„არასდროს არავინ მყვარებია ასეთი წმინდა გრძნობით, როგორც ინოლა“
ინოლა გურგულიამ და ალექსანდრე (შურა) გვახარიამ ერთმანეთი მანგლისში გაიცნეს, როცა ერთად ისვენებდნენ სანატორიუმში და იმ დროიდან დამეგობრდნენ. არსებობს 1947 წლით დათარიღებული ფოტო, სადაც მეგობრები ერთად არიან აღბეჭდილი. ინოლა გურგულიას შვილმა, დათო შუღლიაშვილმა მოგვაწოდა ალექსანდრე გვახარიას წერილი, რომელიც 1999 წელს დაიწერა, ინოლას ლექსებისა და სიმღერების კრებულის გამოსვლის გამო, თუმცა წერილი არსად გამოქვეყნებულა.
„ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა ჩვენი გაცნობა-დამეგობრებიდან. ეს იყო მანგლისში 1946-1947 წლების ზაფხულში. ერთად ვისვენებდით იქაურ ბავშვთა სანატორიუმში (17-18 წლისანი ვიყავით), ერთად ვსეირნობდით მინდვრად თუ მთებში, ვაგროვებდით ყვავილებს, დამჭკნარებს ვასაფლავებდით. იმ დღეების გამოძახილად დაწერა: „მახსოვს ალგეთის გულუწყინარი ხმაური/ იქ, მაღალ მთაზე ყვავილების დასაფლავება,/ ბავშვობა, სიყრმე, სიყვარული ცისფერთვალება,/ შორეულია მოგონება, როგორც ზღვაური“.
მე ვიცნობდი მის „ცისფერთვალება სიყვარულს“, ის - ჩემსას. ორივეს გრძნობა მტკივნეული იყო, თითქმის უიმედო. ეს კიდევ უფრო გვაახლოებდა. არასდროს არავინ მყვარებია ასეთი წმინდა, შეურყვნელი მეგობრული გრძნობით, როგორც ინოლა. ის უკვე მაშინ მღეროდა, საკუთარ ლექსებს საკუთარ ჰანგზე მღეროდა, ხან სევდიანად, ყელგადაგდებული, თვალებმინაბული, ოდნავ აკანკალებული ხმით, ხანაც მხიარულად, სახუმარო ტექსტს საცეკვაო რიტმს ააყოლებდა, სიცილნარევი ინტონაციით. მოჯადოებული ვუსმენდით ტყისპირა კოცონის ალით სახეგანათებული და გულანთებული მეგობრები, ნაცნობები, უბრალოდ მსმენელები. ამ სიმღერებში იყო ჩაქსოვილი ჩვენი გატანჯული თაობის ტკივილიც, სიხარულიც, მომავლის იმედი. ეს იყო უმაგალითო პირველადობა იმ დროს. მერე და მერე სხვებიც გამოჩნდნენ, ჩვენშიც, სხვაგანაც...
გადიოდა წლები. ჩვენ არ დავშორებულვართ, უბრალოდ, უფრო იშვიათად ვხვდებოდით. შორიდან მესმოდა მისი პირადი თუ საზოგადოებრივი ამბები. ვკითხულობდი მის თარგმანებს, რაც მთავარია, გულისძგერით ვისმენდი მის სიმღერებს, უცხო ენათა ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად თუ ცალკე, სოლო ჩანაწერებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თანამშრომლობა ქართულ კინოსთან, იქნება ეს „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ თუ „გიორგობისთვე“...
შემთხვევით გავიგე ინოლას მძიმე ავადმყოფობის შესახებ. მაშინვე წავედი სანახავად, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, საბურთალოზე. ისე შევხვდით, თითქოს გუშინ დავცილდითო. ძალზე დასუსტებული ჩანდა. საწოლზე იყო წამოწოლილი, მეუღლე თავს ევლებოდა. პატარა ია და დათო ფოკუსებით გავართე. ინოლამ მთხოვა იმ დღეებში, - ტოგო გუდავას გამოცემული მეგრული ხალხური პოეზიის ნიმუშები მომიტანე, ქართულად მინდა ვთარგმნოო. ამ დროს ზარი გაისმა და ინოლას სიყრმის მეგობარი, კინოდოკუმენტალისტი ლეო ბაქრაძე შემოვიდა. ინოლა ამ დღეში რომ ნახა, ცოტა შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია... შენი სიმღერების ჩასაწერად ჩამოვედი მოსკოვიდან და არ გამაწბილოო. ინოლამ გიტარა მოითხოვა, ლეომ მაგნიტოფონი ამოიღო, მე კი გაოგნებული ვუყურებდი სასწაულს: ჩემ წინ ძველი ინოლა წამოიმართა, ანთებული, შთაგონებული, თავდავიწყებით მღეროდა ერთ, მეორე... მეათე სიმღერას, ვიდრე ძალაგამოცლილი ბალიშზე არ მიესვენა. ეს საღამო, ვიდრე ცოცხალი ვარ, არ დამავიწყდება. ინოლა სულ მალე გარდაიცვალა. თუ არ ვცდები, აღარც ლეო ბაქრაძეა ცოცხალი...
და აი, ახლა, ინოლას (და ჩემი) სამოცდაათ წლისთავზე, მისმა შესანიშნავმა შვილებმა იტვირთეს მისი ლექსებისა და სიმღერების თავმოყრა და გამოქვეყნება. ეს არ იქნება მხოლოდ ინოლა გურგულიას სიცოცხლის გაგრძელება. ეს იქნება მრავალი ქართველი მკითხველისა და მსმენელის, პოეზიისა და მუსიკის, მრავალხმიანი სიმღერის ჭეშმარიტი მოყვარულისა და დამფასებლის სიხარული, ბედნიერი დღე და დიდი ზეიმი. რა შეედრება გარდასულ დღეთა დაბრუნების, უდროოდ წასული მეგობრის კვლავ შეხვედრის ბედნიერებას! ინოლა ხომ სავსებით და მთლიანად თავის სიმღერაშია გადამდნარი, რაც ასე შესანიშნავად გამოხატა მან ლექსში „გიტარა“:
„შენა ხარ ჩემი კვნესა გულისა, / მღაღადებელი სიყვარულისა, / შენზე ასხმული ყოველი სიმი / ბგერად მთრთოლვარე ჩემი ძარღვია, / არ გამჩენია უშენოდ ღიმი, / უშენოდ ცრემლიც არსად დამღვრია...
ალექსანდრე გვახარია.
16.10.1999".
ნანული ზოტიკიშვილი