მასწავლებლობა - არჩევანი, რომელშიც ღმერთი მონაწილეობს
თარგმნა და წიგნად გამოსცა რუსული პოეზიის შედევრები და ვერცხლის საუკუნის ავტორებს მალე შექსპირის სონეტები და აღმოსავლური პოეზიის თარგმანებიც შემატა. გახლავთ ავტორი მინიატიურული ნოველების კრებულისა „მე – ნამდვილი კოკოშა“, რომელიც ავტორისა და მისი შვილიშვილის საინტერესო დიალოგზეა აგებული და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჟანრობრივად სრულიად ახალი სიტყვაა. გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „ლიტერა“ და ბესტსელერად იქცა. პრეზენტაცია საფრანგეთში, ლევილის მამულში გაიმართა... ლიტერატურული წარმატებების მიუხედავად, ქალბატონი ჯანასთვის მთავარი მაინც თავისი პროფესიაა, მასწავლებლობა - „ეს ჩემი სამსახურია – მისი უდიდებულესობა სკოლა! აქ ძალიან მაღალ და პრესტიჟულ პოზიციაზე ვმუშაობ – მასწავლებელი ვარ“...
- ყველაფერი 1987 წელს დაიწყო,…უკეთესი საქმე ვერ აღმოვაჩინე. რამდენჯერმე გავექეცი კიდეც; გადაღლილობა და დეპრესია მოვიმიზეზე: მორჩა! ჩემი ცხოვრება მინდა! ამის ატანა აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ მალე ისევ უკან ვბრუნდებოდი. რას არ გავუძელით ერთად მე და ჩემმა მოსწავლეებმა: ომს, ყინვას და სიბნელეს, მაგრამ ეს საქმე არ მოვიბეზრეთ; არც ქვეყანა შევიცვალეთ, არც შეხვედრის ადგილი, არც აზრი (ერთმანეთზე). ამიტომ გავბევრდით, მიუხედავად იმისა, რომ კუპონის ხელფასითაც სცადეს ჩვენი გათიშვა, რომ იქნებ იმედგაცრუებულ მასწავლებლებს რამე სხვა უფრო ხელსაყრელი მოგვეძებნა, მაგრამ მაინც დავრჩით, ნავთქურებს მივეფიცხეთ და დილას კარს ვუღებდით სახლიდან გაყინულ სკოლაში მოსულ, მობუზულ ბავშვებს. ჩაიარა იმ დრომ – ცივმა, შავბნელმა და ბრმა ტყვიის შიშით დამფრთხალმა; სამსახურში ფეხით სიარულისა და ბევრ თბილ ტანსაცმელში გამოხვევის დრომ, როცა „ზაბლონა მასწავლებელივით“ ჩაცმულებმა ჩვენს გარეგნულ იერს (მაშინ ახალგაზრდები ვიყავით) სრული ზაბლონიზაცია შევარქვით.
სკოლაში დადებული ნაღმის შესახებ გამაფრთხილებელი ზარის შემდეგ, მე და ჩემმა მოწაფეებმა შენობის ევაკუაციაშიც ზუსტად 14-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ მეორე დღეს ისევ საკლასო ოთახში ვხვდებოდით ერთმანეთს.
სად არ ვცადე ბედი: კინოსტუდიაში, კერვასა და ცხობაში, წერასა და თარგმნაში, ლექტორობაში, კერძო გაკვეთილებში, სამოდელო ბიზნესშიც კი.…რთული ცხოვრება იყო, 90-იან წლებში ისევე, როგორც ბევრი სხვა ოჯახი, ჩვენც ვცდილობდით, პრობლემებისგან თავი დაგვეძვრინა. ყველაფერს ვაკეთებდი, ოჯახს გვერდით რომ დავდგომოდი - ვკერავდი და ვაცხობდი კიდეც, ასეთი დროც იყო, მაგრამ არასდროს დამინებებია თავი პედაგოგობისთვის. ვფიქრობ, ამ პროფესიის არჩევაში ღმერთიც მონაწილეობს, მხოლოდ შენ არ წყვეტ. როდესაც მოსწავლეებთან ვარ, ყველაფერი მავიწყდება. მხოლოდ გაკვეთილის დროს ვარ სრულიად ჯანმრთელი და ენერგიით სავსე.
პედაგოგისა და მშობლის ვალდებულებები
- უსიყვარულოდ, პროფესიონალიზმის გარეშე შედეგს ვერ დაინახავ, მაგრამ არანაკლებია მშობლების როლიც - არ შეიძლება ბავშვებზე ბატონობა, გამუდმებით უფროსობა, არ შეიძლება, მათ არ მივცეთ თავისუფალი აზროვნების, ჩაცმის, მოქმედების უფლება. არ უნდა ეცადო, ის აკეთებინო, რაც შენ გინდა და ყოველთვის უნდა დაუთმო, როდესაც ბავშვი თავისი ხასიათის თვისებებს ავლენს - ეს მნიშვნელოვანია. ასეთი ბავშვები იზრდებიან დამოუკიდებლები, ლაღები და წარმატებულები. ჩარჩოებში ჩასმა, „კარგი ბავშვის“ მოდელის ჩამოყალიბების სურვილი თრგუნავს იმ ნიჭსა და უნარს, რაც აქვთ. მათ მომავალს გარკვეულწილად განაპირობებს ის წრეც, რომელშიც ტრიალებენ - ისინი ხომ ცდილობენ მიჰბაძონ მეგობრებს, რომლებიც ავტორიტეტები არიან მათთვის და რომლებიც უყვართ. კარგია, თუ მშობელი გააკონტროლებს, მისი შვილი როგორ წრეში ტრიალებს, თუ მიიღებს მონაწილეობას მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. აუცილებლად ეროვნულ ცნობიერებაზე უნდა გაიზარდოს ბავშვი, უნდა ჩამოუყალიბდეს მშობლიურის სიყვარული და მიჯაჭვულობა, მხოლოდ მაშინ შეძლებენ გახდნენ ევროპელებიც და წარმატებულებიც, როდესაც ეცოდინებათ და ეყვარებათ მშობლიური. სამწუხაროდ, სკოლის რეფორმა არ იძლევა ამის საშუალებას, რაც სერიოზული პრობლემაა. მთავარი სწორედ ეროვნული ღირებულებებია. ვფიქრობ, დღევანდელი განათლების სისტემის ერთ-ერთი დიდი ხარვეზი ესეც არის, არაპროფესიონალიზმთან, განათლების დეფიციტთან, მასწავლებლების დაუფასებლობასთან ერთად.
როგორ შევაყვაროთ ლიტერატურა და კითხვა
- ჩვენი სახლის ქვეშ, საკანცელარიო მაღაზიაში, გამჭვირვალე შუშის სადგამზე ვიოლინო იყო შემოსკუპებული და იყიდებოდა. მაგიჟებდა მისი ფორმა და წელში გამოყვანილობა! ეს საოცნებო ნივთი ძალიან მინდოდა და ყველა გავლა-გამოვლაზე ცრემლებად ვიღვრებოდი, მიყიდეთ-მეთქი. დასამშვიდებლად არაერთხელ შემიყვანეს იქვე, სათამაშოების მაღაზიაში: ჯერ ბურთი მიყიდეს, მერე - ხის პიანინო და ბოლოს - სატვირთო მანქანა, ზუსტი ასლი, ქუჩებში რომ დადიოდა იმისა, მაგრამ ვიოლინოს ჟინს ვერაფერი ანელებდა.
ერთხელ მამას ხელიდან დავუსხლტი და მაღაზიისკენ გავექანე, მაგრამ წინ ხამსილა გადამიდგა, ჩვენი უბნის ლოთი, შავი თითი დამიქნია და ხრინწიანი ხმით, საბავშვო ბაღში რომ გველაპარაკებოდნენ, იმ ენაზე დამემუქრა. სხვა დროს მამაჩემი ახლოსაც არ გამაკარებდა ამ „საშიშ“ კაცს, მაგრამ ეტყობა, რომ ვეღარ დამიმორჩილა, სხვა გზა აღარ ჰქონდა და ახლოს მოუშვა. წლების შემდეგ ხამსილას შესახებ ვკითხე, ვინ იყო და ეს რა სახელი ერქვა-მეთქი? ხამსილა დაჯდებოდა ბაღის მერხზე, გაშლიდა სუფრას, ხამსას და არყის ბოთლს მოიდგამდა... მე მისი სახელი არ ვიცოდი და ხამსილა შევარქვიო.
დამუქრების შემდეგ „სკრიპკას“ ხმამაღლა აღარ, მაგრამ მოგუდულად მაინც ვითხოვდი და იმედს არ ვკარგავდი, რომ გათენდებოდა ერთი მშვენიერი დღე და ის ვიოლინო თავის ხემიანად ჩემი გახდებოდა. სახლში "სკრიპკა" მავიწყდებოდა, სატვირთო მანქანის ძარაზე თოჯინებს ვსვამდი და შორ გზებზე დავყვებოდი იქ თავმოყრილ მგზავრებს. იმ მაღაზიის ვიტრინასთან კი ისევ ვფარჩხავდი ფეხებს, მიყიდეთ-მეთქი, რადგან ხამსილა იქ აღარ დამინახავს და მივხვდი, რომ მუდმივად ჩემს კეთილზნეობას არ დარაჯობდა. საბოლოოდ, ჩემი გაგიჟება ვიოლინოს მიმართ ვერც მისდამი შიშმა დააცხრო, მიუხედავად იმისა, რომ საშიში ბარბაცით დადიოდა, ხშირად ეცემოდა და გასისხლიანებულიც მინახავს.
ყველა გავლა-გამოვლაზე ისევ ვტიროდი და მოხდა სასწაული, ოღონდ ნამდვილი. დედამ ერთ საღამოს თაროდან წიგნი გადმოიღო და კითხვა დაიწყო: „ისე ვერ გამოვსულვარ მე სახლიდან გარეთა,/ რომ არ ამეკვიატო გულსაკლავად, მწარედა./ ისე ვერ გამივლია მაღაზიის წინარე,/ რომ არ შემომწუწუნო ცრემლებჩამომდინარე,/ არ გაშინებს ნივთების სიძვირე და სიდიდე,/ ყველაფერზე იძახი: „მიყიდე!“ და „მიყიდე!“/ ვიტრინებს რომ შეჰყურებ, მორთულს ნაირფერებად,/ ყველა ნივთი შენს ასაკს ხომ არ შეეფერება?/ რაც გეკუთვნის, მე ვიცი, კიდეც შემიძენია,/ ეს მანქანა, ეს ბურთი, პიანინოც შენია./ შენ კი რასაც შეხედავ, სადაც უნდა მიხვიდე,/ ყველაფერზე იძახი: „მიყიდე!“ და „მიყიდე!“/ კმარა, ჩემო დარეჯან, კმარა, თორემ, იცოდე,/ ნამდვილ სახელს წაგართმევ და „მიყიდეს“ გიწოდებ“.
როცა წერა-კითხვა დამოუკიდებლად ვისწავლე, აღმოვაჩინე, რომ ამ ლექსში რამდენიმე სიტყვა შეცვლილი იყო, მაგალითად, შვილიკო - დარეჯანით, თოჯინა - პიანინოთი, სიმძიმე - სიძვირით და შუშაბანდი - ვიტრინით. დედა ცვლიდა ამ სიტყვებს და ყველაფერს ჩემს ქცევას, სახელსა და საქციელს არგებდა. ლექსში ყველაფერი ჩემზე იყო და რაც მთავარია, ეს ამბავი წიგნში ეწერა, რომელიც წვრილი და ულამაზესი, მაგრამ სრულიად გაუგებარი ასოებით იყო სავსე. სამაგიეროდ, იქიდან გასაგებ, მშობლიურ ენაზე მელაპარაკებოდა და თან კარგად მიცნობდა ვიღაც კაცი, რომელსაც იოსებ გრიშაშვილი ერქვა. კაცი წინასწარმეტყველი, კეთილი ჯადოქარი.
როგორი მშობლიური გახდა ეს ასოები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მე მამხელდნენ, მაგრამ ასეთი ლამაზი, მწყობრი, მჟღერი... ჩემზე და ჩემთვის დაწერილი მხილება აღმოჩენა იყო, რასაც სხვა ლექსებიც მოჰყვა.
გადიოდა წლები და დედა მიკითხავდა სულ მთლად ახალგაზრდა ანა კალანდაძის ლექსებს, გალაკტიონს, ლადო ასათიანს და ცდილობდა, შემყვარებოდა და სიყვარულით შემომსწავლებოდა ისინი. მე თავისუფლება ვიგრძენი; ხამსილას შიშიც გაქრა და ვნებაც, როგორმე ხელში ჩამეგდო „სკრიპკა“, რომელიც ისევ იდგა მაღაზიის ვიტრინის გამჭვირვალე სადგამზე, იდგა და ყელყელაობდა.
„ბევრი უნდა იკითხო, ასე განვითარდები და გაადამიანდები“, - ასეთი ტექსტით ვერაფერს გავხდებით ტექნოლოგიებით განებივრებულ ბავშვებთან, რომლებსაც მზამზარეული ამბები, ინფორმაციები და თამაშები აქვთ გაჯეტებში. წიგნის ისტორიები, თავგადასავლები და დაბრკოლებები ბავშვისთვის გასაგები და ნაცნობი უნდა გავხადოთ. უნდა დავეხმაროთ, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ წიგნში მომხდარი და თავის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მიამსგავსონ, განასხვაონ; როცა წიგნი ლაპარაკობს იმაზე, რაც ბავშვს სმენია, გამოუცდია და რაც ელოდება, მაშინ ბავშვი ამ წიგნთან რჩება, არ გაურბის. მაშინ ის წიგნში უნებლიეთ გაუცნობიერებლად, მარადიულ ღირებულებებს აღმოაჩენს, მერე თვითონ დაუწყებს კირკიტს, მისთვის ახლობელი გახდება და შეიყვარებს.
ამაში ჩვენი მონაწილეობა აუცილებელია, რა თქმა უნდა, ისეთ ბავშვებთან, რომლებსაც უჭირთ წიგნთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, უნდა ვიზრუნოთ და ბავშვები დავუბრუნოთ ეზოებს, ურთიერთობებს, წიგნებს.
მე მაქვს ამ თაობის იმედი. მგონია, რომ კაცობრიობაც დაიღლება არაფრის მთქმელი ბრძოლებით და უსიყვარულობით და ბავშვებიც გაარჩევენ ავსა და კარგს, ნამდვილსა და საეჭვო ღირებულებებს; მიხვდებიან, რომ უსიყვარულოდ შეუძლებელია რამე ღირებულის შექმნა.
დამშვიდობება
სასწაულს ერთი თვისება აქვს: მაშინვე ვერ მიხვდები, რომ შენს თავს ხდება, ნელ-ნელა გაიაზრებ და სასწაულად მერე აღიქვამ.
30 სექტემბერს, ხუთშაბათს, დისტანციური გაკვეთილი დავამთავრე მეათე კლასთან, რომელსაც სულ ორი კვირაა, რაც შევხვდი და ერთმანეთის შეყვარება მაინც მოვასწარით. როცა დრო ამოიწურა და ჩემს მოსწავლეებს წარმატება ვუსურვე, ზუმის ფანჯრებიდან, დამშვიდობების მაგივრად, ბავშვები გულიან მადლობას მეუბნებოდნენ.
რა კარგები არიან, ღმერთო! - გავიფიქრე, - ვინ ასწავლათ გაკვეთილისთვის მადლობის გადახდა?!
ეს ჩემი უკანასკნელი გაკვეთილი იყო სკოლაში, მაგრამ ბავშვებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მადლობა ღმერთს, ამ საქმეში 25 წლისა რომ ჩამაყენა და აქამდე მატარა! დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი მოსწავლეობა ოდესმე ახარებდა; მადლობა ძალიან მშობლიურ კიკეთის სკოლას, აქ დავიღალე ჩემი მთავარი საქმით და სიყვარულით და ყველაფერი, სულ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო! მადლობა მის დამფუძნებლებს თავგანწირვისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის და მათ შვილებს, ჩემთვის ძალიან ძვირფასებს. მადლობა ამ გასაოცარ გუნდს პროფესიონალებისა!
დიდი მადლობა ბავშვებს, წლების შეუცვლელ თანამგზავრებს, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი მშვენიერი და საინტერესო.
სასწაული კი, რომელიც თავში ვახსენე, 30 სექტემბერს, ხუთშაბათს, მოხდა, ჩემი მასწავლებლობის უკანასკნელ გაკვეთილზე. ბავშვები მადლობას რომ მიხდიდნენ ზუმის ფანჯრებიდან, თურმე მათი პირით უცნაურად მემშვიდობებოდა ყველა სკოლა და ბავშვი, რომლებისთვისაც ოდესმე მისწავლებია. ეს იყო მადლობა ყველასგან, ვინც მიყვარდა და ვისაც მთელი გულით ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას; მადლობა ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ალალ-მართალი ადამიანებისგან, რომლებსაც ბავშვები ჰქვიათ და ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება!
ნინო ჯავახიშვილი