მკლავჭიდელი გოგონას ცხოვრების გზა ბავშვთა სახლიდან მსოფლიოს ჩემპიონობამდე
16 წლის იყო, როცა მიზნად დაისახა, მისი სახელი მსოფლიოს გაეგო. დაუღალავად შრომობდა, ჰქონდა ბევრი სირთულე, წინააღმდეგობა, ამასთანავე, საოცარი სიმტკიცე, ბრძოლის უნარი და დღეს 14 ოქროს მედლის მფლობელი პარასპორტსმენია. მარინე ფუტკარაძე ახლახან ოქროს მედლით რუმინეთიდან დაბრუნდა, მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
- მარინე, პირველ რიგში, მიღწეულ წარმატებას გილოცავთ! მკლავჭიდით რა ასაკში დაინტერესდით, სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი რამ გაგიჩინათ?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მკლავჭიდით 16 წლისა დავინტერესდი. ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ შეამჩნია, რომ ძლიერი ბავშვი ვიყავი. მან გამაცნო თემურ ლიპარტაშვილი - ადამიანი, რომელიც შემდეგ ჩემი მწვრთნელი გახდა. მან მითხრა, თუ მოინდომებ და ივარჯიშებ, დიდ წარმატებას მიაღწევო. მკლავჭიდით სერიოზულად დავინტერესდი.
- როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სპორტში, პირველი დიდი წარმატების სიხარული როგორ გახსოვთ?
- პირველი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობდი, დაუღალავად ვვარჯიშობდი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. მიზნად დავისახე, ჩემი სახელი მსოფლიოს გაეგო. პირველ დიდ წარმატებას 2011 წელს მივაღწიე. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ავიღე. გულწრფელად გითხრათ, არ მეგონა, თუ მოვიგებდი. ეს ჩემი ვერცხლის მედალი იმ დროს ყველაფერს უდრიდა. უფრო და უფრო მომწონდა ის აზრი, რომ სპორტში მართლაც დიდი მომავალი მქონდა.
- რუმინეთში გამართულ ასპარეზობაზე ოქროს მედლის მოლოდინი რამდენად გქონდათ?
- რუმინეთში წასვლა გეგმაში არც გვქონდა, რადგან მკლავჭიდის ფედერაციაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გაურკვეველი და მოსაგვარებელი. ჩემპიონატის ჩატარების შესახებ თემურ ლიპარტაშვილმა გამაგებინა, მაგრამ დაფინანსება არ გვქონდა, თანხა უნდა მომეძიებინა. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ საკუთარი ხარჯით გავემგზავრე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ორმაგად უნდა მომენდომებინა. რადგან გარემოება ხელს მიშლიდა, ნასესხები თანხით ჩასვლა ჩემგან მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ფულს რომ ვსესხულობდი, თითქოს გული მკარნახობდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი, ამიტომაც ყველა საკითხი სასწრაფოდ მოვაგვარე. დღეს მსოფლიოს ჩემპიონი ვარ (ორივე ხელში) და ამით - უზომოდ ბედნიერი. იმ დღეს, ასპარეზობის ბოლოს, საქართველოს ჰიმნი იმდენჯერ აჟღერდა, რომ ვიფიქრე: ჩემი წვალება ამ ყველაფრად ღირდა.
- თქვენ ხართ პარასპორტსმენი, მაგრამ შეზღუდვის არმქონე სპორტსმენებს შორისაც ასპარეზობთ. ეს რთული არ არის?
- დიახ, პარასპორტსმენი ვარ და შედარებას ვერ გავაკეთებ, რომელი ჯობია ან უფრო რთული რომელია. ყველა შემთხვევაში, საქმეში დიდ შრომას ვდებ და სანამ სპორტში ვარ, სულ ასე იქნება.
- თქვენ შესახებ მიამბეთ: სმენის პრობლემა, რომელიც დაბადებიდან გაქვთ, დიდ გამარჯვებებად როგორ აქციეთ? საკუთარ თავში ამის ძალა როგორ იპოვეთ?
- სმენის პრობლემა დაბადებიდან მაქვს, მაგრამ ეს ცხოვრებისეულ ტრაგედიად არ მიქცევია. ყველა ადამიანს რაღაც შეზღუდვა აქვს, ზოგი ჩანს, ზოგი – არა. არა უშავს, მთავარია, პიროვნებამ იპოვოს ის საქმე, რომლის კეთებაც ბედნიერებას მიანიჭებს. ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი და უნარი აქვს. ჩემს შემთხვევაში არსებობს სმენის პრობლემა, მაგრამ ამავდროულად მაქვს დიდი ძალა, რომლითაც დიდ წარმატებებს მივაღწიე. ამ ძალამ ყველაფერი მომიტანა, რაც მაკლდა. შევძელი საკუთარი თავის წარმოჩენა. რაც მთავარია, ჩემი კარგად ესმით მეგობრებს, ისევე, როგორც მე - მათი.
- ბოდიშს გიხდით, მტკივნეულ თემას ვეხები: გთხოვთ, მიამბოთ დედაზე, როგორ გახსოვთ? მამაზე, რომელმაც 7 წლის ასაკში ერთი ბავშვთა სახლიდან მეორეში გადაგიყვანათ და მას შემდეგ არ გინახავთ...
- ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი და დედაა ის ადამიანი, ვისაც ვიფიცებ, მაგრამ არ მახსოვს; მიყვარს ისე, რომ დედის სითბო არ ვიცი: პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ოჯახზე ლაპარაკი არ მინდა... დავივიწყე, დამავიწყდა. მამასთან კონტაქტი არ მაქვს, არც ვცდილობ, არც მინდა, მაგრამ ოდესმე თუ დავჭირდები, ყოველთვის მხარში ამოვუდგები.
- მახინჯაურისა და ურეკის ბავშვთა სახლებში გატარებულ დღეებს როგორ გაიხსენებთ? რაზე ფიქრობდით, რაზე ოცნებობდით, ყველაზე მეტად რა გტკიოდათ, რა გიხაროდათ, რა გენატრებოდათ?
- ბავშვთა სახლში გატარებული დღეები კარგად მახსოვს. დიდი ოჯახივით ვიყავით. მყავდა კარგი მასწავლებელი, დირექტორი, მეგობრები... ჩვენ დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. მართალია, მაშინ ოჯახი მაკლდა, მაგრამ გამიმართლა, რომ მათთან მოვხვდი, მთელი ცხოვრება ამ ადამიანების მადლიერი ვიქნები.
- 2 უფროსი და გყავთ, მათთან ურთიერთობაზე რას გვეტყვით?
- ჩემი დები გათხოვილები არიან. კარგი ურთიერთობა გვაქვს და როცა შეგვიძლია, ერთად ვართ.
- ბავშვთა სახლის შემდეგ, 6 წელი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდით. დღეს თქვენი შრომით საკუთარი ბინა გაქვთ. მატერიალურ პრობლემებზე გამარჯვების სიხარულიც გაგვიზიარეთ.
- დიახ, ქირით ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, პენსია მქონდა და თავი ამით გამქონდა. დღეს საკუთარი სახლი მაქვს, მატერიალური პრობლემები, ისევე, როგორც ადამიანების დიდ ნაწილს, მეც მქონდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს. რაც მთავარია, დღეს ყველაფერი კარგადაა.
- მსოფლიოს, ევროპის, საქართველოსა და აჭარის მრავალგზის ჩემპიონი ხართ. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ჯამში ევროპისა და მსოფლიოს 14 ოქროს მედალი მაქვს ჩამოტანილი, 2 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაო და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ. ახლა წლის ბოლოა. დღესასწაულებისთვის ვემზადები. 2022 წელს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატებით და ჩემპიონობით დავაგვირგვინებ, ოქროს ოქრო მიემატება. საერთოდ, ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება დიდი სტიმულია. რუმინეთიდან რომ დავბრუნდი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შევჩერდით, გამოსასვლელად ვემზადებოდით. არ მეგონა, ვინმე თუ მელოდებოდა. კარი გაიღო და აღმოჩნდა, რომ მეგობრები მელოდებოდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ძალა კიდევ უფრო მომემატა. ამაყი და ბედნიერი ვიყავი მეგობრებით, ისინი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ძალიან მაგრები, ჩემპიონები არიან. მინდა, მალე ჩემსავით მსოფლიოს ჩემპიონატები კიდევ ერთხელ მოეგოთ!
P.S. ინტერვიუს ჩაწერაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი მარინე ფუტკარაძის მეგობარს, მარიანა მარიამ იოსელიანს - ადამიანს, რომლის ინტერვიუც ცოტა ხნის წინ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე დაიბეჭდა. ის წარმატებული სპორტსმენი გახლავთ, ევროპის ერთადერთი პრიზიორი გოგო საქართველოდან კლდეზე ცოცვაში.
თამუნა კვინიკაძე