სახლები სახლებში - ხისგან შექმნილი სიმყუდროვის განცდა - გზაპრესი

სახლები სახლებში - ხისგან შექმნილი სიმყუდროვის განცდა

ოჯახთან ერთად გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა: თეკლა და ნინი. შინ, ერთ-ერთ ოთახში, სახელოსნო აქვს მოწყობილი და მთელ დღეს იქ ატარებს. აქ ფიჭვის, კაკლის, ნაძვის ხის, ფესვებისა თუ სხვა მსგავსი მასალისგან სხვადასხვა ნივთს ქმნის.

ხელსაქმისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა და იმავე პერიოდიდან დაიწყო პატარ-პატარა ნიმუშების შექმნა. დანითა და წალდით გამოთლილ ნივთებს საკუთარი ხელით ხატავდა, თავდაპირველად მეგობრებს ასაჩუქრებდა, შემდეგ კი ნატურალური მასალისგან შექმნილი ნივთების რეალიზაციაც დაიწყო და მალე მთელი საქართველო მოიცვა.

არჩევანი მრავალფეროვანია, არის როგორც მცირე, ისე მოზრდილი ზომის ნივთები, მაგრამ პირადად ჩემი ყურადღება სახლებმა მიიპყრო. რთულია გადმოსცე, როგორ შეიძლება ფოტოდან სიმყუდროვე შეიგრძნო, მაგრამ ასე მოხდა და იმედია, ამაში სხვაც დამეთანხმება.

8-1641461194.jpg

ოთო მუნჯიშვილი:

- წლების განმავლობაში საკუთარი ხელით ვქმნი და ვხატავ ნივთებს. ესენია სახლის დეკორაციები: გასაღებისა თუ ტანსაცმლის საკიდები, თმის აქსესუარები, ბეჭდები, სამაჯურები და ა.შ. ახალი წლისთვის, პატარა დეკორატიული სახლები დავამზადე, რომელიც სადღესასწაულო დღეებში, ბუხართან დასადებად ლამაზია და თემატური. ხალხს სხვადასხვა პერსონაჟიც მოსწონს: "გეიმერებს" შორის ძალზე მოთხოვნადი იყო ერთ-ერთი თამაშიდან ნიღაბი, ასევე ხისგან შექმნილი ოთარ მეღვინეთუხუცესის სახე ფილმიდან "დათა თუთაშხია". საერთოდ, ხალხმა დიდი მოტივაცია მომცა. როცა რამე მოსწონთ, ძალიან მიხარია. თვითნასწავლი ვარ და ბავშვობაში ხშირად ვხატავდი. წლებია, აღარ მიხატია, ახლა ტილოები ხემ ჩაანაცვლა. ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ, დრო აღარ მრჩება, სხვა ნივთები დავამზადო საკუთარი სურვილისამებრ. ყველა სეზონზე სხვადასხვა ნივთია აქტუალური, საახალწლოდ - ნაძვის ხის სათამაშოები და თოვლის ბაბუები, ზაფხულში კი - ეზოს ინვენტარი: სავარძლები, მაგიდები, სკამები. ვცდილობ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, "ნარჩენებისგან" - შეშისგან, ტოტებისგან - გავაკეთო, ეკოლოგიურად სუფთა ნივთებია. ნაფოტიც კი შემიძლია გამოვიყენო მუშაობის დროს. მტკვარზე, ლიახვზე დავდივარ და მდინარისგან გამორიყულ ხის ნაჭრებს ვაგროვებ. გამოთლას რომ ვიწყებ, თავისით მოდის ხოლმე აზრები. მხატვრებს ჩვენი "ოფოფები" გვყავს და თუ ჩემი სურვილით ვქმნი რამეს, ხან რა გამოდის, ხან - რა, მასალა თავისთავად გვკარნახობს (იღიმის).

6-1641461207.jpg

33 წლის ვხდები. ჩემს სოფელში ამ მიმართულებით არავინ მუშაობს. თუმცა, მე რომ მიყურებენ მეგობრები, ინტერესს გამოხატავენ. აქედან გამომდინარე, მინდა შედარებით დიდი სახელოსნო ავაშენო, სადაც რამდენიმე ადამიანი დასაქმდება. საამისო ტერიტორია მაქვს და თან, ვიცნობ კიდეც 4-5 ხელმარჯვე ბიჭს, ვისაც შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს. ჩემი მეგობრები ჩემს საქმიანობას რომ უყურებენ, ნელ-ნელა რომ ვვითარდები, მოსწონთ და მოტივაცია უჩნდებათ, რომ ეს სუფთა და კარგი საქმე მათაც აკეთონ. მართლაც სასიამოვნო პროცესია, არასდროს არ მოგწყინდება, თან გონებრივად და სულიერად რომ ამშვიდებს ადამიანს, ისეთი. მინდა დაფინანსება მოვიპოვო, რომ ეს შევძლო. ასე გააკეთა თავისი სამკერვალო სალონი ჩემმა მეგობარმა მკერავმა გოგონამ. სოლიდური თანხით დააფინანსეს, სამკერვალო გახსნა და რამდენიმე ადამიანიც დაასაქმა. მე ვერ ვადევნებ თვალს ასეთ პროექტებსა და კონკურსებს, არადა, დროა, აუცილებლად ჩავერთო, თორემ ჩემი ხარჯებით ასეთ მასშტაბებზე ვერ გავალ. ინვენტარის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს და ხელშეწყობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. თავიდან ზუსტად არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა, ამ მიმართულებით მემუშავა, ჩემს ჭიას ვახარებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხალხი დაინტერესდა, ზუსტად ვიცი, რომ მინდა ამ საქმეს ბოლომდე გავყვე.

ანა კალანდაძე