"მტანჯავს ტკივილის გემო, მაგრამ ყველაფრის გამძლეა ემიგრანტი დედა..." - გზაპრესი

"მტანჯავს ტკივილის გემო, მაგრამ ყველაფრის გამძლეა ემიგრანტი დედა..."

წერილი შვილს...

ნანა მიქაუტიძე:

"მოვედი, დე, სახლში... გაგაცილე და მოვედი... ძნელია შენთვის ამის გაგება, რასაც ახლა მოგწერ, მაგრამ ვიცი, ბოლომდე წაიკითხავ...

წარმოიდგინე, რომ სხვა სამყაროში ხარ, სხვა საქმე გაქვს და შვილებზე მზრუნველობა გავიწყდება!.. და უცებ შვილები ჩამოვლენ და შენს სამყაროში ისევ სახლდებიან!..

შენ კი, დედას, გადავიწყებული გაქვს, როგორ უნდა გადაფურცლო მათი სული ისე, რომ არ ატკინო!.. როგორ უნდა მოუსმინო!.. აღარ გახსოვს, იარა როგორ უნდა მოუშუშო!.. როგორ უნდა მოეფერო!..

მაპატიე, დე, ეს რომ ვერ შევძელი! ბევრი რამე უნდა მაპატიო!.. მთელი ცხოვრება ბრძოლაა, დედი! ყველაზე მეტს საკუთარ თავთან იბრძვი! იბრძვი და უცებ აღმოაჩენ, რომ იქ, სადაც იბრძვი, აღარ არის შვილების ადგილი! შენი ბრძოლის ველი გადატანილია სახლიდან შორს და იქ შვილები უცხონი არიან!..

მაპატიე, დე... სახლიდან წასვლაც მაპატიე... უკვე დიდი ხარ და გაგიმხელ... თოვლის ბაბუს წერილი წამიკითხა ბებომ ტელეფონში..."საყვარელო თოვლის ბაბუ... გთხოვ, როცა გამოვიღვიძებ და საჩუქრისათვის ბალიშის ქვეშ ხელს შევყოფ, იქ ჩემი დედიკო დამახვედრე!.."

ათი წელია თვალწინ მიდგას შენი სურვილი და ვერ აგისრულე!.. ვედები ღობე-ყორეს, მინდა უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდეთ და მთავარი სურვილები კი აუსრულებელი გვრჩება...

ველოსიპედის გამო წამოვედი, დედი... გიცქერდი, სხვა ბავშვებს როგორ აეკიდებოდი ხოლმე, ერთი წრე დამარტყმევინეთო. ხან გათხოვებდნენ, ხან არა... ღობის ძირში მიჯდებოდი ხოლმე თვალცრემლიანი, ალბათ, სოფელში ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი და ჭუჭყიანი მუჭებით იმშრალებდი თვალებში მოწოლილ ცრემლებს... და წამოვედი...

ვიცი, შინაგანად მედავები, რომ შენ დედა გინდოდა და არა ველოსიპედი! დედა გინდოდა და არა ლამაზი ტანსაცმელი! დედა გინდოდა და არა ბინა!.. მაგრამ იცი, რა ამაყი ვიყავი, დედი, როცა შეგაქო ოჯახმა, სადაც ძიძად ვმუშაობ?!.. - კარგი შვილი გყავსო! - მითხრა ბავშვების მამამ. - უაქცენტოდ ფლობს ინგლისურს, განათლებული და თავდაჯერებულიაო!.. ამას მანდ ყოფნით ხომ ვერ შევძლებდი, დედი... ალბათ, გამართლებულია ჩვენი მსხვერპლიც...

შვიდი წლისა დაგტოვე და ჩვიდმეტი წლისას შეგხვდი... ვეცადეთ, ისევ მშობლიურები გავმხდარიყავით ერთმანეთისათვის... მაგრამ ვერ მოვახერხეთ... ისე არ ჩაგხუტებივარ, რომ შენი სურნელი მეგრძნო! მეშინოდა... მეშინოდა შენი სურნელის...

ამდენი წლის მერე ერთმანეთდაკარგულებს, ერთმანეთის ძებნაში მყოფებს, ორი კვირა ისე შემოგვადნა, დედა-შვილს შორის გაჩენილი სიცარიელე ვერ ამოვავსეთ!...

ჩემი ბრალია! იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ, შვილო!.. რა თქმა უნდა, ხლოიზე მეტად, ჩემო სიცოცხლევ! ხლოი ვინ არის, რომ შენსავით მიყვარდეს?! ნუ ეჭვიანობ, დე... ამ ბავშვმა უნებურად დაიკავა თბილი ადგილი ჩემს გულში. წარმოიდგინე, შვიდი თვის იყო, ხელში პირველად რომ ავიყვანე, ახლა ათი წლის არის... მე გავზარდე, დე, დღედაღამ ჩემ გვერდით არის... როგორც შენ გითევდი ღამეებს, ისე ვათევდი მის საწოლთანაც... ფეხი რომ აიდგა, მე ვაშველებდი ხელს, რომ არ წაქცეულიყო... პირველად ჩემი სახელი თქვა... მისმა სიყვარულმა გამომკვება, დე, აქ ყველას სიყვარულს დანატრებული...

უნდა მაპატიო, შვილო... ვერ შევძელი, რომ არ შემყვარებოდა... ნუ გეშინია, დავბრუნდები მალე, დედი... ან წავედი კი სადმე?!."

paikidze-copy-1641460009.jpg

ჩემს ნიკოლოზს...

ნათია პაიკიძე (საბერძნეთი, ათენი):

"დედას ოცნების ბიჭო, ჩვენი სამთვიანი დედაშვილობა სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელებს არსებობას, მე მეორე გზის ემიგრაციის გზას დავადგები, შენ კი ორი დაიკოს და მამიკოს ბიჭი დარჩები, დედიკოს "უვადო პატიმრობის" დასრულებამდე.

უსიცოცხლო ფერი აქვს ათენის ზეცას, ოქტომბრის სუსხიან დღეებს ისე აქვთ სულში გართხმული მონატრება, რომ მტანჯავს ტკივილის გემო, მაგრამ ყველაფრის გამძლეა სამი შვილის ემიგრანტი დედა.

ცხვირის ნესტოებთან გაჭედილი შენი თოთო სუნის შეგრძნება (იმ მაისურის, რომელიც მძინარეს გადაგaძვრე და წამოვიღე) გონებას მართმევს და მაინც იმედად დავალ, იმ იმედად, დაბრუნების სურვილი და მოლოდინი რომ ჰქვია.

ისე არაადამიანურად მისველებს თხელ მაისურს, ძალით შეწყვეტილი ლაქტაციის შემდეგ ჩარჩენილი რძე, ამით ვხვდები, დე, რომ შენ გშია. ჰოდა, ამ დროს მე და ჩემმა უფალმა ვიცით, რას ვგრძნობ, ჩემო ნატვრისთვალო.

ვანივით ნაცნობი და შინაურია ჩემთვის ათენის ქუჩები და ეს მშველის თითქოს, გაფრენამდე თუ არ მივდივარ ჯერ...

დაიწყო ათვლა ემიგრაციის მეორე ეტაპის. ახალი იმედებით, ახალი გეგმებით, ახალი ოცნებებით, ხვალინდელი დღის იმედით... ჩვენი ონლაინდედაშვილობა დაბალანსდა თითქოს, მიცნობ შენი დიდი და ჭკვიანი თვალებით, სულ მეძებ ასე ეკრანს მიღმა, მახარებ შენი კარგად ყოფნით და ერთ თვეში ვთქვით "დედა".

ჰო, დე, ოთხი ათას კილომეტრზე წასული დედა, რომელსაც არასდროს საყვედურობ, რომ სამი თვის დაგტოვა. დაიკოებთან ერთად ეცნობი სამყაროს და შენი დიდი გულით სულ უფრო და უფრო ცდი ჩემს მოთმინებას, რამდენ ხანს გავუძლებ უთქვენოდ გასულ დღეებს...

ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რამდენი დამიწერია ემიგრაციაზე, დაუმთავრებელ პატიმრობაზე, ვერშემდგარ სიყვარულზე... და მაინც მადლობა უფალს ამ გზისთვის; გზისთვის, რომელმაც მე და ბევრი ჩემნაირი სხვა სირთულეებისგან გვიხსნა...

ჰო, ზემოთ დედაშვილობის ამბავს გიყვებოდით და შედგა ჩვენი მეორედ გაცნობა 2020 წლის 2 ოქტომბერს, უკვე ორი წლის და 3 თვის ბიჭი დამხვდა ნიკოლოზი. ჩემს მონატრებაში გაზრდილიყო კაცი. სამი თვის მანძილზე საკუთარი ტუჩის კვნეტით ვუმტკიცებდი, რომ მე მისი დედა ვიყავი და ნია (უფროსი გოგონა) - მისი დაიკო... გამოიღო შედეგი ჩემმა ახსნამ, შედგა ჩვენი დედაშვილობა, დავმეგობრდით და მერე, სამ თვეში ისევ დაძინებულებს გამოვეპარე და მესამედ შევუდექი ემიგრაციის გზას...

დავდივართ ასე მე და ჩემი ღმერთი, ისევ ათენის ქუჩებში და სულში სამი მზე მინთია, სამი იმედი, სამი სტიმული და ვიმედოვნებ, რომ... დავბრუნდები ისევ... უფალი მოწყალეა".

egriseli-copy-1641460032.jpg

იოანე

დეა ეგრისელი (საფრანგეთი):

"პარიზის ერთ-ერთი ჰოსპიტლის მისაღებში... ქართველი ემიგრანტი ქალი! ნინო! გაფითრებული... თვალებამოღამებული... ელოდება ვაჟიშვილს - იოანეს... ვირუსზე აქვთ ეჭვი ფრანგ ექიმებს!..

უძინარ, დაქანცულ ქალს ჩაეძინა... ესიზმრა ველი... დიდი ველი - მორთული, მოქარგული თვალმშვენიერი მინდვრის ყვავილებით... ბილიკი მოჩანს თეთრი... თეთრი... ნინომ თვალებს არ დაუჯერა... იოანე დაინახა... თვალსხივოსანი იოანე!.. მოაბიჯებდა ჭაბუკი, თეთრებში მოსილი! ღვთიური სილამაზით მოსილი! გაცისკროვნებული სახით!.. ნინოს გულში გაკენწლა!.. ეტლი!.. ეტლი!.. რა იქნა ეტლი?!. თვალი მოჰკრა იქვე, ახალშეკვირტულ ასკილის ბუჩქთან გადაყირავებულ ეტლს!.. განცვიფრდა!.. გახევდა!.. როგორ?! იოანე დადის?! თუმცა!.. აკი!.. ანდრია ექიმმა, ამ სათნოთვალება ფრანგმა ექიმმა აღუთქვა თბილისიდან ჩამოსულ, იმედგადაწურულ დედა-შვილს, რომ აუცილებლად გაივლიდა იოანე!.. აუცილებლად!

მოაბიჯებდა იოანე და თავისი იერმშვენებით ხიბლავდა, აჯადოებდა არემარეს!.. თავმომწონე იებს! ენძელებს! ყოჩივარდებს! გვირილებს!.. თეთრად, ვარდისფრად აფეთქებულ ალუჩის, ტყემლის, ატმის უნაზეს ყვავილებს!..

მხარზე მსუბუქმა შეხებამ გამოაფხიზლა ნინო!.. ანდრია ექიმის თბილი ხმა ჩაესმა... გამოფხიზლდა!..

- ქალბატონო ნინო, უნდა გაგახაროთ, იოანეს ვირუსი არ აღმოაჩნდა! შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ!

- მართლა?! მართლა?! უფალმა დაგლოცოთ ანდრია ექიმო!

თეთრებში მოსილი იოანე ეტლით გამოიყვანეს! ეტლი!.. ისევ ეტლი!.. თურმე სიზმარი ყოფილა!..

- იოანე! ჩემო თვალსხივოსანო ჭაბუკო! ხედავ, ვირუსზე უარყოფითი პასუხია!.. მალე, სულ მალე ფეხზე დადგები! ხომ ხედავ, როგორ გეხმატკბილება ანდრია ექიმი! როგორ დაგტრიალებს თავს ჰოსპიტლის მთელი მედპერსონალი! მთავარია, არსებობს იმედი - მყარი!..

...და იყო გაზაფხული!.. მძიმე, საკმაოდ მძიმე! სამყარო - დაზაფრული, მაგრამ გიჟმაჟი გაზაფხული. აღარ ეპუებოდა! არ ნებდებოდა მსოფლიოს ამ ვერაგ, ჩუმ მტერს. დიახ, გაზაფხული იყო! იოანეს, ამ თვალსხივოსანი ჭაბუკის მეჩვიდმეტე გაზაფხული! საქართველოდან საფრანგეთში ჩასული ქართველი ემიგრანტი ჭაბუკის მეჩვიდმეტე გაზაფხული!"

uridia-copy-1641460059.jpg

წერილი ემიგრანტ შვილიშვილს

ლალი ურიდია (საფრანგეთი):

"ბებოს სიცოცხლევ და სიხარულო! ჩემო გოგო, ჩემო ანგელოზო, ჩემო მზეთუნახავო! ოჰ, როგორ მინდოდა მთელი ეს წლები შენი ჩახუტება, შენი მოფერება, მაგრამ ამაოდ. ვერ გავბედე. ალბათ ფიქრობ, ამდენ ხანს რატომ არ შეგეხმიანე... ეს უშენოდ გატარებული წლები ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა, ეს არსებობა იყო, მხოლოდ სუნთქვა. რამდენჯერ ვიფიქრე მომეწერა შენთვის, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა გამეღიზიანებინე.

უკვე ვეღარ ვუძლებ. ეს მოთმინება ადამიანურ ძალებს აღემატება, გაუსაძლისია. მომენატრა ის დიდი ბედნიერება, რომელსაც მე შენი ყოველი ჩახუტება და კისერზე ჩამოკონწიალება მანიჭებდა.

ბებო, ჩემო სუნთქვავ, სიყვარულო და სიხარულო. მიკვირს, ან აქამდე როგორ გაუძლო გულმა უშენობას. თუმცა, ეს რა გაძლებაა, როცა ასე დავუძლურდი ფიზიკურადაც და სულიერადაც. მიჭირს უშენობა, ძალიან მიჭირს. ამ ხნის განმავლობაში სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში. მე სიკვდილის არ შემშინებია, ბებო, სხვა რამის მეშინოდა. როცა ავადმყოფობამ ლოგინს მიმაჯაჭვა და მძიმე ოპერაციაგამოვლილი, რეანიმაციაში სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა მხოლოდ - ეს იყო შენი ნახვისა და მოსიყვარულების უდიდესი სურვილი. ჩუმად ვტიროდი და ვლოცულობდი, შენს ჯანმრთელობასა და ბედნიერებას შევთხოვდი მამაზეციერს; შევთხოვდი, რომ ისევ მეგრძნო შენი პატარა სხეულის მაცოცხლებელი სითბო.

ისმინა უფალმა ჩემი ვედრება და მომაბრუნა ამქვეყნად. ჰოდა, მეც გელოდები, ბებო. შენზე ფიქრში ვათენებ და ვაღამებ. შენ ხარ ჩემი ძილისპირული, ჩემი სიხარული. ვლოცულობ და ყოველღამე გესაუბრები. გამუდმებით შენზე ვფიქრობ. მერე ჩემს თავს ვუსვამ კითხვებს და მევე ვპასუხობ. ასე გადის დღეები, კვირები, წლები... შენ კი არ ჩანხარ, არა.

მერე წარმოვიდგენ ხოლმე, თუ როგორ გამოიყურები ახლა... "გიყურებ", გეფერები და ვტირი. უკვე დიდი გოგო ხარ! ოჰ, რამდენი წელი გასულა და მეც რამდენი რამ გამომრჩა შენი ცხოვრებიდან. შენ მიერ განცდილი რამდენი სიხარული და სიყვარული გამორჩა ჩემს მეხსიერებას, რამდენჯერ ვერ მოგეფერე და ვერ დაგიწყნარე შენი პატარა, აღელვებული და აფორიაქებული გული...

ხანძარი მიკიდია, ბებო, გულ-მუცელი მეწვის. შენ ხარ ჩემი ერთადერთი მშველელი, ჩემი შეუცვლელი მეხანძრე. ნუ მკრავ ხელს ჩემო პაწაწავ, დამიბრუნდი და მიხსენი ამ ჯოჯოხეთისაგან... მომიშვი შენთან, შენი გათოშილ-გაყინული ბებო და გაუთბე საცოდავი, მოხუცი გული.

შორიდან გეფერებით მთელ ოჯახს, ვუფრთხილდები თქვენს მყუდროებას, აქამდე არ გაწუხებდით. ახლა უკვე გაუსაძლისი გახდა ჩემი ყოფა. მე ყველას გეფერებით, ყველა თქვენგანზე შემტკივა გული. არ ვიცი, რა ხდება, იქნებ სადმე შევცდი და ახლა სამაგიეროს ვიმკი? მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მე გადავყვები ჩემს დღევანდელ ყოფას... შენ ხარ ჩემი იმედი, ბებო. დარწმუნებული ვარ, შეძლებ ჩვენს გამთლიანებას და დამიბრუნებ ცხოვრების ხალისს. და ჩვენ ისევ ვიქნებით ბედნიერი ოჯახი - ისეთი, როგორიც ვიყავით იმ სანატრელ დროს... შენ ამჟამად შეიძლება საკმაოდ ღრმად ვერ შეიგრძნო ჩემი დღევანდელი განცდები, მაგრამ გავა წლები, გეყოლება შვილები, მერე შვილიშვილები და სწორედ მაშინ გაითავისებ ჩემს უზარმაზარ ტკივილსა და საწუხარს, ჩემო სიყვარულო.

იჩქარე, ჩემო ცქრიალავ, ჩემთვის მუდამ პაწაწავ. არ დავაგვიანოთ. იქნებ არ გამაყოლო ამ წუთისოფლიდან ეს საშინელი ტკივილი და დროულად უწამლო ჩემს გატიალებულ, შენი სიყვარულით ტკბობის მოლოდინში უდროოდ დაბერებულ გულს..."

saralidze-copy-1641460071.jpg

დაკარგული ფერები

მედეა სარალიძე (ამერიკა):

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი "დედა-ქალი", რომელიც ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ ხალხი ღარიბი იყო, მეფე მხოლოდ თავის ვეზირებზე ზრუნავდა, ხალხს კი ყველაფერი ენატრებოდა და ლუკმაპურის საშოვნელად სხვა ქვეყანაში მიდიოდნენ. ჰოდა, დედა-ქალიც გაუდგა გზას, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარა, საოცნებო ქვეყანაში რომ ჩასულიყო. აქ ყველა უცხოს ერთი და იგივე სახელი ერქვა - "ემიგრანტი". გადიოდა წლები, დედა-ქალი თითქოს შეეგუა აქაურ ცხოვრებას, ბევრი ოცნებაც აიხდინა, მაგრამ ბედნიერება ვერსად და ვერაფერში ნახა. ენატრებოდა ყველა და ყველაფერი. ახლა ახალი ოცნება გაუჩნდა, როდის დაბრუნდებოდა...

სიკეთის მოლოდინში სიყვარული "გაუხუნდა", მეგობრობა "დაუპაუზდა", ღიმილი გაუქრა, გული დაუმძიმდა. ხშირად ამბობდა, ჩემთან ცა არაა ცისფერიო, ხან ყვავილის ფერებიც ერეოდა, ყველაფერი სხვა ფერი და სხვანაირი ეჩვენებოდა. დარდისგან გულიც ასტკივდა, ჭაღარა მოემატა... და მიხვდა, უნდა დაეტოვებინა ის ქვეყანა, რომელმაც გულში ჩაიკრა გაჭირვებისას; რომ ეს ადგილი მხოლოდ "კეთილი დედინაცვალი" იყო.

ისევ ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა დედა-ქალმა, დაბრუნდა მაინც ბედნიერი და დიდი იმედით, რომ მის ქვეყანაშიც მალე დადგებოდა "ლამაზი გაზაფხული"... ლხინი იქა, ლხინი აქა...

ახლა კი ყველა მიხვდებით, ცა რატომ არა გვაქვს ცისფერი და ყვავილები - წითელი..."

wiqoridze-copy-1641460101.jpg

სამადლობელი წერილი 37 წლის შემდეგ...

ხათუნა წიქორიძე (იტალია):

"პატივცემულო, მინდა წერილი მოგწეროთ 37 წლის შემდეგ. თქვენ ვერ წაიკითხავთ ამას, მაგრამ მე მაინც მოგწერთ... რადგან ეს სამადლობელი წერილია!

მაშინ 14 წლის ვიყავი, მეშვიდე კლასის მოსწავლე. ჯგუფს საკონტროლო წერა გვქონდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. თავისუფალი თემა უნდა დაგვეწერა. მე ჩემი სულიერი სიმშვიდის მომგვრელი და დუნიაზე ყველაზე საყვარელი კუთხის - იმერეთის ერთ-ერთი სოფლის, ჩემი დედულეთის, შუბანის აღწერა მოვინდომე. მინდოდა გამეცნო თქვენთვის და ამხანაგებისთვის ბებიები, ჩემი ოჯახი და სოფლის მკვიდრნი. თემა ძალიან მხატვრული იყო და ეს თქვენც აღნიშნეთ სიტყვებით: შესანიშნავია, ვიტირე კიდეც, თითქოს ჩემი ბავშვობა გავიხსენეო.

როდესაც ნიშნები გამოგვიცხადეთ, აღმოჩნდა, რომ 4/3 დაგიწერიათ. შემდეგ კი ამიხსენით და ბოდიშიც მოიხადეთ იმის გამო, რომ ერთ-ერთ მშობელს ჰქონდა პრეტენზია, რადგან მისმა შვილმაც სოფელზე დაწერა თემა და მხოლოდ მას უნდა მიეღო ფრიადი. თქვენმა დაწერილმა ნიშანმა მაშინ ძალიან მატკინა გული და რამდენიმე ხნით ჩანახატების და ლექსების წერაც მივატოვე. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ტკივილი წარმატებისთვის ბრძოლის მიზნად გადაიქცა ჩემთვის.

სულ რაღაც 1 წლის წინ, სწორედ იგივე თემა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში წარვადგინე, სადაც პირველობა მხვდა წილად. სამი მოკრძალებული კრებულის ავტორი ვარ... და ნამდვილად ვიცი, თქვენ რომ დღეს ეს გაგეგოთ, ძალიან გაიხარებდით. მადლობას გიხდით, რომ მიმართულება მომეცით მიზნის მისაღწევად... არასოდეს დამავიწყდება თქვენი წაკითხული: "გალაკტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად"...

უფალმა ნათელი მოგგვაროთ!"

P.S. მადლობას ვუხდით ქალბატონ მზია წულუკიძეს ნდობისა და წერილების მოწოდებისთვის.