"თოჯინას სული არ აქვს, სული აქვთ ადამიანებს"
ნინო ნამიჭეიშვილი მეთოჯინე და რეჟისორი გახლავთ. ბავშვობაში თოჯინების თეატრი არ უყვარდა, მაგრამ სწორედ თოჯინებმა აუხდინეს ოცნება, დამდგარიყო სცენაზე და დაედგა "პატარა უფლისწული". კიდევ ერთი გატაცება, რაც აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს, ცეკვაა. მართალია, თოჯინების თეატრის ფაკულტეტი გაუქმდა, მაგრამ ფიქრობს და თავს ვალდებულადაც გრძნობს, თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს.
- თოჯინები მიყვარდა, მაგრამ თოჯინების თეატრი - არა. მგონია, რომ რაც დავიბადე და მახსოვრობა მაქვს, ხელოვნების გარეშე არ ვყოფილვარ. ბავშვობაში ვცეკვავდი და ვმღეროდი, როგორც ამბობენ, კარგად. დედას უყვარდა ხელოვნება, მაგრამ დედასაც და მამასაც - ორივეს ტექნიკური განათლება ჰქონდა. ბალეტი მომწონდა და მინდოდა, მოცეკვავე გავმხდარიყავი, მაგრამ არ შემიყვანეს. ალბათ ქართულ მენტალობასთან ვერ მოდიოდა სიამტკბილობაში. მაშინ საბალეტო სტუდიები იყო და მე-4 კლასიდან გიღებდნენ. მეგონა, მეც იქ გავაგრძელებდი სწავლას, მაგრამ აღმოჩნდა, როდესაც ზაფხულში ბებიასთან ერთად ვისვენებდი, ჩემი საბუთები არავის გადაუტანია და სექტემბერში ისევ ჩემს სკოლაში მიკრეს თავი. ეს ისეთი ტრაგედია იყო ჩემთვის, რომ კარგა ხანს მახსოვდა და არც სინანულის გრძნობა მტოვებდა. დიდობაში ნაწილობრივ მაინც ავისრულე ოცნება. 1996 წელს თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფები ჩამოვიდნენ თბილისში და მათ მასტერკლასზე მოვხვდი. იქიდან მოყოლებული, თუ არის შესაძლებლობა ამ მიმართულებით რამე ახალი ვისწავლო, შანსს არ ვუშვებ ხელიდან. რამდენიმე წლის წინ საქართველოს სტუმრობდა ცეკვის ერთ-ერთი მიმდინარეობის კონტაქტური იმპროვიზაციების პედაგოგი. მის ორკვირიან "ვორქშოპზე" მოვხვდი და ამის შემდეგ უფრო გავაქტიურდი, ხშირად დავდივარ ფესტივალებზე საზღვარგარეთ. ცეკვა ჩემი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. გამოხატვის თვალსაზრისით, მე არ ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის მორცხვი ვიყავი. ასაკმა, გამოცდილებამ და საკუთარ თავზე მუშაობამ დამაძლევინა ეს სიმორცხვე, აბსოლუტურ თავისუფლებას მანიჭებს ცეკვა. სხვათა შორის, მუსიკალობა და ცეკვა თოჯინების კეთების პროცესშიც და სცენაზეც ძალიან მეხმარება - როგორც ქორეოგრაფიას, ისე აღვიქვამ ამ ყველაფერს.
- როგორ გახდით მეთოჯინე?
- თეატრალურ ინსტიტუტში იყო მარიონეტების სტუდია, სადაც ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. ერთ დღეს ერთ-ერთმა მითხრა, თუ ხელსაქმე გეხერხება, ჩვენთან მოდიო. დედა ძალიან კარგად კერავდა და ხშირად ვუყურებდი. ასე რომ, კერვა მეხერხებოდა და გამომადგა კიდეც. ამ სტუდიით დავიწყე, მერე თოჯინაც დავიჭირე ხელში და დაახლოებით 2000 წლების დასაწყისამდე, როგორც მეთოჯინე მსახიობი, ისე ვმუშაობდი. ჯერ იყო თეატრალური სარდაფი, მერე სატელევიზიო თოჯინურ სერიალებში ვიყავი მეთოჯინე, "დიდების ზღაპარი" რომ იყო, გახსოვთ ალბათ, ასევე "ჩვენი ეზოს ამბები", "ყოჩაღები!", მულტფილმებსაც ვახმოვანებდი. 2003-2004 წლიდან კი გაჩნდა საჭიროება, დამოუკიდებლად მემუშავა. მანამდე მხოლოდ სხვას ვეხმარებოდი თოჯინების კეთებაში...
ბავშვობაში არ მიყვარდა, მაგრამ ახლა თავიდან აღმოვაჩინე თოჯინების სამყარო და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩვენთან, მარჯანიშვილის თეატრში, თითების თეატრია კარგი გაგებით შემოხიზნული. მოხდა ისე, რომ ერთი საოცარი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სოციალური პროექტი ჰქონდა ბესო კუპრეიშვილს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ერთად დადგა სპექტაკლი "ფიროსმანი - ზმანება!". მაშინ გავიცანი ერთი პატარა, უსინათლო ბიჭუნა, მიშო სიხარულიძე, ერთ-ერთ თოჯინასთან მუშაობდა. საოცარი და ჯადოსნური ბიჭია მიშო, ყველა მოხიბლული და აღფრთოვანებული იყო მისით. როგორც კი შევხვდი, ვიფიქრე, მართლაც რომ პატარა უფლისწულია და რა კარგი იქნება მისი მონაწილეობით სპექტაკლი, მე თოჯინებს გავაკეთებ და იქნებ ვინმემ დადგას-მეთქი. მაშინვე გავედი კულისებში და ლევან წულაძეს გავუზიარე ჩემი აზრი. მოეწონა, - გადასარევი იდეაა, ადექი და დადგიო. სახტად დავრჩი, მანამდე არასდროს მიფიქრია და მიოცნებია რეჟისორობაზე. ლევანმა ამხელა ნდობა გამომიცხადა, თან იმდენად დიდი იყო მიშოსთან მუშაობის სურვილი, ისე მიყვარდა ეს ნაწარმოებიც, რომ გავბედე და თავით გადავეშვი. ცოტა არ იყოს, თავხედობაც იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, გაამართლა - 3 წლის განმავლობაში იყო რეპერტუარში და მიდიოდა სრული ანშლაგით. მთავარ როლში, რა თქმა უნდა, მიშო სიხარულიძე იყო. ლევანს ძალიან უყვარს თოჯინები და ბევრი სპექტაკლიც დადგა, "ქალი ძაღლით", "ფაუსტი", სადაც ჩემი თოჯინებია, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ მთლიანად დრამაზე გადაერთო და ეს სფერო განზე დარჩა. ამან გადამაწყვეტინა, 48 წლის ასაკში ჩამებარებინა სარეჟისოროზე. მოვხვდი დავით ანდღულაძესთან, არაჩვეულებრივ პედაგოგთან. მას სურდა აეშენებინა რკინის თეატრი და კიდევ სხვა გეგმებიც ჰქონდა, მაგრამ შარშან მოულოდნელად გარდაიცვალა.
ბოლო რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ ინტეგრირებულ თეატრთან - "აზდაკის ბაღი". პროფესიონალ მსახიობებთან ერთად მოყვარული, სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები განასახიერებენ როლებს. ამ საქმეს უძღვება ბაჩო გაბრუაშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ადამიანებისთვის სცენაზე დღესასწაული შექმნას.
პანდემიის დროს ჩავაბარე დოქტორანტურაზე. ეს იქნება შანსი სამომავლოდ ვიყო სრულფასოვანი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში და ნებისმიერ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში.
1993 წლიდან ვმუშაობ, როგორც მეთოჯინე და 200-ზე მეტი თოჯინის ავტორი ვარ. ახალი პერსონაჟის შექმნას განწყობა სჭირდება, მუზა ხან გაქვს, ხან - არა, მაგრამ თუ გაჩერდი, ვერ განვითარდები.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თოჯინების მიმართ? ეს არის მხოლოდ საქმე თუ იმდენად გიყვართ, რომ ცოცხალი არსებებივით აღიქვამთ?
- ორივე ერთად, ეს ჰობიც არის და საქმეც. საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ერთი თვე მაინც. რამდენადაც სასიამოვნო პროცესია და გაცოცხლებს, იმდენად დიდ ენერგიას გართმევს. როდესაც თოჯინაზე მუშაობ, გაქვს ახალი სიცოცხლის დაბადების მოლოდინი. ტექნიკური მხარე რუტინაა - კონსტრუქციის აწყობა, ხის გათლა და ა.შ., მაგრამ როდესაც იცი, რაც მოჰყვება ამას, ბედნიერი ხარ. როგორც ზღაპრებში ამბობენ, სული შთაბერა და ხორცი შეასხაო, სწორედ ასე ხდება. მის ჩაცმას რომ იწყებ, გგონია, შვილზე ზრუნავ. შვილი არ მყავს, მაგრამ 4 დისშვილი გავზარდე და ბავშვები ძალიან მიყვარს. აი, როგორც პატარაობაში ვუვლიდით თოჯინებს, ახლაც ასეა. სულიერების გარეშე არაფერი გამოდის. არის თოჯინები, რომლებთანაც განსაკუთრებული ბმა მაქვს. განსაკუთრებით მიყვარს ერთი პატარა გოგონას თოჯინა, "კაპიტან კორელის მანდოლინაში". გეტყვით, რატომაც მაქვს ამ თოჯინასთან განსაკუთრებული ემოციური ბმა. 34 თოჯინა იყო გასაკეთებელი და ცოტა დრო გვქონდა. ეს გახლდათ ქართულ-ინგლისური პროექტი. შევიკრიბეთ გუნდი, გავინაწილეთ სამუშაო, დავუძახე ერთ-ერთი მეთოჯინის ახლობელსაც, რომელსაც იმ პერიოდში 7 თვის შვილი გარდაეცვალა. ეს ანა იაკობაშვილია, ძალიან კარგი მხატვარი. ვიფიქრე, თუ რამე უშველის, სახლიდან გამოყვანა-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, მოვიდოდა თუ არა. გამიხარდა, რომ დამთანხმდა. ერთხანს, ვიდრე სხვები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ ორნი ვიყავით სახელოსნოში. მე სულ ვღიღინებ, როდესაც რამეს ვაკეთებ და ვერ მივხვდი უცებ, რომ შეიძლება ეს მისთვის მტკივნეული იყო. მოულოდნელად ისიც ამყვა, - საოცრად ტკბილი ხმა აქვს ანას. ასე, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ტკბილ ქართულ სიმღერებს ვღიღინებდით და ისე ვაკეთებდით იმ პატარა გოგონას თოჯინას, რომელსაც მერეც მხოლოდ ჩვენ ორნი ვათამაშებდით. რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ანას ბავშვის სული იყო იმ თოჯინაში ჩასახლებული და ეს ჩვენი სცენა რაღაცნაირად რიტუალივით მაგიური ხდებოდა. თოჯინას სული არ აქვს, სული აქვთ ადამიანებს, მაგრამ მეთოჯინის ხელში ცოცხლდებიან. თოჯინა ხელოვნების ნიმუშია, მის უკან ჩანს შემოქმედი და მისი სულის ნაწილი.
ნინო ჯავახიშვილი