ესპანეთის ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში ლუკა ხიდაშელი გახდა
13 წლის ლუკა ხიდაშელმა არაერთ წარმატებას მიაღწია. მაგიდის ჩოგბურთის სიყვარული მამისგან გადმომეცაო, ამბობს. ლუკა ესპანეთში დაიბადა და იქ იზრდება, თუმცა მშობლების დიდი ძალისხმევით, ის დღეს მშობლიურ ენაზე საუბრობს. ქართული სამზარეულოს დიდი მოყვარულიც ყოფილა. "საქართველო მომწონს, იქ ჩასვლა და მოგზაურობაც, მაგრამ საცხოვრებლად გადასვლაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, რადგან კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო", - მითხრა საუბრისას. ჩემთვის, როგორც უცხო მიწაზე მცხოვრებისთვის, ორმაგად ემოციურია, როდესაც ვიგებ ქართველის წარმატების შესახებ, მით უფრო, თუ ეს წარმატებული მოზარდია.
- მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში დაიბადე და აქ იზრდები, ძალიან კარგად საუბრობ ქართულად. ვინ დაგეხმარა ენის შესწავლაში?
- ამაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით. ასევე, ბარსელონაში დავდიოდი ქართულ ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლაში და ესეც ძალიან დამეხმარა. მშობლები სახლში ყოველთვის ქართულად მესაუბრებიან და თუ რამეს არასწორად ვამბობ, მისწორებენ. არ ვთვლი, რომ ქართულად კარგად ვსაუბრობ, რადგან ზოგიერთი სიტყვა არც ვიცი, რას ნიშნავს.
- რამდენად ხშირად ჩადიხარ საქართველოში და რა მოგწონს იქ ყველაზე მეტად?
- საქართველოში ძალიან ხშირად ვერ ჩავდივართ, რადგან ჩემი მშობლები აქ მუშაობენ. მეც სკოლაში და ვარჯიშზე მიწევს სიარული... ძალიან მომწონს საქართველო, ჩემს ბიძაშვილებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა, ქართული სამზარეულოც. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალი და ხაჭაპურია.
- ხომ არ გიჭირს ქართველ ბავშვებთან კომუნიკაცია და რა განსხვავებას ხედავ ესპანელ და ქართველ ბავშვებს შორის?
- მათთან ურთიერთობა მიჭირს, არ მყავს ბევრი მეგობარი, თითქმის ყოველთვის ბიძაშვილებთან ერთად ვერთობი. ისინი მართლაც განსხვავებულები არიან, უფრო ტრაბახები. აქ ასე არ არის. ამის გამო მიჭირს მათთან ურთიერთობა.
- ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიე, ესპანეთის ჩემპიონი გახდი მაგიდის ჩოგბურთში...
- ეს მართლაც დიდი გამარჯვება და წარმატება იყო ჩემთვის. ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვარ, ეს რომ შევძელი, მაგრამ წინ კიდევ ბევრი შეჯიბრება მაქვს და მინდა ყველა ჩემი გამარჯვებით დასრულდეს. რთულია, გადმოვცე ემოციები, რასაც გამარჯვების დროს განვიცდი.
- საინტერესოა, რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
- მაგიდის ჩოგბურთის სიყვარული მამისგან გადმომეცა. მამა, გიორგი ხიდაშელიც ვარჯიშობს. მართალია, ამდენ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის. ის თითქმის ყოველთვის მხარში მიდგას, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
- როგორია შენი ერთი დღე და რამდენად ბევრს ვარჯიშობ?
- დილით 6 საათზე ვიღვიძებ, მივდივარ ჯერ სკოლაში, მერე ვარჯიშზე. ვემზადები სხვადასხვა კატეგორიის შეჯიბრებისთვის. თუ გინდა ძლიერი და წარმატებული იყო, ამისთვის ბევრი უნდა იშრომო.
- ვისი სახელით მონაწილეობ შეჯიბრებებზე და თუ იციან, რომ ქართველი ხარ?
- ყოველთვის ესპანეთის სახელით გამოვდივარ. ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ქართველი ვარ, ზოგჯერ - არა.
ნინო კუთხაშვილი, ლუკას დედა:
- ეს არც ლუკას და არც ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილება არ იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ლუკა აქ ცხოვრობს და ვარჯიშობს, მას არ შეუძლია საქართველოს სახელით მონაწილეობა. ეს ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული. საოცრად ვნერვიულობ, როდესაც შეჯიბრებაზე გამოდის. ამ დროს მირჩევნია, სახლში დავრჩე, მაგრამ მისთვის ჩვენს მხარდაჭერას და იქ ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო თამაშზე პანდემიის გამო ვერ წავედით, ყოველი წუთი უსასრულოდ იწელებოდა, სანამ გავიგებდი, როგორ დასრულდა მისი თამაში. როგორც ყველა დედა იამაყებს და იქნება ბედნიერი თავისი შვილის წარმატებით, მეც ასე ვარ - ძალიან ბედნიერი. ეს არის პასუხისმგებლობაც, მას სჭირდება დიდი ფინანსური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მეც და მამამისიც ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ის მხოლოდ ვარჯიშსა და გამარჯვებაზე ფიქრობდეს.
- რას ფიქრობთ, ოჯახური გარემო არის თუ არა ბავშვის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი?
- შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი დედა ვარ, მაგრამ იმავდროულად, თბილიც. ვცდილობ, ყოველთვის გვერდში დავუდგე შვილებს და სათანადო გარემოც შევუქმნა კარგი განათლებისთვის.
- სამომავლო გეგმები როგორია, ხომ არ ფიქრობთ სამშობლოში დაბრუნებას?
- ახლა ისევ შეჯიბრებები დაიწყება სხვადასხვა ქალაქში, ასევე გასვლები აქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამისთვის ვემზადებით. სამშობლოში დაბრუნებას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს თემა ჯერჯერობით არც განიხილება.
ფიქრია რობაქიძე