საახალწლო დეკორაციები, რომელიც სიცოცხლესა და სითბოსთან ასოცირდება - გზაპრესი

საახალწლო დეკორაციები, რომელიც სიცოცხლესა და სითბოსთან ასოცირდება

ლიკუნა კოტეტიშვილი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ უბანში, ეზოიან სახლში ცხოვრობს. ბავშვებს თავად ზრდის და პარალელურად შინ მუშაობს. კარგი კულინარია და ასევე, მცენარეების დიდი მოყვარული. როგორც ამბობს, მათ დასახლებამდე იქ სრული "უდაბნო" იყო, სადაც ბალახიც კი არ ხარობდა, მაგრამ ახლა საკუთარი ხელით მოწყობილი ბაღ-ბოსტნით ამაყობს. საახალწლო სამზადისს იანვრამდე 2 თვით ადრე იწყებს და სადღესასწაულოდ უამრავი სხვადასხვა დეკორატიული ნივთი აქვს შექმნილი. თავდაპირველად, ათი წლის წინ, ქვებისგან სამკაულს ქმნიდა. მას შემდეგ მისი ხელნაკეთი ნივთების რიცხვიც გაიზარდა და რამდენიმე სხვა მიმართულებაც დაემატა.

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის მიტაცებდა. შემოქმედებითი საქმიანობა სამკაულების კეთებით და ღვინის ბოთლების მოხატვით დავიწყე, შემდეგ ვქსოვდი ხელთათმანებსა და საყელოებს. ოთხი წლის წინ სახლისთვის ნაძვის ხის სათამაშოები, მცირე ზომის ნაძვის ხეები, კარზე დასაკიდი გირლანდები გავაკეთე. მოწონება რომ დაიმსახურა, შემდეგ სხვებისთვისაც დავიწყე კეთება და წელს კიდევ უფრო მეტი ნივთი შევმატე.

- საქორწინო აქსესუარებზეც აქტიურად მუშაობ და მაკიაჟის ტექნიკასაც ფლობ...

- დიახ. ისე გამოდის, რომ ჩემი ყველა წამოწყების პირველი მომხმარებელი თავად ვარ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - ჯვრისწერისთვის კელაპტრები გავიმზადე. ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეკეთებინა. ნელ-ნელა - გვირგვინები, დიადემები, თაიგულები, ფატა, თმის აქსესუარები, მოსაწვევი ბარათები დავამატე... კელაპტრები ცვილით მზადდება, თითოეული დეტალი ხელით იძერწება და მათ მარგალიტებით ვაფორმებ. მარგალიტი ქრისტიანულად სიწმინდესთან ასოცირდება... ყოველთვის მინდოდა, საქორწილო მომსახურების ერთი პაკეტი შემეკრა და ორიოდე წლის წინ ეს სურვილიც შევისრულე. მაკიაჟის ტექნიკას დავეუფლე. სასურველ ლოკაციაზე მივდივარ და დედოფლებს მაკიაჟსაც ვუკეთებ. მარხვის პერიოდში ჯვრისწერები არ არის და ამ დროს საახალწლო სამზადისი მაქვს, გაზაფხულზე სააღდგომო დეკორაციებსა და სამკაულზე ვმუშაობ. ასე რომ, უქმად არასდროს ვრჩები, საქმეს სეზონების მიხედვით ვანაწილებ.

- რა ფერები ჭარბობს შენს საახალწლო აქსესუარებში და წინასწარ თუ ითვალისწინებ წლის ბოლოს ასტროლოგების მიერ გაცემულ რჩევებს?

- გულწრფელად გითხრათ, არ ვითვალისწინებ, რადგან ვფიქრობ, მთავარია, რა ენერგეტიკით აკეთებ თითოეულ ნივთს. ყოველთვის ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო და დადებითი ენერგიით დამუხტულმა ვიმუშაო. ვცდილობ, ნამუშევრებში ნატურალური დეტალები შევიტანო, რომ სიცოცხლის ასოციაციას იწვევდეს. აქედან გამომდინარე, გვხვდება: გირჩები, რკოები, დარიჩინის ჩხირები... ნაძვის ტოტებს თექითა და მაქმანით ვაწყობ. დეკორატიული ნაძვის ხეების სიმაღლე 15-35 სანტიმეტრია. პატარა ნაძვები იმ ადამიანებისთვის გასახალისებლად შევქმენი, ვისაც დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, სამსახურში დიდი დროის გატარება უწევთ. მინდა, ამ ნაძვის ხეებს რომ შეხედავენ, დღესასწაულის შეგრძნება ჰქონდეთ. ასევე ვამზადებ სასანთლეებსაც. ჩემს საახალწლო ნივთებში ჭარბობს: მწვანე, წითელი და ოქროსფერი. მწვანე ჩემთვის სიცოცხლესთან ასოცირდება, წითელი - სიყვარულთან, ხოლო ოქროსფერი - სითბოსა და ოჯახურ სიმყუდროვესთან, თეთრი ან ამ ფერის დეტალები კი - სიწმინდესთან, თოვლთან და წელიწადის ამ დროსთან განუყრელ კავშირშია.

3-1639144349.jpg

- ორი მცირეწლოვანი შვილი გყავს...

- ძალიან გამიმართლა, იდეალურად ვახერხებ მათთან ერთად მუშაობას. კარგი მეუღლე მყავს, ის ყოველთვის ხელს მიწყობს მუშაობასა და პიროვნულ განვითარებაში. ბავშვების გასეირნება იქნება ეს თუ სხვა საქმე, ყოველთვის მეხმარება.

ანდრო და საბა დროდადრო გვერდით მისხედან. ჩემი პატარა ელფები მთელი გულით მეხმარებიან და ზოგჯერ თავადაც სიხარულით ერთვებიან საქმეში. წელს ნაძვის ხის სათამაშოები გავაკეთებინე, ერთი სული აქვთ, როდის გამოვფენ მათ ნახელავს ნაძვის ხეზე. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და ეზო თუ ოთახები, ჩემს ოჯახში საახალწლოდ გამორჩეულად ირთვება...

ანა კალანდაძე