ლევან ბრეგაძის მონაყოლმა რომელმა ანეკდოტმა აცინა გულიანად ნოდარ დუმბაძე - გზაპრესი

ლევან ბრეგაძის მონაყოლმა რომელმა ანეკდოტმა აცინა გულიანად ნოდარ დუმბაძე

ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე თავისი მრავალმხრივი საქმიანობის მანძილზე არაერთ საინტერესო ადამიანს შეხვედრია. იუმორით გაჯერებულ ამბებს, რომლებსაც ის იხსენებს, ზოგს თავად შეესწრო, ზოგი კი სხვისი მოყოლილია.

ნოდარ დუმბაძე სტუმრად რედაქციაში

- მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობისას ბატონი ნოდარი ხშირად სტუმრობდა გამომცემლობა "მერანს" და ალმანახ "კრიტიკის" რედაქციაშიც შემოივლიდა ხოლმე, რომელსაც მაშინ გურამ გვერდწითელი რედაქტორობდა, მე კი მისი მოადგილე ვიყავი.

ერთხელ ბატონ გურამს რედაქციაში სტუმარი ჰყავდა - საგზაო მილიციის ოფიცერი, რომელიც რომანებსაც წერდა. მას ბატონი გურამის აზრი აინტერესებდა თავის ახალდამთავრებულ თხზულებაზე. როგორც კი ავტორმა და "კრიტიკის" რედაქტორმა საუბარი დაიწყეს, ბატონი ნოდარი შემოვიდა "მერანის" რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით. შემოვიდა და სიცილი, მხიარულება შემოიყოლა. ჰყვებოდა ერთი მეორეზე სასაცილო ამბებს და ჩვენ, როგორც ასეთ დროს იტყვიან, მუცელი ხელით გვეჭირა. მარტო რედაქტორის სტუმარი იჯდა სერიოზული სახით და მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ვიზიტის დასრულებას ელოდა, რათა შეწყვეტილი საუბარი განეგრძო გურამ გვერდწითელთან. თითქმის ნახევარი საათი გავიდა სიცილ-ხარხარში. უცებ ბატონმა ნოდარმა ავტოინსპექტორისკენ გაიხედა და ჩაილაპარაკა: აი, ჩვენ ვიცინით, ეს ბატონი კი ჩვენს მხიარულებაში არ მონაწილეობსო. ამის თქმა იყო და, ერთი ანეკდოტი გამახსენდა, რომელიც ორი დღის წინ მიამბო გოგი ჯორჯანელმა (მისთვის ნოდარ ნათაძეს მოუყოლია). ვთქვა თუ არა-მეთქი? - გავიფიქრე. სარისკო ჩანდა, მაგრამ გავბედე: დირექტორი სამსახურში ანეკდოტს ჰყვება. ყველა იცინის, ერთის გარდა. შენ რატომ არ იცინიო? - ჰკითხეს. მე ამ დაწესებულებაში არ ვმუშაობო, - უპასუხა. ისეთი გულიანი ხარხარი, ბატონ ნოდარს რომ აუტყდა ამის გაგონებაზე, იშვიათად მომისმენია! სიცილით რომ გული იჯერა, თქვა: ახლა მივხვდი "ნიანგის" რედაქტორობისას ასე ადვილად რატომ ვუგებდი ყველა თანამშრომელს ჭადრაკსო!

რა ინატრა ნიკა აგიაშვილმა?

- ნიკა აგიაშვილმა ინატრა, - რა იქნებოდა, "დონ კიხოტი", "ჰაჯი მურატი", "დანაშაული და სასჯელი" და ბაირონის ერთი-ორი პოემა ჩემი დაწერილი იყოსო. მე ვუთხარი, მაშინ იმასაც უნდა დათანხმდეთ, რომ ერთდროულად იყოთ ეპილეფსიით დაავადებული და სიკვდილმისჯილთა საკანში ნაჯდომი - დოსტოევსკივით, ეკლესიის მიერ შერისხული - ტოლსტოის მსგავსად, ომში დასახიჩრებული და ტყვეობაში ნატანჯი - სერვანტესივით, თანაც, ეს ყოველივე მანამდე უნდა მოასწროთ, ვიდრე შუახნის ასაკში სხვა ერის თავისუფლებას შესწირავთ თავს, ბაირონივით-მეთქი. - არა, არა, არ მინდა! - ხელები გაასავსავა.

მისი უწმინდესობის იუმორი

- მის უწმინდესობას აქვს ფარული, მსუბუქი, დახვეწილი იუმორი. ერთი ნიმუში: შევარდნაძის ძალადობრივი გადაყენების მეორე თუ მესამე დღეს, იგი სანუგეშებლად ყოფილ პრეზიდენტს ეწვია კრწანისის რეზიდენციაში, თან საჩუქარიც მიართვა - ვერცხლის სასმისი (ჩვენ ამას ტელევიზიით ვადევნებდით თვალს). გაუწოდა ეს სასმისი და უთხრა: "აჰა, შენ ვერცხლის სასმისი, ამით დალიე..." და აქ უწმინდესმა ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, რის შემდეგაც ღიმილით, ასე დაამთავრა ფრაზა: "...ღვინო!" ანუ მან დაასახელა სასმელი, რომელსაც შევარდნაძე არ ეტანება და დელიკატურად აუარა გვერდი ჩაის, რომელიც შევარდნაძეს უყვარდა და რომლის შესმა არ დააცადა მას პარლამენტის შენობაში შეჭრილმა სააკაშვილმა - თვითონ დალია დემონსტრაციულად, სხდომათა დარბაზიდან შევარდნაძის გაძევების შემდეგ.

"რაღა ეგ დაუჯერეთ!"

- რევაზ ჯაფარიძეს არ მოსწონდა კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი (ვაკეში რომ დგას), - კარიკატურააო. მისგანვე ვიცი, პარტიის ცეკაში მისულა და განუცხადებია, ეს კონსტანტინეს დაცინვააო. იქ უთქვამთ, - შენ რა გინდა, ზვიადს მოსწონსო. ზვიადისა სხვა არაფერი გჯერათ და რაღა ეგ დაუჯერეთო?! - გაბრაზებულა ბატონი რეზო.

დიალოგი "უძრაობის ხანიდან"

- ეს დიალოგი ჩემს მშობლიურ სოფელ კურსებში მოვისმინე 80-იანი წლების დამდეგს. კოლმეურნეობის ბრიგადირი და გლეხი ხვდებიან ერთმანეთს.

- ყურძენს რატომ არ გვაბარებ? - ეკითხება გლეხს ბრიგადირი.

- შენ ხომ იცი, რომ მე ვენახი არა მაქვს, - თავს იცავს გლეხი.

- ეგ ჩემი საქმე არ არის, იყიდე და ჩაგვაბარე! - არ ცხრება ბრიგადირი.

- მომყიდე შენ! - სთხოვა გლეხმა.

- კი ბატონო! - მყისვე დაეთანხმა ბრიგადირი.

- რამდენად მომცემ კილოს?

- მანეთად.

- რამდენად ჩაიბარებ?

- ათ შაურად!

ავტობუსის გაჩერებაზე

- მამაჩემის უბის წიგნაკიდან:

"1965 წლის ზაფხულში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანიც ელოდებოდა ტრანსპორტს. ავტობუსში შესვლამ ერთად მოგვიწია. მე მას ბილეთი შევუძინე. ბატონმა გიორგიმ მადლობა მითხრა და თავაზიანად დასძინა: ვალს მდებთ, მეგობარო, ძალზე მოვხუცდი და ვაითუ ვალის გადახდა ვერ მოვასწროო".

აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი 30 წლით უფროსი იყო მამაჩემზე. ამ ეპიზოდის შემდეგ, რომელსაც მამაჩემი აღწერს, ბატონმა გიორგიმ კიდევ 8 წელი იცოცხლა, მამაჩემმა - 9. ზემოხსენებულ ზაფხულს უნივერსიტეტში ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს, ამისთვის ვიყავით ჩამოსული თბილისში მამა და მე. გიორგი ახვლედიანს ჩემთვის არ უსწავლებია - ოთხმოცს მიტანებული მეცნიერი ლექციებს უკვე აღარ კითხულობდა.

ანეკდოტი

- მამაჩემის ჩანაწერებში წავაწყდი ამ ანეკდოტს: "გამოცდიდან გამოსული სტუდენტი თავის გულშემატკივრებს შესჩივის: ოთხი შეკითხვიდან სამს სწორად ვუპასუხე და მაინც ორიანი დამიწერესო. - რა უსამართლობაა! - აღშფოთდნენ მეგობრები. - პირველი შეკითხვა იყო: რას გვასწავლის პარტია? მე ვუპასუხე: რასაც სტალინი გვასწავლიდა. მერე მკითხეს: რას გვასწავლიდა სტალინი? მე ვუპასუხე: რასაც ლენინი გვასწავლიდა. მერე მკითხეს: რას გვასწავლიდა ლენინი? მე ვუპასუხე: რასაც მარქსი გვასწავლიდა. მერე მკითხეს: რას გვასწავლიდა მარქსი? მარტო ამ ერთ შეკითხვას ვერ გავეცი პასუხი და ორიანი მგლიჯეს იმ დამპლებმა!"

გამახსენდა, სახეგაბრწყინებული რომ გვიყვებოდა დილით მამა, წინადღეს გაგონილ ამ ნაკვესს. ეს ანეკდოტი მეტად აღარ მომისმენია. არადა... კარგია!

რა გაქვთ სასაყვედურო?

- თბილისში სტუმრად მყოფმა რუსმა კოლეგებმა უთხრეს გურამ ასათიანს, ქართველებს რა გაქვთ სასაყვედურო, მშვენივრად ცხოვრობთო! გურამ ასათიანის პასუხი: სასაყვედურო რა გვაქვს, მაშინ მიხვდებოდით, მოსკოვში დაცულ დისერტაციას პეკინში რომ გიმტკიცებდნენო.

ვინ დაანგრია საბჭოთა კავშირი?

- თამარ ჩიქოვანთან რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ თქვა: "ხრუშჩოვმა დაანგრია საბჭოთა კავშირი. არა შევარდნაძემ ან გორბაჩოვმა, მაგან დაანგრია, იმიტომ, რომ უჭკუო კაცი იყო" (რადიო "თავისუფლება", 8 დეკემბერი, 2006 წელი).

რა ქვეყანაა ის ქვეყანა, სადაც, ჯერ ერთი, უჭკუო კაცი უმაღლეს ხელისუფლად მოახერხებს გაძრომას - პრინცი ხომ არ იყო, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით მიეღო ქვეყნის მართვის უფლება! და მერე, იმასაც შეძლებს (ეს ერთი უჭკუო კაცი), რომ დაანგრევს იმ ქვეყანას, რომელიც სამოქალაქო ომს, ინტერვენციას, ნაცისტურ გერმანიას და რა ვიცი, რა უბედურებას აღარ გადაურჩა! ხრუშჩოვმა კი არ დაანგრია საბჭოთა კავშირი - საბჭოთა კავშირი ხრუშჩოვის ხელში დაინგრა! საბჭოთა კავშირის თვით იდეაში იდო ის, რომ იგი უმაღლეს ხელისუფლებაში გამძვრალი უჭკუო კაცის ხელში დაინგრეოდა. ასე მოხდება ყველგან, სადაც არ არის ხელისუფლების დანაწილება, კონკურენცია და კრიტიკის თავისუფლება.

ნანული ზოტიკიშვილი