კაცი, რომელმაც მეუღლეს საბაგირო აუშენა - გზაპრესი

კაცი, რომელმაც მეუღლეს საბაგირო აუშენა

"წარსულის ნაკვალევზე სიარულისას" არაერთი საინტერესო პიროვნება თუ ამბავი მომისმენია. ზოგიერთი მათგანი როგორც ჩემთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის "აღმოჩენა" ყოფილა. ამჯერად გამომგონებელ, საჰაერო-საბაგირო გზების სპეციალისტსა და ინჟინერ გიორგი ფანცულაიას შესახებ მოგითხრობთ. მას საკმაოდ მნიშვნელოვანი კარიერა ჰქონდა. 200-მდე საბაგირო გზის პროექტის ავტორი და საქართველოში ბაგირგზების დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სიცოცხლის ბოლო წლებამდე დიდი სიყვარულით ემსახურა თავის საქმეს...

გიორგი (ჟორა) ფანცულაია 1911 წელს, ფოთში დაიბადა. ოთხი დედმამიშვილის მამა ფარმაცევტი იყო, დედა - დიასახლისი. მომავალში საქართველოსა და რესპუბლიკის დამსახურებულმა ინჟინერმა თბილისის ქიმიური ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა. 1931-33 წლებში კემეროვის ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე მუშაობდა, შემდეგ ჭიათურის მანგანუმის ტრესტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების საპროექტო ბიუროს კონსტრუქტორად დაინიშნა, 1937 წელს კი საპროექტო ბიუროს გამგედ. მუშაობდა მანგანუმის ტრესტის საპროექტო განყოფილების უფროსად, ამავე ტრესტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების მთავარ ინჟინრად. მოგვიანებით მანგანუმის ტრესტის მმართველის მოადგილედ მშენებლობის დარგში და მთავარი ინჟინრის მოადგილის პოზიციებზე საჰაერო-საბაგირო გზების დარგში. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო "საქკომსპეცტრანსის" მთავარი კონსტრუქტორი.

გიორგი ფანცულაიას პროექტით საბჭოთა კავშირში პირველად გაშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 7 სამგზავრო-საბაგირო გზა. საჰაერო-საბაგირო ტრანსპორტის სპეციალისტის პროფესიულ აზრს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც ითვალისწინებდნენ და კონსულტანტად იწვევდნენ, რასაც არაერთი მივლინება მოწმობს: იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და ა.შ.

გიორგი ფანცულაია გახლდათ მეტალურგთა საკავშირო სამეცნიერო-საინჟინრო ტექნიკური საზოგადოების წევრი და არჩეული იყო ასევე ჭიათურის საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად. სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის, დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენითა და მედლით. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და პროექტითაა აშენებული ბაგირგზები: ტყიბულში, ახალციხეში, თბილისში, აბასთუმანში, გურჯანის, ყაზბეგის, ლატვიის კურორტ სიგულდაში და სხვა.

გიორგი ფანცულაია ფოთელი იყო, მისი მეუღლე ქსენია ქუთათელაძე - ხონელი. მათი გზა ჭიათურაში გადაიკვეთა: გიორგი უკვე იქ მუშაობდა, როცა ქსენია სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ჭიათურაში გაანაწილეს. წყვილს სამი შვილი შეეძინა: ინესა, შაზინა და არჩილი. უფროსი და უმცროსი შვილი ინჟინრები იყვნენ, ხოლო შუათანა - ქიმიკოსი. სამივეს გოგონები ჰყავდათ - ინჟინერი 6 გოგონას ბაბუა იყო. არჩილი სოფიკოსა და მანანას მამა გახდა.

მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ სასაუბროდ, სწორედ მის ერთ-ერთ შვილიშვილს, მანანა ფანცულაიას შევხვდი. ბაბუასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ ყველა ნივთს, ნახაზსა თუ ფოტოს ის მეტად სათუთად ეკიდება. ჭიათურის არქივიდან გიორგი ფანცულაიას სამეცნიერო ნაშრომებისა და საბაგირო გზების ნახაზების გამოთხოვაც სურდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ არქივი დაიტბორა და იქ არსებული მასალები განადგურდა.

მანანა ფანცულაია:

- ბაბუა ინჟინერ-გამომგონებელი, ინოვატორი, თბილი, მშვიდი, გაწონასწორებული, მშრომელი, თავისუფალი აზროვნების კაცი იყო. მან შეძლო რეალიზება როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე საკუთარი დიზაინის წარმოჩენითაც. საკმაოდ მდიდარი ფოტომასალა გვაქვს, სადაც ჩანს, რომ ყველა მშენებლობას უშუალოდ ადევნებდა თვალს. მახსოვს, ჩვენც დავყავდით სხვადასხვა სოფელში. 10 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ჩემი და ჩემზე 4 წლით უფროსია. მე და ჩემმა დამ ვითავეთ ბაბუის შესახებ ინფორმაციის მოძიება-შეგროვება.

ბაბუა ყოველთვის დარწმუნებული იყო იმ ნაბიჯებში, რასაც დგამდა. ასე ააშენა ჭიათურაში სამმხრივი საბაგირო გზა. მის გადარჩენაზე ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ვერ გადავარჩინე, დაანგრიეს. ეს იყო უნიკალური, ულამაზესი, მსოფლიოში ერთადერთი საბაგირო გზა, რომელზეც თავის დროზე ეუბნებოდნენ, - გიორგი ივანიჩ, არ გამოვაო, მაგრამ გამოგონებამ გაამართლა.

11111-1636977250.jpg

იმ პერიოდში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში წერდნენ ბაბუას შესახებ. მათ შორის ჭიათურაში საბაგიროს მშენებლობასთან დაკავშირებული სტატია სიგულდაში ახალგაზრდა ინჟინერმა ნახა. ის ბაბუაზე დაახლოებით 20 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ისეთივე იდეებით სავსე, როგორითაც მისი უფროსი კოლეგა. რედაქციის დახმარებით გიორგის დაუკავშირდა და მასთან შეხვედრა შეძლო. ბაბუა და აივარსი დამეგობრდნენ. ჟორას დახმარებით სიგულდას საჩუქრად გადაეცა პროექტი და სამშენებლო მასალა, რომლის მიხედვითაც, იქ საბაგირო გაშენდა. ბატონი აივარსის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობთ...

ბაბუა კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა ქვეყნის ინჟინრებს. ყველა ქვეყნიდან პატარ-პატარა ბროშურები ჩამოჰქონდა, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. ბებიას მუზეუმივით ჰქონდა ბაბუას კაბინეტი მოწყობილი და სათუთად უფრთხილდებოდა მის ნივთებს. ბაბუას ამა თუ იმ ქვეყნიდან სუვენირები ჩამოჰქონდა, ძირითადად თეფშები და მისი გარდაცვალების შემდეგ, ბებიამ ყველა ნივთი შვილებს თანაბრად გაუნაწილა.

ბაბუა მოხდენილი კაცი იყო, მოწესრიგებულად იცვამდა. მისი ნაქონი იტალიური პალტო, ლამის ბეწვის საყელოთი მერამდენე წელია, მაცვია და უზომოდ მიყვარს.

ბებიაც ძალიან ლამაზად იცვამდა. "კოკო შანელს" ვეძახდი (იღიმის). ბებია ბაბუას მარჯვენა ხელი იყო. საათობრივად ჰქონდა ყველაფერი აწყობილი, მათ შორის, კვების საკითხიც. მამაჩემი ისე არ დაჯდებოდა სუფრასთან, ბაბუა თუ შინ არ მოვიდოდა. ამ წესრიგის მოთავე და აღმასრულებელი ბებია იყო. ბაბუას დიაბეტი რომ დაემართა, მისთვის ბებიას ყოველთვის ჰქონდა მომარაგებული ყველაზე უშაქრო ვაშლი "ბროცკი", რომელიც კარადის თავზე სიმაღლის მიხედვით ეწყო...

მე მანცოს მეძახიან და ბებია რომ დამიძახებდა: "მანანა, მანცო", აუცილებლად უნდა მეთქვა: "ბატონო". თუ რამე სხვას ვეტყოდი, "ჰო" ან "რა იყო?!", აუცილებლად შემისწორებდა. დილაობით ლოგინს რომ ვალაგებდი, მივიდოდა და შეამოწმებდა. რაფინირებული ქალი იყო და როცა რამეზე იტყოდა "არას", ეს უკვე კანონი გახლდათ. გამჭრიახი გონებისა და საკმაოდ აქტიური ქსენია ბებია კარგად ქსოვდა, კერავდა, არაჩვეულებრივი კულინარი იყო და უყვარდა სისუფთავე. ამავდროულად ორ ადგილას მუშაობდა. სტომატოლოგად ნაგუთის საავადმყოფოში და ულამაზეს სანატორიუმში, სადაც ყველა მაღაროელი წელიწადში 24 დღეს ატარებდა. მახსოვს, ზოგ მაღაროელს არ უნდოდა ამდენი ხნით სანატორიუმში დარჩენა, სადაც მათი ორგანიზმისთვის გამაჯანსაღებელი პროცედურები უნდა გაევლოთ: ფიზიოთერაპია, წყალქვეშა მასაჟი, სტომატოლოგიური მომსახურება და ა.შ. მაგრამ ეს აუცილებლობა იყო.

მეუღლეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. უერთმანეთოდ 3 დღეზე მეტს ვერ ძლებდნენ. ბაბუას დიდი სამეგობრო ჰყავდა, მათ შორის თბილისშიც. ერთ-ერთ ფოტოზე ის კონსტანტინე გამსახურდიასთანაც არის ასახული. საერთოდ, სტუმართმოყვარე ოჯახი იყო, სტუმრად წასვლა და მიღება იმ პერიოდის ოჯახებისთვის არ იყო უცხო, მაგრამ კარგად მახსოვს ეს პროცესიც - ბებიას დამხმარე არასდროს ჰყოლია, ყველაფერს თავად აუდიოდა.

ბაბუას უნდოდა, ჭიათურა ირგვლივ მდებარე სოფლებისთვის საბაგიროებით დაეკავშირებინა. ერთ-ერთ მთაზე, ნაგუთის დასახლებაში იყო საავადმყოფო, სადაც ხალხს ტრანსპორტით, ავტობუსებით უწევდა მისვლა. იქ მუშაობდა ბებიაც და ერთხელაც, ბაბუამ თქვა, - ქსენია, მე შენ გაგიკეთებ საბაგიროსო და მართლაც, დანაპირები შეუსრულა. ამის შემდეგ, ბებია ნახევარი საათის მაგივრად, 5 წუთში ხვდებოდა სამსახურში. ყველაზე დიდი დატვირთვით ეს ხაზი მუშაობდა, რადგან ნაგუთში უზარმაზარი საავადმყოფო იყო. ის საბაგირო დღემდე მუშაობს.

ბაბუა რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ ბებიამ კიდევ 9 წელი იცოცხლა. ჟორას გარდაცვალების შემდეგ, ბებია მათ საერთო საძინებელში აღარ დაწოლილა, ტახტზე ეძინა... ბებია-ბაბუა ჭიათურაში, ნაგუთის სასაფლაოზეა დაკრძალული.

პატარები რომ ვიყავით, ისინი ჭიათურ-მანგანუმის ტრესტის შენობაში ცხოვრობდნენ. მამიდაჩემები და მამაჩემი არჩილი თბილისში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ჟორამ თავისი სურვილით, ტრესტს დაუთმო თავის ბინა, მოტივით - დიდი ფართობი აღარ მჭირდება, ჩვენთვის პატარა ბინაც საკმარისი იქნებაო. იქვე, იაშვილის ქუჩაზე, მერვე სართულზე პატარა, 3-ოთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ ბებია-ბაბუამ ის ბინა მე დამიტოვეს. იქ მთელი ჩემი ბავშვობაა, არაფერი შეგვიცვლია და ახლა, ლაპარაკის დროსაც, თითქოს იქაურობის სუნი მცემს...

ვფიქრობ, ბაბუას მხრიდან ბინის დათმობის ნაბიჯი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ამ და სხვა ბევრი ფაქტის გამო, ჩვენ ყველას, მის შთამომავლებს გიორგი ფანცულაიაზე გვაქვს სწორება. ეს არაერთხელ მომიყოლია ჩემი შვილებისთვის და აუცილებლად ვუამბობ შვილიშვილებსაც...

ანა კალანდაძე