"გოგო და სპორტი ცოტა მიუღებელია ჩვენთან, მაგრამ მე ეს შევძელი!" - გზაპრესი

"გოგო და სპორტი ცოტა მიუღებელია ჩვენთან, მაგრამ მე ეს შევძელი!"

ქიამალა (ქამო) მამედოვა აზერბაიჯანელი სპორტსმენია, რომელმაც ბევრნაირი სტერეოტიპი დაანგრია. კარგად საუბრობს ქართულად, აქტიურ სპორტს მისდევს და სრულად ინტეგრირებულია სამოქალაქო საზოგადოებაში. მამის შეთავაზების მერე, 15 წლისამ კარატეში დაიწყო ვარჯიში, ამჟამად ევროპის ჩემპიონის ტიტულის და შავი ქამრის მფლობელია. გარდაბანში, სადაც ქამო ვარჯიშობდა, თითქმის არანაირი პირობები არ იყო წარმატების მისაღწევად; მამამისსაც ეკამათებოდნენ, რა ქალის საქმე იყო სპორტი და ისიც - კარატე... "გზამ" ახალგაზრდა სპორტსმენ ქალს რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელზეც საინტერესო პასუხები მივიღეთ:

- რამ განაპირობა შენი სპორტით დაინტერესება?

- აქტიური და სპორტული ბავშვი ვიყავი, სტადიონზე ვარ თითქმის გაზრდილი. მამა ხედავდა სპორტისადმი ჩემს სიყვარულს და კარატეში ვარჯიში შემომთავაზა. რასაკვირველია, ამან ძალიან გამახარა. პირველივე კვირას მამას მწვრთნელმა უთხრა, რომ წარმატებებს მივაღწევდი. სავარჯიშო დროის გასვლის მერეც ვრჩებოდი დარბაზში და ვვარჯიშობდი, სახლშიც ვერ ვჩერდებოდი. ვიცოდი, რომ შრომას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგი.

- ვინ არის შენი მწვრთნელი?

- 13 წელია, ნოდარ კვანჭიანის მოსწავლე და მისი ნაკრების წევრი ვარ...

- როგორ შეხვდნენ ნაცნობები შენი სპორტული ცხოვრების დაწყებას?

- ოჯახის წევრების გარდა, არავინ მიჭერდა მხარს. თანასოფლელები, ნათესავები, აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგი იყო ჩემი სპორტსმენობისა...

- და მაინც, მოვიდა დიდი წარმატება, მიუხედავად ბევრი ადამიანის სკეპტიციზმისა...

- ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონობაა და ვერ აღვწერ იმ ბედნიერებასა და განცდებს, რომელიც გამარჯვებისას დამეუფლა. ერთ-ერთი პირველი, ვისაც ჩემი გამარჯვების შესახებ ვაცნობე, ჩემი მეგობარია. ის სულ მეუბნებოდა, რომ დროს ვკარგავდი, - ტყუილად ვარჯიშობ, არაფერი გამოგივაო. მან მითხრა, რომ ძალიან უხაროდა ჩემი წინსვლა.

- რა არის შენი ოცნება?

- ჩემი ოცნებაა, თბილისში საკუთარი დარბაზი მქონდეს და ჯანსაღი, წარმატებული ახალგაზრდები გავზარდო.

- ეს გამარჯვება არაა ახალი, მაგრამ შენზე მაინც ბევრს საუბრობენ...

- ჩემი გამარჯვებიდან თითქმის ოთხი წელია გასული, მაგრამ არ ივიწყებენ ჩემს წარმატებას ერთი მიზეზის გამო: საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, მაგრამ მათ შორის ერთადერთი გოგო ვარ, ვინც ჩემპიონია. ჩემი მაგალითი ბევრისთვის სტიმულია. უკვე იციან, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუკი მოისურვებს. მე თუ შევძელი, შეძლებს სხვაც. თან, მე არ მქონდა კარგი სავარჯიშო პირობები...

- ტატამზე გასვლამდე და გასვლის დროს როგორია ქამო?

- ვიდრე ტატამზე გახვალ, დიდია ემოცია. სამი წუთი უნდა იბრძოლო და ამ ჩხუბში გაიმარჯვო.

- სამზარეულოსადმი როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- გურმანი ვარ და მზარეული - არა. ალბათ წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებ საჭმელს, ეგაა სულ. გემრიელად ჭამა კი მიყვარს. ზოგადად, სპორტსმენის წარმატება კარგ კვებაზეა დამოკიდებული, სხვაგვარად ვარჯიშს ვერ შეძლებ.

- მიზნების შესახებაც გვითხარი...

- ბევრი მიზანი მაქვს. მსოფლიოს ჩემპიონიც მინდა გავხდე და კიდევ ერთი "დაუჯერებელი" სურვილი მაქვს: ექიმობა. მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ვარ, მომზადება დავიწყე და მჯერა, გვიანი არაა სწავლა.

- შენ ახლა ფიტნესინსტრუქტორი ხარ. შეცვალა რამე შენმა პროფესიულმა საქმიანობამ?

- დიახ, ბევრმა გოგონამ დაიწყო ვარჯიში ჩემი ხელმძღვანელობით.

253201359-453025022908698-8383744636241781494-n-1636639779.jpg

- ქართულად კარგად ლაპარაკობ. ოჯახში ყველამ იცის ქართული?

- არა, ოჯახის არც ერთმა წევრმა არ იცის ქართული, თუმცა ვთვლი, რომ ყველა არაქართველმა, ვინც საქართველოს მოქალაქეა, სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს.

- რას ურჩევდი ახალგაზრდებს?

- ყველამ აკეთოს ის საქმე, რაც სიამოვნებთ. არ დაიზარონ შრომა და სურვილებიც აუსრულდებათ.

როლანდ ხოჯანაშვილი