"რა უნდა ვისწავლოთ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად?" - გზაპრესი

"რა უნდა ვისწავლოთ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად?"

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო დავალების ფორმატში ცვლილების შესახებ უამრავი კითხვა დაისვა. "გზა" შეეცადა, დაინტერესებულმა პირებმა პასუხები ამომწურავად მიიღონ. ჩვენს კითხვებს ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, როლანდ ხოჯანაშვილი პასუხობს.

- მოსწავლეებმა დასვეს კითხვა: რა უნდა ვისწავლოთ გამოცდის ჩასაბარებლად? მშობლებს აინტერესებთ, რა და როგორ უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა, რომ ჩააბარონ გამოცდა. მასწავლებლებმა იკითხეს, რა უნდა ასწავლონ, რომ მოსწავლეებმა გამოცდა ჩააბარონ...

- წლების განმავლობაში ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის განათლების მიღების მიზანი მხოლოდ გამოცდების ჩაბარება იყო. ეს შემაშფოთებელი ფაქტი დღესაც თვალსაჩინოა: სწავლებისა და სწავლის მთავარ ორიენტირად გამოცდის ჩაბარება რჩება. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გვაქვს განათლების სფეროში: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა. ორივე დოკუმენტი სცემს პასუხს თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას. რახან ამ შემთხვევაში მაინც გამოცდებს ვტოვებთ სამიზნედ, მესამე ეროვნულ სასწავლო გეგმაშია პასუხი.

- რა უნდა იცოდეს მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით?

- არსებობს მოკლევადიანი სასწავლო მიზნები: საკითხები და თემები. არსად დაკარგულა და არც არავის უთქვამს უარი მოკლევადიან მიზნებზე, რომლებიც გვეხმარება შუალედური მიზნის მიღწევაში (შემოქმედებით-შემეცნებითი პროდუქტის - კომპლექსური დავალების შექმნაში) და ბოლოს მივდივართ ე.წ. ცნებათა პედაგოგიკამდე. სასწავლო ცნება უნივერსალურია და ყველა იმ ტიპის ცოდნის ერთობლიობას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის წარმატებას.

- დავსვათ უფრო პრაქტიკული კითხვა: ქართულ ენასა და ლიტერატურაში გართულდა თუ გაიოლდა გამოცდა?

- მომავალი წლის გამოცდასთან დაკავშირებით ორი საწინააღმდეგო მოსაზრება გამოიკვეთა: 1. ტესტი გაიოლდა; 2. ტესტი გართულდა. ბუნებრივია, ორივე მოსაზრებას აქვს საფუძველი. ტესტირების დაძლევა იოლია მათთვის, ვისაც სიახლეებთან თვალის გასწორება არ უჭირს და რთულია მათთვის, ვისთვისაც კონსერვატორული მიდგომებით უწევს სწავლა-სწავლება. გააზრებაზე ორიენტირებული აბიტურიენტისთვის არც ძველი ფორმატის ტესტი იყო რთული შესასრულებელი და არც ახალი იქნება დაუძლეველი.

- რა სხვაობაა "ძველ" და ახალ გამოცდას შორის?

- "ძველი" ფორმატის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარებისას აბიტურიენტის შეფასების მაქსიმალური ქულა იყო 70. აქედან ტექსტის რედაქტირებაში მაქსიმალური ქულა იყო 16, ხოლო არგუმენტირებული ესესა და მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების ყველაზე მაღალი თამასა - 24 და 30-ქულიანი გახლდათ. ორი განსხვავებული ანალიტიკური მასალის შექმნას მნიშვნელოვანი სირთულეები ახლდა: აბიტურიენტს უწევდა დროის ლიმიტის დაცვით ორი, სხვადასხვა ტიპის ტექსტი შექმნა (ზოგჯერ "გადაფარავდა" ერთი მეორეს, რადგან პირველზე ორიენტირების მერე უჭირდათ ახალ "ორბიტაზე" გადასვლა) და არანაკლებ საყურადღებოა ისიც, რომ დავალების პირობა რუტინად იქცა.

- ამბობენ, რომ წინა წლების აბიტურიენტთა ნაშრომები დაშტამპული იყო...

- წლების განმავლობაში დაიშტამპა აბიტურიენტების ნაშრომები შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სწავლის მიზნობრიობა გამოცდის ჩაბარებისთვის, უკვე განათლებისთვის ტრაგედიაა. ასევე, წერის დროს 54 ქულის "ბუღალტერია", დროის ლიმიტის დაცვა, საკითხთა და თემების ურთიერთგადაფარვა/გაბუნდოვანება, "როგორ წერია აბიტურიენტთა წიგნში", "როგორ გვეუბნებოდა რეპეტიტორი" და გონებაში დატრიალებული ათასი კითხვა გამოცდის მსვლელობისას უზარმაზარ სტრესს იწვევდა.

- თვლით, რომ ახალი ტიპის გამოცდა უკეთესია აბიტურიენტებისთვის?

- 21-ე საუკუნეში, თვალნათლივი გახდა, რომ საჭიროა არა იმდენად დამახსოვრება, რამდენადაც გააზრება. ახალი ტიპის ტესტი ბევრად ამსუბუქებს სტრესულ მდგომარეობას. მომავალ წელს აბიტურიენტებს ჩარჩოებში ჩასმული გაბატონებული შეხედულებები აღარ ექნებათ გასათვალისწინებელი და ეს კარგია არა მარტო სტუდენტობის მსურველებისთვის, არამედ - განათლების მიზნობრიობის მკაფიოდ დასანახავადაც.

- როგორი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა?

- ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელს მოუწევს 16-ქულიანი ტექსტის რედაქტირება; 10-ქულიანი პროგრამული ან არაპროგრამული მასალის მიხედვით გააზრებაზე ორიენტირებული, დახურულკითხვებიანი ტესტირება; 34-ქულიანი ლიტერატურული თხზულების შექმნა უკვე არჩეული ტექსტის (საყრდენის) მიხედვით. თხზულებაში უნდა გამოიკვეთოს დასახელებული პრობლემის აქტუალობა და ამ პრობლემის განხილვა საყრდენ ტექსტზე დაფუძნებით. სწორედ თხზულებამ გამოიწვია ერთგვარი დაბნეულობა საზოგადოებაში...

202040330-4484000648290901-8929056919919795087-n-1640252539.jpg

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთი თხზულება დაიწეროს?

- დავალების პირობის სწორად გააზრებაა უმთავრესი. თუ არასავალდებულო, არაპროგრამული მასალის მიხედვით აპირებს აბიტურიენტი თხზულების შექმნას, გამოდის, რომ საყრდენი ტექსტის შინაარსი არ ეცოდინება, ამიტომ კლიშეები, წინასწარ "გადაღეჭილი" მოდელები არ გამოდგება და ეს გამოსაცდელს ხელს შეუწყობს, რომ: ადეკვატურად გამოკვეთოს პრობლემა და არა - რეპეტიტორთან დაზეპირებული მოდელების მიხედვით; იმსჯელოს დასახელებული პრობლემის შესახებ; გამოხატოს მოქალაქეობრივი პოზიცია, ლოგიკური აზროვნება, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები, ერუდიცია და ენობრივი კომპეტენცია. თუ აბიტურიენტი გადაწყვეტს, რომ საყრდენად პროგრამული მასალა გამოიყენოს, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინება მაინც დასჭირდება, უბრალოდ, ტექსტს უნდა შეხედოს ისე, თითქოს ის მისთვის სრულიად უცნობია და დამახსოვრების მომენტის ნაცვლად, გააზრების მომენტი "ჩართოს". რასაკვირველია, ყველა ის უნარი, რაც ზემოთ დასახელდა, ადრინდელი გამოცდების დროსაც ევალებოდა აბიტურიენტს, მაგრამ არის არსებითი სხვაობა: გააზრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამახსოვრება!

- სკოლებში ენა და ლიტერატურა ამ მოთხოვნების შესაბამისად ისწავლება?

- თუ სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, ხშირად ქართული ლიტერატურა არასწორი ვექტორით ისწავლება: გამოცდას ვერ ჩააბარებ, თუ არ გეცოდინება, ვინაა "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით "ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული", ან კიდევ - რა ნათესაური კავშირია ნერსე ერისთავს, გრიგოლსა და საბა იშხნელს შორის. ასევე, თუ არ იცი "ენა", გამოცდის ჩაბარება გამორიცხულია! გვავიწყდება, რომ არც რუსთველს დაუწერია 21-ე საუკუნის ახალგაზრდების სატანჯველად ეპიკური პოემა, არც მერჩულე წერდა "ცხორებას" გამოცდების ჩასაბარებლად. გარდა ესთეტიკური მხარისა, ნებისმიერი კარგი მკითხველი (აბიტურიენტიც, ბუნებრივია!) ლიტერატურაში (ის პროგრამული იქნება თუ არაპროგრამული) დაინახავს აქტუალურ თემებს, საკითხებს, ცხოვრებისთვის საჭირო მზა რეცეპტებს. გადაჭრით ვთქვათ, რომ ეროვნული გამოცდა მომავალ თაობას ავალებს უკვე ტექსტის კონტექსტუალიზაციას და მაღალი სააზროვნო უნარების გამოვლინებას უფრო უმტკივნეულოდ, ვიდრე ეს ადრინდელი გამოცდების დროს ხდებოდა (იმ ტიპის გამოცდებმა თავის დროზე კარგად შეასრულეს თავისი მისია და ამოიწურა).

- თვლით, რომ ახალი ტიპის საწერი დავალება მეტად კომფორტული იქნება?

- ახალი ტიპის ესეს შექმნა არა მარტო ათავისუფლებს აბიტურიენტს კონკრეტული ტექსტების დაზეპირებისგან, არამედ - სრულ თავისუფლებას აძლევს, გამოავლინოს აკადემიური უნარები. ამ ეტაპისთვის, ლიტერატურული თხზულება მიმაჩნია იმ საშუალებად, რომელიც კარგად გვიჩვენებს გამოსაცდელის ცოდნის სამივე სახეს: დეკლარატიულს (ფაქტობრივს), პროცედურულსა და პირობისეულს. დავსვათ რიტორიკული შეკითხვა, რა არის ამაში ცუდი? ბიჰევიორისტული მიდგომები უკვე აღარ გამოდგება, რომლებსაც სწავლა-სწავლებისას ვიყენებდით. ლიტერატურა თვალსაჩინოდ გვეუბნება, რომ ის არის კულტურული ღირებულების და არა მხოლოდ "საგამოცდო". მოკლედ, ლიტერატურული თხზულება (ესე) ბევრად თავისუფალი და კრეატიული (შემოქმედებითი) ხასიათისაა, ვიდრე მკაცრი სტრუქტურის არგუმენტირებული ესე. რაც შეეხება არაერთი ადამიანის სამართლიან გულისწყრომას, რომ ლიტერატურული ესე მხატვრულ მხარეს უგულებელყოფს, მნიშვნელოვანწილად კომპენსირდება არჩევითი ლიტერატურის გამოცდით. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა უფრო აბიტურიენტის აკადემიურ და ერუდიციულ მხარეზეა ორიენტირებული, საკუთრივ ლიტერატურის გამოცდა - კულტურულ-სახელოვნებო და ესთეტიკურ სეგმენტს წარმოაჩენს. როცა კონკრეტულ მაგალითებს ითხოვენ აბიტურიენტები (რეპეტიტორები და მშობლებიც), ჩნდება საშიშროება, რომ ისევ გატკეპნილ ბილიკზე ვიწყებთ სიარულს. იქნებ დროა, მოსწავლემ უკვე მე-10 კლასიდან თამამად თქვას თავისი მოსაზრება თუნდაც მარტვილობაზე, მიჯნურობაზე, ჰუმანისტურ მიდგომებზე. ვიხელმძღვანელოთ პრინციპით: რამდენი თავიცაა, იმდენი მოსაზრებაა. ასეთ შემთხვევაში, თუ "თავებს" მოსაზრების გამოხატვის უფლებას მივცემთ, იდეების გენერირებაც დაიწყება და კრიტიკული აზროვნებაც განვითარდება. 2022 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები ამის დასტური იქნება. ბუნებრივია, ასე სწრაფად ვერ მივიღებთ სასურველ შედეგებს, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ განათლებაც ისევე ასაშენებელი სფეროა ჩვენთან, როგორც სხვა დარგები... ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ განათლება იყოს სტერეოტიპული, კლიშეებში მოქცეული და მხოლოდ "სასტუდენტო-სადიპლომო" დანიშნულების.

- სოციალურ ქსელებში გაჟღერდა მოსაზრება, რომ "ნაეკი" არ აქვეყნებს ნიმუშს ახალი ტიპის ესესი, რათა აბიტურიენტებმა დაბალი შეფასებები მიიღონო...

- მოსაზრება მტკივნეულად არასწორია. ნიმუშების გამოუქვეყნებლობა მხოლოდ ერთ კარგ საქმეს ემსახურება: აბიტურიენტები გამოცდას შეხედავენ როგორც პროცესს, რომლის შემოქმედიც თავადაა. წინასწარ გამოქვეყნებული ნიმუშები, არასახარბიელო ტრადიციის გათვალისწინებით, შესაძლოა, აბიტურიენტებისთვის იქცეს შემაფერხებლად!

ირინა გელაშვილი