ფოტოკადრებით მოყოლილი ემოციური ამბები ადამიანებსა და სოფლებზე
გამოთქმა, - ფოტო, რომლიც ამბავს ჰყვება, ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს მის ნამუშევრებს. ბევრი საუბარი არ უყვარს ჩვენს რესპონდენტს, სათქმელს თავისი საქმით ამბობს და თანაც, ძალიან საინტერესოდ.
სათქმელის, პოზიციის გამომხატველად ფოტოგრაფია წლების წინ აირჩია. იქამდე, სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, თეატრში მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა. ახლა დამოუკიდებელი ფოტოგრაფია. პროექტები, რომლის ფარგლებშიც მუშაობს, სოციალურ თემატიკას ეხება - რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქალებს, ადამიანების ყოფას. უმეტესად, რეგიონებში მუშაობს. ქართული სოფლები ის ადგილია, სადაც ფოტოგრაფის მუზები ცხოვრობენ.
თავისი ფოტოპროექტებით განსხვავებული ისტორიების, გამოცდილებისა და ტრადიციების მქონე ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიამბობს. საოცარ ფერებში, პეიზაჟებსა თუ პორტრეტებში კი, მისი ხელწერა ყოველთვის მარტივად ამოსაცნობია.
- ბავშვობიდან ვხატავდი, დოკუმენტური კინოს ოპერატორობა მინდოდა. იქ რომ ჩამებარებინა ფოტოგრაფია, ამიტომ დავიწყე ამ საქმის შესწავლა. თუმცა, გარემოებამ მერე ისე მოიტანა, რომ სწავლის გაგრძელებაზე ფიქრიც შევწყვიტე და ფოტოგრაფად დავრჩი. ერთხელ ჩემთვის მანამდე უცნობმა რეჟისორმა, ირაკლი ფანიაშვილმა დამირეკა, - ფილმს ვიღებ და ოპერატორად ხომ არ იმუშავებთო? არადა, მანამდე ვიდეოც კი არ გადამიღია, გამოცდილება არ მქონდა. ფილმს ერქვა "სერგო გოთვერანი". ეს იყო ფილმზე ჩემი პირველი და ბოლო მუშაობა...
- თავიდან შავ-თეთრ ფოტოებს იღებდით.
- დიახ, პირველი ფერადი პროექტი "დედა-ენა" გავაკეთე. ჩემი თემაა სოფლის ცხოვრება. ყველა პროექტი რეგიონებშია გადაღებული. თბილისსა და ქალაქებშიც უამრავი რამ არის გადასაღები, მაგრამ სოფელი ჩემი სტიქიაა. შეიძლება იმიტომაც, რომ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად ქალაქში წამოვედი, მაგრამ ჩემი სოფელი გამუდმებით მენატრებოდა და დღემდე ასეა... ზოგადად, როდესაც სიტყვა სამშობლოს ახსენებენ, ზოგს ალბათ საქართველოს რუკა დაუდგება თვალწინ, ჩემთვის სამშობლო კი ჩემი სოფელია. ფოტოების გადაღება იქ დავიწყე, რაც თითქმის 30 წელია გრძელდება. ვინაიდან ჩემს სოფელს თაგვეთი ჰქვია, ასე გაჩნდა ფოტოსერია "თაგვების სოფელი". მასში კარგაd ჩანს ის ეტაპი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში გაიარა: როგორ დაიცალა სოფელი და დროთა განმავლობაში როგორ გაპარტახდა დაკეტილი სახლები... ბევრგან ვიმუშავე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში, რადგან ძალიან მაინტერესებს მათი კულტურა და ყოფა-ცხოვრება. ასე მოვიარე პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, ქვემო ქართლი. სწორედ ამას მივუძღვენი ჩემი ერთი პროექტი - "აზერბაიჯანელები საქართველოში". გადამიღია, თუ როგორ ცხოვრობენ მაღალმთიანი აჭარაში, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად შემორჩა ცხოვრების განსხვავებული სტილი, შენარჩუნებულია ტრადიციები წეს-ჩვეულებები, მაგრამ ამავე დროს, სწრაფად ხდება ცვლილებები.
- თუ გქონიათ კადრი, რომელიც თქვენს ფოტოობიექტივში ვერ მოხვდა?
- დიახ, არაერთი. რაღაცები ვერ გადამიღია, მაგრამ უფრო მეტი ის შემთხვევა მახსენდება, რაც არ გადამიღია, რადგან ამით სხვის ცხოვრებაში ზედმეტად შევიჭრებოდი... ისე კი, იმდენად ვარ ფოტოგრაფიით უკვე მოწამლული, რომ ახლა, როდესაც თბილისში ვარ, ვფიქრობ, ალბათ რეგიონებში რამდენი კადრი მიდის უჩემოდ-მეთქი. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ასე მგონია, ჩვენ რაღაცნაირად ვებღაუჭებით ჩვენს ბავშვობას, წარსულს და ამიტომ, კიდევ უფრო მძიმე სანახავია, თუ როგორ იცლება სოფლები. უამრავი ადამიანი გადადის ქალაქში. ამ პროცესს ალბათ უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს. თუ ოდესმე ისინი ისევ დაუბრუნდებიან სოფელს, იქაურობას ადრინდელი სახე მაინც აღარ ექნება, არც ადამიანებს ექნებათ ძველებური იერი... ყველაზე მთავარი მაინც, ხალხის ურთიერთობაა - ის, რაც აქამდე სოფელმა, მათმა ტრადიციებმა და ადათმა შემოინახა. სწორედ ამით იყვნენ გამორჩეული და ეს იკარგება. არადა, ადამიანები, რომლებიც ბუნებასთან ახლოს არიან, უამრავ კარგ თვისებას ატარებენ და ხშირად, ამას თავადაც ვერ გრძნობენ. მერე კი, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ქრება, რაც დასანანია. ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ კადრები შემოინახოს. ამიტომ მინდა, ბევრი ვიმოგზაურო და რაც შეიძლება metი კადრის გადაღება მოვასწრო... ფოტოკამერას აქვს საშუალება, წამი გააჩეროს.
იცით, ის სახლიც დაკეტილია, სადაც მე გავიზარდე. ჩემთვის დღემდე ცოცხალ არსებასავით არის. როდესაც მივდივარ და კარს ვაღებ, ასე მგონია, უხარია და როდესაც მოვდივარ, ფეხები უკან მრჩება, რაღაც მექაჩება, სინდისი მქენჯნის, რადგან მგონია, ვღალატობ და მიტოვებული ადამიანივით მეცოდება. ახლაც იგივე განცდა მაქვს. იმაზე ფიქრი, არ მასვენებს, რომ მარტოა და ოთახები ცარიელია. სამი წელია, რაც დედაჩემი გარდაიცვალა, ის იყო ძირითადად მისი პატრონი, მომვლელი, მისი წასვლის შემდეგ კი, მეც ვუღალატე. სახლი იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ცოცხალ არსებად მიმაჩნია...
- პანკისში მუშაობაზეც მინდა გკითხოთ: ეს არის რეგიონი თავისი განსხვავებული ტრადიციებით. თუმცა, თქვენს ფოტოებში ქალები დომინირებენ.
- ხეობაში რამდენჯერმე ვიყავი "ფოტოსკოლები რეგიონში" პროექტის ფარგლებში. ჩემთან ძირითადად, 15-16-17 წლის მოზარდები, თინეიჯერი გოგონები დადიოდნენ და ფოტოგრაფიას სწავლობდნენ. 2017 წელს, როდესაც პირველად ჩავედი, რატომღაც მეგონა, რომ ჩაკეტილი ადამიანები იქნებოდნენ, მაგრამ ჩემი წარმოდგენები არ გამართლდა. დამხვდნენ ძალზე მხიარული, გახსნილი, თანამედროვე ახალგაზრდები, რომელთაც ყველაფერი აინტერესებდათ. მათი უმეტესობა ახლა სტუდენტია... ძალზე მნიშვნელოვანია, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურო, ადგილობრივებში უცხოდ არ უნდა იგრძნო თავი, თორემ ეს თავადვე დაგაზარალებს. მე ყოველთვის მინდა ახლოს მივიდე ადამიანებთან და კარგად გავიცნო; ვნახო, რა უხარიათ, რა სტკივათ, როგორი წესები აქვთ. არავის მიმართ არ მქონია მიუღებლობა, პირიქით, ასე უფრო ვიხსნები და მუშაობისას, მათი ხასიათის დაჭერაში ეს ძალიან მეხმარება. ფოტოს გადაღების სურვილი მხოლოდ მაშინ მეკარგება, როცა აგრესიას ვეჯახები. ასეთ დროს ინტერესი მეკარგება.
- გქონიათ ასეთი შემთხვევა?
- იშვიათად, მაგრამ მქონია. რეგიონს არ დავასახელებ, ფოტოებს ვიღებდი, რა დროსაც მამაკაცი შემოვიდა კადრში და ჩხუბი დაიწყო - რატომ მიღებთო?! არადა, მართლა არ მიცდია მისი გადაღება. ძალიან გაბრაზდა და წავიდა... შემდეგ მალევე დაბრუნდა. სოფლის გზაზე ვიდექი და ფოტოებს ვიღებდი. ბოდიში მომიხადა, ცუდ გუნებაზე ვიყავი, ახლა კი წამოდით, მე და ჩემი ცოლი შინ, ჩაიზე გეპატიჟებითო... გამიხარდა, რომ მიხვდა. თუმცა, ბუნებით იდეალისტი ვარ და უკვე გამქრალი მქონდა ინტერესი, ამიტომ აღარ გადამიღია.
- დაუვიწყარი რეგიონი ფერებით გახსოვთ თუ ხალხის კულტურით, ან სხვა რაიმე სახასიათო შტრიხით?
- ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. როცა სხვადასხვა რეგიონში მივდივარ და იქ ვრჩები, იქაურობა მიყვარდება, ის ადამიანებიც მიყვარდება, ვისთანაც ვცხოვრობ, გარემოც მიყვარდება. იქიდან წამოსულს, მენატრება ხოლმე, ამიტომ ასე, რომელიმე რეგიონის გამოყოფა გამიჭირდება. ნებისმიერი ფოტოს უკან დგას ისტორია, რომელიც მისმა ავტორმა, ანუ მე ვიცი.
- ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალზე ჟიურის წევრი იყავით, არა?
- დიახ, შარშან მომწერეს, ოღონდ საიდან გამიცნეს, ზუსტად არ ვიცი, ალბათ ფოტოები ნახეს და დაინტერესდნენ. ონლაინ ფოტოკონკურსი იყო. საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს, ვისიამოვნე. თუმცა, ჩემი მთავარი თემა მაინც საქართველოს რეგიონებია და სოფელი, რომელიც იცლება.
ლალი პაპასკირი