"ნუ იქნებით კრიტიკოსები და ნურასოდეს შეადარებთ საკუთარ შვილებს სხვებს" - გზაპრესი

"ნუ იქნებით კრიტიკოსები და ნურასოდეს შეადარებთ საკუთარ შვილებს სხვებს"

ბარსელონაში თუ მოხვდებით, ამ ბარს აუცილებლად უნდა ესტუმროთ, მით უმეტეს - თუ შვილებთან ერთად ხართ და გსურთ რამდენიმე საათი მშვიდად გაატაროთ. ბარში მისულ თქვენს შვილებს თამაშს შესთავაზებენ, რომლის წესი ასეთია: გარკვეული დროის განმავლობაში მან უნდა შეძლოს ერთი ან ორსტროფიანი ლექსის სწავლა. თუ თქვენი შვილი ასაკით ჯერ ძალიან პატარაა და კითხვა არ იცის, ამაზეც იზრუნეს და მათთვის გასაფერადებელი ილუსტრაციები შექმნეს. ამის სანაცვლოდ კი, ისინი ცხელ შოკოლადს ან ნებისმიერ უფასო სასმელს მიიღებენ.

რესტორნის მეპატრონე 56 წლის ესპანელი მაგდა ტორეს პერესია, ბავშვებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით. იმდენად უყვარს თავისი საქმე და პატარები, რომ სკოლის გარეთაც მათ აღზრდასა და განათლებაზე ზრუნავს და სხვებსაც აძლევს რჩევებს.

"რაც უფრო განათლებულ თაობას აღვზრდით, მით უფრო უკეთესი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას, რადგან გარდაუვალია იმ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, რომელშიც განათლებული თაობები იზრდებიან", - მითხრა ქალბატონმა მაგდამ.

- ჩემთვის ბავშვების განათლება ძალზე მნიშვნელოვანია. 20 წელი პედაგოგად ვიმუშავე და ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებაც მაქვს. ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ადამიანისთვის, განათლებული ადამიანი პრიორიტეტულია და ვფიქრობ, ეს არ არის სადავო. ჩვენთან მოსული ბავშვები სახალისო კონკურსში მონაწილეობენ და ასე თამაშ-თამაშით ვასწავლით, რათა მათთვის მოსაბეზრებელი კი არ იყოს სწავლის პროცესი, არამედ - ძალზე სახალისო. როდესაც მათ თვალებში ბედნიერებას ვხედავ, მეც ბედნიერი ვარ.

- თავდაპირველად ეს ყველაფერი მეტ შემოსავალსა და სტუმარზე გათვალეთ?

- არა, ეს არ ყოფილა ბიზნესზე გათვლილი. მე ჩემი საქმე მიყვარს და ვცდილობ, ამით ყველა გავაბედნიერო. რატომაც არა, ეს ქვეყანა მიღება-გაცემის პრინციპზეა აგებული და მე თუ მათგან ვიღებ ბედნიერებას, უკანვე ვუბრუნებ, თუნდაც ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადით. მას შემდეგ, რაც გარკვეული მიზეზების გამო მომიხდა სკოლის დატოვება, პატარა ბიზნესი წამოვიწყე და შემდეგ თანამშრომლებს ეს იდეა შევთავაზე. ძალიან მოეწონათ და ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს კარგი შეთავაზება იქნებოდა ჩვენი სტუმრებისთვის, მშობელიც დაისვენებდა და ბავშვიც გაერთობოდა. ყოფილა შემთხვევა, ადგილზე ვერ უსწავლიათ ან ვერ შეუსრულებიათ დავალება და სახლში წაუღიათ, შემდეგ კი ბედნიერი სახით დაბრუნებულან პრიზისთვის.

- გაიზარდა თუ არა თქვენი სტუმრების რიცხვი ამის შემდეგ?

- რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, ერთიორადაც კი გაიზარდა.

- თქვენს ოჯახზეც რომ გვიამბოთ, გყავთ შვილები თუ არა და როგორი დედა ხართ?

- ჩემთვის დედობა ცალკე პროფესიაა. შეიძლება იყო კარგი პედაგოგი, კარგი არქიტექტორი, ჟურნალისტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედობაც კარგად გამოგდის. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, კარგად უნდა გაიაზრო, ხარ თუ არა დედობისთვის მზად. 3 შვილი მყავს და გამიჭირდება ვისაუბრო საკუთარ თავზე, ალბათ ამაზე ჩემი შვილები უკეთ იტყვიან, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მკაცრი ვარ, თუმცა ჩემი სიმკაცრის მიღმა დიდი სითბო და სიყვარული იმალება. მე არ გახლავართ მათი "მწვრთნელი", მე ვარ დედა, მეგობარი, თანამოაზრე, კრიტიკოსი და მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მათ არასოდეს ვაძალებდი სწავლას, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არ მსურდა მყოლოდა გაუნათლებელი შვილები. არც მუშაობა დამიძალებია მათთვის, მაგრამ მათ არ შეეძლოთ მიეღოთ ის ყველაფერი, რაც სურდათ, სამსახურისა და ხელფასის გარეშე. ვთვლი, რომ მოზარდს იძულებით არაფერი არ უნდა გააკეთებინო. უნდა აუხსნა, რატომ უნდა მოიქცეს ასე და რა არის მისთვის უკეთესი. თუ შენ ამას შეძლებ, მაშინ ნამდვილად კარგი დედა ხარ.

- სად ხედავთ საკუთარ თავს 5-10 წლის შემდეგ?

- ჩემს სოფელში, ალბათ იქაც ჩემი პატარა საბავშვო ბაღი მექნება და მოხუცებულობაშიც კი ბავშვების განათლებაზე ვიზრუნებ. მინდა აფრიკაში წავიდე და აფრიკელ ბავშვებს დავეხმარო განათლების მიღებაში, თუმცა ჩემი ოჯახი ამის წინააღმდეგია. მინდა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე პატარების აღზრდასა და განათლებაში ვხარჯავდე ჩემს დროსა და ენერგიას. ჩემი ქვეყნისთვის ამაზე დიდ და კარგ საქმეს ვერ გავაკეთებ.

- როგორ შეიძლება მიუდგეს დედა ან პედაგოგი ბავშვს, სწავლა რომ შეაყვაროს?

- ამ საკითხში ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვთვლი, რომ ბავშვი უნდა წავახალისოთ. თუ კარგ ნიშანს მიიღებს, აუცილებლად დაასაჩუქრეთ თუნდაც პატარა შოკოლადით. მიეცით ის სათამაშო, რომელიც უყვარს. ვერ მიიღო კარგი ნიშანი? არა უშავს, უთხარით, რომ მას შეუძლია და ყოველთვის ელოდებით მისგან მაღალ ნიშნებსა და კარგ შეფასებებს. ნუ ეტყვით, რომ ვიღაც მათზე უკეთესია. ამით შვილებში მხოლოდ ეგოიზმს გააღვიძებთ და დაზარალებული ისევ თქვენ დარჩებით.

ფიქრია რობაქიძე