"დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას გათენება აღარ ჰქვია..." - გზაპრესი

"დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას გათენება აღარ ჰქვია..."

"კიდევ ერთი დათუნა! კიდევ ერთი დაჩეხილი 15 წლის ბიჭი! ამჯერად სანზონელი, სიცოცხლით გაუმაძღარი პატარა ოქროსგულა დედის იმედი! ამას გათენება არ ჰქვია! დღეს მზეც ტირის და თვალებს ვერ ახელს... დღეს 15-16 წლის ბიჭები მკვლელებად იქცნენ, რა ვქნათ? მკვდარი და ცოცხალი - ყველა ერთად უნდა ვიტიროთ! გესმით, სიმწრისაგან ტირის სამყარო! შევიშალეთ, მართლა შევიშალეთ! ჩაჰკიდეთ შვილებს ხელები და ელაპარაკეთ სიყვარულზე, მიტევებაზე, კაცობაზე ელაპარაკეთ! მეც, შენც და ყველამ ერთად ველაპარაკოთ! გული გავუთბოთ, თორემ დაგვრჩა ეს ქვეყანა უადამიანოდ. სად ხართ, მამებო? ძვირფასო დედებო! მასწავლებლებო! მოძღვრებო! ქვეყნის ვაი-ჭირისუფალო! გაწყდა ახალგაზრდობა! უკვე აღარ გვყავს კიდევ მერამდენე დათუნა... დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას გათენება აღარ ჰქვია... ასე არ გათენდება..." - ასე გამოეხმაურა პედაგოგი ლიკა ჩხაიძე თავის "ფეისბუკ"-გვერდზე სანზონაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, 15 წლის მოზარდის, დავით კრავეიშვილის მკვლელობას.

სოციალური ქსელი აჭრელებულია მოზარდის თანატოლების ტკივილიანი სტატუსებით, განიცდიან თანატოლები და მართლა მთელი ქვეყანა გლოვობს კიდევ ერთ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას, რომელსაც სამწუხაროდ, ისევ თანატოლმა მოუსწრაფა სიცოცხლე. "დილიდან თავს ვერ ვერევი, ვერ ვიჯერებ, საშინლად მტკივა, სული მეწვის, თვალწინ მიდგას დათუნას უთბილესი, ცელქი, ნაღვლიანი თვალები. ჩემი გულის ნაწილი წაიღო, ენას ვერ ვატრიალებ, მიჭირს თქმა. ჩემო ცელქო და სიცოცხლის მოყვარულო ბიჭო, ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს, ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული უფალმა. მუდამ ჩვენ გულში იქნები, როგორც უთბილესი დათუნა", - ეს კიდევ ერთი პედაგოგის, ლიკა ჩახაიას სტატუსია, რომელიც გარდაცვლილს კარგად იცნობდა.

უმძიმესი დანაშაული 4 დეკემბერს, საღამოს, სანზონაში მოხდა. პოლიციამ უკვე ამოიღო მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული თითქმის ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. არსებული ინფორმაციით, ამ კადრებში კონფლიქტის დაწყების დრო და ინციდენტში მონაწილე პირების გადაადგილება ჩანს, რაც ალბათ, გამოძიებას დანაშაულის გახსნაში დაეხმარა. როგორც ირკვევა, დათო კრავეიშვილს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ორი პირი ელოდებოდა, ისინი სახლიდან გამოსულს დახვდნენ და ამის შემდეგ არასრულწლოვნები ლიახვის ქუჩისკენ წავიდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის ჯერ ე.წ. გარაჟებთან დაიწყო, შემდეგ კი იქიდან რამდენიმე მეტრში, მას დანით ჭრილობები მიაყენეს და სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს, რადგან ადგილობრივების თქმით, კონფლიქტში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოკლულ არასრულწლოვანს დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამის ჩადენის შემდეგ, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შემთხვევით გამვლელმა დაჭრილი მოზარდის გადარჩენა სცადა და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, ბიჭის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ექიმის თქმით, ერთ-ერთი სასიკვდილო ჭრილობა კრავეიშვილს გულის არეში ჰქონდა მიყენებული. კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება მაინც ჩაუტარეს. "უცხო პირებმა რომ მიიყვანეს ბავშვი, გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ექიმები-რეანიმატოლოგები კი გულის მუშაობის აღდგენასაც შეეცადდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს", - განაცხადა ტურძელაძემ.

მოკლული მოზარდის ცხედარი საავადმყოფოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. თუ რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

ამ დრომდე არ არის ამოღებული მკვლელობის იარაღი - დანა, მაგრამ ძალოვანებმა საქმე ოპერატიულად გახსნეს: შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. მკვლელობის ოფიციალურ ვერსიად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ერთი ვერსიით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი, მეორე დღეს მკვლელობით დასრულდა; მეორე ვერსიით, კონფლიქტი მათ შორის გოგონას გამო მოხდა. პროკურატურა კონფლიქტის უშუალო მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.

mokl-1639382761.jpg

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, გამოძიება გრძელდება და ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებაც ჩატარდება: "ჩატარებული გამოძიებით გამოვლენილია ორი არასრულწლოვანი. ერთს ედება ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. მეორე არასრულწლოვანს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ვინაიდან, მან იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებული კატეგორიის დანაშაული და არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მტკიცებულებები მოპოვებულია, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. გარდა ამისა, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ორივე ბრალდებულის ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რადგან აღნიშნულ ეტაპზე არსებობს ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ამოღებულია არაერთი ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია საქმესთან. რაც შეეხება კონკრეტულად დანის არსებობას, რა თქმა უნდა, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა. თავის დაცვის მიზანი არ ყოფილა, ეს განზრახ მკვლელობა იყო..."

ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, სასამართლო პროცესი დახურული იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე და 15 წლის მოზარდის, დათო კრავეიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ლ.ი-ის ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ადვოკატი პატიმრობის შეფარდებაზე გამოტანილი სასამართლოს განჩინების აპელაციაში გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატის თქმით, საქმე არასრულადაა გამოძიებული და მთელი რიგი დარღვევები არსებობს: "არის უფლება, რომელიც არასრულწლოვნისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის დაცვის უფლება, რომელიც დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. შესაბამისად, რიგი დარღვევების გარდა, არის არასრულად გამოძიებული საქმე, რომელმაც ბრალდება უკვე შეიყვანა შეცდომაში და ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელზეც ბრალი წაუყენეს. დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს მის უდანაშაულობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ არ ჩაუდენია..."

რაც შეეხება მასთან ერთად განსასჯელის სკამზე მყოფ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილას თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა. ადვოკატ ამირან ხუციშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას დეტალურად მისცა ამომწურავი ჩვენება მომხდართან დაკავშირებით და ასევე მზად არის მონაწილეობა მიიღოს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში და მიაწოდოს გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია. თუმცა, ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, ამხელს თუ არა მისი დასაცავი უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს.

როგორც ახლობლები ამბობენ, მოკლული ბიჭი მეცხრე კლასიდან გამოვიდა და ის თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ყველა შეძრულია მომხდარით. ამბობენ, რომ ყოველთვის მოღიმარი სახით ხედავდნენ ეზოში.

"ლიახვის ქუჩაზე ქირით იყვნენ დედა-შვილი. ყოველ საღამოს ძაღლი გამოჰყავდა გასასეირნებლად. წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო. ძალიან კარგი ოჯახია. დედამისი აქვე, მაღაზიაში მუშაობდა. განადგურებულები ვართ, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. დედის განწირული გოდება ახლაც ყურში ჩამესმის. სიმწრით გაზრდილი შვილი მოუკლეს. მე არ შევსწრებივარ ჩხუბს, მაგრამ მეზობლისგან ვიცი, რომ დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაწყებულა, შემდეგ ამ ბავშვს რომ დაერივნენ, მას გაქცევა უცდია, მაგრამ გაედევნენ და დანით 10-მდე დაზიანება მიაყენეს. მეზობელი იმასაც ამბობს, მესმოდა, ერთ-ერთი ტელეფონზე რომ რეკავდა და ვიღაცას ეუბნებოდა, - მოდი, მგონი ვიღაც მოკვდაო. უცებ წაუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. გაუბედურდა ეს მშრომელი ოჯახი. დედამისს ყველა პატივს სცემს ამ უბანში. როგორც ვიცი, დათოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედა ზრდიდა ობლად დარჩენილს. გორიდან არიან. ამ ბავშვის ჩხუბი არასოდეს გაგვიგონია, რატომ გაიმეტეს და განადგურეს ეს ოჯახი? სიტყვებს ვერ ვპოულობ, დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ორი მოზარდია დაკავებული, მაგრამ აქ უბანში ყველა ამბობს, რომ 10 თუ 15 ბიჭი ირეოდა იმ დროს", - ამბობს მეზობელი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა