ვის იზიდავს გერმანული მარწყვის სურნელი
„თუ გინდა მშიერს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე“, - ჩინური ანდაზა.
მათ გერმანიაში დასაქმებაზე სახელმწიფო სააგენტოში ონლაინრეგისტრაცია გაიარეს და სასურველ ზარს ელოდებიან. ისინი ცდილობენ სამი თვით მაინც გაექცნენ სიდუხჭირეს, დაგროვილ ვალებს, უიმედობას... იქ მთელი მონდომებით იმუშაონ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ცხოვრება ცოტა წელგამართულად გააგრძელონ. ყველას განსხვავებული წარსული და აწმყო აქვს, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ - ევროპული დასაქმების პერსპექტივა და ასევე, დიდებული გერმანული ხელოვნება, ლიტერატურა - ორივე მკაცრ სამყაროში გადარჩენასთან, სიცოცხლის ღირსეულად გაგრძელებასთანაა წილნაყარი.
სოსო ჩემი ქიზიყელი მეგობარია. მან რეგისტრაცია პირველივე დღეს გაიარა და სანატრელ ზარს ელოდება. 46 წლის ასაკში ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ადრე კრივზე დადიოდა და სულით მშრომელ-მებრძოლია.
თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. სოფელში დაბრუნებულს ხეირიანი რა უნდა ეკეთებინა შუაგულ 90-იანებში? ვინმე ადგილობრივ კაი ბიჭს რაღაცაში გამოიჭერდნენ, ამაზე ბატკანს „შეაწერდნენ“ და ხარება-გოგიასავით მაგრად ქეიფობდნენ მაღრაანის ტყეში.
იმდენი სვეს და იქეიფეს, ეს შესარგი საქმე ყელში ამოუვიდათ. თან მათ ხელში წესიერ ბეკეკას ვეღარ ნახავდი სოფელში. რაღაცის შეცვლა იყო აუცილებელი და სოსომაც თსუ-ის სიღნაღის ფილიალში სამართლის ლექტორად დაიწყო მუშაობა.
- სოსო, ერთი კაცურად მითხარი, ნუთუ ძმა-ბიჭებთან გადაბმულ ქეიფებს ქიზიყელი სტუდენტებისთვის ლექციების კითხვა სჯობდა?
- ყველა საქმეს თავისი შინაარსი და გემო აქვს. უბრალოდ, დგება მომენტი, როცა ყველა სადღეგრძელო თუ სათქმელიც უკვე მოლეული გაქვს და რაღაც ახალი ყამირი უნდა აითვისო, თორემ გალოთდები და ეგაა. ბევრი სამუდამოდ რჩება მაგ გაშლილ სუფრაზე, ყოველ გაღვიძებას 150 გრამი შინნახადი არყით იწყებს და მერე ჰაიდააა... ძველ ბოქსიორს ეს ნაღდად არ მინდოდა, ამიტომ სიღნაღიუნის მივაშურე ფხიზლად, გამოწკეპილმა.
სულ მალე პოპულარულ მასწავლებელად ვიქეცი. შენ ნუ მეხუმრები, სხვა ჯგუფების სტუდენტები, ძირითადად გოგონები კართან მოდიოდნენ და ჭუჭრუტანებიდან იმზირებოდნენ; ეს ამბავი რამდენჯერმე დავაფიქსირე და არ დაგიმალავ, მსიამოვნებდა, - ალალად იღიმის.
- მერე მაგ ჭუჭრუტანების მეორე მხარეს ვერავინ შეარჩიე, რომ მაშინვე დაგეთრია და ახლა უკვე მოსიყვარულე ცოლ-შვილის პატრონი ყოფილიყავი? - არ ვინდობ.
- ეჰ, ძმაო, ალბათ ისევ ჩემმა თვალებმა დამაღალატეს, თორემ რატომაც არა? - სოსოს ახლომხედველია, სულ უფრო ძლიერი უნარების სათვალეები სჭირდება.
- რატომ დაანებე თავი უნივერსიტეტს?
- მე კი არა, მან დამანება თავი, რამდენიმე წელში სულ დახურეს ეგ ჩვენი უნივერსიტეტი, კახეთის რეგიონში მარტო თელავის უნი-ც გვეყოფაო. არავის უკითხავს ჩემთვის ასლარიანი ხელფასით სიღნაღიდან „სატახტო ქალაქში“ ყოველდღე ჩასვლას შევძლებდი თუ არა. ასე დამტოვეს უმუშევარი; ჭუჭრუტანების სიმკვირცხლე და მადლი მაინც გამომეყენებინა, ჰა?
სოსო ისევ თავის ცხვრებს თუ ბატკნებს დაუბრუნდა, იქვე სუფრასთან ჩარჩენილ თუ მომლოდინე ძმაბიჭებთან ერთად. სულ მალე მიხვდა, მისი სადღეგრძელოების რეპერტუარს ოდენ სიღნაღიუნის ჭუჭრუტანები შეემატა, მეტი არაფერი. შეუძლებელი იყო ამ „ბარგით“ ქეიფისა თუ ცხოვრების გაგრძელება.
- შევეცადე ახალი ცხოვრებისთვის ალღო ამეღო და ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე, რომლის გამგეობაში სულ ცხვარზე მოქეიფე ძმაბიჭები შევიყვანე. ერთადერთი, ვინც მაშინ დამეხმარა, "ფონდი ღია საზოგადოება" და გერმანიის საელჩო იყო. პირველმა ჩემს სოფელში სარწყავი წყლის პრობლემა მომაგვარებინა, ხოლო საელჩომ კომბაინი გამომიყო ჩემი თუ თანასოფლელთა მიწების დასამუშავებლად. მახსოვს, მაშინ მათ აქაურ წარმომადგენელს, მამუკა შოშიაშვილს შევხვდით.
- მერე რატომ არ გააგრძელე სამოქალაქო აქტივისტობა?
- მაგ ორად ორი შემთხვევის გარდა, არც ერთი თეთრის დახმარება არ ყოფილა, ხოლო უსახსროდ ოჯახშიც არავის სჭირდები, ხომ იცი.
ძალიან რომ გაუჭირდა, სოკოებივით მომრავლებული მიკროსაფინანსოებისგან კრედიტების აღება დაიწყო. არსებობისთვის გამწარებული ბრძოლისას მომავალზე ვეღარ ფიქრობ, ოღონდ ეს თვე რამენაირად გადააგორო და... სოსოც იღებდა თვეში ლამის ათასპროცეტიან კრედიტს პრინციპით, ვიცხოვრებ დღევანდელი დღით, ხვალემ თავისთავზე ინაღვლოსო.
- ასლარიანი სესხი რომ აგეღო, თვის ბოლოს 200 უნდა დაგებრუნებინა. მართლა არ ვიცი, მსოფლიოში კიდევ სხვაგან ამგვარი „კრედიტები“ თუ არსებობდა. არადა, არც სხვა გზა მქონდა. ეზოყურეში ერთი დედაღორი და რამდენიმე ბურვაკი კი მყავდა, მაგრამ ბანკებმა ჩემი ეს ავლადიდება საერთოდაც არ განიხილეს. სამსახური მე ისევ არ მქონდა, ხოლო მიკროსაფინანსოებმა, - მოდი ჩვენთან, შენ კი გენაცვალეო.
- სადამდე გაგრძელდა თქვენი ეგ სიამტკბილობა?
- როცა სათითაოდ ყველა მიკროსაფინანსოს ყულფში თავი გავყავი, მაშინვე ბოლომდე მომიჭირეს ისე, რომ მოხრჩობას არაფერი მაკლდა. ჰო, კი არ გეხუმრები. ერთგან ვიღებდი, მეორეს ვურიცხავდი და ასე ვაგრძელებდი, სანამ ფინიშზე, ანუ გაღმა-ტანტრაყელა მხარეს არ გავედი. მერე ყოველდღე მირეკავდნენ რიგრიგობით და თავიანთი გაგებით მაკაჩავებდნენ. აი, სუფთა ქურდული ბაზრის არსი მაშინ გავაცნობიერე, საუბრის ტონზე ეტყობოდათ, ყოფილი პოლიციელები ან მაყურებელ-ქურდები იყვნენ.
- შენ რაღას პასუხობდი?
- თავიდან კულტურულად ვპირდებოდი, რამე თანხას ხელში ჩავიგდებდი თუ არა, ეგრევე გადავიხდიდი. თავი რომ არ დამანებეს და ტონიც კიდევ უფრო გაამკაცრ-გააქურდულეს, მეც "ფეხებზე დავიკიდე", სადაც გინდათ მიჩივლეთ, რაც გინდათ, ის ქენით, ბოლოს და ბოლოს ჩამოდით და აქვე, შუა ეზოში დაგხვდებით-მეთქი. მიხვდნენ, რა კერკეტ კაკალთანაც ჰქონდათ საქმე და... შენს საქმეს სასამართლოს გადავცემთ, ვალის ასანაზღაურებლად ერთადერთ სახლს გაგაყიდვინებთ და მაგ შუა ეზოში სამოთხისებურად, სრულ დედიშობილებაში ჩაგტოვებთო. რეალურად კი, უსაშველოდ გაბერილი, ე.წ. უიმედო სესხი გამიყინეს და ისევ ლოდინი გააგრძელეს; იქნებ ეს მართლაცდა ღვთის გლახა სინდისმა შეაწუხოს და ფულები ნელ-ნელა შემოიტანოსო. რა უნდა შემეტანა, როცა გამოსატანი არაფერი მებადა? ზედ მთავრობის წინასაარჩევნო, ძველი სესხების განულების პროგრამამ მომისწრო და რაღაცები მართლაც ჩამომეჭრა. მერე ის კატასტროფული სესხებიც აკრძალეს, ზედა ზღვარის დაწესებით ლაგამი ამოსდეს და აქედანაც ირიბად მეშველა. მოკლედ, ნელ-ნელა თავი გამოვიძვრინე მაგ ყულფიდან. დღესაც ხანდახან კოშმარიდან მეღვიძება, თითქოს ბანკის ოპერატორები, სახლის გარშემო შემოჯარულნი, ცხონებული მამაჩემის დატოვებულ სახლს აგურ-აგურ მიშლიან. მე კი ამ დროს შუა ეზოში ვდგავარ მართლაც დედიშობილა და ავადმყოფურად ხელფეხშეკრულს ვერაფერი მიღონია, მოთქმით ტირილის გარდა...
ახლა აგერ, გერმანულმა დასაქმებამაც სულზე მოგვისწრო და პირველივე დღეს გავიარე რეგისტრაცია, იქნებ ამაშიც გამიმართლოს, თორემ 46 წლის კაცს ჭუჭრუტანებიდანაც აღარავინ მიყურებს...
- მახსოვს, შენ გერმანული ლიტერატურა გიყვარდა ერთ დროს...
- ჰო, მიყვარდა და ახლაც მევასება. თომას მანი ჩემი მწერალია, „ჯადოსნური მთა“ ჩემი ცხოვრების მთავარი წიგნია. თუ გამიმართლა და დასაქმების სააგენტოდან დამირეკეს, ჩემზე იყოს ბროკენის მთაზე განსხვავებული სასმისით თომას და ჰაინრიხ მანების სადღეგრძელოს შესმა; ამის გენერალური რეპეტიცია მაღრანის ტყეში უკვე მრავალჯერ მაქვს გავლილი.
- „ჯადოსნური მთა“ რატომ არის შენი ცხოვრების მთავარი წიგნი, რამეში დაგეხმარა მაინც მაგ პერმანენტული გაჭირვების პირობებში?
- როგორ არა, ძმაო, შენ რას მელაპარაკები? დამპალი მიკროსაფინანსოების მოძველბიჭო ოპერატორები რომ მირეკავდნენ და მაგრად „მაკაჩავებდნენ“, ყოველი საუბრის დასრულებისთანავე ჩემს თავს წიგნიდან ამოწერილ ჯადოსნურ სიტყვებს ვუმეორებდი, რათა ცხოვრების სიმძიმისგან ბოლომდე არ გავტეხილიყავი; ალბათ შენც გეხსომება, ქარიზმატული სეტემბრინის შეგონება ჩემნაირ წყალწაღებულთათვის: „დუელის არსი ძირითადად არ იცვლება, იგი პირველყოფილი რჩება. ეს არის ფიზიკური ორთაბრძოლა და ყოველი მამაკაცის ვალია, რაც უნდა დაცილებული იყოს ბუნებრივ საწყისს, ასეთ წუთებში მაინც არ შეირცხვინოს თავი, ასეთი წუთები კი ყოველდღე შეიძლება დადგეს. ვისაც საკუთარი პიროვნების, საკუთარი მკლავით, საკუთარი სისხლით არ შეუძლია თავისი იდეალის დაცვა, იგი მისი ღირსიც არ არის, რაც უნდა ზეშთაგონებული იყოს, მთავარია, ვაჟკაცობა შეინარჩუნო“, - ჰა, ძმაო, როგორი სიტყვებია? ჰოდა, ყოველი მუქარის შემდეგ გავრბოდი და ამ დიდებულ სიტყვებს ვიმეორებდი, შემდეგი „დიალოგისას“ კი უფრო მედგრად ვიცავდი საკუთარ უფლებებს.
- კრედიტორებთან ბრძოლა კიდევ მესმის, სიყვარულში თუ დაგეხმარა შენი ჯადოსნური წიგნი რამენაირად?
- ბოლო დროს ერთი აქაური გოგო შემიყვარდა, ერთაოზივით, ნამეტნავად. რა არ ვქენი, რომელი მხრიდან არ მივუდექ-მოვუდექი, ვერაფრით დავიპყარი მისი, ქიზიყის მაღლა გორებივით გაცივებული გული. არ გაჭრა მიგზავნამ, ლექსებმა და მესიჯებმა, ტირილი მინდებოდა მაგ გულქვას ხელში. ეტყობა ჩემს ასაკში უკვე ძალიან ვედიდებოდი თუ რა იყო, არ ვიცი, თავადაც 35-ს აქვს მიკაკუნებული და ისევ ბალზაკის ასაკს აწვება; რაღა დროსია, შვილები სჭირდება სასწრაფოდ, თორემ ჩემსავით მარტოდ დარჩება კუდგამობზეკილი. ჰოდა, ხელის ჩაქნევას არაფერი მაკლდა, როცა „ჯადოსნური მთის“ მორიგი გადაკითხვისას თავიდან აღმოვაჩინე მინჰერ პეპერკორნის მართლაც ჯადოძალის მომნიჭებელი გასაოცარი სიტყვები:
„ვიმეორებ: აქედან მოდის გრძნობის წინაშე ჩვენი რელიგიური მოვალეობა. რომ იცოდეთ, ჩვენი გრძნობაა ის მამაკაცური ძალა, სიცოცხლეს რომ აღვიძებს. სიცოცხლე თვლემს. მას უნდა გააღვიძონ, რათა ღვთაებრივ გრძნობას შეუუღლდეს, მასთან ერთად გააჩაღოს მთვრალი ქორწილი. რადგან სიყვარული ყმაწვილო ღვთაებრივი გრძნობაა. ადამიანიც ღვთაებრივია იქამდე, სანამ სიყვარულის უნარი შესწევს. ადამიანი ღმერთის სიყვარულია, ღმერთმა შექმნა იგი, რათა მისით განეცადა სიყვარული. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ის ორგანოა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გამოღვიძებულ და სიყვარულით მთვრალ სიცოცხლესთან ქორწინდება. და თუ ადამიანს გრძნობამ უმტყუნა, მაშინ ეს ღმერთის შერცხვენაა, ეს არის ღმერთის მამაკაცური ძალის მარცხი, კოსმოსური კატასტროფა, გაუგონარი საშინელება...“ - დასძინა მან და დალია!
ჰოდა, ამ სიტყვების უკვე მერამდენედ გადაკითხვის შემდეგ, ძმაბიჭებმა ზემო ბოდბის ტყეში კიდევ ერთხელ დავლიეთ, მამაკაცური ღვთაებრივ-კოსმოსური ვნებით აღვსილი თავზე ჯიქურ დავადექი იმ ჩემს გოგოს და... მოხდა სასწაული, ეგრევე, იქვე ადგილზე არ გავაშეშე და არ შევაბი მოჟღარუნე ეჟვნებში?! ახლა, ძმაო, ერთი გემრიელი სამთვიანი წამუშავება სადმე მიუნხენის გარეუბანში, უგემრიელესი (არაგენმოდიფიცირებული) მარწყვის პლანტაციაში და ქორწილში შენი ოჯახით დაპატიჟებაც ჩემზე იყოს! ეგრეა, დიდი ლიტერატურა ჟანგბადივით გვჭირდება, რომ ღმერთთან წილნაყარი სიცოცხლე გავაგრძელოთ, ფეხის პირველივე წამოდებაზე არ წავიქცეთ, თომას მანის ჯადოსიტყვას მივმართოთ, ბოლოს და ბოლოს!
გიორგი მეფარიძე