"გოგონა და მესიზმრე კაცი“ - გზაპრესი

"გოგონა და მესიზმრე კაცი“

დაჩა მარაინი - საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, პოეტი, დრამატურგი - არა მხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ 60-იანი წლებიდან მოყოლებული ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და იცავს ქალების, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს, აღვირახსნილ ფუფუნებას და ბავშვთა შრომის დაკაბალებას. მწერალი თავის რომანში "გოგონა და მესიზმრე კაცი" ღიად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელზე გაკვრით ლაპარაკსაც კი ხშირად გაურბიან ადამიანები. არადა, ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება დღევანდელ მსოფლიოში.

„შემოქმედებითი ევროპა“ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ევროპელ გამომცემლებს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის გამოცემაში ეხმარება. ამ პროგრამის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია გამომცემლობა „კლიო“ ახორციელებს პროექტს „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“, რომლიs ფარგლებში, სხვა ნაწარმოებებს შორის, ქართულ ენაზე ითარგმნა დაჩა მარაინის რომანი "გოგონა და მესიზმრე კაცი" . თარგმანზე მუშაობდა ცნობილი მთარგმნელი, ქალბატონi ნუნუ გელაძე, რომელიც ავტორს პირადად იცნობს. მას რომანის და მწერლის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

- დაჩა მარაინი, ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული, ფემინისტი და ქალთა უფლებების აქტიური დამცველი, თავის რომანებში უმთავრესად, ქალის აუტანელი ყოფის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ბავშვთა უფლებების, ამასთან დაკავშირებით სკოლის როლის, რასიზმის, ისლამის დემონიზაციის მწვავე საკითხებს და ამ რომანში, რომელიც 2016 წელს ბოკაჩოს სახელობის პრემიით დაჯილდოვდა, სწორედ ეს თემებია წარმოჩენილი. "გოგონა და მესიზმრე კაცი" დაჩა მარაინის პირველი რომანია, რომლის პროტაგონისტი არა ქალი, არამედ მამაკაცია, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნანი საპიენცა, ქალიშვილის ნაადრევი სიკვდილით სასოწარკვეთილი მამა, ნაწარმოების უმთავრესი თემა კი არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა, ორი გოგონას, ფატიმას და ლუჩიას შემზარავი თავგადასავალი.

- როგორ ფიქრობთ, რით იქნება საინტერესო ეს წიგნი ქართველი მკითხველისთვის?

- ნებისმიერი კარგი ნაწარმოები ხომ ზოგადკაცობრიულია და ეს რომანიც მხოლოდ იტალიის პრობლემებზე არ მოგვითხრობს, ბავშვთა პროსტიტუციის თემა ჩვენი დღევანდელი კაცობრიობის სამარცხვინო ლაქაა და მის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალია. და ამ მხრივ, დაჩა მარაინი ძალიან დიდ როლს ანიჭებს სკოლას, სწორ აღზრდას. იტალიაში არაერთმა რეცენზენტმა აღნიშნა, რომ ნანი საპიენცასნაირი მასწავლებელი ნამდვილად სჭირდება ჩვენს სკოლებსო, რადგან იგი მხოლოდ საგანს კი არ ასწავლის თავის შეგირდებს, არამედ "საკუთარი თავით აზროვნებას" და ხშირად უამბობს ზღაპრებს, მითებს, ისტორიულ ქრონიკებს - სიფრთხილით, მაგრამ დამაჯერებლად შთააგონებს, რომ არ არსებობს რასობრივი დაყოფა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, განურჩევლად რელიგიური თუ ნებისმიერი მრწამსისა. ვფიქრობ, ბევრი ქართველი მასწავლებლისთვის საინტერესო მაგალითი იქნება ნანი საპიენცას გამოცდილების გაზიარება. ასევე, უაღრესად საინტერესოდ მიმაჩნია რომანში წამოჭრილი ისლამის დემონიზაციის თემა, რაშიც დაჩა მარაინი ჩვეული სიმამაცით ამხელს იტალიელ საზოგადოებას.

- თქვენთვის ამ წიგნზე მუშაობა დაჩასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. როგორ შეაფასებთ მას, როგორც მწერალს და როგორც ადამიანს?

- ქალბატონი დაჩა მარაინი წლების წინ ქალაქ არონას ლიტერატურულ ფესტივალზე გავიცანი და მოგვიანებით ვრცელი ინტერვიუც ჩამოვართვი, შემდეგ მისი რომანი "ხმები" ვთარგმნე და ვემზადებოდით თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსასვლელად, ასევე, განზახული გვქონდა თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. დაჩა მარაინი მსოფლიოში აღიარებული მწერალია, იგი არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის მფლობელია, ნობელის პრემიის კანდიდატი და რაც მთავარია, ურიცხვი მკითხველის რჩეული... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეგულება დღეს თანამედროვე ავტორი, ასეთი სადა, დახვეწილი, გასაგები ენით წერდეს, მაგრამ არა უბრალო, ვინაიდან მის შემოქმედებას უთუმცაოდ ეტყობა კლასიკოსის კალამი. არც იმის თქმა შეიძლება, რომ "ადვილი" მწერალია, მისი ნაწარმოებების წაკითხვას მომზადებული მკითხველი სჭირდება, რადგან აი, ამ რომანშიც - "გოგონა და მესიზმრე კაცი" იმდენი საინტერესო ავტორი და სიუჟეტი შეგხვდება, იმდენი ისტორიული, თუგინდ მეცნიერული ინფორმაცია, რომ ხვდები, როგორ მდიდრდები სულიერად.

გიორგი ლობჟანიძე, რედაქტორი:

- "გოგონა და მესიზმრე კაცი" დაჩა მარაინის მეორე რომანია ქართულ ენაზე. ორივე რომანი იტალიური ლიტერატურის დიდმა მოამაგემ და ჩინებულმა მცოდნემ - ნუნუ გელაძემ თარგმნა, რომლის ნამუშევარი, პირველ რიგში, ქართულის საოცარი ფლობით გვაჯადოებს და ეს დამოკიდებულება მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილების ძალით ზემოქმედებს. ისე, რომ ფიქრობ, დაჩა მარაინი ალბათ ან იტალიურად, ან მხოლოდ ქართულ თარგმანში ღირს წაიკითხო... რომანში აღწერილი თემა უაღრესად დელიკატურია და ამ დელიკატურობის შესაბამისად, დაჩა მარაინის თხობის სტილი თუ საერთოდ შემოქმედებითი პოზიცია იმდენად ფაქიზია, რომ არანაირ მენტალურ უხერხულობას არ ქმნის. თუმცა, ეს სიფაქიზე სრულებითაც არ გულისხმობს პრობლემასთან დაკავშირებულ ნაირგვარ, მათ შორის, მწერლურ შიშსა თუ სასოწარკვეთას. დაჩა მარაინი იმიტომაც არის დიდი მწერალი, რომ ის წარმოუდგენლად გამბედავია და ეს გაბედულება, ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდ მის ამ ბრწყინვალე რომანში ვლინდება.

P.S. პროექტის სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ გამომცემლობის ვებგვერდზე ჰტტპს://კლიო.გე/პროჯეცტ-ეუ/.