"ზუსტად ვიცოდით, სად და რომელ ოჯახში გავარდებოდა თოფი"
"გზის" ერთგული მკითხველი სამტრედიიდან - ავთო კაშია ჟურნალის არც ერთ ნომერს არ ტოვებს წაუკითხავს. ბატონმა ავთომ მოსკოვის მილიციის სპეციალური სასწავლებელი დაამთავრა და ჩოხატაურში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო 4 წლის განმავლობაში. 36 წელიწადზე მეტი იმუშავა შინაგან საქმეთა ორგანოებში. ამჟამად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების ორგანიზაციის თავმჯდომარეა სამტრედიაში. ჰყავს 2 შვილი და 4 შვილიშვილი.
- პატარაობისას სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ თოვლის ბაბუა საჩუქარს მომიტანდა და მართლაც, ახალი წლის დილას კართან მხვდებოდა ხოლმე. მშობლები მეუბნებოდნენ, ეს თოვლის ბაბუამ მოგიტანაო და რა თქმა უნდა, მჯეროდა. მაშინ სად იყო ბევრი სათამაშო და ამიტომ, თოვლის ბაბუას ძირითადად, ტკბილეული მოჰქონდა: გოზინაყი, ჩურჩხელები, შოკოლადი, რაც ბავშვს გაუხარდებოდა. ოჯახებში ვხვდებოდით ყველა დღესასწაულს, ერთმანეთს ვულოცავდით, მერე გადავდიოდით მეზობლებში და ასე გრძელდებოდა დილამდე. მახსოვს, როგორი სიხალისით გვხვდებოდნენ ყველგან და ჩვენც რა ლაღები და ბედნიერები ვიყავით, დღეს კი სილაღეც გვაკლია, სიყვარულიც და თანადგომის უნარიც.
- შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდით და ალბათ, ხშირად გიწევდათ ახალი წლის ქუჩაში შეხვედრაც. გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული ახალი წელი.
- მართლაც, ხშირად ვხვდებოდი ახალ წელს ქუჩაში. ასეთი დავალება გვქონდა, ყველა ოჯახი, სადაც თოფი გავარდებოდა, ჩაგვენიშნა და მერე შეგვემოწმებინა, რეგისტრირებული იყო თუ არა. მაშინ ასეთი ბათქაბუთქი სად იყო, როგორიც დღესაა? თუ გაფორმებული არ ჰქონდათ იარაღი, რა თქმა უნდა, ჩამოართმევდნენ, თუ კანონიერ მფლობელობაში იყო, შენახვის წესები არ უნდა დაერღვია. მოკლედ, ზუსტად ვიცოდით, სად, რომელ ოჯახში გავარდებოდა თოფი. ამით უბედური შემთხვევებისა და დაუდევრობისგან ვიცავდით მოსახლეობას. სროლები რომ ჩაწყნარდებოდა, მერე მივდიოდით სახლებში. ერთი ახალი წელი კი მაინც გამორჩეულია დღემდე. მაშინ გურიაში, ჩოხატაურში ვმსახურობდი. 1972 წლის 1-ლი იანვარი იყო. ქუთაისიდან დამირეკეს და ბიჭი შეგეძინაო, მაცნობეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიხარული იქნებოდა. პირველი შვილი, პირველი სიხარული მეყოლა! მივატოვე ყველაფერი და გამოვიქეცი, აბა, რა გამაჩერებდა სამსახურში? მე არავინ შემიშვებდა სამშობიაროში და ამიტომ, წერილი და მილოცვა შევუგზავნე მეუღლეს.
ერთი შობაც დამამახსოვრდა განსაკუთრებულად: გურულები კომუნისტების დროსაც აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს. გვარად უჯმაჯურიძე იყო, ავტოინსპექტორი, ვმეგობრობდით და თავისთან დამპატიჟა, - კალანდობაა, ოჯახში გველოდებიან და წავიდეთო. იმხელა თოვლი იყო, ორხიდიანი მანქანით სახლამდე ძლივს მივედით. შევედით და რას ვხედავ, - შუაში უშველებელი ღორის თავი დევს და პურ-მარილია გაშლილი, რა გინდა სულო და გულო. თითო ჭიქა რომ დავლიეთ და დავილოცეთ, ამ დროს ხაზის ტელეფონმა დარეკა: გაწუხებთ, მაგრამ მილიციიდან გირეკავთ, ჩვენი უფროსი, ავთანდილ კაშია თქვენთან არის და დაგვალაპარაკეთო. მივედი ტელეფონთან: ცუდი ამბავია, ჭიხვარიამ (ძებნილი იყო, თავზე ხელაღებული, ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთი აკლებული ჰქონდა, ყველა თანამდებობის პირს ფულს სძალავდა) აფთიაქთან, ცენტრში კაცი გადმოაგდო მანქანიდან და ავტომობილი გაიტაცა. ის კაცი კი ჩვენთანაა, სამორიგეოშიო. რაღას ვიზამდი? წამოვედი. დაზარალებულმა, - მოსაკლავი ვარ, რატომ არ დავისვენე ამ შობას, მაგრამ რას ვიფიქრებდი, საჯავახოში აყვანა მთხოვა და ფულიც წინასწარ მომცაო. მოკლედ, საჯავახოში რომ შემოსულან, უთქვამს: მე რომან ჭიხვარია ვარ, ძებნილი, თუ გაგიგონიაო. - როგორ არა, რას მერჩი, ბიძია, აქამდე ხომ მოგიყვანეო? - ახლა გვერდით გადაჯექი, საჭესთან მე დავჯდები და ხმა არ ამოიღოო, - იარაღი მიუდვია. გადმოუგდია რაიონის ცენტრში და მიუძახებია: არ შეგეშინდეს, მანქანას ხელუხლებელს დავტოვებო. მოკლედ, მივყევით კვალს, მანქანა კი ვნახეთ, მაგრამ თვითონ აღარ ჩანდა. ცოტა ხანში ჩამოიარა ტრაქტორმა, ჩალით იყო დატვირთული, გავაჩერეთ. კაბინაში ორნი ისხდნენ. ამხელა თოვლში ამ შუაღამისას, სად მიდიხართო? - ვკითხეთ. საჯავახოში სიძეა ჩემი, საქონელი ჰყავს და ჩალა მიმაქვსო. რას წარმოვიდგენდით, თურმე ჭიხვარია ამ ტრაქტორს გადასდგომია გზაზე, გაუჩერებია და ჩალაში დამალულა. ასე დაგვიძვრა ხელიდან, გვიან ღამით ბათუმი-თბილისის მატარებლით თბილისში წასულა. ასეთი კურიოზიც შეგვემთხვა.
- ვის მიულოცავდით და რას ისურვებდით ამ ახალ წელს?
- მინდა ჩემი საყვარელი ჟურნალის რედაქტორის თამადობით, მთელ თქვენს კოლექტივს მივულოცო შობა-ახალი წელი. გისურვებთ წარმატებებს, ბევრ მკითხველსა და დღეგრძელობას. ჩემს ქვეყანას კი ვუსურვებ სიყვარულს, ბედნიერებას, სიმშვიდეს!
ნინო ჯავახიშვილი