როგორ უნდა შევურიგდეთ ჩვენს თანამოქალაქე აფხაზებსა და ოსებს? - გზაპრესი

როგორ უნდა შევურიგდეთ ჩვენს თანამოქალაქე აფხაზებსა და ოსებს?

ამ საახალწლოდ ერთ-ერთი მთავარი სურვილი რა შეიძლება იყოს, თუ არა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგება და ერთიან, განუყოფელ სახელმწიფოში ცხოვრება?! სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაცია გრძელდება, რაც ჩვენს თანამოქალაქეებთან სულ უფრო გვაშორებს. ამ ფონზე, იმედის ნაპერწკალი ბჟუტავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, კეთილი ნების ადამიანებს შორის ურთიერთობა-დიალოგში, რამაც ადრე თუ გვიან, სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს.

ამ თემაზე მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარს, ელიკო ბენდელიანს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ელიკო, სამშვიდობო პოლიტიკის რა ეტაპზე ვიმყოფებით აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" მიმართებაში?

- სამწუხაროდ, პირდაპირი დიალოგის ოფიციალური ფორმატი არ არსებობს. ჟენევა მაინც ქართულ-რუსული მოლაპარაკების სივრცეა, ამიტომ რაღაც დონეზე მაინც ხერხდება სამოქალაქო დიალოგების წარმართვა. ძირითადი პრობლემა საზოგადოებებს შორის გაუცხოება, პირდაპირი კომუნიკაციის არარსებობაა. რაც დრო გადის, მით უფრო ვშორდებით საზოგადოებას, ამ ყველაფერს პოლიტიკის კომპონენტი საერთოდ რომ მოვაშოროთ. ადამიანური ურთიერთობებიც ძალიან გაჭირდა, ყველაფერზე აისახება. ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან დალაპარაკებას და იმის გაგებას, რა გვაწუხებს, რა პრობლემები გვაქვს, რა გვსურს და ა.შ. მსგავსი პლატფორმები უბრალოდ არ არსებობს.

- მოჰყვება თუ არა რეალური შედეგები ჟენევის ფორმატს და სამოქალაქო ორგანიზაციების ეპიზოდურ შეხვედრებს?

- ვხედავთ, რომ გარღვევა ვერ ხდება. ერთი მხრივ, ჟენევის ფორმატს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დატვირთვა აქვს, სადაც ყველა აქტორი იყრის თავს და ეს პოლიტიკური საკითხების განსახილველად უნიკალური შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, უკვე მერამდენე რაუნდია, კონკრეტული შედეგები ვერ დაიდო. ფორმატის არსებობა აუცილებელია; ძალზე მნიშვნელოვანია, პარალელურად სხვა რესურსებიც გამოინახოს. დიდი ცვლილებების მომტანი ვერც სამოქალაქო ფორმატებია, თუ მას რაღაც ფორმალური დიალოგი არ მოჰყვება. მინიმალური შედეგის მომცემი სამოქალაქო დიალოგია, რაც ხშირ შემთხვევაში არც ჩანს, და მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობების გაუმჯობესებით, კონკრეტული ლოკალური ინიციატივების განხორციელებით შემოიფარგლება. მსგავსი პატარა ფორმატებიც რომ არ არსებობდეს, ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი იქნებოდა, ის პატარა ძაფები აღარ იარსებებდა, რაც დღეს გვაქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ აქაც განსხვავებული ვითარებაა, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ვსაუბრობთ. ე.წ. სამხრეთ ოსეთში თითქმის აღარ დარჩა სამოქალაქო ორგანიზაცია - წლების წინ მათ თვითლიკვიდაცია გამოაცხადეს და ძნელია მსგავსი შეხვედრების უზრუნველყოფა. ცალკეულ ადამიანებზე გადის ძირითადად შეხების წერტილები და თანამშრომლობა. აფხაზეთში ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, ვისთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია. არადა, შესაძლებლობების ეს ფანჯარაც აშკარად იხურება და მსგავსი სამოქალაქო დიალოგის ჩატარება სულ უფრო რთულდება. შიში მაქვს, რომ ერთ დღეს ამის გაკეთებასაც ვეღარ შევძლებთ და ეს გზებიც ჩაიკეტება.

- რასთან არის საფრთხე დაკავშირებული?

- უფრო შიდა პროცესებთან, მათ შორის - რუსეთის მზარდ გავლენასთანაა დაკავშირებული. სამოქალაქო ორგანიზაციები, მონაწილე ადამიანები მუდმივად გრძნობენ ამ საშიშროებას. იქ როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ელიტის დონეზე მიღებული არ არის, რომ ნებისმიერ საკითხზე ქართულ მხარეს ესაუბრონ. ხშირად ამას მოღალატეობად აღიქვამენ. ეს ყველაფერი ჩაკეტილ სისტემაზე მიანიშნებს. იმავე შეხვედრებზე მიღწეულ შედეგებზე ხმამაღლა ვერასდროს ვერ ლაპარაკობდნენ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, გაუცხოების მთავარი პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.

- საზოგადოებებს შორის დიალოგის აუცილებლობა ახსენეთ, ამისთვის მეორე მხრიდან რესურსი და მზადყოფნა თუა შესაძლებელი?

- გარკვეული მზადყოფნა არის. გააჩნია, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, სწორი თემა შევარჩიოთ, სწორი ფასილიტაციის პროცესი წარვმართოთ. ამის გამოყენება აუცილებელიც კია. პოლიტიკური საკითხები ცალკე ამბავია; ვიცით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებრივი მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია. ეს რომ მომწიფდეს, დიალოგებისა და გაზიარების ფორმატები უნდა არსებობდეს, რაც საკმაოდ რთული და ზოგჯერ მტკივნეული პროცესია ორივე მხარისთვის, მაგრამ - აუცილებელი. რაც უფრო მცირდება ეს ფორმატები, საზოგადოებაში საუბრის მოთხოვნილება და სურვილი იზრდება, რაც პროცესის მიმართ შედარებით იმედიანად განმაწყობს.

- ქართული მხრიდან თუ ხდება საკითხების სწორად შერჩევა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში?

- ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ინიციატივები არსებობს; საკმარისია თუ არა, მეორე საკითხია. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება ხელს უშლის პრაქტიკული, ჰუმანიტარული სახის ინიციატივების განხორციელებას. სად გადის ზღვარი წითელ ხაზებსა და შერიგების პოლიტიკას, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობას შორის, ამის გააზრებაა მნიშვნელოვანი. ამ გზაზე ხელისუფლებას და ალბათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც სჭირდებათ, რომ ჩვენ როგორც საზოგადოებას ერთიანი პოზიცია გვქონდეს, ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან მხარდაჭერილი უნდა იყოს.

როგორც ერთიანი გადაწყვეტილებაა ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასეთი ერთიანი ხედვა კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. ხშირად როგორც ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციას საზოგადოების რეაქციის ეშინია. ეს მაშინ, როცა დრო ძალზე ლიმიტირებული გვაქვს. ვითარება მუდმივად ცვალებადია, სამწუხაროდ, ჩვენს სასარგებლოდ არ იცვლება. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ფანჯარა და შანსი გამოვიყენოთ. საზოგადოების ფართო ჩართულობა, მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თავი რომ დავანებოთ აფხაზ და ოს საზოგადოებებს, რაც გვაკლია, ეს არის შიდა დიალოგი, დისკუსია ერთმანეთთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიმართულება და სტრატეგია, როგორ უნდა გავაგრძელოთ პროცესი. ამის ნაკლებობას აშკარად ვგრძნობ.

- როგორი უნდა იყოს ეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია?

- ფართო მსჯელობის საკითხია. მნიშვნელოვანია გვქონდეს არა ერთმიმართულებიანი, არამედ რამდენიმემიმართულებიანი მიდგომა. ჩვენი კონფლიქტები არ არის ერთგვაროვანი, სხვადასხვა განზომილების მქონეა. მათზე განსხვავებული მუშაობაა საჭირო. ერთი - ქართულ-რუსული განზომილებაა. სხვაა შიდა განზომილება - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები. თუ გვინდა, მეორე მხარეს მდგარ ადამიანებთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ, აუცილებელია, მისასვლელი გზების ძიება დავიწყოთ; შევეცადოთ, ჩვენი შერიგების პოლიტიკა იყოს თანამიმდევრული, გრძელვადიანი, რაღაცებით გამყარებული, რომ ზუსტად ვიცოდეთ, საით მივდივართ. ამიტომ შიდასაზოგადოებრივი დიალოგი გადამწყვეტია.

okupacia-1641462257.jpg

- რამდენად შედეგის მომტანია ხელისუფლების ჰუმანიტარული პროექტები, მათ შორის - სამედიცინო და განათლების სფეროში?

- განათლების სფეროში ნაკლები შედეგებია. პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ეფექტებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ჯანდაცვაზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რაც კი დღემდე განხორციელებულა. ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ჰუმანიტარული ნაბიჯია, რომ იზრუნოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კონფლიქტის მეორე მხარეს ცხოვრობენ. ეს ჩვენი ვალდებულებაცაა. მეორე მხრივ, გაუცხოების შესამცირებლად მნიშვნელოვანი პროგრამაა, რათა ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ. ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან ადამიანები ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. ხშირ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ბრუნდებიან. ამიტომ ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა ყველაზე უნიკალური და წარმატებულია, რაც კი განგვიხორციელებია.

- ცალკეული სამოქალაქო აქტივისტების, იმავე ბლოგერების (ბოლო დროს სოხუმელ ბუავას გამოვყოფ) აქტიურობას თუ მოჰყვება შედეგები?

- მოკლევადიან შედეგზე საუბარი ცოტა რთულია. როცა ასეთ ადამიანებს ვხედავ, ზოგჯერ მეშინია, მათ უსაფრთხოებას რამე არ დაემუქროს, აქტივობა მათთვის რისკის შემცველი არ აღმოჩნდეს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, ასევე - საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვისაც. შეიძლება დღეს და ხვალ შედეგი არ მოგვცეს, მაგრამ ასეთი თამამი ნაბიჯი სხვებისთვის სამაგალითო გახდეს. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველანაირი ხმა ისმოდეს. იმ საზოგადოების გვესმოდეს, რომელიც მეორე მხარეს დგას. მანაც უნდა დაინახოს, რომ არსებობენ პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებიც, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა თამამად შეუძლიათ. ამ გზაზე ნებისმიერი ინდივიდუალური აქტივობა უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ყველა მხარეს აღნიშნული თემები ნაკლებად აინტერესებს, წინა პლანზე სხვა საკითხებია. ამიტომ მიხარია, როცა ვხედავ ახალ სახეებს, ვინც ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

გელა მამულაშვილი