"განვიხილავდი, როგორ მომეღო სიცოცხლისთვის ბოლო სწრაფად და უმტკივნეულოდ" - გზაპრესი

"განვიხილავდი, როგორ მომეღო სიცოცხლისთვის ბოლო სწრაფად და უმტკივნეულოდ"

"...ეს იყო უდიდესი დარტყმა, რომელმაც გამანადგურა. მინდოდა თავი მომეკლა, რადგან ვთვლიდი, ვერ გადავლახავდი ამ რთულ ეტაპს. განვიხილავდი, როგორ მომეღო სიცოცხლისთვის ბოლო სწრაფად და უმტკივნეულოდ. მერე დავფიქრდი, მე რომ თავი მომეკლა, დედაც მოკვდებოდა და ერთდროულად, მკვლელიც ვიქნებოდი და თვითმკვლელიც", - ამბობს ნატალი დარასელია... იგი წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა...

- ზუგდიდში დავიბადე და სოფელ კოლხიდაში გავიზარდე, დღემდე აქ ვცხოვრობთ... რაც შეეხება ბავშვობას, ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ვიყავი. დამალვა და სიჩუმე მიყვარდა, როგორც ახლა. ჩემს მშობლებს პირველი შვილი დაეღუპათ და ვფიქრობ, ჩემით გავიზარდე. ძმა 11 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, მაშინ მე დაბადებულიც არ ვიყავი, მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობ.

დედაჩემს ჩემი მოშორებაც ნდომებია, თუმცა ბებიას უფლება არ მიუცია... როცა ბავშვობაზე ვფიქრობ, ჩემი ფეხმოტეხილი თოჯინა მახსენდება, რომელიც ადიდებულ მდინარეს გამოურიყავს და ბებიამ იპოვა. პატარა ბავშვივით ვუვლიდი, მეგონა, ცოცხალი იყო და ვცდილობდი ის სიცარიელე, რაც მე მქონდა, მისთვის მაინც ამომევსო... კიდევ, ქვიშით გატენილი კონსერვის ქილები მახსენდება, ჯართში რომ ვაბარებდით, მეზობლის სამზარეულოდან გემრიელი კერძების სუნი რომ გამოდიოდა და ყოველთვის, როცა ჭამის დრო დგებოდა, სახლში მოვდიოდი... არც არასდროს უთქვამთ, დარჩიო. არც ფერადი ბუშტები, კაბები და ტორტები მახსენდება, როცა ბავშვობაზე ვფიქრობ. ალბათ ამიტომაც დამრჩა სხეულში ძალიან ბევრი შავი ხვრელი, რომლის ამოვსებასაც ახლა, დიდობაში ვცდილობ. მთელი ბავშვობა მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ჩემი მშობლები, წვალებით გვზრდიდნენ და მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემს შინაგან ბავშვს გული სწყდება, რომ არც ფერადი სათამაშოები ჰქონდა და არც ფარფაშა კაბები. ნაადრევად დიდი გავხდი.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ - პედაგოგები, თანაკლასელები, სწავლა, საყვარელი საგნები, ჰობი?

- სკოლაში რვა წლისა შევედი, რადგან ჩანთა და სამოსი არ მქონდა. მახსოვს, მამამ მომიტანა დიდი პარკით თეთრი პერანგები, კაბები და ჩანთები. სკოლამდე ვიცოდი წერა-კითხვა, ბებიამ მასწავლა... ბებია დამყვებოდა სკოლაში და თუ რამეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაცაა... შვილის სიკვდილის შემდეგ ჩემი მშობლებისთვის უდიდესი ტკივილი იყო სკოლაში მოსვლა და ვერ ვიხსენებ, რომ ერთხელ მაინც რომელიმე მოსულიყო. ძალიან კარგად ვსწავლობდი, მთელი თორმეტი წელი პირველი მოსწავლე ვიყავი, კონკურსებში ვიმარჯვებდი, უმაღლესი ნიშნები მქონდა... სკოლის პერიოდიდანვე იწყება ჩემი ტანჯვა. ხშირად მაბულინგებდნენ და მამცირებდნენ, უმეტესად ჩემი ჩაცმულობის გამო. მახსოვს მათი ფრაზები, რომ ძალიან უშნო ვიყავი. ბავშვობის სიყვარულობანაც ტრაგიკული იყო. ჩემი ერთ-ერთი მასწავლებლის შვილი მომწონდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ გამიყვანა გვერდზე ერთმა მასწავლებელმა და მითხრა, რომ მე მისი შესაფერისი არ ვიყავი. ასე ჩამოვყალიბდი კომპლექსიან-მშიშარა გოგონად, რომელიც ყველგან ზედმეტად გრძნობდა თავს და რომელსაც სჯეროდა, რომ ყველაზე უშნო, არასასურველი იყო!

კლასელებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა მე რა სიყვარულს და ყურადღებასაც გავცემდი, უკან არასდროს მიბრუნდებოდა. ამ პერიოდში შემიყვარდა ოცნება. თვალებს ვხუჭავდი და იმ ცხოვრებას წარმოვიდგენდი, რომელიც მინდოდა მქონოდა. ის იყო ბრჭყვიალა, ფერადი, ადამიანებით სავსე. მერე კი წერა დავიწყე. დღემდე ვწერ დღიურებს და ძალიან მსიამოვნებს მათი წაკითხვა. დავიწყე ლექსების წერა. რომ არა ეს ტრაგედიები, ალბათ, ასეთი შემოქმედებითი და მებრძოლი არ ვიქნებოდი.

- ფიზიკური შრომაც გიწევდათ?

- ცამეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომიწია ფიზიკურად მუშაობამ. დედაჩემთან და რამდენიმე ქალთან ერთად თხილის საკრეფად დავდიოდით ოჯახებში, დღეში ათ ლარს გვიხდიდნენ. მთელი ზაფხული ვმუშაობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი ხელფასით სასკოლო ტანსაცმელი, ჩანთა და აქსესუარები ვიყიდე. ასევე, ავიხდინე ოცნება და პირველი მობილურიც შევიძინე. რა თქმა უნდა, განვიცდიდი, როცა ვუყურებდი სხვა ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ, ერთობოდნენ, მე კი დილის რვა საათზე ვიღაცის თხილნარში ვიყავი... თუმცა როცა ხელფასი მომცეს, ყველაფერი დამავიწყდა. მას მერე ყოველ ზაფხულს რუტინად მექცა ეს სამუშაო... სახლშიც გვიწევდა ფიზიკური შრომა. მათ შორის შეშის შეგროვება, ყანის გათოხნა და ა.შ. მიხარია, რომ ადრეული ასაკიდან მივეჩვიე შრომას და დამოუკიდებლად თავის გატანაც ვისწავლე.

239602887-533507627873989-7939331467609897941-n-1634900732.jpg

- როდის იჩინა თავი ჯანმრთელობის პრობლემებმა?

- პირველი პრობლემა დეპრესია იყო, რომელიც ცამეტი წლიდან ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი, რომ ჩემი შინაგანი ტრაგიზმი და შფოთვა დამემალა. ოჯახსა და მეგობრებს არასდროს შეუმჩნევიათ, რა ჯოჯოხეთში ვტრიალებდი. მე სრულიად ჩვეულებრივი, წარმატებული მოსწავლე ვჩანდი გარედან, რომელსაც მწვერვალები უნდა დაეპყრო. თუმცა, შიგნით დაბზარული ვიყავი, სისხლი მდიოდა და გაუჩინარება მინდოდა. როცა ვიღიმოდი, თითქოს ჟანგმოდებული კარივით ჭრიალებდა ჩემი პირი. მერე დეპრესია შემომეზარდა, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც დამემატა და მაინც, არავის ვახვევდი თავს ჩემს ცუდად ყოფნას. ჯვარცმა ჩვიდმეტი წლის ასაკში დამეწყო. როგორც კი ჭიშკარს გადავაბიჯებდი, გულისრევის შეგრძნება მიჩნდებოდა, თავბრუ მესხმოდა და გონებას ვკარგავდი. მოგვიანებით დამისვეს დიაგნოზი, რომ აგორაფობია და შფოთვითი აშლილობა მქონდა. ამ დიაგნოზის შესახებ დღემდე არ იციან ჩემმა მშობლებმა. იყო ძალიან ბევრი ცრემლი. არ ვიცი, როგორ შევძელი, რომ დღეს ცოცხალი ვარ...

დედა ძალიან ბევრს შრომობდა ფიზიკურად და მოულოდნელად ავად გახდა. გვითხრეს, გულის მანკი აქვსო და მკურნალობა დაუნიშნეს. როგორც აღმოჩნდა, ექიმის შეცდომის გამო წლების განმავლობაში ვიტანჯებოდით. დედას დღეში რამდენჯერმე ჰქონდა შეტევა: წნევა უვარდებოდა, ხან პულსაცია არანორმალურად უჩქარდებოდა, ვერ მეტყველებდა, ვერ დადიოდა, იხრჩობოდა... მერე სხვა ექიმთან წავიყვანე, სადაც გვითხრეს, რომ ოპერაცია სჭირდებოდა, გადარჩენის შანსი კი 5% იყო. ამან გამანადგურა. მინდოდა თავი მომეკლა. განვიხილავდი, როგორ მომეღო სიცოცხლისთვის ბოლო სწრაფად და უმტკივნეულოდ. მერე დავფიქრდი, მე რომ თავი მომეკლა, დედაც მოკვდებოდა და ერთდროულად მკვლელიც ვიქნებოდი და თვითმკვლელიც. დავიწყეთ ბრძოლა. მოვძებნე კარდიოქირურგი, მოვიძიეთ ფინანსები, ლამის ვმათხოვრობდი. ერთადერთი დაბრკოლება მგზავრობა იყო, რაც პანიკურ შეტევას მმართებდა და ისტერიკაში მაგდებდა. ვერავინ მიხვდება, რა ჯოჯოხეთი გამოვიარე, როცა იმ ქალაქში ჩავიყვანე დედა, სადაც მას პირველი შვილი მოუკვდა და თან ისე, რომ გადარჩენის მინიმალური შანსი ჰქონდა. ჩემი უმცროსი ძმა ჯარში იყო და თქმას აზრი არ ჰქონდა, უფროსი ძმა - საზღვარგარეთ. ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა და დღეს ძალზე ამაყი ვარ, დედა რომ ცოცხალი მყავს, თუმცა წინ კიდევ ერთი ოპერაციაა.

- როდის დაისახეთ მიზნად, რომ სწავლა უნდა გაგეგრძელებინათ?

- როცა სკოლა დავამთავრე, ყველა ელოდა, რომ ასპროცენტიანი გრანტით ჩავირიცხებოდი. ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი, თუმცა მასწავლებლის შეცდომის გამო, ჯერ კომპიუტერი დავკარგე მეცხრე კლასში და მერე ოქროს მედალი. არც ფინანსურად და არც მენტალურად მზად არ ვიყავი უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის და უარი ვთქვი სწავლაზე. ამრეზითა და დაცინვით მიყვებოდნენ, ვინ სად ჩაირიცხა. მერე დედაჩემის ამბები დამემატა და ცინიზმი უკვე სიბრალულმა შეცვალა. მე ვიბრძოდი რომ მეცოცხლა, ვიბრძოდი რომ ეცოცხლა დედას. მერე მამაც ავად გახდა და ექვსი თვე საავადმყოფოში იწვა. თითქოს, მთელი ტვირთი მე დამაწვა. მერე თანდათან გავაღწიე საკუთარი ნაჭუჭიდან. წლები რომ არ დამეკარგა, კოლეჯში დავიწყე სწავლა, საექთანოზე. ექვსი თვე საავადმყოფოში ვიმუშავე, პარალელურად მოსწავლეები ამყავდა და მაინც, არ იყო საკმარისი, რასაც ვაკეთებდი. ჩემი მიზანი და ოცნება უმაღლესი სასწავლებელი იყო, თუმცა გამოცდაზე გასვლის მეშინოდა. გადაწყვეტილება მარტში მივიღე. გავიღვიძე და ვთქვი, რომ ახლა უნდა ჩამებარებინა. სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ გადმოვიღე უჯრიდან ატესტატი. სამი თვე ვმეცადინეობდი. ჩემი კოლეჯის ლექტორი კესო დარასელია ინგლისურში მეხმარებოდა, ქართულში ნინი ჯავახიშვილი წამეშველა, ისტორიაში ჟანა კვარაცხელიამ გამომიწოდა ხელი და სამთვიანი მეცადინეობის შემდეგ ჯავახიშვილის სტუდენტი გავხდი. ქართულ ფილოლოგიაზე უნდა ვისწავლო და სკოლაში შევდგა ფეხი. ეს იყო ურთულესი გზა. თუმცა შრომა ნამდვილად დამიფასდა. მინდა გამოვყო ჩემი მეგობრის, ლელა კურტანიძის მხარდაჭერა, რომელმაც ჩემი მენტალური კეთილდღეობისთვის ბრძოლაში დიდი შრომა გასწია. ძალიან დამეხმარნენ ნანა აბესაძე და გიორგი ჭეიშვილი. ბევრი უცხო ადამიანი დამიდგა გვერდში და ახლა, 23 წლის ასაკში ვიწყებ ნამდვილ ცხოვრებას.

- როგორია დღეს თქვენი ყოველდღიურობა?

- ამ პანდემიის ფონზე, უმეტესად სოფლის საქმეებით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა, მამშვიდებს და ძალას მმატებს. ახლა საუნივერსიტეტო ეიფორიაშიც ვარ, ერთი სული მაქვს ნანატრი სტუდენტობა შევიგრძნო და მაქსიმუმი გავაკეთო. მინდა მეტად რეალიზებული, პროფესიონალი და წარმატებული ვიყო. გარდა ფილოლოგიისა, ვგეგმავ, ფსიქოლოგიის კურსების გავლას და ამ სფეროში მუშაობასაც, რადგან როცა მე დამჭირდა დახმარება, არავინ აღმოჩნდა გარშემო. ვმუშაობ წიგნზე, სადაც ჩემი პირადი მაგალითის ფონზე განვიხილავ მენტალურ პრობლემებს და მსურს, ბევრი ადამიანისთვის მოტივაციად ვიქცე, რომ მათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე და თამამად ითხოვონ დახმარება. არ მინდა ვინმემ ის ჯოჯოხეთი გამოიაროს, რაც მე გავიარე. უკვე ვიცი, ყველაფერს შევძლებ.

მანანა გაბრიჭიძე