როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ზემო აჭარაში
დროის ცვლილებასთან ერთად კუთხური ტრადიციები ან საფუძვლიანად შეიცვალა, ან იმდენად გათანამედროვდა, რომ ზღვარი წაიშალა მთისა და ბარის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ეთნოგრაფიული მიკროზონისა და მეგაპოლისების საწესჩვეულებო ელემენტებში. მივიწყებულ ზემოაჭარულ საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების მკვიდრი, ეთნოგრაფიული საკითხებით დაინტერესებული პედაგოგი მადონა სურმანიძე:
"საქართველოში უამრავი დღესასწაული გვაქვს, რომელსაც სიხარულით აღვნიშნავთ, მაგრამ ახალი წელი განსაკუთრებულია, რადგან ნათქვამია, როგორც შევხვდებით დამდეგს, ისეთი წელი დაგვებედებაო. მას მთიან აჭარაშიც ახალი გეგმებით, იმედებითა და სურვილებით ვეგებებით. ყველა ცდილობს მრავალფეროვანი, უხვი სუფრით, უკვე "დაცდილი" ტრადიციითა და კარგი განწყობით შეეგებონ პირველ იანვარს.
ჩვენი წინაპრებისთვის ახალი წელი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალი წარმოდგენა დაგვიტოვეს. ძველი თაობის შეხედულებებს თაობიდან თაობას გადასცემდნენ. წარმოდგენათა ნაწილი წინაპართა სიბრძნეს უკავშირdeboda, ზოგიც - აუცილებლად, სავალდებულო შესასრულებელ ტრადიციას.
ახალი წლის დადგომამდე, თუ ვინმესთვის ჰქონდათ გაცემულ-გასესხებული რამე, აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ.
ახალი წლის დადგომამდე სუფრა მზად უნდა ყოფილიყო. მაგიდაზე მრავალნაირი სურსათ-სანოვაგე უნდა ელაგოს: ხილი, ტკბილეული, კერძები. თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა ჰქონდა და სიმბოლურად, მთელი წლის სიტკბოს, სიუხვეს, ბარაქას გამოხატავდა. ასევე მზად უნდა ყოფილიყო საფერხებელი ჯამი, რომელშიც ელაგა ხილი, კანფეტები, ბრინჯი, შაქარი, ხურდა ფული. ამ ჯამს ფერხობის დროს შემოიტანდა ის პიროვნება, რომელსაც პატივი ერგო - ძირითადად, ოჯახის მამაკაცი ან ვაჟი.
12 საათზე თოფს გაისროდნენ, ოჯახს გამარჯვება დაებედოსო. ცეცხლს დილამდე ჩაუქრობლად ინახავდნენ ბუხარში, თან ლოცვას წარმოთქვამდნენ: "ცეცხლო ელოდე, მელოდე, მე მელოდე, მზეს ელოდე". ასევე იტყოდნენ: "კერა არ გაცივდება, ეშმაკი ვერ დაეპატრონება, კერიას მარადიულობა დაებედება".
ახალი წლის დღეს ოჯახიდან არაფერს გასცემდნენ, ოჯახს ზარალი დაებედებაო; სხვასაც არაფერს დაესესხებოდნენ, ვალი დაგვებედებაო.
ახალი წლის ღამეს რკინეულობას სახლში შეიტანდნენ, სიმაგრე გარეთ არ დაგვრჩესო. სიმინდს მოხარშავდნენ, ოჯახს სიმდიდრე, ბარაქა დაებედებაო. ოჯახის ყველა წევრი ცხოველსა და ფრინველს აჭმევდა, ბარაქა და სიმრავლე იცისო.
ახალი წლის დილით ძაღლსა და ცხვარს შემოიყვანდნენ სახლში, ძაღლის ერთგულება და ცხვრის ბარაქა დაგვებედებაო. ადრიანად, ოჯახის უფროსი ქალი ხმის ამოუღებლად წყაროდან წყალს მოიტანდა, ოთახებს მოაპკურებდა, ოჯახის ყველა წევრს დაალევინებდა და დაილოცებოდა: "წყაროს წყლის სიწმინდე, წყლის ძალა და წყალივით წინსვლა დაგბედებოდეთ!" ოჯახის უფროსი მამაკაცი ხმის ამოუღებლად, კერიდან ჯაჭვს ხსნიდა, ახორში (ბოსელი) ჩადიოდა, ჯაჭვს საქონლის ირგვლივ სამჯერ შემოატარებდა, სიმინდს ყველა ცხოველს ხელით შეაჭმევდა, მარცვალს ფრინველებს ააკენკვინებდა. ძროხას, ფრინველს - მრავლობა, ბეღელს - ჭირნახული, ყანას - ბარაქა, კალოს - ხვავი, ჭერს - სტუმარი დაებედებაო.
ახალ წელს ახორში ჩასვლისას მძივს შეიტანდნენ, ბაგაზე გაათრევდნენ - საქონელი ერთმანეთს არ მოსცილდება, არ დაიკარგებაო.
ახალ წელს მონადირე აუცილებლად სანადიროდ წავიდოდა, თოფს სიმარჯვე დაებედებაო.
ახალ წელს ტანს არ დაიბანდნენ, არც სარეცხს გარეცხავდნენ, საპნის სიმწარე დაგვებედება, ქორწილში გაგვიწვიმდებაო.
ახალ წელს სხვასთან წასვლას ერიდებოდნენ, ვაითუ ცუდი შეემთხვას და "შავფეხა" შემარქვანო. ხოლო ერთხელ შემოწმებულ პირს "ფეხალს"(მეკვლეს), კარგად დაცდილს, ისტუმრებდნენ, კარგად დაგვებედებაო.
ახალ წელსა და ბედობას სახლში მსხვილ შეშას შემოიტანდნენ, დიდი კაცის, პატივსაცემი ხალხის სტუმრობა დაგვებედებაო.
ახალ წელს კაკალსა და თხილს არ დაამტვრევდნენ, ჩხუბი დაებედება ოჯახსო. თოკს არ გამოიყენებდნენ, კარ-მიდამოს უხსენებელი (გველი) შემოეჩვევაო.
დილით შემოსასვლელი კარის ზღურბლზე გოგრას გატეხდნენ, რამდენი მეტი თესლიც "გაჩეჩდებოდა", იმდენად ბარაქიანი წელი ექნებოდათ. გატეხის დროს თესლი თუ კარს გარეთ გადაცვივდებოდა, გასავალი მეტი ექნებოდათ, თუ შიგნით გაცვივდებოდა - შემოსავალი.
ახალ წელს არ მოქსოვდნენ და დაართავდნენ, ძროხა-ფრინველისთვის ცუდი იქნებაო.
საახალწლო ადათ-წესები მახლობელ სოფლის მოსახლეობაში რამდენადმე განსხვავდებოდა.
მთაში მცხოვრები კაცისთვის სტუმარს, ტრადიციას, ოჯახს მთავარი ადგილი უჭირავს, ამიტომ ღრმად იდგამდა ფესვებს ჩვენს მეხსიერებაში წინაპრების შეხედულებები.
ხშირად ტრადიციას დაცდის კულტიც ემატებოდა და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს აჭარელთა რწმენა-წარმოდგენებში. თანამედროვე საახალწლო სუფრასა და ტრადიციას მცირე რამ შემორჩა ძველებური, ისიც ძირითადად, იმ ოჯახებში, რომლებსაც მოხუცები ჰყავთ და ჯერ კიდევ ახსოვთ და პატივს მიაგებენ ძველ წესებს".