"თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია" - გზაპრესი

"თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია"

დემოკრატია ხალხის მმართველობას (ძალაუფლებას) ნიშნავს. ერთ-ერთი ქმედითი ფორმა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობაა. ხელისუფლების ჩინოვნიკები შრომის ანაზღაურებას მოქალაქეების გადასახადებიდან იღებენ და ვალდებული არიან, საზოგადოების მაჯაზე ხელი ედოთ.

პავლე თვალიაშვილი, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია "სიქას" დამფუძნებელი:

- თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ფორმებზე თუ ვისაუბრებთ, ხშირად ინფორმირების დონეს ვერ ვცდებით. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები თვლიან, რომ პროცესი შეიძლება მოქალაქეთა ინფორმირებით შემოისაზღვროს. მაგალითად, ახლა ქვეყანაში აქტიური პერიოდია, თვითმმართველობის მომავალი წლის ბიუჯეტის დასადგენად შეხვედრები იმართება; წარადგენენ, რაში გეგმავენ მომავალი წლის ბიუჯეტის დახარჯვას. ეს ჩართულობის მინიმალური დონეა, მოქალაქეებს პრაქტიკულად არა აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ერთ-ერთ ფორმატში ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებისგან ინიციატივებს ითხოვს და ბიუჯეტში გათვალისწინებას სთავაზობს. ჯგუფებსაც შეუძლიათ განსახილველად პროექტები წარადგინონ. მოქალაქეების მიერ პროექტის წარდგენისას ჩართულობის გარკვეული დონე უკვე გვაქვს, მაგრამ უფრო მაღალი დონეა, როცა ისინი გადაწყვეტილებასაც იღებენ: შეთავაზებულიდან რომელია უკეთესი, რა უფრო სჭირდებათ და ა.შ. ჩართულობის ნაკლები დონეა, როცა მოქალაქეები პროექტებს შესთავაზებენ და დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი მიიღებს.

აქ მეორე პრობლემას, საზოგადოების შეგნების დონეს ვაწყდებით: რამდენად მზად არის ხმა მისცეს ამა თუ იმ პროექტს? პრაქტიკაში გვხვდება ონლაინ ხმის მიცემა, სადაც მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან დაბალია, რადგან არ იციან ასეთი პროექტების შესახებ. ასევე, პროექტების წარმდგენ ორგანიზაციებს ან კერძო პირებს არა აქვთ საკმარისი რესურსი, რომ თავისსავე პროექტებს პიარი გაუწიონ...

შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობაში იყოს პროგრამები, სადაც მაგალითად, ახალგაზრდების ჯგუფს, პენსიონერებს ან გარკვეული სოციალური სტატუსის ჯგუფებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოყოფილი ან დაინტერესებული პირები საინფორმაციო შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს ჩაუტარებენ. თვითმმართველობისთვის წარსადგენად მომზადდება პროექტთა პაკეტები და მათი განხილვა უფრო სიღრმისეულად მოხდება; თუნდაც საკრებულოს კომიტეტების სპეციალურ ჯგუფებში, რომლებიც შესაბამის ბიუჯეტსა და მუხლებზე მუშაობენ. ამ შემთხვევაში, ჩართულობის დონე უფრო მაღალი იქნება; მოქალაქეებიც უფრო დაინტერესდებიან, საკმარისი ცოდნა-განათლება მიიღონ, იმუშაონ და თვითმმართველობას პროექტები შესთავაზონ. აქაც ჩართულობის რამდენიმე დონეზე შეიძლება ვისაუბროთ: ვთქვათ, შესაძლოა მოქალაქეები მაკონტროლებლები იყვნენ. მეორეა, მოქალაქეთა ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფები თვითონ იყვნენ შემსრულებლები პროექტების, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოიწონა.

- თქვენი თანამშრომლობის მაგალითებზე გვიამბეთ, მათ შორის - რუსთავის თვითმმართველობაზე.

- ახალგაზრდული მიმართულებით პროექტი შევთავაზეთ. ვუთხარით, რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს სათანადო რესურსი, გვყავს ახალგაზრდა შემსრულებლები, მოხალისეები, რომლებსაც ქალაქში საერთაშორისო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. რასაკვირველია, რამდენიმე დონეზე განიხილეს, მხარდაჭერის შემდეგ კი განვახორციელეთ. რუსთავში ორი წლის განმავლობაში, ხუთ-ხუთი ქვეყნიდან საერთაშორისო დელეგაციებს ვუმასპინძლეთ. განვახორციელეთ პროგრამა, რომლის მიზანი ადრეულ ასაკში ახალგაზრდების ჩართულობა იყო საერთაშორისო პარტნიორობისა და კომპეტენციების განვითარების კუთხით.

pavle-tvaliashvili-1639142324.jpg

- თვითმმართველობის მხრიდან საკმაო მზაობა თუ არის ასეთი თანამშრომლობისთვის?

- არა მარტო მზაობა, სურვილიც არის. წინა წლებშიც ვხედავდი განწყობას არა მარტო ინფორმაციის მოწოდებაზე, გვეუბნებოდნენ, - მობრძანდით და ვისაუბროთო. საკრებულოს სხდომებზე დასწრების საშუალება გვქონდა. ასევე, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისია, სადაც ხშირად იმართებოდა შეხვედრები; მათში თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თვითმმართველობის მხრიდან არც ერთ წინადადებაზე წინააღმდეგობა არ შემხვედრია.

- ამ გზაზე მაინც, რა პრობლემებია?

- ძირითადი აქცენტი მაინც ორგანიზებულ ჯგუფებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის გაკეთებული. დაბალია ჩართულობის მაჩვენებელი იმავე სტუდენტების, ასევე, სტატუსის არმქონე სხვა მოქალაქეების მხრიდან. ამისთვის სამოქალაქო განათლების საგანი არა მარტო სკოლის დონეზე, არამედ იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს, რომლებმაც სწავლა დიდი ხნის წინ დაასრულეს. საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, ფორმატებიც შემუშავდეს. საკრებულოს სხდომაზე დასწრება საკმარისი არ არის. მოქალაქეებს კონკრეტული მექანიზმები უნდა ჰქონდეთ და შემუშავებაზე საერთაშორისო დონორები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ, რათა შემუშავდეს, პირობითად, როგორ შეიძლება პენსიონერები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში, მხატვრები - თავიანთი სახელოვნებო მიმართულებით და ა.შ.

- ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, რამდენად საჭირო და აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში?

- გადაუდებლად მნიშვნელოვანია, რათა სტერეოტიპი - პატრონი არ გამოგვიჩნდა - აქტიური აღარ იყოს; ჩვენ თვითონვე უნდა ვიყოთ საკუთარი თავის პატრონები! ეს ქალაქი ჩვენია და მუნიციპალიტეტიც - იმ გაგებით, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები... ამიტომ თითოეულმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, თუ საჭიროა, მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხითაც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "გავიგუდე" გამწვანების აქცია ჩაატარა. ამაში ადგილობრივი თვითმმართველობა, სხვადასხვა სტრუქტურა ჩაერთვნენ, ასევე ბიზნესორგანიზაციები, მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ: ზოგმა ფული ჩარიცხა, ზოგმა მოხალისეობრივი შრომა გასწია, ზოგი უბრალოდ მოვიდა და მხარდაჭერა გამოხატა. ასეთი ჩართულობის მაგალითები იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდება.

არის გლობალური საკითხები, რაც ქალაქის საზღვრებს სცილდება. მაგალითად, ეკოლოგიური, რომელშიც არაერთი ორგანიზაცია და ადამიანია ჩართული. ეს იგრძნობა როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე შეკრებების დროსაც. არის პრობლემები, რომელიც ღიად არ ჩანს, პირობითად - ეტლით მოსარგებლის, რომელიც მაღალ სართულზე ცხოვრობს და სათანადო ზომის ლიფტი არა აქვს. ერთ და ორ პრობლემაზე ვერ ვისაუბრებთ, ბევრი საკითხია ქალაქში, რომლის გადაჭრაზე, როგორც საჯარო სექტორი, ასევე არაკომერციული და ბიზნესორგანიზაციები მუშაობენ. ოღონდ, სინერგიის ეფექტი უფრო მაღალი იქნება, თუკი ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.

- რამდენად მზადაა ამისთვის საზოგადოების აზროვნება და კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

- საჭიროა პოზიტიური მაგალითების წინა პლანზე წამოწევა, წახალისება ყველა მხრიდან, მათ შორის საჯარო სექტორიდან. სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები მზად არიან, მიიღონ შეფასება.

- დაბოლოს, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა?

- ეს რეალობა არანაირად არ შეუშლის ხელს თანამშრომლობას. მმართველი პარტია იქნება თუ ოპოზიცია, ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ და საერთო საქმე გავაკეთოთ.

გელა მამულაშვილი