"და იშვიათად თუ მობრწყინდება, სხვა საუკუნე გალაკტიონის" - გზაპრესი

"და იშვიათად თუ მობრწყინდება, სხვა საუკუნე გალაკტიონის"

"მე დავიბადე განთიადისას,/ როცა მთის წვერზე დილა მაისის/ თვალებს ახელდა... და ნაზი იყო/ ელვა-ელფერი მტრედისფერ სივრცის..." მაისის დილა დაბადების დღედ, როგორც ჩანს, "დიდმა ბავშვმა" უბრალოდ პოეტურად ინატრა... სინამდვილეში, შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს - 17 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას.

წელს პოეზიის მეფის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. ათეული წლების შემდეგაც კი გალაკტიონი სულ თავიდან და თავიდან იბადება... იბადება როგორც მისი შემოქმედების ახალი გადააზრების, ისე მანამდე უცნობი ცხოვრებისეული დეტალების აღმოჩენისა და შესწავლის თვალსაზრისით.

ამჯერად პოეტის ცხოვრების დღემდე ნაკლებცნობილი ფაქტების შესახებ "გალაკტიონის კვლევის ცენტრის" უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია სიხარულიძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნათია, რაც უფრო მეტს ვიგებთ გალაკტიონის, მისი ცხოვრების დეტალებისა და ხასიათის შტრიხების შესახებ, მით უფრო მყარდება მოსაზრება, რომ მკითხველისთვის ნაცნობი გალაკტიონი პოეტის რეალური პორტრეტისგან საგრძნობლად განსხვავდება...

- გალაკტიონის შესახებ მსჯელობისას ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო წყაროს პოეტის უზარმაზარ არქივს ვეყრდნობი - უბის წიგნაკებს, ჩანაწერებს, დღიურებს. ეს საშუალებას მაძლევს, გალაკტიონის რეალური პორტრეტი, გაუყალბებელი, არაოფიციალური ბიოგრაფია მეტ-ნაკლები სიზუსტით აღვადგინო. გარდა ამისა, გალაკტიონის შესახებ უამრავი მოგონება არსებობს, რომელთა შესწავლის შემდეგადაც იხატება, ერთი მხრივ, გენიალური შემოქმედი, ხოლო მეორე მხრივ, ყოფითი პროზის წინაშე მდგომი უმწეო, დაუცველი ადამიანი, რომლის თავდაცვის ერთადერთი იარაღი ირონია, ხოლო თავშესაფარი - პოეტური ოცნება იყო.

- ცნობილია, რომ გალაკტიონი ბავშვობიდან გამოირჩეოდა.

- როგორც იხსენებენ, პოეტს ბავშვობიდანვე განმარტოება უყვარდა. გულჩახვეული, ფიქრიანი ბავშვი ყოფილა. აკადემიური მიღწევების მხრივ საშუალო მოსწრების მოსწავლედ მიიჩნეოდა. ძირითადად, მხატვრული ლიტერატურა იტაცებდა. ერთი საყვარელი გასართობი ჰქონია: უფროს ძმას რითმების ძიებაში, ვერსიფიკაციულ ვარჯიშში ეჯიბრებოდა ხოლმე. პირადი წერილებიდან ჩანს გალაკტიონის უფაქიზესი დამოკიდებულება დედის, მაკრინე ადეიშვილისადმი, რომელსაც "ხავერდის დედიკოს" უწოდებდა. დედასაც გამორჩეულად უყვარდა უმცროსი ვაჟი. თავიდანვე ამჩნევდა მის განსაკუთრებულ ნიჭს. უკვე ხანში შესული პოეტი ხშირად იგონებდა ყრმობას, მშობლიურ ჭყვიშში გატარებულ დღეებს. ერთ-ერთ უბის წიგნაკში ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ: "მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა". როგორც ჩანს, შემდეგი წლების სიძნელეებსა და დაბრკოლებებთან შედარებით, მაინც უდარდელ ხანად ეჩვენებოდა ბავშვობა. სხვაგვარად გაგვიჭირდება ამ სიტყვების ახსნა. რეალურად, გალაკტიონმა და მისმა ძმამ, პროკლემ, ბავშვობაც და სიჭაბუკეც უკიდურეს გაჭირვებაში გაატარეს. დღემდეა შემორჩენილი მათი განცხადებები სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველისადმი: ძმები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რომ სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.

- სიღარიბე, მატერიალური არასტაბილურობა მომდევნო წლებშიც გალაკტიონის ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იყო...

- ყველაზე მეტად ის აწუხებდა, სიღარიბის გამო უცხოეთში წასვლა და საუნივერსიტეტო განათლების მიღება რომ ვერ მოახერხა. ახალგაზრდა, მაგრამ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილმა პოეტმა არაერთხელ მიმართა განცხადებით ოფიციალურ სტრუქტურებს, რომ მისთვის სტიპენდია დაენიშნათ და ამგვარად განათლების მისაღებად მოსკოვში გამგზავრება მოეხერხებინა. მისი მცდელობები ამაო აღმოჩნდა. ოლია ოკუჯავასათვის 1914 წელს გაგზავნილი მისი ერთი პირადი წერილიდან ვიგებთ: "მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი... რა გავახერხო? მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს და პირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტათ შურიანი რომ არ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასთვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ"...

- ოლია ახსენეთ. გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას ურთიერთობის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი. სამაგიეროდ, მკითხველი ნაკლებად იცნობს პოეტის მეორე და მესამე მეუღლეებს...

- გალაკტიონის მეორე მეუღლე ოლგა დარიუსი, მესამე კი - ნინო კვირიკაძე იყო. ორივე მათგანთან პოეტს რთული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე გალაკტიონის არაერთი ჩანაწერი მოგვითხრობს. პოეტის სუბიექტურობას უცხო ადამიანების მოგონებები სავსებით გამორიცხავს. კონფლიქტების წყარო ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო: მეუღლეებს სურდათ, ზეცის ბინადარი გალაკტიონი ჩვეულებრივ, რიგით, მომხვეჭელ ადამიანად ექციათ. უნდოდათ, მისი პოპულარობა და სახელი მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად გამოეყენებინათ. ბუნებრივია, გალაკტიონი მათ ამგვარ ზრახვებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

- რამე თუ არის ცნობილი გალაკტიონის არაოფიციალური ურთიერთობების შესახებ?

- გარდა სამი ცოლისა, გალაკტიონის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელთანაც პოეტს საიდუმლო სიყვარული აკავშირებდა. გალაკტიონისა და საბავშვო მწერლის, ლიდია მეგრელიძის ურთიერთობის შესახებ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი. დღეს უკვე გამოქვეყნებულია ლიდია მეგრელიძის მოგონებები, სადაც მწერალი ქალი გალაკტიონთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მნიშვნელოვანია, რომ მათი სიყვარული მხოლოდ მოგონებათა ფურცლებზე არ დარჩენილა, გალაკტიონის ლექსებშიცაა არეკლილი. მაგალითად: "აჰა, ის ქალი და სიყვარული/ მოვიდა, მაგრამ დაგვიანებით..."; "...რომ ყველაფერი არის სიზმარი/ და რომ ყველაფერს დააგვიანდა". ეს სტრიქონები 1923 წლის მაისში დაწერილი ლექსიდან - "ელეგიიდანაა", რომელიც პოეტმა საყვარელ ქალს მიუძღვნა. ავტოგრაფი ლიდიას არქივში ინახება, ამგვარი მინაწერით: "როცა ეს ლექსი დამიწერა გალაკტიონმა, დილა იყო. ღამით ძალზე მთვრალი მოსულიყო და ვერ გაებედა კარებზე დაკაკუნება და იქვე დასძინებოდა ღია აივანზე. როცა ამ ლექსს წერდა, ისე უკანკალებდა ხელი, რომ კალმისტარი ძლივს ეჭირა თითებში. მერე მე მთხოვა, გადამეწერა მისი კარნახით". ლიდიას ეძღვნება 1925 წელს დაწერილი კიდევ ერთი ლექსი "აკროსტიქი "ლიუდმილას".

respondenti-copy-1637311161.jpg

- განიცდიდა თუ არა უკვე ხანში შესული პოეტი, რომ შთამომავალი არ დარჩა?

- "მე ვოცნებობ ჩვენ ერთად ყოფნაზე, პატარა ბავშვზე", - წერდა გალაკტიონი ოლიას 1916 წელს. სამწუხაროდ, ბავშვზე ოცნება რეალობად არ ქცეულა. ცხოვრების მიწურულს უშვილობას და სულიერ მარტოობას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიდა. 1956 წელს უკვე ასაკოვან პოეტს უბის წიგნაკში ასეთი სტრიქონები ჩაუწერია: "უდაბნოში მიდის ზოლი/ და აქ ვდგევარ, შენი მწირი:/ აღარც დედა, აღარც ცოლი,/ აღარც შვილი, აღარც ძირი".

- როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო წლები?

- სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით რთული და მძიმე იყო. ბევრს ახსოვს თბილისის ქუჩების, პარკების, სასადილოების მუდმივი სტუმარი - მიუსაფარი, უბინაო გალაკტიონი, რომელსაც "შინ" დაბრუნებას ყველაფერი ერჩივნა. უთქვამს კიდეც ერთი ნაცნობისთვის: ჩემს სახლში ჩემი ადგილი არააო...

- გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფაქტი დღეს განიხილება როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანა, ანუ მკვლელობა. ჩანს თუ არა ჩანაწერებიდან ან მოგონებებიდან, რომ პოეტი ამ საბედისწერო ნაბიჯისთვის ემზადებოდა?

- 1959 წლის 12 მარტს, თვითმკვლელობამდე ხუთი დღით ადრე, გალაკტიონი დილაადრიან მივიდა ცნობილ მხატვარ კორნელი სანაძესთან და დაჟინებით მოსთხოვა, რამდენიმე წლის წინ დაწყებული პორტრეტის ხატვა საჩქაროდ დაესრულებინა. მხატვარმა მოუბოდიშა, აუხსნა, რომ ძალიან დაკავებული იყო და მეორე დღეს მისვლა შესთავაზა. გალაკტიონმა მტკიცედ განუცხადა: "არა! თუ მხატავ, დამხატე, თუ არა და, მეტი არასოდეს არ მოვალო!" პოეტის კატეგორიული მოთხოვნის გამო კორნელი სანაძემ ხატვა დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ეტიუდი დაასრულა, გალაკტიონი წამოდგა, ნახატს დააკვირდა, მოეწონა, შემდეგ მხატვარს წაუკითხა ლექსი "ეს იყო წინათ", გადაეხვია და წავიდა. გალაკტიონის ეს ვიზიტი კორნელი სანაძესთან უკანასკნელი აღმოჩნდა.

როცა მხატვრის მონათხრობს ეცნობი, შეუძლებელია, არ აგეკვიატოს ფიქრი, რომ აფორიაქებული გალაკტიონი საბედისწერო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებოდა. უეცარი შერიგება კორნელი სანაძესთან, ვისზეც მთელი სამი წელიწადი განაწყენებული იყო, კატეგორიული მოთხოვნა - "თუ მხატავ, დამხატე" - და შემდეგ თითქოს ბავშვური მუქარა - "მეტი არასოდეს არ მოვალ" - 1959 წლის 17 მარტის ტრაგედიის ფონზე, ავის მომასწავებლად აღიქმება. თუმცა, მთავარი ის ლექსი მგონია, რომელიც პოეტმა კორნელი სანაძეს წაუკითხა. ხუთსტროფიანი შედევრი - "ეს იყო წინათ" - დღეს გალაკტიონის ავტოეპიტაფიად არის მიჩნეული. ლექსი მრავლისმთქმელი სტრიქონებით ბოლოვდება: "მიდიხარ... შენს ბედს/ ბევრი ინატრებს/ მშვენიერს, ბედი/ სხვა არსად არი,/ შენ სივრცეებმა/ დაგაბინადრეს -/ შენ უკვდავების/ ხარ ბინადარი".

- გალაკტიონის ერთი ოცნება ახდა - გალაკტიონოლოგია როგორც ცალკე დარგი ჩამოყალიბდა...

- დიახ, ეს მის ოცნებათა შორის განსაკუთრებით სანუკვარი იყო. პოეტს სურდა, დაფუძნებულიყო მისი შემოქმედების შემსწავლელი, ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალური დარგი - გალაკტიონოლოგია. ეს რეალობად იქცა: 2001 წელს თეიმურაზ დოიაშვილის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაარსდა "გალაკტიონის კვლევის ცენტრი", რომელმაც არსებობის მანძილზე არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, მათ შორის, მოამზადა და გამოსცა სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულის - "გალაკტიონოლოგიის" რვა წიგნი და პოეტის ახალი აკადემიური გამოცემა. გალაკტიონის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა გრძელდება. მჯერა, წინ ბევრი სიახლე გველოდება, რომელთაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

შორენა ლაბაძე