"იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა" - გზაპრესი

"იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა"

საქართველოში ბოლო ათწლეულების დუხჭირ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანი გაექცა. ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყანა საბერძნეთია. ჟურნალი "გზა" ფოთთან დაძმობილებულ ქალაქში, ნავპლიოში მცხოვრებ ქალბატონებს დაუკავშირდა. პირველი რესპონდენტი ქართული სათვისტომო "გეორგიას" თავმჯდომარე ანა კეკელიძეა.

- ქალბატონო ანა, საბერძნეთში სამუშაოდ როდის ჩახვედით?

- 1994 წელს, კუპონების პერიოდში გავემგზავრე. მაშინდელ ბნელ ეპოქაში ყველა ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას. აუტანელი იყო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რა სახელიც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ შეუძლებელი იყო ადამიანური ცხოვრება.

- როგორ წახვედით?

- ვიზით, ლეგალურად, მოსკოვში საკონსულოს გავლით. თავდაპირველად არგოში მოვხვდი, სადაც მანამდე ჩემი დედამთილ-მამამთილი იყვნენ ჩასული.

- პირველი შთაბეჭდილებები გაიხსენეთ...

- საშინელებაა, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, არც ენა იცი და არც გზები. ჩვეული გარემოდან სულ სხვა სამყაროში ხვდები. ბევრი ნერვიულობა და ტირილი გიწევს იმის გამო, რომ სხვა ადამიანი მოდიხარ და შავ მუშად იქცევი. რას იზამ...

- სად დაიწყეთ მუშაობა?

- პირველად ფორთოხალს ვკრეფდი. რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო იყო - დილის ექვს საათზე ვდგებოდით, სატვირთო მანქანით ფორთოხლების ნაკვეთში მივდიოდით. ამას ცვარსა და სიცივეში ვაკეთებდით დაუღალავად.

- იქ მუშაობა რამდენ ხანს გააგრძელეთ?

- დიდხანს არ გასტანა, სულ ვცდილობდით სამსახური შეგვეცვალა, ცოტა უკეთესი ადგილი მოგვეძებნა. მერე ჯერ მოხუცის, შემდეგ ბავშვის მომვლელად დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით კაფეში გადავედი, სადაც ბოლო პერიოდში გახლდით დასაქმებული. დღეს ბინების გაქირავების სფეროში ვარ.

- რა პრობლემების წინაშე დგახართ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები?

nana-ficxelauri-1636639998.jpg

ნანა ფიცხელაური, ყვარლიდან:

- სამშობლო გვენატრება. გვინდა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს, რათა ადრე თუ გვიან, დავბრუნდეთ. ვეჭვობთ, რომ ახლანდელმა მთავრობამ ეს უზრუნველყოს. ამიტომ, რაც უფრო ადრე წავლენ სათავეებიდან, მით უკეთესი იქნება ყველასთვის. არც წინა მთავრობა წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ესენი მეტისმეტად უუნაროები არიან.

- რატომ გაქვთ ოპოზიციური განწყობა?

- საქართველო დავტოვე ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს, მაგრამ აქაც ხომ ყველაფერი გვესმის, ვკითხულობთ ახალ ამბებს, ვუყურებთ გადაცემებს. მანდაც ვიყავი ჩამოსული და, საშინლად მაღალი ფასები, კატასტროფულად გაძვირებული ცხოვრება დამხვდა. თან, შეხვალ სუპერმარკეტში და რიგიანს ვერაფერს ყიდულობ. მეორე მხრივ, რაც შევამჩნიე, ხელში ყველას აიფონი უჭირავს, ძვირად ღირებული მანქანებითაც დადიან. გამოდის, აქ ემიგრანტებს უფრო გვიჭირს, ვიდრე ქვეყანაში დარჩენილების ერთ ნაწილს.

- რისი ბრალია ეს?

- ეკონომიკა "თავის სიმაღლეზე" არ დგას და ამის. ხელფასები აქ გაცილებით დიდია. საქართველოში ვირივით ვმუშაობდით, მაგრამ რასაც ჰქვია, მხოლოდ ვარსებობთ ამათთან შედარებით. ჰოდა, იძულებული ხდები, სამშობლო დატოვო და შორს წახვიდე. არავის უნდა უცხოეთში ბებიებს მოუაროს, ყველას თავისი მიწა-წყალი, გვერდით ახლობელი ადამიანები სჭირდება, მაგრამ არ გამოდის.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა გამოსწორდეს საქართველოში მდგომარეობა?

- მარტო პირადი კეთილდღეობისთვის ქვეყნის ყვლეფას თავი უნდა გაანებონ, სხვაგვარად არაფერი გვეშველება. ხელფასის გარდა, უზარმაზარ პრემიებს იღებენ, კორუფციაში არიან გახვეულები და სასახლეებს იშენებენ. ამ დროს უბრალო ხალხი არსებობისთვის მათხოვრობს. ამას პლუს, თავად რომ დასჭირდებათ, ყველაფერს ერთ ლარად ყიდულობენ. აბა, ემიგრანტებიდან ვინმეს ერთ ლარად რამე რომ აჩუქონ, ხომ გამორიცხულია. ეს მისაკუთრებაც ჩვენი ერის ხარჯზე ხდება. ჩვენებურ პენსია-ხელფასებზე კარგად მოგეხსენებათ. ლამის ერთადერთი რეალური შემოსავალი ქვეყანას ემიგრანტებისგან აქვს და დღეს მგონი, სხვაგან არსად არაა ასეთი სიტუაცია.

- თქვენ რა პირობებში გიწევთ მუშაობა?

- გვიჭირს, ველოდებით, როდის მოვა კვირაში ის ერთი დღე, გარეთ გასვლა რომ მოვახერხოთ. ხან თვეში ორჯერ ძლივს გავდივართ, აბა, ეს რა ცხოვრებაა? ზოგიერთი მოხუციც ისეთია, ცოტა არ იყოს ძნელია მათთან მუდმივ რეჟიმში მუშაობა. როგორ გითხრათ, საქართველოში ამდენი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი არ მინახავს, რამდენიც აქაა... მე ჩემი ქართველი ერით ვამაყობ! კულტურა გინდა, თუ სხვა სფეროები, ყველაფერში მაღალ დონეზე ვდგავართ; უბრალოდ, როცა სამუშაო არ გაქვს, იძულებული ხდები, ასეთი მაგარი ქვეყანა დატოვო და წამოხვიდე, იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავ და ელემენტარულ შემოსავალსაც ვერ იღებ! 24 საათი ავადმყოფს რომ უყურებ, ამაზე დიდი საშინელება არაფერია, მაგრამ რა ვქნა, საქართველოში რომ დავბრუნდე, რა გავაკეთო?

- ანუ ძირითადად მომვლელებად გიწევთ მუშაობა...

- სახლის დამლაგებლებადაც, კაფეებშიც მუშაობენ, ჭურჭელს რეცხავენ ან მზარეულად საქმდებიან და ა.შ. შენი დიპლომი აქ არანაირად არ ჭრის. მაგრამ აქ გაქვს გარანტია, რომ ერთ თვეში იმდენ თანხას იშოვი, რასაც საქართველოში ნახევარ წელიწადშიც ვერ გამოიმუშავებ. ერთიცაა, ქართველები ცოტა არ იყოს, კუდაბზიკა ერი ვართ და რასაც აქ ვაკეთებთ, იქ ბევრი არ გააკეთებს, ასე მგონია.

- როგორ ფიქრობთ, როდის დაბრუნდებით?

- ვიმედოვნებთ, რაღაც გვეშველება და დავბრუნდებით, სულ ასეთ ცუდ დღეში ხომ არ ვიქნებით?.. იცით, რა არ მომწონს? ქართველები უცხოელებს ვაფასებთ და ერთმანეთის გატანა არ ვიცით. ჩვენგან განსხვავებით, ბერძნები ძალიან პრაქტიკული ერია. ჩვენ შური და ბოღმა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. საქართველოში ქუჩაში რომ მიდიხარ, სამწუხაროდ, დაბოღმილი ხალხი გხვდება, გაღიმებული ადამიანი სანთლით საძებარია. აქ პირიქითაა, ლამის ყველა გიღიმის და ასევე გემსახურება.

marina-markozashvili-1636640010.jpg

მარინა მარკოზაშვილი, ყვარლიდან:

- ნოსტალგიით ვართ შეპყრობილი და დაბრუნება გვსურს. რეალურად, აქ მონურად ვცხოვრობთ, საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით. თვეში ერთხელ რომ შევიკრიბებით და ერთმანეთს შევხვდებით, ეს დიდი ბედნიერებაა. დანარჩენი 24 საათი ფიზიკურად დატვირთული ვართ. მე მაგალითად, კაფეში ვმუშაობ. დამატებით, ექიმების ოჯახშიც მივდივარ და სახლს ვალაგებ, ბევრ საქმეს ვასრულებ. ემიგრანტების უმრავლესობა იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა, მაგრამ იქ სამუშაოსაც ვერ ვიშოვით, დარწმუნებულები ვართ... შვილებიც აქ მყავდნენ, მაგრამ მერე უმუშევრად დარჩნენ და ეტაპობრივად წავიდნენ საქართველოში. ჩემი გული მათ გაჰყვა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მთლად მარტოდმარტო ვიცხოვრებდი უცხო ქვეყანაში, ეს საშინელებაა. თუმცა, აქ ყველაფერს ვეგუებით, რადგან არჩევანი არ გვაქვს. შემოსავალი თუ არ გექნება, აბა, რით იცხოვრებ?

სამწუხაროდ, ქართველებს შური დაგვღუპავს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემი მული სოფელში ცხოვრობს, მაწონს აყენებს და ყიდის. ახლა ძველი "მერსედესი" გამოცვალა, ახალი იყიდა და იცით, რა მოხდა? იმ მაღაზიების მეპატრონეების ნაწილმა, სადაც მაწონს აბარებდა, უთხრეს: შენ როგორ გამდიდრებულხარ, ახალი მანქანა გიყიდიაო და მისგან პროდუქტს აღარ იღებენ. არ ვიცი, ეს რა მენტალიტეტია. ფიქრობენ, რომ შენ იმაზე ძლიერი არ უნდა იყო. რატომ? აქ უხარიათ, თუ ვინმე რაღაცას გააკეთებს და გაძლიერდება. სულ "ბრავოს" იძახიან, ერთმანეთის წარმატება აბედნიერებთ. ჩვენთან კი პირიქითაა, ბოღმისგან ლამის გასკდნენ, - როგორ და რანაირად გაძლიერდიო? რაში გაინტერესებს, შენ წაგართვი რამე თუ... ქართველებს ეს ცუდი თვისება გვღუპავს, დამერწმუნეთ. აქაც, ემიგრანტები ერთმანეთს ეუბნებიან: შენ რამდენს "აკეთებ". უი, ასე ბევრს რატომ გიხდიანო? ადამიანო, დილით რომ გავდივარ, ღამით დასაძინებლად შევდივარ სახლში; იმდენს ვშრომობ, კარგადაც არ უნდა გადამიხადონ? ჩემი ემიგრანტული ნაშრომი რატომ უნდა შეგშურდეს? შენც გაანძრიე ხელი...

2003 წელს წამოვედი და 2005-ში რომ დავბრუნდი, სამშობლოში თითქმის არაფერი იყო შეცვლილი. მეზობლები ისევ ერთმანეთს ეძახდნენ, დამეწვიეო, კვლავ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ რომ მომიხდა საქართველოში ჩასვლა, ყველაფერი სხვანაირი დამხვდა: ხალხი გარეთ აღარ გამოდიოდა. დაუძახებდი და, კარს არ გაგიღებდა. ლამის გადავირიე. მეუღლეს ვეკითხებოდი, - რა ხდება-მეთქი? - არც არაფერი, ეგრე არიან; ერთი გამარჯობას გეტყვიან, მოვალეობის მიზნითო. "უცხო თვალით" ანუ შორიდან უფრო მეტ უარყოფითს ხედავ, სამწუხაროდ. იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფო ადამიანებს არ ეხმარება და ქვეყანა უკან-უკან მიდის. აქ "კოვიდთან" დაკავშირებით რომ "დაგვკეტეს" და მუშაობის უფლება არ გვქონდა, ვისაც საბუთები წესრიგში გვაქვს, სახელმწიფოსგან დახმარება გვეძლეოდა; თავიდან 800 ევრო მოგვცეს და მერე 553 გვაძლევდნენ, რადგან სახელმწიფომ გაგაჩერა. შვილებს ამაზე ვეუბნებოდი. ამ დროს ჩემი შვილი მანდ პოლიციაში მუშაობდა, - დედა შენ მაგას იძახი, ჩვენ გვითხრეს ას-ორას ლარს მოგცემთო, მაგრამ "კაპიკი" არ მოუციათ. ბერძნები იმიტომაც შეგვიძლია დავაფასოთ, რომ უცხოელებზეც ფიქრობენ. პირველ რიგში თავის ერს წინ აყენებენ და მერე შენ, უცხოელსაც არ გადაგაგდებენ. ჩემი უფროსისთვის თუ რამე საყვედური მითქვამს ბერძენზე, იცით, როგორ ლამაზად მიპასუხებს? არა, ეგრე არ არის, შეცდომას უშვებო, - იმ ცუდ გაკეთებულსაც დაიცავს. საქართველოში ასე არ ხდება. ერთმანეთის გატანა, შენარჩუნება ჩვენც რომ შეგვეძლოს, საქართველო ასე არ დაიქცეოდა.

- მთლიანობაში ემიგრანტებისადმი ნორმალური დამოკიდებულებაა?

- დიახ და მთავარია არ მოიპარო. ქურდობა, ტყუილი არ უყვართ. ერთმანეთში ლაპარაკობენ, მაგრამ შენ რომ ტყუილი თქვა, არ გაპატიებენ. სასჯელს კი არ დაგაკისრებენ, ის პიროვნება აღარ იქნები, რაც მანამდე მათ თვალში იყავი. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებში მომუშავე ემიგრანტებთანაც მაქვს კონტაქტი. რობოტულ ცხოვრებას ეწევიან, სამსახური და სახლი, იქ გართობა არ არსებობს. მათგან განსხვავებით, საბერძნეთში თავისუფლებაა, შეგიძლია ნებისმიერ დროს გარეთ გახვიდე, სასეირნოდ ან სასმელზე, არავინ მოგედავება. ამ მხრივ ცხოვრება შეზღუდული არ არის. მთავარია, კარგი ადამიანი იყო.

გელა მამულაშვილი