"მამაჩემის ჯინსის შარვლისგან შევკერე კორსეტი და ამით თითქოს გავაცოცხლე ის..." - გზაპრესი

"მამაჩემის ჯინსის შარვლისგან შევკერე კორსეტი და ამით თითქოს გავაცოცხლე ის..."

დიზაინერ თეონა მარგველაშვილს საზღვარგარეთ უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე საქართველოში. თეონა წლებია მეუღლესთან, ჯაბა კუკულაძესთან ერთად, მოდის სფეროშია, არაერთი ჩვენება ჰქონდათ უცხოეთში. 26 სექტემბერს კი ვაშინგტონში მოდის კვირეული სწორედ მათი კოლექციით დაიხურა. აქვთ მიწვევები არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზეც:

- უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა, შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე და დიპლომატიურზე გავაგრძელე სწავლა. არ მაქვს ამ მიმართულებით აკადემიური განათლება, ბავშვობაშიც კი არ მივლია ხელოვნების რომელიმე წრეზე, მაგრამ ბაღის ასაკიდან ვხატავდი და კარგად ვკერავდი. მაინტერესებდა ეს სფერო. მახსოვს, კლასელებს ტანსაცმელს ვუკერავდი ხოლმე, პალტოებსაც კი. ამბობენ, რომ ბებიას ეხერხებოდა ჭრა-კერვა, გაჭირვების დროს თურმე ფეხსაცმელებსაც კი კერავდა. ეტყობა, გენეტიკა თავისას შვრება.

- თეონა, როგორ მოხვდით მოდის სფეროში? გაიხსენეთ თქვენი პირველი ჩვენება.

- 2002 წელს, ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ ლალი ტოტიკაშვილის სააგენტო "შარმში" მოვხვდი. მას შემდეგ აქტიურად ვმონაწილეობდი ჩვენებებში და მეტად დავინტერესდი მოდის სფეროთი. რაკი ქუთაისელი ვარ, ჩემი პირველი ჩვენებაც სწორედ ქუთაისში 2008 წელს გაიმართა და ძალზე წარმატებულიც აღმოჩნდა. მართლაც საუკეთესო კოლექცია მქონდა და სულ ვამბობ, იგივე რომ გამეკეთებინა ამერიკაში, წარმომიდგენია, როგორი გამოხმაურება ექნებოდა-მეთქი. შემდეგი იყო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, "მექანიკა" დავარქვი. ჩემს მოდელებს გამოარჩევდა ინდივიდუალიზმი და კიდევ, ჩემი სტილი - სპორტულისა და კლასიკურის შერწყმა. მაშინ რა სამოსიც წარმოვადგინე, იმ დროისთვის მართლაც რომ თამამი განაცხადი იყო. მაგალითად, შევკერე საპატარძლო მოკლე კაბა, ასევე საპატარძლო კაბა ჯინსისგან, სამხედრო კაბები...

2011 წელს უკვე თბილისშიც გაიმართა ჩემი კოლექციის ჩვენება, შემდეგ, 2016 წელს, პეტერბურგშიც მიმიწვიეს ძალიან მაღალი დონის მოდის კვირეულზე, სადაც კრიტიკოსებიც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. იქ ჩასულს სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი საზოგადოება დამხვდა. დღემდე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი რამ: ამ კვირეულის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე თქვა: საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, მაგრამ ვაღიაროთ, ქართველები ძალიან ნიჭიერები არიანო. 2016 წელსვე ვიყავი მოდის კვირეულზე ჩიგაკოშიც, 2018 წელს - ნიუ-იორკში. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ნიუ-იორკის კვირეული იყო, რომელზეც 2014 წლიდან მიწვევდა ამ ღონისძიების ორგანიზატორი. დაბოლოს, 26 სექტემბრის ვაშინგტონის მოდის კვირეული, რომელიც ჩემი ჩვენებით დაიხურა. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს, ჩვენს ელჩს, დათო ბაქრაძეს და საელჩოს წარმომადგენელს, მარიამ მიქელაძეს. ჩვენებაზე მოდელები ქართული მუსიკის ფონზე გამოდიოდნენ. ჩემს ჩვენებას "გაურკვევლობა" ერქვა.

27747456-1695077903889896-6370759322237793561-o-1636019478.jpg

ნოემბერში მამა გარდამეცვალა, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული და ამ ამბავმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მას შემდეგ მართლაც გაურკვევლობაში ვარ. ნამუშევრები, რომლებიც ამერიკაში გავგზავნე, მამას გვერდით ყოფნისას შევქმენი. კოლექცია ძალიან მოეწონათ. ჩემს მეუღლესთან მიდიოდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მაღალი დონის ჩვენება იყო. მე ვერ ჩავედი, ნამუშევრები გავგზავნე და მეუღლე გამოვიდა ჩემი სახელით. სხვათა შორის, იმ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო კორსეტი, რომელიც მამაჩემის ჯინსის შარვლისგან შევკერე, ამით თითქოს გავაცოცხლე ის...

- ამა თუ იმ მოდელის შექმნისას რა ხდება თქვენთვის ინსპირაცია და როგორია სამომავლო გეგმები?

- სულ მაქვს იდეები, უამრავ ესკიზზე ვმუშაობ. ყოფილა შემთხვევა, გამიკეთებია ესკიზი, შემიკერია კიდეც, მაგრამ არ მომწონებია და კოლექციაზე არ გამიტანია. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ვმუშაობ, მარტო მიყვარს ყოფნა. ესკიზსსაც თვითონ ვაკეთებ და თვითონვე ვკერავ. იშვიათად ხდება, რომ სხვას შევაკერვინო მოდელი. ჩემი მეუღლე ამერიკაში ცხოვრობს 5 წელია, ამ სფეროში აქტიურად არის ჩართული და ჩემს საქმიანობაშიც ძალიან მიწყობს ხელს. სამომავლოდ ჩვენი მაღაზიის გახსნა გვინდა ამერიკაში.

ნინო ჯავახიშვილი