სპიკერფობია - სიკვდილთან გათანაბრებული შიში - გზაპრესი

სპიკერფობია - სიკვდილთან გათანაბრებული შიში

"სპიკერფობია სიკვდილთან გათანაბრებული შიშია. ახასიათებს ძლიერი და აჩქარებული გულისცემა, არითმია, ტრემორი (ცახცახი), იწვევს მაღალ წნევას, ოფლიანობას, თავის ტკივილს, დაძაბულობას კიდურებში, კუჭის აშლას, კრიჭის შეკვრას და ზოგ შემთხვევაში გულისრევასაც კი. საბოლოოდ კი, ფსიქოსომატურ დაავადებებს, რომლების დიაგნოზირებაც საკმაოდ რთულია", - გვეუბნება მაგდა კოტრიკაძე, პიარფსიქოლოგიის ტერმინისა და მეთოდოლოგიის ავტორი.

- 25 წელია პიარში ვმუშაობ, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში. ინტენსიურად მიწევდა სპიკერებთან მუშაობაც... ხშირად პრობლემები ბავშვობის, მოზარდობის ან ზრდასრულობის ტრავმასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ასეთ დროს ფსიქოლოგიური ბერკეტი ნამდვილი საყრდენია. ამ მიდგომასთან პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მივედი და შედეგი მაშინვე მივიღე. ამან მომცა ბიძგი, ღრმად შემესწავლა ფსიქოლოგია და დღესაც ვაგრძელებ სწავლას. ფსიქოლოგია ისეთი ზღვაა, კიდე რომ არ უჩანს. ჩემი მოსაზრებით, თუ ადამიანი წინ არ მიდის, ის უკან იხევს.

ქართულ რეალობასაც ვიკვლევ ჩემი წიგნისთვის, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც სპიკერფობია ჰქონდათ. ასეთები იყვნენ: ალბერტ აინშტაინი, ყველასათვის საყვარელი ჰანს ქრისტიან ანდერსენი, დეტექტივების დედოფალი აგათა კრისტი, ერიკ და ჯულია რობერტსები, ნიკოლ კიდმანი, მერილინ მონრო, ტომ კრუზი, კიანუ რივზი, ქართველებიდან კი, მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძე, რომელსაც "ჩეკაში" მისვლის შემდეგ საოცარი თვისება - დაწვრილებული ხმით საუბარი დასჩემდა; ასევე ცნობილი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული სპიკერფობია ჰქონდა. ერთ დღეს მოსკოვში მიიწვიეს. სტალინთან თავისი შექმნილი ნახატის საჩუქრად გადაცემისას, ისე შებორკილა, რომ მიირთვითო - წარმოუთქვამს, სტალინს კი უპასუხია: მივირთვა, რა, ლობიოაო? - და გაუცინია. ისტორიულად, პირველი "ენამებორძიკე" ანუ სპიკერფობიით შეპყრობილი მოსე იყო.

ამ დაავადებას სხვადასხვა თანმდევი ფორმა ახასიათებს: ლოგონევროზი, ენაბორძიკი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა ხშირია იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახში ორ ან მეტ ენაზე საუბრობენ; ასევე ოჯახში, სადაც პატარებს მკაცრად ზრდიან და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენ შორის ჭარბად არიან ტრავმირებული ადამიანები და ჩვენ მათ დახმარებას ვცდილობთ: ერთად ვისმენთ ცნობილთა გამოსვლებს, ვმუშაობთ ხმაზე, ჟესტზე, მეტყველებაზე, სუნთქვაზე... მოკლედ, ეს კომპლექსური სამუშაო პროცესია...

- პრობლემა ნებისმიერ ასაკში იჩენს თავს. თუ მშობელი შვილს შეატყობს, რომ მსგავსი "შეფერხება" აქვს, როგორ უნდა მოიქცეს?

258731186-315934970093712-2823807804594118902-n-1639144167.jpg

- აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გვქონდეს ბავშვებთან. ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ კარგი გვინდა მათთვის და ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ თუ მისი ნების წინააღმდეგ ვიქცევით, შესაძლოა სრულიად უწყინარმა წახალისებამ, საჩუქარმა ან საყვედურმა სერიოზული პრობლემა შეუქმნას ბავშვის ფსიქიკას. ამიტომ, უმთავრესია, რომ უნდა მოვუსმინოთ შვილებს!

მინდა ყურადღება გავამახვილო მამებზე, რადგან მამა ბავშვისთვის შეუცვლელი ლიდერია. ასეა თუ ისე, მამები აქცენტს ქალიშვილებზე აკეთებენ, დედები კი - ვაჟებზე, ეს საპირისპირო სქესის მართვისა და მიზიდულობის ხარისხით აიხსნება, თუმცა არსებობს ჯანსაღი ურთიერთობები, სადაც გოგონაზეც და ვაჟზეც თანაბრად ნაწილდება სითბო, ყურადღება და საყვედური. მამის დატუქსვას: "ხმა ჩაიგდე", "ენას ამოგგლეჯ!", "ჩუ-მეთქი!", "კიდევ საუბრობ?", "თქვი, რა დააშავე!" "გამოტყდი, რა ჩაიდინე!" - საშინელი შედეგები მოჰყვება. ბავშვში მამის პოზიტიური დამოკიდებულება ძლიერ მხარეებს აყალიბებს, აგრესიული მოპყრობა კი სუსტ მხარეებს კიდევ უფრო ასუსტებს. მნიშვნელოვანია ნეგატიური ქმედებების შეზღუდვა, რადგან ბავშვს საოცარი წარმოსახვის უნარი აქვს და ერთი ფაქტიც კი ზოგჯერ მთელ მის ცხოვრებაზე აისახება. რა არ უნდა გააკეთოთ: დასჯის მიზნით სკამზე ან კუთხეში დაყენება, საშიში კადრების ჩვენება (ფილმი იქნება თუ ჟურნალი), საშიში ამბების მოყოლა, მოულოდნელი შეძახილი ან უკნიდან მოულოდნელი მიპარვა, ასევე მის წინაშე ჩხუბი, ყვირილი და ნებისმიერი აგრესიის გამოხატვა - აკრძალულია! თუკი ამ მომენტში მოზარდი საუბრობს, შესაძლოა მეტყველების შეფერხება, აზრის დაუსრულებლობა, გაფანტულობა, ცახცახი საუბრისას ან აზრის გამოხატვის უდიდესი შიში დაატყდეს თავს, მერე კი ლოგოპედები, თერაპევტები, სხვადასხვა მიმართულების ექიმები დაგჭირდებათ, რომ თუნდაც ერთი ასეთი მოქმედების შემდეგ, მოზარდის მეტყველება მწყობრში მოიყვანოთ. არადა, კვლევებით დადასტურებულია, რომ მამის მოფერება ბავშვის ინტელექტის ზრდას უწყობს ხელს, მისი მეხსიერება წახალისებით უფრო აქტიურდება და მოტივაციასთან ერთად ლექსი, სიმღერა და ზღაპარი სასიამოვნო, სახალისოა მისთვის. ათქმევინეთ ბავშვებს ლექსები, - მხოლოდ თქვენთვის, მამებო! მათ თქვენი ყურადღება ძალიან სჭირდებათ! იცოდეთ, თქვენი შვილის წარმატება თქვენს ხელშია. თუ თქვენ რიგიანად დაუდგებით გვერდით, მოუსმენთ, მიეალერსებით და თქვენთვის ნათქვამი ლექსის სიამოვნებას განაცდევინებთ, მას სხვებთან თავის წარმოჩენის სურვილი გაუღრმავდება და საჯარო გამოსვლების დროსაც მისთვის სრულიად ბუნებრივი იქნება წარმოადგინოს მოხსენება, პრეზენტაცია ან საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია! გახსოვდეთ: მამებს შვილები აღმერთებენ მანამ, სანამ ისინიც სწორედ ამას განიცდიან და ეს უსასრულო ჯაჭვია! დაბოლოს, ყურადღების მიღმა დარჩენილი შვილები სხვა მამებს შენატრიან; ნუ გაუშვებთ ხელს თქვენი შვილის პაწია ხელს, უსმინეთ მის მაჯისცემას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას გულითადად სჭირდება მოსმენა!..

მანანა გაბრიჭიძე