"ბარში კარგი მომსახურება არის გულწრფელი საუბარი" - გზაპრესი

"ბარში კარგი მომსახურება არის გულწრფელი საუბარი"

"მოდი, გაგეცნობით: მე ვარ ბარმენი მიხეილ რთველიაშვილი, ქართლელი, დედაჩემი რაჭველია... ერთ-ერთი პირველი კოქტეილი "ოლდ ფეშენი" (ქართულად - "ძველმოდური"), ჩემი აზრით, არც ისე საინტერესო, ნიუ-იორკში მოამზადეს. ერთმანეთს შეურიეს ყავისფერი შაქრის კუბი, ამერიკული ვისკი "ბურბონი", რამდენიმე წვეთი გაზიანი წყალი და ფორთოხლის ცედრა. კოქტეილს საკმაოდ მძიმე გემო აქვს. ვინც ეს მოიფიქრა, ჩვეულებრივად ბუფეტში იდგა და უბრალოდ სასმელებს ასხამდა. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ ჩარჩოები დაერღვია..." - ასე დაიწყო ჩვენი ინტერვიუ. ახალგაზრდა ბარმენი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- ბარში პირველად რომ მოხვდით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- დავიწყოთ იქიდან, რომ სამი სტილის ბარი არსებობს: კლასიკური, კლუბური და ე.წ. ბუფეტი, რომელიც რესტორნებშია, სადაც უბრალოდ სასმელებს გასცემენ. იქ ადამიანებთან ურთიერთობა არ გიწევს, რაც ჩემთვის უინტერესოა. ჩემი პირველი სამსახური რესტორნის დაცვაში იყო. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შემიძლია, თან ენები (რუსული და ინგლისური) ვიცოდი. მერე ერთ-ერთი რესტორნის სასმელების საკმაოდ დიდ საწყობში ვმუშაობდი. რაც კი სასმელი იყო და სად რა იდგა, ყველაფრის დამახსოვრება მოვახერხე, ზეპირად ვიცოდი. მაშინ ვიფიქრე, რომ უკვე შემეძლო ბარში ვმდგარიყავი. 5-6 წლის წინ პირველად აღმოვჩნდი ე.წ. ბუფეტის სტილის ბარში. ყველა კლიენტი სუფრასთან იჯდა და სასმელი მიმტანებს მიჰქონდათ, მაგრამ იცით, რა იყო საინტერესო?.. შეკვეთის მალე გაშვება და სწრაფი დამახსოვრების უნარი უნდა გქონოდა. მერე, რა თქმა უნდა, დავიწყების უნარიც: ამ პროფესიას კარგად განვითარებული მოკლევადიანი მახსოვრობა სჭირდება.

- რამე გაგიჭირდათ, როცა კლასიკურ ბარში სამუშაოდ მიხვედით?

- ყველა ფიქრობს, რომ ბარში უნდა იცოდე სასმელები, მაგრამ აქ მთავარია გამოცდილება! ახალ, მისთვის უცნობ ბარში როცა მიდის გამოცდილი ბარმენი, იმასაც კი ადაპტაციისთვის რაღაც პერიოდი სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ გაიგოს, სად რა დევს? ვიღაცისთვის ეს ერთი ან სამი დღეა, ახალბედასთვის კი რამდენიმე თვე. არა აქვს მნიშვნელობა, ამ ახალბედას დამთავრებული აქვს სასწავლებელი თუ არა, გარკვეულია სასმელებში თუ არა, უკვე იმუშავა რამდენიმე თვე თუ უფრო მეტი, - მაინც დროა საჭირო, რომ სიტუაციას მიეჩვიოს. ვისაც ბარმენობა სურს, ჯობს, ჯერ ბუფეტის ბარიდან დაიწყოს. იქ ბევრ რამეს ეჩვევი. მერე უკვე სხვა, ძირითად ასპექტზე გადადიხარ - ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა, ფსიქოლოგია. ბარის მთავარი პრინციპი პიროვნებასთან დამეგობრება და საუბარია. რატომ სვამენ ადამიანები ბარში? იმიტომ, რომ მათ გარემო სჭირდებათ და არა - სასმელი! ნებისმიერ მაღაზიაში ბევრად უფრო იაფია სპირტიანი სასმელი, ვიდრე ბარში.

- ისეთი კლიენტები თუ არიან, ვისაც საუბარი საერთოდ არ უნდა?

- იმასაც გააჩნია, ვინ დგას ბარში. რამდენიმე ფრაზას ყველა ამბობს, ზოგი მხოლოდ იმდენ სიტყვას ამბობს, რაც შეკვეთას უნდა. არის კატეგორია, ვისაც ცოტა დრო სჭირდება, რათა თავი იგრძნოს ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრთან. ზოგთან უფრო მეტი საუბარია საჭირო, ზოგი უბრალოდ ნასვამია და დიდხანს უნდა ესაუბრო, ვიღაცას პირიქით - შენ უნდა მოუსმინო. ესეც ხომ ადამიანთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი მხარეა.

- ექსპერიმენტები გიყვართ? როცა კლიენტი კოქტეილის თავის ვერსიას გთავაზობთ, ეთანხმებით?

- ექსპერიმენტები ბარის წარმატების პირველი სავალდებულო ასპექტია, ხოლო ცვლილებები - პოპულარობის მთავარი ფუძე. როცა ექსპერიმენტს ჩავიფიქრებ, ვცდილობ წარმოვიდგინო, ის გემოები როგორ იქნება შერწყმული. ზოგიერთ კლიენტს აქვს თავისი „წიკი“ - შეიძლება საყვარელი სასმელი დავარქვათ ან - ასე უნდა და მორჩა. რა თქმა უნდა, ვაკეთებ, რა პრობლემაა?!

- კოქტეილი უნდა დალიოთ საქმიდან გამომდინარე თუ გსიამოვნებთ? ღამისთევაზე რას იტყვით, ძალიან დამღლელია?

- სასიამოვნო სამსახური მაქვს და, რა თქმა უნდა, კოქტეილის დალევაც ძალიან მსიამოვნებს. ამჟამად ღამისთევა არ მიწევს, პანდემიის გამო, მაგრამ როცა ბარი სავსეა ადამიანებით, როცა დაკავებული ხარ და მოცლა არა გაქვს, მაშინ გონებაც დაკავებულია და ფსიქოლოგიურად ისეთ განწყობაზე ხარ, რომ ძილზე ფიქრი გამორიცხულია და არც ორგანიზმი გთხოვს.

- ბარმენები თუ მეგობრობთ?

- როგორ არა, სადისტები არ ვართ (იცინის). შეიძლება ძალიან განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, როგორც საერთოდ ადამიანები, მაგრამ მეგობრობა ვიცით.

- თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ?

- საერთოდ არ ვისვენებ, ისეთი გრაფიკი მაქვს. ადრე, ვხატავდი - შავი ფანქარი, აკვარელი, ზეთის საღებავები... ოღონდ ეს სურვილი მოდის გუნება-განწყობის მიხედვით.

- „ფლაერინგი“ გაინტერესებთ?

- რამდენიმე ილეთი ვიცი და მსიამოვნებს ამის კეთება. ძირითადად კლუბურ ბარში იმართება ლამაზი შოუები თავისი ჟონგლიორობით.

- კლიენტთან დამეგობრებულხართ?

- კი, მათ შორის უცხოელებიც არიან. მაგალითად, ყაზახი ნიერკინი ძალიან კარგი ბიჭია, თითქმის ყოველდღე დადის ბარში. ახალი ურთიერთობა და სხვა ადამიანის ცხოვრება გარკვეულწილად საინტერესო, ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. უცხოელებისგან გავიგე მათი ცხოვრების სტილი, რა ურთიერთობები აქვთ მეზობლებთან, ახლობლებთან, როგორ ხედავენ წარსულს, მომავალს...

- სტერეოტიპი ბარმენის შესახებ, რომელიც გაღიზიანებთ?

- ადამიანს მიუტანო ის სასმელი, რაც წინა მოსვლაზე დალია, - აი, ესაა სტერეოტიპი და ჰგონიათ, რომ ეს არის კარგი მომსახურება. არა! კარგი მომსახურება არის გულწრფელი საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ბარმენი 24 საათი უნდა იღიმებოდეს. ადამიანის ბუნებაა ისეთია, როცა კარგ პიროვნებას შეხვდები, ძალაუნებურად გეღიმება, - ეს არის და ეს. ადამიანებს ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობები მოსწონთ.

- ყველაზე მარტივი და იაფი კოქტეილის რეცეპტი გვითხარით.

- იაფისა რა გითხრათ დღევანდელ დღეს, მაგრამ ორკომპონენტიანი ძალიან ბევრია, მაგალითად - "ჯინ ტონიკი“. ერთი კარგი კოქტეილის რეცეპტს გეტყვით: 50 გრამი ჯინი (სადაც არაყი იყიდება, იქ ჯინიც შეიძლება შეიძინოთ), ½ გაწურული ლაიმი, შაქრის სიროფი, კიტრი და პიტნა. მარტივია და ძალიან გემრიელი.

- სამომავლოდ რა მიზანი გაქვთ? ახლა მუშაობთ და თან სწავლობთ?

- ცოტა ხანს ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში, არ დამიმთავრებია. მიზეზებზე არ ვილაპარაკებ. პროფესია არის საშუალება, რომ იცხოვრო უფრო საინტერესოდ. ბარმენობამ ბევრი რამ სხვა კუთხიდან დამანახვა. ბევრ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, სადაც ვერ მოვხვდებოდი, და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, ვისაც ვერ გავიცნობდი, ბარმენი რომ არ ვყოფილიყავი. დიდი სურვილი მაქვს და ჩემი მიზანია, რომ დავეუფლო კიდევ რამდენიმე ისეთ პროფესიას, რომ საინტერესოდ ცხოვრება შევძლო.

ნანული ზოტიკიშვილი