"ასე ამბობენ, ქრისტე აქ დაიბადაო" - გზაპრესი

"ასე ამბობენ, ქრისტე აქ დაიბადაო"

როგორც ცნობილია, ქართველი საოპერო მომღერლები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი და მათი წარმატებებიც საამაყოა. გიორგი გელაშვილი 7 წელია, ბრაზილიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს...

- ამჟამად ბრაზილიაში, ქალაქ ფორტალეზაში ვცხოვრობ... ვარ ოპერის მომღერალი და ამავე დროს პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი... რაც შეეხება ბრაზილიელებს, ძალიან თბილი, მხიარული, ტოლერანტი, კეთილი და თავისუფალი ხალხია! უყვართ ცეკვა, ლუდი და სამბა! ხმაურიანები კი არიან, მაგრამ ძალიან ცეცხლოვანი, ემოციურები, მშრომელები. თითქმის არავინ ეწევა სიგარეტს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჰყვებიან! მთელი წლის მანძილზე ემზადებიან რიოს კარნავალისთვის. სამბას უამრავი სკოლაა, რიოს კარნავალზე გამოდიან შესანიშნავი მოცეკვავეებით, თეატრალური წარმოდგენით, შესანიშნავი მუსიკით, რომლითაც დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან! ყველა რეგიონში, სხვადასხვა სახით კარნავალს ატარებენ! რაც შეეხება კლიმატს, ჩრდილო-აღმოსავლეთით სულ ზაფხულია, სამხრეთით კი გაცილებით გრილა! მაღალი დონის საესტრადო მუსიკა აქვთ! ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკაც ბრაზილიაში იქმნება! მომაჯადოებელია ფერადი ქვიშებით მოფენილი ულამაზესი სანაპიროები! შაბათ-კვირას ქალაქი ცარიელდება, ყველა ზღვაზე მიდის... ძალიან სწამთ ღმერთის და ყოველი წინადადების ბოლოს ქრისტეს ახსენებენ. ასე ამბობენ, ქრისტე აქ დაიბადაო... ქვეყანაში მაღალია კრიმინალის დონე, რადგან თვალში საცემია გაჭირვებაც! ძალიან ლამაზი ქალბატონები ჰყავთ. მოკლედ, ვინც ბრაზილიას ეწვევა, არ ინანებს!

240950603-373448707578412-7322724746583999281-n-1636640354.jpg

- თქვენ როდის და როგორ აღმოჩნდით ბრაზილიაში?

- მე და ჩემმა უცხოელმა მეუღლემ იტალიიდან ბრაზილიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადავწყვიტეთ. მე საბუთების მოსაგვარებლად საქართველოში წამოვედი, ჩემი მეუღლე კი ბრაზილიაში გაემგზავრა... ერთი თვის შემდეგ მეც გავფრინდი და აეროპორტიდან გამოსვლისთანავე შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად ცხელი ჰაერი ჩავისუნთქე და ვიფიქრე, აქ ვერ ვიცხოვრებ-მეთქი... მოგეხსენებათ, ამ რეგიონში სულ ზაფხულია, ძალიან ცხელა. კიდევ კარგი, ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი და შეგიძლია გაგრილდე... არ ვიცოდი პორტუგალიური ენა, ამიტომ ოჯახში მისული, მეუღლესთან მხოლოდ იტალიურ ენაზე ვსაუბრობდი. ექვსი თვის შემდეგ კი პორტუგალიურად უკვე საკმაოდ კარგად ვსაუბრობდი, რაშიც იტალიურის ცოდნა დამეხმარა!

241157117-118208043816680-5586180515239211911-n-1636640399.jpg

- საქართველოში გატარებული ბავშვობა გაიხსენეთ...

- ბავშვობა ძალიან ბედნიერად მახსენდება, უკეთილშობილესი ხალხის გარემოცვაში აღვიზარდე... დავიბადე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ასევე მყავდნენ არაჩვეულებრივი დეიდები, რომლებიც ძალიან მანებივრებდნენ და უთბილეს გარემოს მიქმნიდნენ. ტკბილად მახსენდება დეიდაშვილებთან ერთად გატარებული წლები. მყავდა ბევრი ბავშვობის მეგობარი, რომლებთანაც დღემდე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს! ჩემი ეზო ყოველთვის იყო ჟრიამულით სავსე, ვთამაშობდით ათასგვარ რამეს. ის პერიოდი დაუვიწყარია ჩემთვის!

მოგეხსენებათ, დედაჩემი - ნანი გელაშვილი მომღერალი და არაჩვეულებრივი ხმის ტემბრის პატრონი იყო. ოთხმოცდაათიანებში სანთლის შუქზე უკრავდა და მღეროდა საოცარ სიმღერებს. საბედნიეროდ გენეტიკურად მეც აღმომაჩნდა ხმა და ანჯაფარიძის სახელობის, მუსიკალურ სკოლაში ჩავირიცხე! ვმღეროდი იმ დროისათვის ცნობილ ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ბიჭებში". იმართებოდა უამრავი შესანიშნავი კონცერტი და გასტროლი! ბევრი მეგობარი შევიძინე, რომლებიც ახლა სხვადასხვა ცნობილ ანსამბლში მოღვაწეობენ.

მომდევნო ეტაპი უკავშირდება კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედს! იყო მცდელობა თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე სწავლის, მაგრამ გამოცდაზე გიგა ლორთქიფანიძემ კონსერვატორიაში ჩაბარებისკენ მიბიძგა. ასე მოვხვდი დიდი ქართველი მომღერლის, პედაგოგის და მეცნიერის - ნოდარ ანდღულაძის კლასში. 2005 წელს ჩავირიცხე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საშემსრულებლო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე - სოლო აკადემიური სიმღერის სპეციალობით. დღემდე მადლიერი ვარ მისი, რომ შემასწავლა სწორი სიმღერა და დიდი გამოცდილება, ცოდნა დამრჩა პედაგოგიურ საკითხებში. სწავლის პერიოდში დამიდგა ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც დედაჩემი დაავადდა ვერაგი ავადმყოფობით და ჩემს ზურგზე გადაიარა უმძიმესმა პერიოდმა. ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, კონსერვატორიის თანამშრომლები და რა თქმა უნდა, ბატონი ნოდარ ანდღულაძე! ეს ამბავი ყოველთვის მემახსოვრება!..

სხვათა შორის, ვიყავი მაია თომაძის სახელობის სტიპენდიატი. ამ ეტაპზე გარდამტეხი მოვლენა იყო მსოფლიო ბარიტონის - ლადო ათანელის სახელობის კონკურსში მონაწილეობა და ფინალურ ეტაპზე სიმღერა, რამაც წარმატება მომიტანა და გავხდი სპეციალური პრიზის მფლობელი, ამან კი შესაძლებლობა მომცა სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა! უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო არაჩვეულებრივ ქალბატონ ნანა წერეთელს, რომელმაც დამიფინანსა 2-წლიანი კურსი. პაატა ბურჭულაძის ფონდმა "იავნანა" ერთჯერადად დამაფინანსა, რათა იტალიაში მესწავლა!

შემდეგ იყო "მარიო ბინჩის" აკადემია, სადაც ჩემდა სასიხარულოდ მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგ ალესანდრო ბატიატოსთან. იქ დაიწყო გაგება ნამდვილი იტალიური სკოლის - "ბელკანტოს" ხიბლის. იტალიაშიც იყო სპექტაკლები და კონკურსები. ამ პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე ლიანა ფონტელესი. ისიც მომღერალია და სასწავლებლად იყო იტალიაში ჩამოსული. ბედმა ერთმანეთს შეგვახვედრა, მერე გადავწყვიტეთ დაქორწინება და საცხოვრებლად გადავედით ბრაზილიაში. შეგვეძინა შვილი - ლუკა ფონტელეს გელაშვილი! 7 წელია ბრაზილიაში ვცხოვრობ და აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყე პედაგოგიური საკონცერტო მოღვაწეობა. მივიღე მრავალ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა, ვცდილობ შემოქმედებით წვაში ვიყო და ჩემს მაქსიმუმს მივაღწიო.

241139804-2946024955657481-4136148273821246796-n-1636640384.jpg

- ალბათ დაბრკოლებებიც იყო...

- დიახ და ამასთან, იყო კომიკური სიტუაციაც... მინდა ერთი ამბავი გავიხსენო: ბრაზილიიდან გავემართე მექსიკაში საერთაშორისო კონკურსზე და პანამაში ჩაფრენა მომიხდა. საბაჟოზე პასპორტი რომ მივაწოდე, რაღაცაში დაეჭვდნენ. პოლიციელმა მიხმო, საბუთები უნდა გადავამოწმოთო. მათთვის ჩემი პასპორტი ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდა! - პანამაში რას აკეთებო? - მკითხა და რომ ვუპასუხე, მექსიკაში მივდიოდი სამღერად, კიდევ უფრო დაიბნა. მოკლედ შემიყვანეს ოთახში, ჩანთიდან ნივთები გადმომიყარეს. მერე გამომკითხეს და მეუბნებიან თუ მომღერალი ხარ, დაგვიმტკიცე და იმღერეო! მეც მეტი რა მინდოდა, ისეთი დავჭექე, მხურვალე ტაშით და "ბრავო, ბისის" ძახილით გამომაცილეს. ასე გადამარჩინა სიმღერამ!

- პანდემიის პირობები როგორ შეგეხოთ?

- ვირუსის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე ვიყავი იტალიაში, ქალაქ მილანში, საოპერო სტუდიაში მოსმენებზე. იქ გარკვეულ წარმატებას მივაღწიე და დიდი იმედებით დავბრუნდი ბრაზილიაში. თუმცა ცოტა ხანში ჩაიკეტა ყველაფერი და დაიწყო ეს საშინელება! ღმერთის წყალობით, გაამართლა ონლაინგაკვეთილებმა და სხვათა შორის, დღემდე ამ რეჟიმში ვმუშაობთ!

პანდემიის დასაწყისში ბრაზილიის მთავრობამ დააგვიანა ვაქცინის შემოტანა და ამან ბევრის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო! ამ დროისთვის ყველაფერი გამოსწორდა, კარგად მართავენ ვაქცინაციის პროცესს! ამ შტატში მოსახლეობის 51% ერთჯერადად უკვე აცრილია და ელოდება მეორე დოზას. მეც ავიცერი ორივე დოზით, მაგრამ რეგულაციებს ისევ ისე ვიცავ და პირბადესაც ვატარებ! ჩემი თხოვნა იქნება, რომ დროულად აიცრან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემო მყოფთა სიცოცხლეს!

- ბრაზილიაში ალბათ, ყველაფერ ქართულს უწევთ პროპაგანდას...

- რა თქმა უნდა, ამასაც ვცდილობ... იყო ძალიან კარგი პროექტი: ფილოსოფიის სკოლაში მიმიწვიეს ქართული კულტურის აღსანიშნავ საღამოზე, სადაც შევასრულე ქართული საოპერო არიები და რომანსები. ასევე, იქ მოსულ საზოგადოებას გავაცანით საქართველოს ისტორიიდან რამდენიმე ფაქტი და რა თქმა უნდა, სუფრაზეც გამოჩნდა აჭარული ხაჭაპური და სხვა ქართული კერძები! სამწუხაროდ, ქართული ღვინო აკლდა სრულ ბედნიერებას. ამ საღამოს შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა საქართველოში მოგზაურობის სურვილი!

ჩემთვის საამაყო იყო 26 მაისის აღსანიშნავ საღამოზე ქართული ჰიმნის შესრულება! საღამო ჩატარდა ქალაქ ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით!..

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავიხსენო ბატონი ვაჟა ჩაჩავა, რომელიც კამერულ მუსიკას მასწავლიდა კონსერვატორიაში. ის იყო უდიდესი პროფესიონალი და შესანიშნავი მუსიკოსი! მუსიკის განუსაზღვრელი სიღრმეები და მოცულობა მასთან ურთიერთობაში აღმოვაჩინე! ისეთ დეტალებს ხსნიდა და დიდი სიფრთხილით გადმომცემდა, რომ შეუძლებელი იყო მოსწავლეს არ შეეგრძნო, ნამდვილ ხელოვანთან ურთიერთობის და მისგან მიღებული არაჩვეულებრივი გამოცდილების გააზრება! ეს ყველაფერი დღემდე მომყვება და მეხმარება! ერთხელ მახსოვს, გაკვეთილზე დავაგვიანე. ლამის მივრბოდი კონსერვატორიისაკენ და მთავარ შესასვლელთან ბატონი ვაჟა დავინახე, რომელიც სახლში აპირებდა წასვლას. როგორც კი მომკრა თვალი, გაიღიმა და დაბრუნდა სასწავლო ოთახში გაკვეთილის ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ჩემთვის დაუვიწყარი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მივხვდი, რომ მისთვის საინტერესო იყო ჩემთან მუშაობა, რამაც შემმატა თავდაჯერებულობა და იმედებიც ჩამისახა.

ასევე მინდა გამოვარჩიო საოპერო სტუდიაში ბატონ ზაზა აზმაიფარაშვილთან ვერდის ოპერა "ტრავიატაზე" მუშაობის პერიოდი. ძალიან კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდი თავს მასთან. დაბოლოს, მადლობა ყველა ხელოვანს და პედაგოგს, ვისთანაც რაიმე სახის თანამშრომლობა მქონია...

მანანა გაბრიჭიძე