ყაისნაღითა და ჩხირებით ნაქსოვი სათამაშოები
ტეტიანა ხრიკაძე ხელნაკეთი სათამაშოებისა და აქსესუარების ავტორია. მისი ნაქსოვი ნივთები საკმაოდ დახვეწილია. უკრაინიდან საქართველოში გადმოსვლის მიზეზი სიყვარული და ოჯახის შექმნა გახდა. როცა დავუკავშირდი, მეორე შვილზე იყო ორსულად. სქესი წინასწარ არ იცოდა და უნდოდა, ბოლო წამამდე სიურპრიზად დარჩენილიყო. 9 თვის თავზე ჩვენი საუბრისას, ტეტიანას ყოველ წამს შეიძლებოდა, სამშობიარო ტკივილები დასწყებოდა, მაგრამ უარი არ უთქვამს და ჩვენი დიალოგი მაინც შედგა.
17 ნოემბერს ქართულ-უკრაინულ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა შეემატა. ტეტიანა უფროსი შვილის, ლიკას შემდეგ პატარა ვიქტორიას დედაც გახდა. ორსულობის პერიოდშიც ჩვეულებრივად ქსოვდა და მუშაობდა. მისი ნივთებით ბევრია დაინტერესებული. ეს სასიამოვნო და მოღიმარი ქალბატონი საკმაოდ გამართულად საუბრობს ქართულად, რაც, როგორც მითხრა, ქართულად კითხვისა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობის შედეგია.
- როგორ აღმოჩნდით საქართველოში?
- უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე. მუსიკოსი ვარ. არის ასეთი ინსტრუმენტი - ბაიანი, რომელიც აქ ნაკლებადაა ცნობილი, აკორდეონს ჰგავს და მასზე ვუკრავ. ვსწავლობდი, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით და ყველაფერი შეიცვალა (იღიმის). ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, მაგრამ როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ერთხელ ვნახეთ ერთმანეთი და მას შემდეგ ურთიერთობა დაახლოებით 10 თვე "სკაიპის" მეშვეობით გავაგრძელეთ. მეორედ რომ ჩამოვიდა, დავქორწინდით (იღიმის).
- რამდენი ხანია, თბილისში ცხოვრობთ?
- 2011 წელს დავოჯახდით, მაგრამ იმ დროს ოდესაში ასპირანტურაში ვსწავლობდი და გარკვეული პერიოდი უკრაინაში ვცხოვრობდით. ზაფხულობით საქართველოში კი ჩამოვდიოდით, მაგრამ საბოლოოდ თბილისში 2017 წელს გადმოვედით.
- ქართულად საკმაოდ კარგად საუბრობთ...
- დიდი მადლობა (იღიმის). სანამ გავთხოვდებოდი, დავინტერესდი და ინტერნეტით ამოვბეჭდე ქართული ანბანი. ჩემით ვისწავლე კითხვაც და წერაც. ოდესაში არის ქართული საკვირაო სკოლა და ცოტა ხანს იქაც ვიარე, თუმცა ძირითადად მაინც თვითნასწავლი ვარ. ყველანაირად ვცდილობ, გამართულად ვილაპარაკო და ბევრი ვიკითხო. ჩემი აზრით, კითხვა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ენის ასათვისებლად.
- დღემდე წაკითხული ქართველი ავტორების ნაწარმოებებიდან ვის გამოარჩევთ?
- ნოდარ დუმბაძე მიყვარს. ბოლოს ჯემალ ქარჩხაძის რომანი "ზებულონი" წავიკითხე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- როგორი იყო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი ეტაპები?
- დიასახლისი ვარ. ჩემი ინსტრუმენტი თან მაქვს, მაგრამ საქართველოში ამ გზით საქმიანობა არ გამიგრძელებია. ქსოვას სკოლაში გვასწავლიდნენ და მომწონდა კიდეც ეს საქმე, თან ვხატავდი, თოჯინებისთვის სამოსს ვქმნიდი. ხელოვანი ვარ და ალბათ ჩვეულებრივია, როცა რამის შექმნის სურვილი გაქვს. როგორც უკვე ვთქვი, თბილისში რომ გადმოვედი, პროფესიული ცხოვრება აღარ გავაგრძელე, თან ბავშვი გავაჩინე და მინდოდა, მისთვის დიდი ყურადღება დამეთმო. თუმცა, სულ შინ ყოფნა და სახლის საქმე "ჩემი" არ არის და ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც მეკეთებინა. თავიდან შარფები, ქუდები, ფაჩუჩები მოვქსოვე, როგორც ხდება ხოლმე. მერე ნელ-ნელა სათამაშოებთან "მივედი".
- პირველ ნივთებს თქვენი შვილისთვის ქსოვდით?
- დიახ, პირველად შარფი მოვქსოვე ლიკასთვის, შემდეგ სხვებისთვისაც ვქსოვდი. ბოლოს თოჯინებზე შევჩერდი. ვფიქრობ, ერთ მიმართულებაზე კონცენტრირება ჯობს. თითქმის ყველა ცხოველის ფიგურები მაქვს. ხალხს განსაკუთრებით მოსწონს ჟირაფი ჟოზე, ასევე ცხვარიც - ბეკეკა (იღიმის).
- რამდენი წელია, რაც თოჯინებს ქსოვთ? რადგან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ალბათ ყველა ინტერესდება შიგთავსით...
- 2018 წლიდან ვქსოვ. ზოგჯერ თოჯინები 4-6 თვის ბავშვისთვის მიაქვთ, ზოგჯერ - უფრო დიდებისთვის. სათამაშოსთვის ფორმის მისანიჭებლად ბამბას ვიყენებ, მაგრამ ყველა სათამაშო ჩემთვის პატარა ბავშვივითაა და მთავარი "შიგთავსი" ისაა, რომ თითოეულში მთელ გულს, სულს, სიყვარულს ვდებ, სხვანაირად არც შემიძლია. ერთი მომხმარებლის თხოვნით, თმის სამაგრებიც მოვქსოვე, თუმც მირჩევნია, მზა ნივთი წარმოვადგინო და ამ კუთხით უფრო თავისუფლად ვიმუშაო. სათამაშოების რეალიზაცია ინტერნეტის მეშვეობით ხდება. სამომავლოდ, ღმერთის დახმარებით, იქნებ პატარა მაღაზიაც გავხსნა. ეს ძალიან კარგი იქნება, ემოციების გაცვლა აუცილებელია და თან, უშუალო კომუნიკაცია მომიწევს ადამიანებთან.
ანა კალანდაძე