აკვანი საქართველოს დიდებისა
მესხეთი - საქართველოს ერთ-ერთი მშვენიერი და გამორჩეული მხარეა. სახოტბო სიტყვებით არაერთხელ შეუმკია იგი ქართველს. დიდებულ მესხეთად მონათლა ალექსანდრე ფრონელმა და ამით საქართველოს ამ მხარის ისტორიის, არქიტექტურის, პოეზიის, სამეურნეო ყოფისა და საერთოდ კულტურული საგანძურის წარმოჩენა სურდა. ხოლო მოსე ჯანაშვილმა მას უწოდა "აკვანი საქართველოს დიდებისა".
მესხეთი საქართველოში სამხრეთიდან შემოსეული მტრის დასახვედრი მთავარი ფორპოსტი იყო, ამიტომ სხვებზე მეტად განიცადა მან რბევა-აწიოკება, რაც მოუშუშებელ იარად დარჩა: იგი ხომ ორადაა გახლეჩილი - ერთი ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სახით, საქართველოში მდებარეობს, ხოლო მეორე ნაწილი, მთელი ტაო-კლარჯეთი მის საზღვრებს მიღმაა. აქედანაა მისადმი განსაკუთრებული ინტერესი, რომელსაც სამეცნიერო საზოგადოება იჩენს. ქართველ მეცნიერთა ამ ინტერესს მხარს უჭერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და შეძლებისდაგვარად აფინანსებს კიდეც.
სწორედ ამ ფონდის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თსუ-ის პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი. სხვა მონაწილეებსაც შევხვდით და იმაზე ვესაუბრეთ, თუ რა მიზანს ისახავდა პროექტი და რა შედეგები იქნა მიღებული.
დალი ნიკოლაიშვილი, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი:
- ალექსანდრე ფრონელის გულისტკივილი ჯერაც არ განელებულა. იგი მე-19 საუკუნის მოღვაწე იყო, მაგრამ საზღვარს იქით დარჩენილ ქართველობასთან გაუცხოების შიშით შეძრწუნებული, გულისტკივილით წერდა: "გვსურს ინტერესი გავუღვიძოთ საზოგადოებას მესხეთისადმი. იგი გაიგებს, რა ნატვრის თვალს და ობოლ მარგალიტს დაჰკარგავს, თუ ვინიცობაა გაიმარჯვა მტერმა და დუშმანმა და ეშმაკეული განძრახვა აისრულა". სამწუხაროდ, დღესაც იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია, ინტერესი გავუღვიძოთ საზოგადოებას საქართველოს ამ მხარისადმი. შეიძლება დაიბადოს კითხვა: რა გამოღვიძებაზეა საუბარი, როცა ამდენი ნაშრომი - სამეცნიერო თუ პოპულარული, მიეძღვნა არა მარტო თანამედროვე საქართველოს ფარგლებში მოქცეულ, არამედ იმიერ დარჩენილ მესხეთსაც. მართლაც ასეა, მაგრამ ეს ყოველივე მაინც ზღვაში წვეთია. ჩვენი ჯგუფის რამდენიმეწლიანი სამეცნიერო ექსპედიციები ამ ხარვეზის ამოვსებისკენ გადადგმული ერთი მოკრძალებული ნაბიჯია, რომელმაც გამოაჩინა, თუ რა უზომოდ დიდი სამკალი ელოდება ქართველ სამეცნიერო საზოგადოებას.
- კონკრეტულად რას ითვალისწინებდა პროექტი?
- ჩვენ დავისახეთ ზუსტად განსაზღვრული ამოცანა - შეგვესწავლა ოსმალური დავთრები და გამოგვევლინა ყველა ის რეალია, რაც ტრადიციულად ახასიათებდა ქართულ ყოფას, შემდეგ კი მოგვეწყო ექსპედიცია უშუალოდ მესხეთის სხვადასხვა მხარეში და ადგილზე გვენახა, რა შემორჩა მათგან დღეს თანამედროვეობას.
- იქნებ უფრო ვრცლად განმარტოთ, რა დავთრებზეა საუბარი? რას წარმოადგენს დავთარი?
ავთანდილ უჯმაჯურიძე, ალმანახ "ჯავახიანის" რედაქტორი:
- "დავთარი-დეფთერი" ბერძნული სიტყვიდან (დიპჰტერა) მომდინარეობს და ტყავს ნიშნავს. ისლამურ ხანაში მას წიგნის ფორმა ჰქონდა. VII საუკუნიდან არაბები დავთრებს დაპყრობილი ქვეყნებიდან აკრეფილი გადასახადების აღსანუსხავად იყენებდნენ. შემდეგ ოსმალებმაც დაიწყეს მისი გამოყენება. ოსმალური დავთარი მოსახლეობის აღწერის ერთ წიგნად აკინძული მასალაა. ოსმალები დაპყრობილ ტერიტორიას მაშინვე აღწერდნენ, რამდენი კომლი ცხოვრობდა თითოეულ დასახლებულ ადგილას და მათი შემოსავლის მიხედვით გადასახადებს აკისრებდნენ. "დავთარი" იწერებოდა სპეციფიკური არაბული შრიფტით, რომელიც "სიაკათის გრაფიკითაა" ცნობილი. როგორც სერგი ჯიქია წერდა, ასეთ მეთოდს მიმართავდნენ იმისათვის, რომ გარეშე პირებს არ ჩაეხედათ და ვერ გარკვეულიყვნენ საგადასახადო დავთრებში. დავთრები სახელმწიფოს შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო იყო. როგორც ცნობილია, ოსმალო მოხელეთა დიდი ნაწილი ხელფასს იღებდა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ დაპყრობილი ქვეყნებიდან აკრეფილი ხარკით, ამიტომაც საგადასახადო დავთრების შედგენას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. დავთრების შედგენის ცოდნა ოსმალებმა სელჩუკებისგან გადაიღეს. მათ, თავის მხრივ, ეს საქმიანობა არაბებისგან შეისწავლეს. ოსმალებმა უფრო სრულყვეს დავთრების შედგენის წესი, შექმნეს კარგად გამართული საგადასახადო-საფინანსო სისტემა.
- დავთრებს მრავლობითში მოიხსენიებთ. ასე ბევრია?
- ბევრია, მაგრამ ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ოსმანისტებმა (ოსმალური პერიოდის თურქოლოგები) გამოავლინეს და ქართულად თარგმნეს.
- ორიოდე სიტყვით იქნებ ქართველ ოსმანისტებზეც გვითხრათ...
- ქართული თურქოლოგიის მამამთავარია აკადემიკოსი სერგი ჯიქია. მან პირველმა მოჰკიდა ხელი და 1595 წელს შედგენილი ოსმალური დავთარი გამოიკვლია, რომელსაც "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" ეწოდება. ამ დავთრის გამოკვლევას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 3 ტომიც გამოსცა, მაგრამ მე-4 ტომის მომზადებისას გარდაიცვალა. მან ასევე აღზარდა ცნობილი თურქოლოგები: ცისანა აბულაძე, ნოდარ შენგელია, მიხეილ სვანიძე, მარიკა ჯიქია და სხვები.
დალი ნიკოლაიშვილი:
- "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" გამოცემას თან ახლავს ალექსანდრე ასლანიკაშვილის მიერ შესრულებული ამ მხარის რუკა, რომლის რედაქტორია სერგი ჯიქია. საქართველოს ისტორიული საზღვრების კვლევისას, ბუნებრივია, ამ რუკითაც დავინტერესდით. მასზე დაკვირვებამ სერგი ჯიქიას მიერ გამოცემულ დავთრამდე მიგვიყვანა. მას მოჰყვა აბულაძის, შენგელიას, შაშიკაძისა და მახარაძის მიერ გამოვლენილი სხვა ოსმალური დავთრები. ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ ერთმანეთთან შეგვედარებინა ეს დავთრები და გვენახა, რა ტერიტორიას მოიცავდა ისინი, ასევე დაგვედგინა, დროში როგორ იცვლებოდა ოსმალური დაპყრობის დინამიკა...
დავით სართანია, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი, ალმანახ "ჯავახიანის" მთავარი რედაქტორი, ისტორიის დოქტორი:
- ცნობილია, რომ დამპყრობელი მოსახლეობისგან მორჩილებასა და გადასახადების გადახდას მოითხოვს. გადასახადის ძალით აკრეფა მეტ შრომასა და წვალებას საჭიროებს: ყველა დასახლებაში პოლიცია ან სულაც, ჯარი უნდა მივიდეს და ძალით წაართვას თითოეულ ოჯახს დანაზოგი. თუ მოსახლეობა დამორჩილებულია და ლოიალობას უცხადებს დამპყრობელს, მაშინ ეს საკითხი შედარებით იოლად წყდება, - ყველგან მშვიდობა სუფევს, მოსახლეობას შრომაში ხელი არ ეშლება, მეტ დოვლათს ქმნის და გადასახადსაც ნებაყოფლობით იხდის. ამგვარი ვითარების დამყარება დაპყრობილ ტერიტორიაზე უცბად არ ხდება. საჭიროა მოსახლეობის იძულება, რომ მან მიიღოს დამპყრობელთა მიერ დაწესებული ცხოვრების წესები. მოცემულ შემთხვევაში ეს იყო ქართველი მოსახლეობის იძულება, დაეთმო ქრისტიანობა და გადასულიყო მაჰმადიანობაზე.
- მერედა, როგორ ჩანს ეს დავთრებიდან?
ავთანდილ უჯმაჯურიძე:
- ჩვენ ბევრ შემთხვევაში საშუალება გვაქვს, თვალი გავადევნოთ ამ პროცესს. ერთ ოსმალურ დავთარში აღწერილი ობიექტის (სოფელი, ნასოფლარი, სათესველი და სხვ.) მიხედვით ვიგებთ, რამდენი კომლი ყოფილა იქ და ასევე, რა გადასახადები ყოფილა დაწესებული. იგივე ადგილი ახლა გარკვეული დროის შემდეგ შედგენილ ახალ დავთარშიცაა აღწერილი. როცა ერთმანეთს შევადარებთ მათ მონაცემებს, განსხვავებებს იოლად ვპოულობთ. მაგალითად, თუ დაპყრობის პირველ ეტაპზე მოსახლეობას ეკისრება გადასახადი ღორის ყოლაზე, გარკვეული დროის შემდეგ ასეთი გადასახადი ქრება. ეს ნიშნავს, რომ თავდაპირველად ამ დასახლებაში მოსახლეობა ქრისტიანი იყო და ჰყავდა ღორი. როგორც ისლამისათვის მიუღებელი ცხოველი, ის შესაბამისი გადასახადით იბეგრება იმიტომ, რომ მოსახლეობა იძულებული გახდეს, იხადოს ეს გადასახადი, ან უარი თქვას ღორის მოშენებაზე. ეს თანდათანობით გამაჰმადიანებას ნიშნავს.
- მაგრამ მარტო ღორზე დაწესებული გადასახადით შეიძლება ამაზე მსჯელობა? ხომ შეიძლება, ღორი არ მყავდეს და მაინც ქრისტიანად დავრჩე?
- საქმე ისაა, რომ სხვა გადასახადებიც არსებობს, რომლებიც, ასე ვთქვათ, სწორედ ქრისტიანების ზედმეტად დაბეგვრას ემსახურება. ასეთია გადასახადი "მურახასიე", რომელიც სოფელში ეკლესიის არსებობასა და მღვდლის ყოლაზეა დაწესებული. თუ სოფელი იხდის ამ გადასახადს, მაშინ იმ სოფელს მღვდელიც ჰყავს და ეკლესიაც ფუნქციონირებს... ცნობილია, რომ მუჰამედის მოძღვრება ღვინის სმას კრძალავს. არადა, ვაზი ხშირად ფიგურირებს დავთრებში. დავთრები ერთმანეთისაგან ასევე ასხვავებს ქრისტიან ("ბენაქი") და არაქრისტიან ("მუჯერედი") გადასახადის გადამხდელს. პირველს გაცილებით დიდი ოდენობის გადახდა უწევს.
- ამის დადგენა იყო თქვენი ამოცანა?
დალი ნიკოლაიშვილი:
- დიახ, და არა მხოლოდ. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა, რა ტერიტორიას მოიცავდა თითოეულ დავთარში დასახელებული მხარე, რამდენი და რა სახის (მცირე, საშუალო, დიდი სოფელი და სხვ.) დასახლებები იყო მასში, რა ეკონომიკური შეძლების იყო ეს მხარეები, რა აგროკულტურები იყო გავრცელებული და სხვა.
დავით სართანია:
- ეს დავთრები თავისი შინაარსით, ხასიათითა და დანიშნულებით ერთმანეთისაგან განსხვავდება. ერთ-ერთი იყო დიდი ანუ ვრცელი დავთარი, რომელშიც დეტალურად აღიწერებოდა თითოეული გეოგრაფიული ობიექტი მასში მცხოვრებთა რაოდენობის, რელიგიისა და დაკისრებული ვალდებულებების ზუსტი ნუსხით. ის ფაქტობრივად დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის გარკვეული მხარის შესახებ. დიდი დავთრის შედგენის შემდეგ დგებოდა მოკლე დავთარი, რომელშიც ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა რანგის მოხელეთა შემოსავლის წყარო და ოდენობა იყო დასახელებული გარკვეული ობიექტების მითითებით. ზოგიერთ დავთარში (ე.წ. ცვლილებების დავთარი) მოხელეთათვის ქონების ბოძების ან ჩამორთმევის და შემდეგ სხვათათვის გადაცემის ინფორმაციაა აღნუსხული.
- კიდევ რა ცნობებს ვპოულობთ ოსმალურ დავთრებში?
დალი ნიკოლაიშვილი:
- უაღრესად მნიშვნელოვანია დავთრებში მოცემული ტოპონიმები. მართალია, ოსმალო მოხელის მიერ ჩაწერილი ქართული ტოპონიმი ხშირად დამახინჯებულია და ზოგჯერ მათი ამოკითხვა ძნელია, მაგრამ ისინი მაინც ძვირფასი წყაროა სხვადასხვა საკითხის გასარკვევად. ეს ტოპონიმები გვიმჟღავნებს, რა სიმჭიდროვე ყოფილა დაპყრობილ მხარეში, ასევე გვამცნობს ადგილმდებარეობის ბუნებრივ პირობებს (მზვარე, ჩრდილი და სხვა), აგროკულტურების გავრცელების ცნობებს და სხვა.
დავით სართანია:
- ფრიად მნიშვნელოვანია ასევე, ანთროპონიმები - ადამიანთა სახელები, რომელთა მიხედვით ვარკვევთ, როდიდან იწყება ქართველი მოსახლეობის გადასვლა დამპყრობელთა წეს-ჩვეულებებზე. მაგალითად, თუ რომელიმე დასახლებაში ჭარბობს ისეთი ქართული სახელები, როგორიცაა: აღდგომელ, ახალბედა, მახარებელ, მახარა, ერთგულა, ლომგულა, ლომა, მამისა, უფლისა, შავთვალა, ღვინია, ნასყიდა, ფოცხვერა, ვეფხა, ლამაზა და სხვა, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ჯერ კიდევ მტკიცეა ძველი ქართული ტრადიცია და ცნობიერება, ხოლო იქ, სადაც ჭარბობს: მუსტაფა, ჰუსეინი, ახმედი და მისთანანი, ქართულ ტრადიციას უკვე ეს სიმტკიცე მორღვეული აქვს და უცხო გავლენაა მოძალებული.
- რატომაა დავთრებში ასეთი განსხვავებული ცნობები?
- თითოეული დავთარი დროის სხვადასხვა მონაკვეთშია შედგენილი. ჩვენამდე მოღწეული ოსმალური დავთრები მხოლოდ საქართველოს გარკვეულ ნაწილს აღწერს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მხოლოდ იმ ტერიტორიის აღწერა შეეძლოთ ოსმალებს, რომლის დაპყრობაც მოახერხეს, ეს დაპყრობა კი ერთბაშად არ მომხდარა. ოსმალეთი საქართველოს ჩამოგლეჯდა რომელიმე მხარეს, შემდეგ კი ზოგიერთ მათგანს საქართველო უკან იბრუნებდა; გადიოდა დრო და ახალი შემოსევით ისევ კარგავდა. ამიტომ თითოეული დავთარი მისი შედგენის დროის სურათის ამსახველია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძელით დასახული მიზნის მიღწევა და აგრძელებთ თუ არა მუშაობას?
დალი ნიკოლაიშვილი:
- ამოცანა იმდენად ვრცელია, რომ ყველა წამოჭრილი საკითხის გარკვევა 3-წლიან პერიოდში, რომელიც გრანტით იყო გათვალისწინებული, ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. ამის დასტურია ჩვენ მიერ გამოცემული ნაშრომი "მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით", რომელიც 1400 გვერდს მოიცავს, 250-მდე გვერდი ფერადი ილუსტრაციებისთვისაა დათმობილი. ცხადია, საქმე ილუსტრაციების ფერადოვნებაში კი არ არის, არამედ - მის შინაარსში. რუკებისა და ექსპედიციების ფოტოების გარდა, უამრავი დიაგრამაა მოცემული. რაც შეეხება გაგრძელებას, ბუნებრივია, გვინდა ყველა კითხვას, რომელიც მუშაობისას წარმოიშვა, გავცეთ პასუხი. ამიტომ ისევ წარვადგინეთ ახალი პროექტი რუსთაველის ფონდში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი მესვეურები მოგვცემენ შესაძლებლობას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
შორენა მერკვილაძე