"ქართველები შევიცვალეთ, ოღონდ უარესობისკენ..." - გზაპრესი

"ქართველები შევიცვალეთ, ოღონდ უარესობისკენ..."

ქართველი მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული მიიჩნევს, რომ რაც დრო გადის, ქართველები ვიცვლებით, მაგრამ არა უკეთესობისკენ; ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, აგრესია და შური ყოველდღიური ცხოვრების წესად ვიქციეთ და ის გარე საფრთხეები დავივიწყეთ, რომლის უგულებელყოფამაც შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს...

- ვიდრე სხვა სადარდებელზე დავძრავდე სიტყვას, უნდა ვთქვა რამდენიმე დღის წინ წასულ ჩემს მეგობარზე, თამაზ ტყემალაძეზე. ის "კოვიდით" გარდაიცვალა. დიაბეტი ჰქონდა, გაურთულდა და თირკმელები ჩაითრია... ათი ათას კაცში გამოარჩევდა ადამიანი თავისი ნიჭიერებით, სიკეთით, აზროვნების წესით და მხატვრული სიტყვის მიმართ მომფერებლური დამოკიდებულებით! ზედმიწევნით იცოდა ქართველ მწერალთა - განსაკუთრებით, რომანტიკოსთა და კლასიკოსთა შემოქმედება და მდიდარი ბიოგრაფიები. ერთ ფრაზაში, ერთ მომცრო საქციელში ჩანდა მისი გამორჩეული გემოვნება, წიგნიერება და ინტელექტი. უნივერსიტეტელ ჰუმანიტართა ბრწყინვალე თაობის ღირსეული წევრი გახლდათ და მხურვალე მსახური იმ ხატისა, რომელსაც საქართველო ჰქვია სახელად. ამიტომაც უყვარდა ასე თავდავიწყებით ჩვენი ხალხის სწორუპოვარი პოეზია და მისი ეს სიყვარული გადამდები იყო. უყვარდა და ყველაფერს აკეთებდა მისი გადარჩენის, მოვლა-პატრონობისა და გამობრწყინებისთვის... ახლა იმ გრანდიოზული პროექტის ბედიც მეფიქრება, რომელიც ერთობლივად წამოვიწყეთ და დასრულებამდე თითქმის აღარაფერი აკლია.

- ერთობლივ წიგნზე მუშაობდით?

- დიახ, და რა სამწუხაროა, რომ თამაზ ტყემალაძეს ბევრი რამ დარჩა საძირკველჩაყრილი და დაუსრულებელი. მისი ნახელსაქმარი ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანს გულისხმობდა და წარუვალობის ნიშნით იყო აღბეჭდილი.

წავიდა და დატოვა ნაკვალევი, რომელსაც წაშლა არ უწერია!.. ბოლო ხანებში ერთად ვმუშაობდით პროექტზე, რომელიც ხალხური პოეზიის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება. რა თქმა უნდა, მის გარეშეც შევძლებთ დასრულებას, მაგრამ ისეთი არ იქნება, როგორიც მასთან ერთად იქნებოდა. გულისტკივილით ვამბობ, რომ ჩვენ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთ. შესანიშნავი ლექსების ავტორიც იყო, რომელსაც რატომღაც, ჩქმალავდა. ამასთან, ძალიან კარგი, გემოვნებიანი ფილოლოგი, მკვლევარი, კომენტატორი, პუბლიცისტი. 30-40 წლის წინ ტელევიზიაში ხალხური შემოქმედების რედაქციაში მუშაობდა, მის ხელში უამრავი მასალა გადიოდა. ფოლკლორის ქომაგი და გულშემატკივარი იყო, ყველა ფრაზას უფრთხილდებოდა და ინახავდა. ამდენი ფიქრისა და ძიების შედეგია ის 1200-გვერდიანი წიგნი, რომელიც მუშაობის პროცესშია, ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ მისი გამოცემის შემდეგ, ქართველი მკითხველი ქართული პოეზიის უკიდეგანო სიმდიდრეში დარწმუნდება. მას დიდი ალბათობით, "სრულიად საქართველოს ხალხური პოეზია" ერქმევა, რადგან მასშია შეტანილი იმერხევური, ფერეიდნული იმ კილო-ნიმუშების ნაწარმოებები, რომელსაც აქამდე ნაკლებად ვხვდებოდით. იმედია, გამოჩნდება ადამიანი, ვინც საქმეს ფინანსურად დაუჭერს მხარს.

- "კოვიდმა" სიკვდილს შეგვაჩვია?..

- დიახ, გაგვიშინაურდა. დღეში 70-80 მიცვალებული გვყავს და ისე ვუყურებთ, თითქოს სტატისტიკაა. წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ და ჩემს ბავშვობაში რომ გავიგებდი, ხევში ვინმე გარდაიცვალა, თუნდაც უცნობი ყოფილიყო, ღრმად მოხუცი, ვისაც მხოლოდ გვარ-სახელით ვიცნობდით, მაინც ყველა განიცდიდა ადამიანის სიკვდილს. ახლა კი ვუყურებთ და ვუსმენთ ყოველდღე ასამდე სხვადასხვა ადამიანის სიკვდილის ამბავს და ემოცია აღარ შეგვრჩა. ყველას სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ რასაც ვხედავ, თითქოს სიკვდილსაც თავისთვის კარგი მიჰყავს... თუმცა, საზოგადოების ნაწილისთვის თითქოს არაფერი იცვლება, ძველებურად ტალახის სროლას არ ვწყვეტთ. სიძულვილის ენით ლაპარაკი, აგრესია, გაუტანლობა, აღმატებულ ხარისხში ერთმანეთის ლანძღვა, ყოველდღიურობად იქცა. არადა, ქართველი კაცი, მოყვასის, თანამემამულისთვის კი არა, მოსისხლე მტრისთვის არ გაიმეტებდა ძვირს დაუმსახურებლად. ყველა მხარეს ვგულისხმობ: მმართველ გუნდს, ოპოზიციას; პოლიტიკოსებმა დათესეს ზიზღის ენით ლაპარაკი. არადა, ქართველებს ზომიერება სიტყვის თქმასა და საქციელში არასდროს ეშლებოდათ. ყველას ესმოდა, რომ ასე ქართული საქმე და სახელმწიფო ზიანდება. მიკვირს, ახლა საიდან მოდის ამდენი ზიზღი, აგრესია, ბოღმა და ტყუილი. როგორმე უნდა დავფიქრდეთ, თუ რას მოგვიტანს ეს უსაგნო დაპირისპირება და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში.

- რასაც ყველაზე ნაკლებად ვაკეთებთ, არა?

- დიახ, ოღონდ მხოლოდ პოლიტიკაში კი არა, ყველა სფეროში ასეა. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. თბილისის მიღმაც არსებობს საქართველო, ძალიან ცოტას ახსოვს რეგიონები. ერთეულები თუ ზრუნავენ იმაზე, რომ მთა და ბარი არ დაიცალოს. თვისებრივადაც შევიცვალეთ ქართველები. ადრე ქართველ კაცს გარე სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაც სხვაგვარი ჰქონდა, ახლა საკუთარი თავის, სოფლის, მეზობლის, მოყვასის მიმართაც შეიცვალნენ. ხალხური პოეზიის ფილოსოფიურ ნიმუშად ქცეული ლექსი მახსენდება: "მე სოფლის თავსა ვესახლე/ და არ სოფელი ჩემს თავსა,/ სოფელი კარგა მთავსობდა,/ თუ მე სოფელი მეთავსა./ რასაც სოფლისთვის ვფიქრობდი,/ წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა". ეს მახვილგონივრული ლექსი გვასწავლის: რასაც სხვისთვის ფიქრობ, თავად გადაგხდება, ამიტომაც სოფელსა და სოფლის წევრებთან თავსებადობა აუცილებელია შენივე გადარჩენისთვისო. ახლა კი მხოლოდ ბარში კი არა, ყველგან ყველაფერი შეიცვალა. მთაშიც კი... ადრე მთებში, 30-40 კომლი გარკვეულ ტერიტორიაზე სიამტკბილობით ცხოვრობდა, ერთმანეთს მხარში ედგნენ, სათიბიც ჰქონდათ, საძოვარიც და ბოსტანიც. საქონელიც ჰყავდათ, ცხვარში ერთად დადიოდნენ, ახლა იქაურობა დაცლილია და იგივე ფართობი, ის ადგილები 3-5 კაცს არ ჰყოფნის. არ ვიცი, რა გაუმაძღრობა დაგვემართა. ის ურთიერთპატივისცემა აღარ გვაქვს. ქართველები შევიცვალეთ, მაგრამ უარესობისკენ. ამის დანახვას, გააზრებას და შემდეგ გამოსწორებას შესაძლოა, რამდენიმე ათეული ან ასეული წელი დასჭირდეს.

ამ გზით წასვლაში დიდი როლი ითამაშა პოლიტიკამ, ყველაფრის პოლიტიზებამ, დილეტანტიზმმა. არაპროფესიონალიზმი არის ჩვენი მთავარი მტერი, ყველგან, ყოველ ნაბიჯზე - სამედიცინო სფეროში, განათლების სფეროში. ყველგან! მუდამ ვაწყდებით გულგრილ დამოკიდებულებას, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ გვანგრევს. როდესაც საქმეს პროფესიონალი აკეთებს, ის მოშურნეობაც ნაკლებია, მტრული დამოკიდებულებაც აღმოიფხვრება, ყველა თავის ადგილს იპოვის.

- თითქმის 30 წელია, დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც შორი გზა გვაქვს გასავლელი თავისუფლებამდე, არა?

- დიახ, ჯერ ბევრი რამ ვერ გავიაზრეთ, ზოგი - ნაწილობრივ, ზოგი - ბოლომდე... ეს ყველაფერი დრომ და ეპოქამ მოიტანა. ქართველმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, ყველაფერი უცხოეთიდან გადმოგვეკოპირებინა, თითქოს ჩვენ არაფერი გვებადა; არც წარსული გვქონდა, ისტორია, არც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გამოცდილება, არც კულტურა, ჩვენთვის ბუნდოვანი, უცხო და გაურკვეველი თეორიების გადმოტანა მოვინდომეთ. როდესაც წარსული ამის უფლებას არ გაძლევს, სახელმწიფო, ხალხი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, რადგან ბევრისთვის მიუღებელი, გაუგებარი იყო... როგორც ვთქვით, ხშირად ზომიერება გვღალატობს. დასავლეთს, ევროპას უამრავი კარგი რამ აქვს, რაც უნდა გადმოვიღოთ, მაგრამ ჩვენიც არ უნდა დავივიწყოთ. ქართველები არსაიდან არ მოვსულვართ. ჩვენის დავიწყებით არ უნდა შემოვიღოთ სხვისი, მათგან კარგი უნდა ვისწავლოთ, ოღონდ სწორად, გონივრულად და ჩვენს რეალობაზე მორგებულად... ახლა ბევრი ამბობს - რომ არა დასავლეთისა და ამერიკის მხარდაჭერა, საქართველო ძალიან სწრაფად შეიძლება ერეკლე მეფის დროინდელ რეალობას დაუბრუნდესო. ასეც არის... ის, რაც ბოლო ხანებში უკრაინის საზღვარზე ხდება, რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის ძალიან დიდი კონცენტრაცია, ცუდი ამბის მომასწავებელია. მათაც უჭერენ მხარს სტრატეგიული პარტნიორები; უკრაინა საქართველოზე ბევრად დიდი ქვეყანაა, მაგრამ მაინც აჟღარუნებს რუსეთი იარაღს. ამ ვითარებაში საფრთხე ჩვენც გვემუქრება, მაგრამ იმდენად გადართული ვართ სხვა თემებზე, შიდა დაპირისპირებაზე, თითქოს იმ ასობით რუსულ ტანკსა და ათასობით ადამიანს, რომელიც უკრაინის საზღვარზეა განლაგებული, ვერც კი აღვიქვამთ, საფრთხესაც ვერ ვხედავთ. არადა, ხანძარს ერთი საშინელი თვისებაც აქვს - პატარა კერაც საკმარისია, რომ მცირედი ბიძგის შემთხვევაში დაუბეროს და სხვაგანაც გავრცელდეს. ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ საფრთხის გარშემო ვკონცენტრირდეთ, ექსპრეზიდენტის დაპატიმრება-გათავისუფლებაზე ვართ გადართული. არადა, ყველამ ვიცით, როდის როგორ მოქმედებს რუსეთი, - ამღვრეულ წყალში იჭერს თევზს. რაც მეტი დაპირისპირება იქნება ქვეყნის შიგნით, მით უკეთესი მისთვის. პოლიტიკურ პარტიებს ხომ თავიანთი მხარდამჭერები ჰყავთ, პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება მათ შორის დაპირისპირებასაც ნიშნავს. ხანდახან მცირედი რამის გამო ისეთ ამბავს ავტეხთ, მაშინვე ბრბოდ ვიქცევით. ისე გამეტებით ვიწევთ ერთმანეთისკენ, ასანთის გაკვრაღა გვინდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ ერთ მუჭა ერში ასეთი დაძაბულობა ქვეყნის იმიჯზე აისახება. აქ მარტო პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ, ეს ქვეყანა ჩვენიც არის, ჩვენი მონაგარით აქამდე მოვსულვართ და წინ გახედვაც გვინდა. ეს არაბუნებრივი, არაჯანსაღი მდგომარეობა სადმე გადაგვჩეხავს. თუ ვინმე დამნაშავეა, დასაჯონ და შეგვეშვან, თუ არა და, გაუშვან თავის გზაზე. როცა გარშემო ქვემეხების გუგუნია, როგორ შეიძლება, ერთი წერტილისკენ ვიყოთ მიშტერებული?! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის სულიერ, ფიზიკურ დასუსტებას იწვევს. წყალქვეშა დინებებში თუ აღმოვჩნდებით, სწორი გზის პოვნაც გვიჭირს.

arab-1-1639382902.jpg

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანდახან ჰგონია, მის ნაცვლად სხვა აკეთებს არჩევანს, ამიტომ თავს უფუნქციოდ გრძნობს.

- მე არა მგონია ასე. საზოგადოება უფუნქციოდ ვერასდროს იქნება, ეს ერის სიკვდილს ნიშნავს, ჩვენ კი ვიბრძვით, ვბობოქრობთ, რაღაც გზას ვადგავართ, მთავარია, ეს გზა სადმე შეიკრას და ყველანი ნათელ ადგილას გაგვიყვანოს. ვაჟა ამბობდა, ერის სიკვდილი შეუძლებელიაო. ცოცხლები ვართ, მთავარია - როგორ ვცოცხლობთ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული ერის კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკაც... როცა რაღაც არ მოგვწონს, ვაპროტესტებთ, ზოგჯერ - ზომიერად, ზოგჯერ ზღვარგადასულად, მაგრამ ვერაფრით ვიტყვი, რომ ერმა ფუნქცია დაკარგა. უბრალოდ, გულსატკენი ის არის, რომ საზოგადოება ხშირად ვიღაცებს სათავისოდ უნდათ გამოიყენონ, ისევე, როგორც ხელისუფლების ნაწილი: იმის ნაცვლად, რომ უბრალო მოსახლეობაზე, მათ კეთილდღეობაზე, ქვეყანაში დოვლათის შექმნაზე იზრუნონ, მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. ვიღაც ალბათ ფიქრობს კიდეც... უიმედობაც არ მინდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ხელის ჩაქნევა მოგვიწევს, ეს კი თვითმკვლელობას უდრის. იმედი არის მომავალი თაობა, რომელიც ახალი ღირებულებით მოდის, ახლებურად ხედავს პრობლემის მოგვარებას.

საქართველოს მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება არასდროს ჰქონია, ახლაც ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს, გარეთაც დაძაბულია ვითარება, ჩვენს მიწებზე ბევრს უჭირავს თვალი და პირველი რუსეთია. ამიტომ უნდა მოვუხმოთ გონიერებას, ცოტა შორს გავიხედოთ. თუ ერთმანეთის, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არ შევცვალეთ, სად ვიქნებით 20-30 წლის შემდეგ - ეს უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი ქცევის განმსაზღვრელი და მაშინ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.

ლალი პაპასკირი