წიგნი, რომელიც ამაღელვებელი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმეს გაგხდის - გზაპრესი

წიგნი, რომელიც ამაღელვებელი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმეს გაგხდის

გამომცემლობა "კლიოს" პროექტი - "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას" ქართველი მკითხველისთვის თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციების გაცნობას ისახავს მიზნად. წიგნებში, რომლებიც პროექტის ფარგლებში ითარგმნა, გააზრებულია ის თემები და პრობლემები, რომლებიც დღეს მთელი ევროპისთვის აქტუალურია. ამ თარგმანებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "სულჩადგმული მარმარილო", რომლის ავტორი - ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტე დღეს მოღვაწე ლიეტუველ მწერლებს შორის ერთადერთია, ვისი რომანიც ინგლისურ ენაზე ითარგმნა. ეს ფაქტი, თავისთავად, ღირებულს და საინტერესოს ხდის მის წიგნს, რომელშიც დრამატულად და, ამავდროულად, პოეტურად არის მოთხრობილი ამბავი სიყვარულზე, ოჯახზე, სიცრუესა და სიკვდილზე.

ყველაფერი იწყება იმით, რომ იზაბელი რთული ხასიათის ბიჭს იშვილებს. ახალი წევრის შემოსვლა არღვევს ოჯახის მყიფე წონასწორობას, ხსნის ღრმა კრიზისს და მკითხველი ამ ოჯახის რღვევის მოწმე ხდება.

ეს არის რომანი, რომელიც შეუმჩნევლად აპარებს მკითხველს დიდ საფიქრალს. თხრობის სტილი, რომელიც დასაწყისში სადა და უბრალოა, საკმაოდ ორაზროვანი გახლავთ. საბოლოოდ, მკითხველი ამაღელვებელი, შთამბეჭდავი და ღრმა ფსიქოლოგიური დრამის მოწმე ხდება.

"სულჩადგმული მარმარილოს" ქართული თარგმანი ქალბატონმა ნანა დევიძემ შეასრულა, რომელიც ერთადერთი ქართველია, რომელიც წიგნებს ლიეტუვურიდან თარგმნის.

- ჩართული ხართ პროექტში "დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას". რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი და საერთოდ, რა ფასეულობა აქვს მას?

ნანა დევიძე, მთარგმნელი:

- ნებისმიერი ასეთი პროექტი საინტერესოა, თანაც - საჭირო. ასეთი პროექტები შესაძლებლობას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ევროპულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს. თარგმანების მეშვეობით ჩვენ ერთმანეთს ვეცნობით და თან, ვამდიდრებთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს პროექტები ისეთი პატარა ერებისათვის, როგორიც ჩვენ, ქართველები და ლიეტუველები ვართ, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციისა... ჩვენ ძალიან გვიყვარს ლიეტუველები და იმათაც ვუყვარვართ, მაგრამ ამ სიყვარულს საკვებიც ხომ სჭირდება? ურთიერთგაცნობის საუკეთესო საშუალებას სწორედ ამ ტიპის პროექტები იძლევა.

- რისი თქმა შეგიძლიათ თავად წიგნზე - "სულჩადგმული მარმარილო". რაზეა ეს წიგნი და თქვენი აზრით, რატომ უნდა დაინტერესდეს მკითხველი ამ ნაწარმოებით?

- ნებისმიერი ლიტერატურა ცხოვრებას ასახავს. ეს წიგნიც მწვავე ცხოვრებისეულ პრობლემებს ეხება. ჩვენს დროში, როცა ყველანი სადღაც მივიჩქარით, როცა საურთიერთო დრო აღარ გრჩება არა მარტო ახლობელ-მეგობრებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი, ეს სიყვარულის დეფიციტს იწვევს. ადამიანი კი სიყვარულისთვისაა შექმნილი და როცა სითბოს ვერსაიდან და ვერავისგან იღებს, იწყება პრობლემები. წიგნი თითქოს სიყვარულით შექმნილი ოჯახის ისტორიას გვიყვება. ბატონ ბესიკ ხარანაულს დავესესხები: "ადამიანი გაჩენილია სიხარულისთვის, აყვავებული ბუნების წინ როგორ ვიტიროთ? ...თუ კაცმა ქალს უყურა, როგორც მარმარილოს, თუკი სიყვარულის გრძნობა დაეკარგა?.. ...ბალახისმძოველი პირუტყვივით გადივლის კაცი, თუკი აღარ იქნა მასში სიყვარული". ვფიქრობ, დანარჩენი წასაკითხად და საფიქრალად მკითხველს უნდა დავუტოვოთ.

- რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ამ წიგნზე მუშაობა? ზოგადად, მთარგმნელის როლზეც მინდა რამდენიმე სიტყვით ისაუბროთ.

- ვაღიარებ, საინტერესო იყო. ტექსტი არ გახლდათ ადვილი სათარგმნი. თხრობის გარკვეულწილად იმპრესიონისტული სტილი, დაუმთავრებელი ფრაზები, მინიშნებები, მოულოდნელი გადასვლები - ამის მოხელთება და ქართულად გადმოტანა ბევრ მუშაობას ითხოვდა. როგორ გავართვი თავი, ეს მკითხველმა განსაჯოს...

მთარგმნელის როლი, ვფიქრობ, განუზომელია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მიაწვდის ის ორიგინალის ენის არმცოდნე მკითხველს ნაწარმოებს. გასაგებია, როცა ორიგინალში კითხულობ, იქ მწერლის წერის მანერას, სტილს - ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ის ამ გზით ემოციურად ზემოქმედებს მკითხველზე. ენას თავისი დიდი მაგია აქვს...

საერთოდ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. თუ ცოტა დამიგვიანდა, ანუ ერთ წიგნს რომ დავამთავრებ, სანამ მეორეს დავიწყებ, ვერ ვისვენებ. მაგიდა მეძახის! "კომპი" მიხმობს!.. გაგეცინებათ, მაგრამ ასეა. და კიდევ რაა, იცით, ყველაზე დიდი ბედნიერება? ლექსიკონებში რომ იქექები და უცებ დავიწყებული, მაგრამ "ნაცნობი სიტყვა რომ შემოგცინებს უცებ ბალღივით...", ან აქამდე რომ არ მიგიქცევია ყურადღება და აღმოაჩენ, თურმე ეს სიტყვა რამდენ რამეს იტევს და მერე ისიც ადგება, ძალდაუტანებლად მიაგნებს თავის ადგილს ტექსტში და მომხიბვლელობას შემატებს თარგმანს - აი, მაშინ ხარ ძალიან ბედნიერი. მოკლედ, ჩემი საქმიანობა ჩემი ფაქიზი, მთრთოლავი ნეტარებაა. ყველას ვუსურვებ, თავის საყვარელ საქმეს მიაგნოს!

P.S. ინფორმაციას პროექტის ("დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას") შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ გამომცემლობის ვებგვერდზე: www.klio.ge/project-eu/.

ლიკა ქაჯაია