თვითნასწავლი მხატვრის გამაოგნებელი ნახატები
"პერსონალური წარმოსახვის ფარგლებში ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მთავარია საკუთარმა თავმა არ დაგაჯეროს, რომ რამე არ შეგიძლია... სანამ საკუთარი შესაძლებლობის გწამს, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ როცა ადამიანები გაჯერებენ, შენც იჯერებ, სრულიად უძლური ხდები და შესაძლებელიც კი შეუძლებელი გეჩვენება..." - თვითნასწავლი მხატვრის - თამარ ყიფიანის ეს სიტყვები იმ ადამიანებისკენაა მიმართული, ვინც შეუძლებლად თვლის, რომ მისი გამაოგნებელი ნახატები უბრალო ფანქრით იქმნებოდეს...
ვინაიდან თამარ ყიფიანის ნახატები პრესისა და დამთვალიერებლის დიდ ყურადღებას იპყრობს, გადავწყვიტეთ, მხატვარს თავისი სამყარო და შემოქმედება ჩვენთვის თავად გაეცნო...
- თამარ, რამდენი წლისამ დაიწყეთ ხატვა? ვინ აღმოაჩინა თქვენში მხატვარი, პირველი საფეხურების, გამოფენების, კონკურსების შესახებ გვიამბეთ.
- ვფიქრობ, ხატვა ჩემთან ერთად დაიბადა, ხატვის სურვილიც ჩემთან ერთად იზრდებოდა და ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ამ უნარს გარშემო ყველასა და ყველაფერს ვაგრძნობინებდი, განსაკუთრებით - კედლებს... ჩემში მხატვარი საზოგადოებამ აღმოაჩინა, მე კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ჩემთვის "მხატვარი" ეწოდებინათ, - ეს ტიტული თითქოს ხელშეუხებელი და მიუწვდომელი იყო, თანაც ძალიან საპასუხისმგებლო... თუმცა, ხელოვნების სიყვარული მაიძულებდა ხატვას. ხელოვნება ჩემში წარმოშობდა ახალ ქმნილებებს, რომლებშიც ყოველთვის საკუთარ სულს ვხედავდი...
პირველად ხატვის კონკურსში 13 წლისამ მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ და გამოფენა მქონდა. 2018 წელს შევქმენი ნამუშევარი საკონკურსო თემაზე "გაყინული ემოცია", რომელმაც პირველი ადგილი და თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პერსონალური გამოფენის შანსი მომაპოვებინა. აგრეთვე ვმონაწილეობდი კონკურსში "ახალგაზრდა ხელოვანი" და ჩემი ნამუშევარი სამაგიდო კალენდრის ყდაზე დაიბეჭდა. წერაც ძალიან მიყვარს. ვწერ ვერლიბრებსა და მინიატიურებს, ჩემი ერთ-ერთი ნოველა "ახალგაზრდა ხელოვანის" წიგნში დაიბეჭდა.
- ალბათ შთამბეჭდავ და ლამაზ ბუნებაში ყოფნა მუზების გაღვიძებაში გეხმარებათ?..
- ჩემი მუზა ადამიანია, ამიტომ მთელი ყურადღება ადამიანებისკენ მაქვს მიმართული: მიზიდავს არასტანდარტული გარეგნობა და ინდივიდუალური პერსონაჟები. ცხოვრების მანძილზე საკუთარ თავში ჩვენ ვქმნით პერსონაჟებს და ხშირად მათ როლებსაც ვირგებთ, ვთამაშობთ ჩვენს გამოგონილ პერსონაჟებს. ღრმა ადამიანები საინტერესო ისტორიებით, საკუთარი პერსონაჟებით მკვებავენ როგორც ხელოვანს... ბუნებას რაც შეეხება - მის გარეშე გამოვიფიტებოდი, რადგან ყველაზე დიდი ხელოვნება ბუნებაა, ყველა ადამიანი კი თავისთავად ბუნების ნაწილია; როცა შენს ნაწილს შორდები, ითრგუნები და სუსტდები, ამიტომ მე სულ ბუნებასთან ახლოს დავრჩები.
- რამდენად ხელსაყრელი პირობები გქონდათ და გაქვთ დღეს?
- ხელოვანი ხელოვნებას ვერ აკონტროლებს!.. ხელსაყრელი პირობები რომც არ იყოს, ხელოვანი მაინც შექმნის, რადგან ეს ისევე განუყოფელია, როგორც სუნთქვა, მაგრამ მოტივაციას ნამდვილად უხშობს ღარიბი ქვეყანა ახალგაზრდას, რომელსაც განვითარება სურს.
- რომელი ქართველი მხატვრები გიყვართ ბავშვობიდან და რით გამოარჩევთ?
- რუსუდან ფეტვიაშვილი, ეთერ ჭკადუა, გურამ დოლენჯაშვილი... თითოეული მათგანი ჩემთვის ინდივიდუალიზმთან ასოცირდება. რამდენჯერაც უნდა ვნახო მათი ნამუშევრები, ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები, ახალი ფერების, დეტალებისა და ემოციის აღმოჩენით. როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, მათ მსგავსად მეხატა, მაგრამ თანდათან გავაანალიზე, რომ ნამდვილი შემოქმედი სხვას არ უნდა ჰგავდეს. ვინც სხვას ჰგავს, ის ყალბია. ხელოვანი ხელოვნებაში საკუთარ სულს დებს, სული კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.
- მსოფლიო მხატვრებიდან რომელ შემოქმედს გამოარჩევდით?
- მიზიდავს კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემოქმედება. კარავაჯოს მიერ გადმოცემული თითოეული ემოცია იმდენად გადამდებია, რომ შეუძლებელია ვერ იგრძნო, თუნდაც დახატვიდან მრავალი წლის შემდეგ... მიქელანჯელოს შემოქმედება კი ჩემთვის ადამიანის შესაძლებლობების უნიკალური გამოვლინებაა, რომელსაც შეუძლია უსიცოცხლოდან სიცოცხლე შექმნას.
- ლამაზ და ძალიან სევდიან ქალბატონებს ხატავთ. უმეტესობას ძალიან ემოციური თვალები აქვს. ასე გამაოგნებლად ემოციას როგორ გადმოსცემთ?
- თითოეული ემოცია მე მეკუთვნის, რადგან ადამიანი ვარ; თითოეული ჩემი ემოცია სხვებსაც ეკუთვნის, რადგან ისინიც ადამიანები არიან. ამიტომ გადმოვცემ იმას, რაც ოდესმე ყველას განგვიცდია და ერთმანეთთან გვაკავშირებს... პირადად მე უზომოდ ემოციური ვარ. იმასაც ვგრძნობ, რაც არ უნდა ვიგრძნო, რაც წესით, სხვისი ტკივილი უნდა იყოს, მაგრამ მე ყველას ტკივილს ჩუმად გულით დავატარებ, ტკივილები ქმნიან ჩემს ხელოვნებას.
- რას ეტყვით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანმა უბრალო ფანქრით შეუძლებელია ეს ნამუშევრები შექმნას?
- ადამიანს ყველაფერი შეუძლია, პერსონალური წარმოსახვის ფარგლებში, მთავარია, საკუთარმა თავმა არ დაგაჯეროს, რომ რამე არ შეგიძლია... სანამ საკუთარი თავის შესაძლებლობის გწამს, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ როდესაც ადამიანები გაჯერებენ, შენც იჯერებ, სრულიად უძლური ხდები და შესაძლებელიც კი შეუძლებელი გეჩვენება.
- დღეს მთელ ქვეყნიერებას რთული პერიოდი უდგას. რა გავლენა იქონია ამან თქვენს შემოქმედებაზე?
- უამრავი ადამიანი დაიღუპა და ისინი არ არიან უბრალოდ რიცხვები, ისინი ჩემთვის არიან ადამიანები დიდი ისტორიებით და შეწყვეტილი სიცოცხლით... ჩვენ კი უფრო დავშორდით ერთმანეთს. მე ვეღარ ვხედავ ქუჩაში სახეებს... ქუჩაში გასვლა ახლა უკვე საშიშია. ტექნოლოგიებმა შეგვიქმნა ახალი მინიატიურული სამყარო, სადაც ყველაფერი ერთი "ფანჯრიდან" ჩანს... ვირტუალური სამყარო მთრგუნავს, ის მაჩვენებს ყველაფერს შელამაზებულს ან გაზვიადებულს, მაგრამ - არა რეალურს! მე კი რეალობა, სინამდვილე მჭირდება, რადგან არ მიყვარს ყალბი ემოციები და მკლავს სიყალბე...
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სამომავლო გეგმები არ მაქვს. მე არ ვცხოვრობ წარსულით ან მომავლით, მე მაქვს მხოლოდ ახლანდელი დრო, რომელსაც ვიყენებ ან ვფლანგავ....
წელს ჩავაბარე ფსიქოლოგიურზე და უზომოდ მინდა დავეხმარო ადამიანებს ბრძოლაში საკუთარ თავთან, მენტალურ ომებში.
მანანა გაბრიჭიძე