამიშვილთან დაკავშირებული მოგონებები სიამოვნებით გაიხსენა კომპოზიტორმა, მომღერალმა, რეჟისორმა და მსახიობმა - მიხეილ ზაქარიაშვილმა:

- არაჩვეულებრივი სიმღერების ავტორი, განსხვავებული ხმის პატრონი და არაორდინარული, კოლორიტი კაცი გახლდათ, თბილისს და სრულიად საქართველოს ალამაზებდა! ის ჩემთვის სულიერი მამაც იყო, მეგობარიც, მასწავლებელიც... ჩვენი პირველი შეხვედრა ფილარმონიაში, ანსამბლ "ორერას" იუბილეზე შედგა: გენო ნადირაშვილმა საოპერატოროში გამგზავნა - მიდი, ოპერატორს ე.წ. ბაბინა აუტანე და გაუშვი, ახალი სიმღერა მომასმენინეო. მეც ავედი ცხონებულ მამაჩემთან ერთად. როცა საოპერატოროში შევედი, ოთარ რამიშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე - გულნაზი იქ დამხვდნენ. მამაჩემმა ოთარი რომ დაინახა, დაიძახა: - ვა, მიხაილოვიჩო! ერთმანეთს გადაეხვივნენ, მოიკითხეს. ოთარმა ჰკითხა: - რამ შეგაწუხა, მიხაილოვიჩო (მამაჩემიც "მიხაილოვიჩი" იყო)? მამამ უპასუხა: - ჩემი ბიჭი რაღაც სიმღერებს წერს და გვინდა, "ორერას" ბიჭებს მოვასმენინოთ, თუ მოეწონებათ, შეგვპირდნენ, რომ კონცერტში ჩასვამენო! - ვა, მართლა? - გაიკვირვა ოთარმა და მკითხა: - შვილო, გიტარაზე დაკვრა იციო? თავმდაბლურად ვუთხარი, - ისე რა-მეთქი. - მაშინ, აჰა, გიტარა და მომასმენინეო!.. მეც გიტარა გამოვართვი და სიმღერა დავიწყე: "დავლეეევ, დავლევ, აბა, რას ვიზამ..." იმ ადგილას, სადაც ტექსტში ვამბობ, - "შენ კი, ძმაო, ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე", - რატომღაც, ღიმილით ასე ვთქვი: შენ კი, ოთარ, ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე-მეთქი... მოკლედ, სიმღერა დავასრულე და იცით, რა ქნა, ცხონებულმა?!. ერთ მუხლზე დაიჩოქა (მე ისედაც ვიჯექი - ვუკრავდი) და მუხლზე მაკოცა სიტყვებით: მინდა, რომ ჩემი ძმაკაცი იყოო... ასეც მოხდა - დავძმაკაცდით, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად. იმ დღის შემდეგ, ფაქტობრივად, სულ ერთად ვიყავით!..

მასთან დაკავშირებით უამრავი რამ მაქვს გასახსენებელი... მახსოვს, თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა. მითხრა, - ცოლი არ წამოიყვანოო. გამიკვირდა - რატომ-მეთქი? - ყველაფერს შენი თვალით ნახავო!.. ბევრი ვიფიქრე, მისთვის რა მეჩუქებინა, რა მოეწონებოდა... გამახსენდა, რომ თევზაობა და საერთოდ, თევზი უყვარდა. სახლში აკვარიუმი მქონდა. ერთი წითელი თევზიღა დამრჩა. სწორედ ის აკვარიუმი გაზეთში გავახვიე და იუბილარს სახლში ავაკითხე. კარი რომ გამიღეს, ოთარმა მაშინვე დიდი ყანწი მომაწოდა: - ყველამ, ვინც ჩემთან მოდის, სადღეგრძელო უნდა თქვას, კონკურსი მაქვსო! მეც დავფიქრდი და ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი: - 4 თევზი მყავდა, სამი მომიკვდა, ერთი დამრჩა და "კაშეი ბესმერტნი" დავარქვი; შენც ამ უკვდავი "კაშეივით" დიდხანს იცოცხლე-მეთქი! საჩუქარს გაზეთი მოვხსენი და აკვარიუმიც გავხსენი! რა თქმა უნდა, ატყდა სიცილი. ოთარმა მითხრა, - სადღეგრძელოების კონკურსში გაიმარჯვეო. ის ყანწი სულ დავცალე! საერთოდ, მაშინ მივხვდი, რატომ მითხრა, რომ მის დაბადების დღეზე ცოლი არ წამეყვანა: იმ დღეს იმდენი იუმორი იყო და იმდენი გინება ისმოდა, ცოლის იქ ყოფნა საჭირო არ იყო... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!.. გაუფრთხილდით ხელოვან, გენიოს ადამიანებს, თორემ როგორც ბატონმა ოთარმა თქვა, "დროს კარგავენ, მის ფასს მერე იგებენ"...

ligia-2-1634824956.jpg

"შენ ისეთი კარგი მყავხარ, ვერ გაგათხოვებო"

პროდიუსერს, ოთარ რამიშვილის ოჯახის ახლობელს - ლიგია მუშკუდიანსაც დავუკავშირდით, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება:

- ჩემი და ბატონი ოთარ რამიშვილის მეგობრობა 1983 წელს დაიწყო, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე და გადავწყვიტე, გიტარაზე დაკვრა მესწავლა. მართალია, გიტარაზე დაკვრა ისე ვერ ვისწავლე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული და ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გამომადგა. ბატონ ოთართან დაკავშირებული უამრავი კურიოზის გახსენება შემიძლია. რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ: იმ პერიოდში, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, ერთი "შავი გაგების" ბიჭი გადამეკიდა. ვერაფრით მოვიშორე. ერთხელ დამემუქრა, თუ ცოლად არ გამომყვები, ძალით წაგიყვანო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და შემეშინდა. ბატონ ოთარს დავურეკე, - თქვენი დახმარება მჭირდება-მეთქი. - მამა, გელოდები სახლში, ამოდი და მომიყევიო. ავედი და ყველაფერი ხმის კანკალით მოვუყევი. სიცილი აუტყდა. მითხრა, - სიყვარულს ვერ დავუშლი, მაგრამ ვნახავ, რა კაციაო, მერე კი მკითხა, - მამა, რამდენი წლის ხარო? - 23-ის-მეთქი. - შენ ისეთ ასაკში ხარ, ახლა ვინმემ რომ მოგიტაცოს, "მიშველე, მიშველე" კი არა, "მეშველა, მეშველა" უნდა იყვიროო (იცინის)... საბერძნეთში გათხოვების შემდეგ, როცა საქართველოში დავბრუნდი, იქაური გაზეთ "ელადისთვის" ბატონ ოთართან ინტერვიუ ჩავწერე. ინტერვიუს დასრულების შემდეგ მითხრა, - 200 შეკითხვა რომ დამისვი, მეც ხომ შემიძლია, ერთი კითხვა დაგისვაო? - რა თქმა უნდა-მეთქი. - სადაურია შენი მეუღლეო? ვუპასუხე, კახელი-მეთქი (იცინის). - კახელის მოსაძებნად ათენში რომ არ წასულიყავი, აქ ვერ მოგიძებნიდიო (იცინის)?!. მანამდე სულ მეხუმრებოდა, - მე გაგათხოვებ, ლიგია, როგორც წესი და რიგიაო. ერთხელ ვუსაყვედურე, - სულ რომ მპირდები, რატომ არ მათხოვებ-მეთქი? - მამა, შენ ისეთი კარგი ხარ, ვერ გაგათხოვებო, - თან, დაამატა: - როდესაც რამეს ათხოვებენ, მერე იმას უკან აბრუნებენ. შენ ისეთი კარგი მყავხარ, ვერ გაგათხოვებ, უნდა გაგაჩუქო, რომ შენი თავი უკან არავინ დამიბრუნოსო (იცინის)... ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან დაკავშირებული უამრავი ფოტო და ვიდეომასალა მაქვს. ალბათ დადგება დრო, როცა აღნიშნულ მართლაც უნიკალურ მასალებს კულტურის ფონდს დიდი სიამოვნებით გადავცემ, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ - საქართველოში დადიოდა მართლაც ლეგენდარული, კოლორიტი ადამიანი, რომელმაც უამრავი კაცური კაცი აღზარდა, დედამიწაზე სიყვარულს, სითბოს თესავდა!..

ეთო ყორღანაშვილი