თუ ატომურ ელექტროსადგურებს გააჩერებენ, "ვაის გავეყრებით და უის შევეყრებით" - გზაპრესი

თუ ატომურ ელექტროსადგურებს გააჩერებენ, "ვაის გავეყრებით და უის შევეყრებით"

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპული ქვეყნები ატომურ ელექტროსადგურებს დროებით გააჩერებენ და მათ საიმედოობას შეამოწმებენ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანიის იმ 7 ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეჩერების ბრძანება გასცა, რომლებიც 1980 წლამდეა შესული ექსპლუატაციაში. ბირთვული ენერგიის პროგრამა შეაჩერეს: შვეიცარიამ, ვენესუელამ, კორეამ, ყაზახეთმა. აშშ-ში მსგავს ზომებს ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავენ. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "როსატომის" პროგრამის გადახედვას არ აპირებს. იაპონიის ტრაგედიამ ვერც პოლონეთის ხელისუფლებაზე მოახდინა გავლენა: ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონელები შესაძლო საფრთხეებს გაითვალისწინებენ და ატომურ ელექტროსადგურს მაინც ააშენებენ.

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ექსპერტები ასახელებენ მსოფლიოში 5 ატომურ ელექტროსადგურს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ესენია: სომხეთის მეწამორის ელექტროსადგური, დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ფლოტი, რუმინეთის ჩერნავოდის, რუსეთის ლენინგრადისა და მიჩიგანის (აშშ) ენრიკო ფერმის სახელობის ელექტროსადგურები.

რა შემთხვევაში ხდება ატომური ელექტროსადგური ბირთვული საფრთხის შემცველი და რამდენად შესაძლებელია ატომური ენერგიის სხვა წყაროთი ჩანაცვლება? - ამის შესახებ ასტროფიზიკოსი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გვესაუბრება.

- ბატონო ჯუმბერ, ბოლო დროს გახშირდა დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ატომური ენერგიის გამოყენება. რას იტყვით ამის შესახებ?

- როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ბირთვული, ატომური ელექტროსადგური ეკოლოგიურად  სუფთაა. რეაქტორების შიგნით რადიოაქტიური ნივთიერება - ურანი ან პლუტონიუმი სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული, მის ირგვლივ ცირკულირებადი წყალი მერე ორთქლად გადაიქცევა, ორთქლი კი ტურბინებს ამოძრავებს და წარმოიქმნება ელექტროენერგია. აქ თითქოს სახიფათო არაფერია, თუ ავარია არ მოხდა ან სპეციალისტებმა ტექნიკური შეცდომა არ დაუშვეს. როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, 100%-იანი უსაფრთხოების მიღწევა საკმაოდ ძნელია. "ფუკუსიმა 1"-ზე 6 რეაქტორია. ცუნამის შედეგად დაზიანდა გამაგრილებელი სისტემა, კონტეინერი გადახურდა და დაზიანდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კატასტროფის ძირითადი ფაქტორი აღმოჩნდა ცუნამი, ხოლო თვით მიწისძვრამ რეაქტორი ვერ დააზიანა. მიუხედავად ამისა, ატომურ ენერგიაზე ერთბაშად უარის თქმა ალბათ არ შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა შეიკრიბონ მსოფლიო ლიდერები, მეცნიერებთან ერთად, და გადაწყვიტონ მომავალში ბირთვული ენერგიის გამოყენების პერსპექტივა. ძალიან მომწონს ინგლისელების ხუმრობა: ვიყოთ აქტიურები, ვიდრე გავხდებით რადიოაქტიურები... ევროპის რუკას თუ დახედავთ, ნახავთ, რომ ეს კონტინენტი დახუნძლულია რეაქტორებით.

- ყველაზე მეტ ატომურ ენერგიას რომელი ქვეყანა მოიხმარს?

- ატომური ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი საფრანგეთია - ამ ქვეყნის ელექტროენერგიის 78%-ს ბირთვული სადგურები გამოიმუშავებს.

- ატომური ენერგიის მზის ენერგიით ჩანაცვლება არარეალურად მიგაჩნიათ?

- მზის ენერგიის გამოყენება ნამდვილად რეალურია, ამაზე მეცნიერებმა 50 თუ 60 წლის წინ დაიწყეს ფიქრი. ლაპარაკია თერმობირთვული რეაქციის გამოყენებაზე. ამ გზით შემუშავებული ენერგიის უპირატესობა და პერსპექტივა იმაში გამოიხატება, რომ მის საწვავს წარმოადგენს უბრალო წყალი, უფრო ზუსტად - მძიმე წყალბადი და ზემძიმე წყალბადი. სწორედ ასეთი თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს მზეზე და მზე გამოყოფს ენერგიას მილიარდი წლის განმავლობაში. ეს არის მომავლის პროექტი, რომლის განხორციელებას სულ ცოტა, 20 წელი მაინც დასჭირდება. ამიტომ ჯობს, ამ ეტაპზე ისევ უსაფრთხო ატომურ ელექტროსადგურებზე ვიფიქროთ.

- საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ იზრუნა ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე?

- საბჭოთა კავშირის დროს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოშიც იგეგმებოდა (გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში), მაგრამ ამ გეგმას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბირთვულ ენერგიას მეცნიერული კვლევებისთვის მაინც ვიყენებდით. სწორედ 1959 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მცხეთის რეაქტორი (მუხათგვერდში) ÈÐÒ-2000. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის კვლევითი  ბირთვული რეაქტორი და არა ბირთვული ელექტროსადგური. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობა ამ რეაქტორის არსებობამაც ძალიან გააღიზიანა. მან კატეგორიულად მოითხოვა რეაქტორის ლიკვიდაცია. ლიკვიდაცია შეუძლებელი იყო და რეაქტორი უბრალოდ გავაჩერეთ, ხოლო 1990 წელს მისი სრული კონსერვაცია მოვახდინეთ: მისი ფსკერი დავაბეტონეთ. რეაქტორის გარშემო დღემდე კონტროლდება რადიაციის დონე. სახიფათო იქ არაფერია.

- მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკოსებმა სომხეთის მეწამორის ატომური სადგური პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სახიფათოდ მიიჩნიეს და მისი ლიკვიდაციისთვის 200 მილიონი ევროც გამოყვეს, სომხები სადგურის გაჩერებაზე უარს ამბობენ. რატომ მიიჩნევენ სპეციალისტები "მეწამორს" სახიფათოდ და ჩვენ რა საფრთხე გველის მისი აფეთქების შემთხვევაში?

- სომხეთის ატომური ელექტროსადგური ყველაზე ადრეული მოდელია, ძველი ტექნოლოგიებითაა შექმნილი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი ნაკლი აქვს. მისი რესურსი უკვე ამოწურულია, მაგრამ სომხეთს ბუნებრივი რესურსები არა აქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია აწარმოოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სადგური სეისმურად სახიფათო ზონაშია აგებული. რაც შეეხება საფრთხეს, - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ავარიის შემთხვევაში, საით დაუბერავს ქარი. რადიაციული ღრუბლის გავრცელება და მიმართულება კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული: საით და რა სიჩქარით დაუბერავს ქარი, როდის მოვა წვიმა და რომელი ტერიტორიის თავზე იქნება წვიმის დროს ღრუბელი. ჩერნობილის ავარიის შემდეგ, რადიაციულმა მტვერმა მთელ ევროპას შემოუარა და საქართველოსაც გადმოსწვდა.

- შესაძლებელია თუ არა, რომ "ფუკუსიმა 1"-ზე მომხდარი ავარია იაპონიისთვის ისეთივე დამანგრეველი იყოს, როგორიც ჩერნობილის ავარია აღმოჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის?

- ჩერნობილის ტრაგედია უფრო დიდი მასშტაბის იყო. ამავე დროს, მთავრობამ რამდენიმე დღე დამალა მომხდარი კატასტროფა და ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ის, რომ 1986 წლის 1-ელ მაისს (კატასტროფა მოხდა 1986 წლის 26 აპრილს) ადამიანები და ბავშვები დაზიანებულ ტერიტორიაზე დადიოდნენ ტყეში სოკოს მოსაკრეფად. იაპონელებმა კი ზომების მიღება, ფაქტობრივად, აფეთქების მომენტიდანვე დაიწყეს. სხვათა შორის, თუ ახლა იაპონიაში არსებულ გამოსხივების დონეს, ჩერნობილში მაშინ არსებულს შევადარებთ, კარდინალურად განსხვავებულ მონაცემებს მივიღებთ: ჩერნობილში რადიაცია რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონელები გაცილებით მომზადებულნი შეხვდნენ კატასტროფას, ვიდრე სომხები - სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის დროს. იაპონიის მთავრობამ მოსახლეობას, რომელიც ელექტროსადგურის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობს, უკვე დაურიგა იოდის შემცველი პრეპარატები. ალბათ იცით, რომ იოდი ადამიანის ორგანიზმიდან რადიოაქტიურ ნივთიერებებს გამოდენის და ფარისებრი ჯირკვლის დაცვა შეუძლია. მაღაზიებიდან ამოიღეს ყველა პროდუქტი, რომელიც ფუკუსიმადან 30 კილომეტრში იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ რადიაციის დონეს გამუდმებით ზომავენ და შესაბამის ღონისძიებებსაც იღებენ. ფაქტია, რომ ატომური ელექტროსადგურები გარკვეული რისკის მატარებელია, მაგრამ სწორედ ასეთი დიდი პროექტების განხორციელებას მოჰყვება საზოგადოების პროგრესი. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ომსაც კი უზარმაზარი პროგრესი მოჰყვება. მაგალითად, სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს რადარები და განვითარდა რადიოასტრონომია.

ხათუნა ბახტურიძე