რა ენერგეტიკული საფრთხეები მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - გზაპრესი

რა ენერგეტიკული საფრთხეები მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარი აფხაზეთში ისე მიდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი აქედან თეთრსაც ვერ იღებს. "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარმა" ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მთელი კილომეტრით შეისრუტა და მცოცავ ოკუპაციას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემებისკენ აგრძელებს. წინააღმდეგობის გამწევი არავინაა, ქართველებს სამკვდრო-სასიცოცხლო შიდა გარჩევები გვაქვს გაჩაღებული...

ამ თემაზე ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი მუხიგულიშვილს ვესაუბრეთ.

- ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება ენგურისა და ვარდნილის ჰესების გამომუშავებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ერთ-ერთი დიდი გენერაციის ობიექტებია, რომელსაც სისტემაში ყველაზე დაბალი ფასი აქვს; უზრუნველყოფს, რომ ეს ტარიფები დაბალ დონეზე შენარჩუნდეს. ენგურისა და ვარდნილის გამომუშავების გარკვეული ნაწილი აფხაზეთს მიაქვს, რაშიც საერთოდ არაფერს იხდის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს შეთანხმება, რომ წლიური გამომუშავების 60% თბილისმა წამოიღოს, ხოლო 40% - აფხაზეთმა. მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, აფხაზეთს 40%-ზე გაცილებით მეტი მიჰქონდა. ეს რეალობა ჩვენი სისტემისთვის კრიტიკულ პრობლემას ქმნიდა, იმპორტის გაზრდა გვიწევდა.

ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ენგურისა და ვარდნილის ჰიდროსადგურების ნაწილობრივ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობა რუსეთის მხრიდან დამატებით რისკს ქმნის, შეტევები რომ განახორციელონ. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური და სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები, კრიტიკულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე რომ გარკვეული რისკები შეგვიქმნან. ბოლო წლებში აფხაზეთში ენერგომოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელიც პრობლემურია - იქნება ეს კრიპტოვალუტის წარმოება, რუსული არმიის დანაყოფების მიერ მოხმარების ზრდა თუ რუსული კომერციული ბიზნესორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურება. ეს ყველაფერი თავისთავად, ენერგიის ზრდასაც მოითხოვს. ბოლო პერიოდში ენგურისა და ვარდნილი ჰესების გამომუშავების დიდი წილი უკვე აფხაზებს მიჰქონდათ.

გარდა ამისა, აფხაზეთში სხვა პრობლემებიცაა, მათ შორის მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა, განაწილება-გადაცემის სისტემები ფაქტობრივად ამორტიზებულია. ჯერ ერთი, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი ძალიან დაბალია და ტარიფები მცირე. მაგალითად, მოსახლეობა დაახლოებით 40 რუბლს იხდის კილოვატ/საათში, რაც 1,8 თეთრია ლარზე გადაანგარიშებით. შედარებისთვის, საქართველოში ერთი კილოვატ/საათი საშუალოდ 20 თეთრზე მეტი ღირს. აფხაზეთში კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის საფასური 85 რუბლამდეა კილოვატ/საათში, დაახლოებით 3,8-3,9 თეთრი გამოდის, რაც დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ბევრად დაბალი ფასია. ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ნაწილში გამრიცხველიანება ფაქტობრივად არ ხორციელდება; ფიქსირებული ტარიფით ახდევინებენ და ესეც პრობლემას წარმოადგენს. ამოღების წილიც ძალიან დაბალია. აღარაფერს ვიტყვი ენერგოეფექტურობაზე, რადგან იქ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, დანაკარგიც დიდია როგორც კერძო, ასევე საჯარო შენობებიდან.

- როდესაც ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, დასახელებულ პრობლემატიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენად ხედავენ?

- გადაწყვეტილებების მიმღებებს ეს საკითხები მეტ-ნაკლებად გააზრებული აქვთ. მაგალითად, ვინც ენერგეტიკულ სისტემაში მუშაობს, იმავე "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელობას კარგად ესმის და სურვილიც აქვთ, რომ ტარიფები და ამოღების მაჩვენებელი გაიზარდოს. რამდენიც დააპირეს, იმდენჯერ მოსახლეობისგან წინააღმდეგობას წააწყდნენ. პრობლემები იყო გამრიცხველიანებასთან დაკავშირებითაც. ესმით, უბრალოდ, ვერაფერს აკეთებენ, რადგან რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებაა. ჩვენში 90-იანებში რომ იყო, იმ რეალობას აფხაზები თავს ვერ აღწევენ; გაჭირვებული მოსახლეობისგან თანხების ამოღებას ვერ ახერხებენ. ეკონომიკა ვერ ვითარდება, ძირითადად, რუსეთიდან სუბსიდიებსა და დოტაციებზე არიან დამოკიდებული... მოსკოვი აფხაზეთს ყოველწლიურად გარკვეულ თანხებს უხდის, რათა იქ ე.წ. მთავრობამ და ინსტიტუტებმა ისულდგმულონ. ამ ბიუჯეტიდან "ჩერნომორენერგოც" გარკვეულ ნაწილს იღებს დანახარჯების დასაბალანსებლად.

- რუსეთის მხრიდან დღეს აფხაზეთს ენერგიის რა მოცულობა მიეწოდება?

- როგორც ვიცი, პარალელურ გადამცემ ქსელზე, ასევე გაზსადენზე აპირებენ მუშაობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი გავლით მიეწოდებათ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია; მოგეხსენებათ, ენგური და ვარდნილი რეაბილიტაციის გამო სამი თვით გაჩერებული იყო. ახლა ისევ ენგური-ვარდნილიდან იღებენ ელექტროენერგიას. დანარჩენი, ერთადერთი ნავთობპროდუქტებია, რაც რუსეთიდან შეაქვთ. პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთის რეგიონის ენერგეტიკული ბალანსები არც ჩვენ გვაქვს და არც სადმე ქვეყნდება, რომ მონაცემების ანალიზი შევძლოთ.

- კრიპტოვალუტის წარმოება იქ სადამდე მივიდა, ამაზე ბევრი ხმაური იყო...

- ბოლო წლებში არა მარტო ინდივიდუალურ, საყოფაცხოვრებო დონეზე ინტენსიურად დაიწყო კრიპტოვალუტის წარმოება. ეს პროცესი კომერციულმა რუსულმა კომპანიებმაც ელექტროენერგიის დაბალი ფასის გამო დაიწყეს. მაგრამ როგორც კი ენგური რეაბილიტაცია-რემონტზე გავიყვანეთ, აღნიშნული სისტემების დაშლა დაიწყეს. როგორც ამბობენ, დღეს უკვე ინდივიდუალურ დონეზე მუშაობენ. თუ სტაბილურ მომარაგებას დაინახავენ (ენგურიდან და ვარდნილიდან მეტი ენერგიის მიწოდებას), ისევ ააწყობენ საწარმოო სისტემებს.

- ქართულმა მხარემ რა უნდა დაუპირისპიროს აღნიშნულ პრობლემებს, ამისთვის რა რესურსი არსებობს?

- თუ ადამიანი მოინდომებს, რესურსი ყველაფერში შეიძლება გამოინახოს. მთავარია, სიტუაცია კარგად გაანალიზდეს, მოიძებნოს სტრატეგიული მიდგომები და გადაწყვეტილებები. შეიძლება იყოს ეს გამრიცხველიანება, ერთობლივი მუშაობა, რომ სწორად იქნეს დაცული წილების პროცენტული დაყოფა, რაზეც ვსაუბრობდით; ენგური-ვარდნილის წარმოებიდან 40/60%-ზე მიწოდება ზუსტად მოხდეს, თუ არა და, გარკვეული პირობები წავუყენოთ. აფხაზები ნელ-ნელა იმაზე უნდა წამოვიყვანოთ, რომ ეს ელექტროენერგია მთლად უფასოდ აღარ წაიღონ და ამოღება დაიწყონ, ეს სფერო მოაწესრიგონ. მოლაპარაკების შედეგად "ჩერნომორენეგო" ინვესტიციების ნაწილში უნდა შემოვიდეს, რათა ნაწილობრივ მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ნელ-ნელა შესაძლებელია ერთობლივი მუშაობა იმაზეც, რომ დონორული დახმარების ფარგლებში ენერგოეფექტური ღონისძიებები ჩატარდეს. აქ ძირითადად, გაერო თანამშრომლობს (ისიც - ჩვენი თანხმობით), სხვა დონორული ორგანიზაციები თავს იკავებენ. ეს არის - გამრიცხველიანება, ენერგოეფექტიანი ღონისძიებები და ენერგიის გაყოფაზე იმ პირობების დაცვა, რაზეც მხარეები შეთანხმებული არიან.

- თქვენი ინფორმაციით, რამდენად დგამს ქართული მხარე კონკრეტულ ნაბიჯებს?

- ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე მუშაობა ახალი გეგმის ფარგლებში დაიწყო. ეს არის ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარკვეული სამუშაოები ტარდება. ვერ გეტყვით, რამდენად კომპლექსურად უდგება პრობლემას არა მარტო ეკონომიკის სამინისტრო, არამედ მთელი ინსტიტუტები. პრობლემის მოგვარებაში საგარეო და სხვა დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. თანამედროვე კონკრეტული მიდგომებია შესამუშავებელი აფხაზეთთან მიმართებაში.

- რა ტიპის პრობლემები გვაქვს ამ თვალსაზრისით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან?

- აქაც რუსული ოკუპაციის პოლიტიკა გრძელდება. ლამის ყოველდღიურად ე.წ. საზღვარს აფართოებენ, რის ფარგლებშიც ჩვენი კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ხვდება. კარგად იცით, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უკვე კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ამ ე.წ. საზღვრის ფარგლებშია მოქცეული. ასევე, ძალიან ახლოს არიან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთანაც, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის, შემდგომში ესეც შეიძლება გამოიყენონ ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციებისთვის.

- აქ რა რესურსია, რომ პროცესი შეჩერდეს და მეტი საფრთხე აღარ შეექმნას იმავე ენერგოუსაფრთხოებას?

- მთავრობის მხრიდან საკმაოდ სუსტი ნაბიჯებია. ჯერჯერობით ქმედითი ვერაფერი ვნახეთ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას თავი რომ დავანებოთ, ყოველდღიურად მზარდ ოკუპაციას რამენაირად ხელს რომ ვუშლიდეთ, გვქონდეს ბერკეტი, რომ პროცესს რამენაირად შევეწინააღმდეგოთ, ასეთს ვერაფერს ვხედავთ.

გელა მამულაშვილი