ერეკლე საღლიანი: "პატრიარქმა პოლიტიკოსებსაც დიდი გაკვეთილი ჩაუტარა" - გზაპრესი

ერეკლე საღლიანი: "პატრიარქმა პოლიტიკოსებსაც დიდი გაკვეთილი ჩაუტარა"

როგორ ხედავს პოეტი ერეკლე საღლიანი ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს; რატომ ვტრიალებთ ერთ მოჯადოებულ წრეზე და სად არის გამოსავალი? - ეს არის თემები, რომელზეც მან ჟურნალის - "გზა" მკითხველისთვის ისაუბრა.

- კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ შევჩერებულვარ, საკუთარ თავზე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე ადრე. ადრე ჩემი შემოქმედება უმეტესად ლირიკით შემოიფარგლებოდა, ახლა ეპიკაზეც გადავედი. რამდენიმე პოემა შევქმენი, მათგან ზოგი ისტორიული ხასიათისაა, ზოგი დღევანდელობას შეესაბამება. ყურადღება განსაკუთრებით იმაზე შევაჩერე, თუ რა როლი ითამაშა სვანეთმა საქართველოს განვითარების ისტორიაში. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ დავით მე-5, დემეტრე პირველის შვილი, რომელმაც შექმნა უკვდავი საგალობელი "შენ ხარ ვენახი", მამას აუჯანყდა; დემეტრეს ყველამ უღალატა, სვანების გარდა. ამიტომ, დავითის ბრძანებით, ორასი სვანი დახოცეს. ორასივეს ფიცი ჰქონდა მეფისთვის მიცემული და არ გატეხეს, ამიტომაც წამებულად დაიხოცნენ. დავით მეხუთემ, მხოლოდ ექვსი თვე იმეფა და გარდაიცვალა, ამის შემდეგ, დემეტრე პირველი ბერობიდან დაბრუნდა და თავის უმცროს შვილთან, შემდეგში გიორგი მესამესთან ერთად მართავდა ქვეყანას... იმ დახოცილი სვანების სულის საოხად მეფეს ტაძარი აუშენებია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ლოცვას აღავლენდნენ ფიცის ბოლომდე დამცველი სვანების მოსახსენიებლად. ამას მივუძღვენი ჩემი ერთი პოემა... გარდა ამისა, დიდგორის ბრძოლაში, ქართველთა მხარეს იბრძოდა 15 ათასი ყივჩაღი, მათ მივუძღვენი ასევე პოემა "შარაღანი" (ის რუსულად თარგმნა ნიჭიერმა მთარგმნელმა ნინო მჭედლიშვილმა) და ეს ორი პოემა ძალიან მალე იხილავს დღის სინათლეს. ვფიქრობ, 2022 წელს უკვე წიგნად გამოვა. ასევე, საკმაოდ მოზრდილი წიგნი, ლექსების კრებული უკვე გამოიცა, მაგრამ ახალში მათგან არც ერთი ლექსი არ შესულა, ყველა ახალია. რამდენიმე პოემა მითოლოგიურ წარმოდგენებს ემყარება. სვანურ თქმულებებში არის ასეთი მითი ქაუშევდიანზე, რომელიც ასევე დამუშავებული მაქვს.

- თანამედროვეობაზეც ვმუშაობო, თქვით, კონკრეტულად რომელ პერიოდზე?

- ძირითადად, 90-იან წლებსა და აფხაზეთში ავადმოსაგონარ ომზე, რა დროსაც, პირდაპირ სხვის წისქვილზე დავასხით წყალი, იმ ძალას გავუხსენით ხელ-ფეხი, რომელსაც ცალკე ჩვენი და ცალკე აფხაზების დასუსტება აწყობდა. დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სწორედ მაშინ ჩადენილი შეცდომების გაგრძელებაა... ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიცვალა ქართველი საზოგადოება, ცვლილება ბუნებრივი პროცესია. ჩინელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, - უდიდესი ბედნიერებაა, როცა ადამიანი დიდი ცვლილებების პერიოდში დაიბადება, მაგრამ რა თვისებებსაც ახლა ვავლენთ, ეს თვისებები ყველა ადამიანში დაფარულია და ოდესმე გამოვლინდება ხოლმე. აგრესია, გესლი, ბოღმა მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი წარმონაქმნი არ არის, ეს ყველაფერი ადამიანის სულსა და ხასიათში უნდა ვეძებოთ. ადამიანის სხეული და გონება ხომ ღმერთისა და ბოროტი ძალის ბრძოლის სარბიელია. როდესაც ადამიანი ხელს უწყობს იმ თვისებების წინა პლანზე წამოწევას, რომლის დაცვასაც ჩვენი წმინდა წერილი შთაგვაგონებს, ასეთ შემთხვევაში მოდის ურთიერთსიყვარული, სათნოება, ნდობა...

ვფიქრობ, ჩვენმა ხალხმა რა საშინელი გზაც გაიარა, იმის კვალობაზე შედარებით გავუძელით დროის შემოტევას და იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც წლებია დგას ეს პატარა ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ფაქტობრივად არ ჰყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც მაგალითად, აზერბაიჯანისთვის არის თურქეთი.

- თუმცა, ვინც გვყავს, სტრატეგიული მოკავშირე, მათ რჩევებსა და შეგონებებსაც არ ვუგდებთ ყურს, არა?..

- დიახ, არ ვიქცევით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პატარა სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის მსგავსი დიდი საფრთხე ეგულება გვერდით; პარტია, რასაც საქართველო თამაშობს, ძალიან ჰგავს ცუნგ-ცვანგს, რაც საჭადრაკო დაფაზე ჰგავს თამაშს, როდესაც ერთი მოთამაშე რაღაცას იძულებით აკეთებს. ანუ მეტოქე გაიძულებს ირიბი კარნახით, რომ გააკეთო სვლა, რომელიც წაგაგებინებს. ამ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი, რადგან ის გონიერება, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ნერგავდა ერში, დავივიწყეთ. გარემოების შესაბამისი აზროვნება აღარ შემოგვრჩა. ბავშვი ცხრა თვეში უნდა გაჩნდეს, თუმცა, ქართველებს გვინდა, სამ თვეში დაიბადოს, ამ დროში გაჩენილი ბავშვი კი, კვდება... გარემოების შესაბამისი აზროვნება ნიშნავს იმას, როდესაც ვაცნობიერებთ, რა საშინლად საშიშია ჩრდილოეთის მეზობელი და რომ მასთან შესაბამისი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. მაგრამ ჩვენ ხომ ვერასდროს ვყვებოდით პოლიტიკის რიტმს და უმეტესად, ორ ფრონტზე ვიბრძოდით. არადა, გვიანდელ შუა საუკუნეებში, ჩვენი წინაპრები ამას ძალიან კარგად ახერხებდნენ, ცალკე ოსმალეთი უტევდა და ცალკე ირანი, მაგრამ ისე ართმევდნენ თავს ყველაფერს, რომ გადავრჩით და აქამდე მოვედით. ამავე დროს, სათავისოდ იყენებდნენ იმ დაპირისპირებას, რომელიც იმ ორ ქვეყანას შორის არსებობდა. ახლა განათლება მეტი გვაქვს, წარსულის გამოცდილებაც, მაგრამ მაინც ვერაფერს ვიყენებთ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

- არ ვიცი, ალბათ არ გვინდა, თორემ ვერ ვახერხებთო, ვერ ვიტყვი... მაღალ ინსტანციებში იმდენად მწვავეა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, პატრიოტი, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსები, რომ ეს ყველა სფეროში იგრძნობა. არადა, შესაძლოა გვყავდეს ესა თუ ის ადამიანი, მაღალი კვალიფიკაციის კადრი, მაგრამ მამულიშვილი არ იყოს. საქართველოს კი, პროფესიონალთან ერთად, პატრიოტი, ღირსეული მამულიშვილი სჭირდება. მთელ ძალსა და ენერგიას ვახმართ ურთიერთანგარიშსწორებას, ლანძღვა-გინება ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციეთ, სხვაგვარად არ შეგვიძლია ვიცხოვროთ, ვიარსებოთ და აზრი გამოვხატოთ. ეს არის ჩვენი საუბრის ძირითადი სტილი.

- რაც ახლა ექსპრეზიდენტის გარშემო ხდება, ამაზე რას ფიქრობთ?

- პირდაპირ ასე ვიტყვი - ორივე მხარეს აქვს პრობლემა, მაგრამ ამ ორმა ძალამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა აბსურდის თეატრს დაამსგავსა, მე კი არ მინდა, ამ თეატრის მსახიობი ვიყო, მაგრამ გვაიძულებენ ამას და ამით ერთმანეთს აძლიერებენ.

- გამოსავალი რა არის?

- ხალხმა უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება, არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების გვერდით სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება და ქართული მიწის გაყიდვა, არც ქართული ფასეულობების დაკარგვა და სულიერების ჩაწიხვლა. დღეს, ადამიანის აზროვნება მასხრად არის აგდებული. როდესაც არსებობს ორი გზა, პირველი და უმთავრესი არის სიყვარულის გზა, რომელსაც ვუღალატეთ. როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მოდის, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ხალხს ემსახურება. საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს ხალხის მსახურად და არა პირიქით, როგორც დღევანდელი პოლიტიკოსები აკეთებენ. ეს ტრაგედიაა.

- მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, სულიერებაშიც ძალიან გვიჭირს და ამის გამოხატულებაა ის დაპირისპირება, რაც დღეს ეკლესიაში ხდება და ლამის ყოველდღიური სახე აქვს.

- დიახ, სამწუხაროდ, მაგრამ ცვლილებები დაწყებულია. ოღონდ საქმე ის არის, რომ წინააღმდეგობა ყველგანაა. გზას, რომლითაც ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა დედა ეკლესია ატარა, ბეწვის ხიდზე სიარული ჰქვია. რწმენასთან ზურგშექცეული ხალხი ღმერთისკენ მოაბრუნა. იმ პირობებში, რაც მან უღმერთობის ხანაში შეძლო, გმირობის ტოლფასია. როდესაც ძალმომრე ქვეყანა გიპირისპირდება, მასზე სუფთა კი არა, მასზე ჭკვიანი უნდა იყო. პატრიარქმა პოლიტიკოსებსაც დიდი გაკვეთილი ჩაუტარა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს არ ესმით.

ამას წინათ, პატრიარქისთვის მობილური ტელეფონი მიუტანიათ და თან გახუმრებიან. გაეღიმა თურმე უწმინდესს: შვილო, მთელი ეს წლები იმას ვითხოვ, მომისმინონ და თუ არ ისმინება, მაშინ რაღაში მჭირდება ეს ტელეფონი? წლებია, მოსმენის მეტს არაფერს ვითხოვო. ჰოდა, იქნება მოუსმინონ, რომ რამე შეისმინონ და შეცვალონ.

erekle-8-1637570809.jpg

- მუდმივად ბრძოლაში ვართ, საზოგადოება, ერი, მაგრამ წინ თითქოს ვერ მივდივართ. რატომ?

- მენტალიტეტს განათლება და სულიერი მოძრაობა აყალიბებს.

პოლიტიკოსებმა უფრო მეტად უნდა დაუგდონ ყური ეკლესიას, რომელსაც ჰყავს ბრძენი წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მერწმუნეთ, ეკლესიასთან კავშირი პოლიტიკოსებს სულიერ საზრდოსაც მისცემს და გონებრივსაც. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემა თავიდან ჩამოყალიბდეს. სკოლებში სრულად დაბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", რომელსაც სხვა მადლი, სიკეთე და სიყვარული ახლავს. ბევრისგან გამიგონია, ერის წინსვლისთვის საკადრო, სტრუქტურული ცვლილებები მნიშვნელოვანიაო, მაგრამ ცარიელი საკადრო ცვლა არაფერს უშველის, არსობრივი გარდაქმნაა საჭირო, უფრო ახლოს მისვლა ხალხთან, კომუნიკაბელურობა, ყოველდღიური ურთიერთობა. ხელმძღვანელობა ხალხს უნდა შეხვდეს, მათი სატკივარი უნდა გაიგოს, თორემ უთავბოლოდ სვლა არაფერს არგებს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში,

"ნაცებისა" და "ქოცების" ორპოლუსიან აზროვნებას სანამ არ გავცდებით, ვითარება არ შეიცვლება. ამ ბოლოს ხშირად საუბრობენ დიდ შერიგებაზე - ჰოდა, ეს ჰაერში ნათქვამი პოპულისტური ფრაზები კი არ უნდა იყოს, გულწრფელად უნდა გაახმოვანონ, თორემ არაფერი გვეშველება. ეს ყველაფერი დროებით დაკარგულ ტერიტორიებზეც აისახება. ჯერ აქ უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ამ საქართველოს შემყურე აფხაზსა და ოსს არ გამოუწევს ჩვენკენ გული. თუმცა, გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს. ჯერ ჩვენ ვერ შევიყვარეთ და შემოვირიგეთ ერთმანეთი, ვერ გავუგეთ.

ლალი პაპასკირი