იდუმალებით მოცული სახლი და ბოსელში გადაბარგებული ოჯახი
30 დეკემბერს საღამოს, იმ დროს, როცა ოჯახებში წინასადღესასწაულო ფუსფუსი იწყება, მათ სახლს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა... დასახმარებლად მთელი სოფელი გამოვიდა, გამოიძახეს სახანძრო მანქანაც, მაგრამ ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა; სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა, ვერაფრის გადარჩენა შეძლეს...
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი - ბადრი როსტომაშვილი და მარინე მურადაშვილი ორ შვილთან - 8 წლის უჩასთან და წლინახევრის ვერიკოსთან ერთად, ღია ცის ქვეშ დარჩა. ახლა დაზარალებული ოჯახი ბოსელში ცხოვრობს. მათი თქმით, ყველა უბედურება მას შემდეგ დაატყდათ თავს, რაც ამ სახლში გადმოვიდნენ. სოფელში დამწვარ სახლზე ბევრ უცნაურ ამბავს ჰყვებიან, იმასაც ამბობენ, რომ სახლი "დაწყევლილია"...
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
მარინე მურადაშვილი, სოფელ ახალდაბის (გორის რაიონი) მკვიდრი, 34 წლის:
- მაზლის სახლში ვცხოვრობდით, რომელშიც სულ 2 პატარა ოთახია. ერთში - მამამთილი იყო, მეორეში - ჩვენ, შვილებთან ერთად. როდესაც მაზლი ცოლ-შვილთან ერთად და დედამთილი ხაშურიდან დაბრუნდნენ, იქ აღარ დაგვედგომებოდა - ვეღარ ვეტეოდით. სწორედ იმ დროს შევიტყვეთ, მეზობელი მიტოვებულ სახლს 2.000 დოლარად ყიდდა. მართალია, ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო, მაგრამ სხვა რა გზა გვქონდა?! გადავწყვიტეთ, ყველაფერი გვეღონა, რომ იტყვიან, ნემსის ყუნწში გავმძვრალიყავით და სახლი შეგვეძინა. მაზლმა დიდი ხნის ნაგროვები 800 დოლარი მოგვცა, მერე ბანკში სოფლის ნაკვეთი "ჩავდეთ" და დანარჩენი თანხა - 1.800 ლარი კრედიტით გამოვიტანეთ. აი ასე, საერთო ძალისხმევით, შევიძინეთ პატარა ძველი სახლი და დიდი ხნის ნალოლიავები ოცნება ავიხდინეთ.
- სესხის დაფარვას როგორ აპირებდით?
- კომბოსტო მოგვყავდა და თბილისში ბაზარში ვყიდდით. მოგებული თანხით და იმ ფულით, რომელსაც სახელმწიფო, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, გვირიცხავს, 1 წლის განმავლობაში კრეტიდის დაფარვას შევძლებდით. ზარმაცი და მუქთახორა ხალხი არასდროს ვყოფილვართ, გარდა ამისა, მეუღლეს ტრაქტორის ძრავას შეკეთებაც ეხერხება და კარგი ხელოსნის სახელი აქვს. მოკლედ, იმ ფაქტმა, რომ სახლი შევიძინეთ და ჩვენს შვილებს საკუთარი ჭერი ექნებოდათ, სტიმული მოგვცა, უფრო მეტი შემართებით გვეშრომა. ყოველ საღამოს, კომბოსტოთი დატვირთული ჩანთები ახალდაბის რკინიგზის სადგურზე მიგვქონდა შესანახავად, დილით 7 საათზე კი შინდისის მატარებელს თბილისში მივყვებოდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, მომავალი ნათელ ფერებში მესახებოდა, მაგრამ... კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... ვინ წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ დაგვემართებოდა?!.
- რამდენ ხანს იცხოვრეთ ახალ სახლში?
- სულ 2 თვე... სახლს ცეცხლი რომ გაუჩნდა, მთელმა სოფელმა მოიყარა თავი, ისმოდა ყვირილი, წივილი, სახანძრო მანქანაც მოსულიყო... ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი, არ მჯეროდა, რომ ეს ყოველივე ჩემს თავს ხდებოდა... სანამ ყველაფერი დამთავრდა, არც ხმა ამომიღია და არც ადგილიდან დავძრულვარ... ერთი სიტყვით, სახლისგან თითქმის აღარაფერი დარჩა, თითქოს უშველებელმა ურჩხულმა შთანთქა... იმ ცეცხლში მხოლოდ სახლი კი არა, ჩემი მომავალი და ოცნებები ჩაიწვა... ერთი ხელის მოსმით დამენგრა ოცნების კოშკები.
- სახლიდან რაიმეს გამოტანა თუ შეძელით?
- თითზე გადასახვევი აღარაფერი დაგვრჩა. გვიკვირს - ასე როგორ დაიწვა ყველაფერი, თან, ასე უცბად?! არაფერი შეგვრჩა - არც ავეჯი, არც ლოგინი, არც ტანსაცმელი, ჭურჭელიც კი... რაც გვქონდა, ყველაფერი უბრალო და იაფფასიანი იყო, მაგრამ ჩვენთვის - ძვირფასი. ამ ზამთარში შიშვლები დავრჩით და, რაც ყველაზე საშინელია, ბანკიდან გამოტანილი თანხაც ხანძრის დროს დაიწვა.
- ის ფულიც სახლში გქონდათ?
- საქმე ის არის, რომ სახლის პატრონს ჯერ მაზლის მოცემული 800 დოლარი გავუგზავნეთ ვლადიკავკაზში, დანარჩენი თანხის მისაღებად და ბინის გადასაფორმებლად კი თვითონ უნდა ჩამოსულიყო და დღე-დღეზე ველოდებით. საშინელი რამ დაგვემართა: ცალკე - სახლის პატრონის, ცალკე - ბანკის ვალი დაგვედო... ახლა ქალბატონი, ვისგანაც სახლი ვიყიდეთ, სავსებით სამართლიანად, კუთვნილ ფულს ითხოვს; ვიცი, რომ ძალიან სჭირდება. მითხრა, - ნაწილი მაინც მომეცი, დანარჩენი მერე გამომიგზავნეო... სანამ თანხას სრულად არ გადავუხდით, სახლს არ გადაგვიფორმებს. ასე ვუთხარი: ფული არ მაქვს და თუ გინდა, მომკალი-მეთქი. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე, აღარ ვიცი...
- სახლს ცეცხლი როგორ გაუჩნდა? რა იყო მიზეზი?
- თქვეს, რომ ძველი ელექტროგაყვანილობის ბრალია. ამ სახლზე სოფელში ათასი მითქმა-მოთქმა დადიოდა: ამბობდნენ, დაწყევლილიაო. უკვე მერამდენედ გაიყიდა, დიდხანს ვერავინ ჩერდება; აქ ვერავინ გაიხარა, ყველას რაღაც ემართება, გაურკვეველ სიტუაციაში იღუპებიან. რამდენიმე ხნის წინ ამ სახლში ერთმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო; ბოლო მფლობელი, ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, მისი მეუღლე აქ ვეღარ გაჩერდა და ვლადიკავკაზში ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მისგან ვიყიდეთ ეს სახლი. მართალია, ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ცრუმორწმუნე კი ვარ, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ გარემოებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოეხდინა.
პირველ ღამეს, რომელიც ამ სახლში გავათენე, შავებში ჩაცმული ქალი დამესიზმრა. მითხრა: რა ტყუილად გადაყარე ამ სახლში ფულიო?! - თან დასძინა, - გიჯობს, აქაურობას გაეცალოო. 2 თვეც არ გასულა, რომ ეს უბედურება დაგვატყდა თავს... მადლობა ღმერთს, იმ დროს სახლში არ ვიყავით, თორემ უარესი მოხდებოდა. იმ დღეს, 30 დეკემბერს უთენია, თავისით, სრულიად ახალი ლარნაკი, რომელსაც ერთი ბზარიც არ ჰქონდა, შუაზე გაიპო. არ მესიამოვნა, რადგან გამიგონია, ასეთი რამ ცუდ ამბავს მოასწავებსო. ხანძრის დროს, რაც კი შინაური ცხოველი გვყავდა ეზოში (ქათმები, წიწილები), უკვალოდ გაქრა. უცნაურია - ჩვენი ძაღლი ხანძრის შემდეგ რამდენიმე დღეში, სახლიდან 500 მეტრის მოშორებით მკვდარი ვიპოვეთ. ჭკვიანი და ერთგული ძაღლი იყო, ახალ სახლს ვერ ეგუებოდა. გადმოსვლის დღიდან მოიწყინა, სულ ტიროდა და წკმუტუნებდა, ღამით კი ვერ ისვენებდა, ეზოში გადარეულივით დაძრწოდა, თითქოს ვიღაცას დასდევდა და უყეფდა. წინათ, ასე მაშინ იქცეოდა, როცა ეზოში უცხო შემოვიდოდა... რამდენჯერმე გვიან ღამით გარეთ გამოვედით, მაგრამ არავინ ყოფილა...
- ახლა სად ცხოვრობთ?
- ბოსელში "დავიდეთ ბინა". ისეთი პატარაა, მხოლოდ საწოლი და შეშის ღუმელი ეტევა, ხის კუნძი კი მაგიდის მაგივრობას გვიწევს. მოკლედ, საშინელი სივიწროვეა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის. გოგონას ფეხი ახალი ადგმული აქვს და სიარულის საშუალება რომ არ ეძლევა, ჭირვეულობს და სულ გაღიზიანებულია... მიწური ბნელია, დღისითაც სინათლე გვინთია, თან - ძალიან ცივა. ბავშვები სულ გაცივებულები არიან და მათთვის წამალსაც ვერ ვყიდულობ. ჩემი 8 წლის ბიჭი, რომელიც ყოველთვის მხიარული და ლაღი იყო, ახლა სულ მოწყენილია...
- თავს რითი ირჩენთ?
- საშინლად გაგვიჭირდა. ეს ამბავი რომ დაგვემართა, გენდერული თანასწორობის რესურსცენტრს მივაკითხეთ: გადმოცემით ვიცოდი, რომ იქ გულისხმიერი ადამიანები მუშაობენ. ქალბატონებმა - ვერიკო ბიწაძემ და ნინო მეგრელიშვილმა ჩვენ მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს, რითიც შეეძლოთ, მაქსიმალურად დაგვეხმარნენ. მათი მადლიერი ვარ... რაც ამ სახლში გადმოვედით, კომბოსტოს მოსავალიც - ერთადერთი საარსებო წყაროც გაგვიფუჭდა. ჩემს მეუღლეს ეპილეფსია გაურთულდა, აღარც წამალი შველის, შეტევები ღამით 3-4-ჯერ მოსდის, მუშაობა აღარ შეუძლია. მას ინვალიდობის პენსია ვერ დავუნიშნეთ, რადგან ძვირად ღირებული გამოკვლევა ესაჭიროება, რომლის დაფარვაც პოლისით არ არის გათვალისწინებული. მე "შაქარი" აღმომაჩნდა. დამინიშნეს დიეტა. განა იმის საშუალება მაქვს, განსაკუთრებული საკვები მივირთვა ან წამლები შევიძინო?!. ღამე კოშმარებს ვხედავ: მესიზმრება, თითქოს ჩვენი სახლი იწვის და ჩვენც შიგნით ვართ... რომ ვიღვიძებ, ცივი ოფლი მასხამს... ხშირად სიზმარში შემზარავი სიცილის ხმა მესმის, თითქოს ვიღაცა დამცინის. შეშინებული ვიღვიძებ სულ ერთი და იმავე დროს - გარიჟრაჟზე, მამლის პირველ ყივილზე... ხვალინდელი დღის მეშინია. თუ დაგვეხმარებიან სახლის აღდგენაში და ის საცხოვრებლად ვარგისი გახდება, ალბათ პირველი, რასაც გავაკეთებ, სახლს მოძღვარს ვაკურთხებინებ და მასვე ვთხოვ რჩევას, როგორ მოვიქცე...
ელენე ხირსელი