"დაგვიჟინია შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო და გვგონია, ციდან მანანა ჩამოვა" - გზაპრესი

"დაგვიჟინია შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო და გვგონია, ციდან მანანა ჩამოვა"

როგორ ულოცავდნენ დიდი ქართველი მწერლები შობა-ახალ წელს თავის ქვეყანასა და ხალხს, რას უსურვებდნენ, რა იყო მათი საწუხარი და საახალწლო ნატვრა/სურვილები? - ამ ყველაფერზე არქივში ბევრი მასალა ინახება. გთავაზობთ რამდენიმე მწერლის ჩანაწერს (სტილი დაცულია):

"საახალწლოდ"

ილია ჭავჭავაძე:

"აი, ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით, რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგვიცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას სამოცდახუთი დღე და სამას სამოცდა ხუთი დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო... მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარებს ბედისას?

ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან.

რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის.

მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ, დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალით არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.

"ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო", ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია! ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია "შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო" და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს - ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს. მაშ, რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

"ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო", ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმაღაა სიკვდილამდე. და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა, ეხლა თარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?

სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ, "მხნე იყავ და განძლიერდი" - აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა".

"საახალწლო ფიქრები"

2016010618165869517-1641462401.jpg

ვაჟა-ფშაველა:

"ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა. ყოველ მის საქმეს, მოძრაობას და მოქმედებასაც არა აქვს შნო, არა აქვს ლაზათი. იმას არც თავმოყვარეობა აქვს, არც სხვის სიყვარული შეუძლიან, არც საქმისა, აკლია მხნეობა. ეგრეთვე ერი, როგორც კრებული ადამიანთა, საწყალია ის ერი, რომელსაც დაუკარგავს იმედი ხვალინდელი დღისა, საუკეთესო მერმისისა.

თამამად ვიტყვი, რაც უნდა დაბეჩავებული იყოს ერი, რაც უნდა გასაწყლებული, თუ საუკეთესო მერმისს მოელის და არ გადაუწყვეტია იმედი და არ ფიქრობს: ეგ არის, ჩემი საქმე მორჩომილია, დაღუპული ვარო, ის ერი არც დაიღუპება, არც მოკვდება. მომაკვდინებელს გარემოებაში და პირობებში რომ იყოს, პირობებს შესცვლის და გაიმარჯვებს კიდეც.

შეიძლება სნეული, ცალკე აღებული ადამიანი, მარტო იმედით მორჩეს, უწამლოდ, უარარაოდ, ხოლო დასნეულებული, დაავადებული ერი არასოდეს მარტო ცარიელის იმედით არ მორჩება, თუ წამალი არ მიეშველა.

უიმედობა მომავალზე ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ერთგვარი ინტელიგენციის ცუღლუტობაა და სხვა არარა, ეს უსაქმურთა და უკეთურთა საქმეა. იცნობს ამის მთქმელი ერს? იცის მისი სულისა და გულის ვითარება? არაფერი ეს ამ იმედის მომწამვლელთ არ იციან, იმიტომ რომ თვითონ არაფრის გაკეთება, არაფრის უნარი არა აქვთ, არაფერი ცხოვრებისა არ ესმით, ერის ძალ-ღონე აწონილ-გაზომილი არა აქვთ. ან კი რას ვამბობ: ვინც ჯერ თავის თავს არ იცნობს, თავისი ძალ-ღონე არ შეუგნია, იგი ერს როგორ იცნობს, მის ძლიერებას, ან სისუსტეს როგორ შეიგნებს?!

იქნება მკითხველი გაგვიწყრეს და სთქვას: "რა დროს იმედებზე ლაპარაკისაა, სხვა რამე თქვი, დალოცვილო, რომ ახალ წლის დღესასწაულს შეეფერებოდესო".

უსამართლო რისხვაა. რაც უნდა უფერულ და უიმედო ყოფაში იყოს ადამიანი, ახალ წელს მაინც იმედით ეგებება, როგორც კარგი რისამე მომტანს, კარგის მომასწავებელს. უნუგეშოდ, უიმედოდ დახვედრა კი დიდი ცოდვაა.

ამ ახალ წლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავიჭდიოთ ღრმად გულში ეს მცნება:

საცა ვცხოვრობთ და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს...

თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის, რომლის ღვიძლი შვილია, რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს)".

"ახალი წელიწადი"

image-1592694543880-1641462412.jpg

აკაკი წერეთელი:

"რატომ არის ყოველთვის და მუდამ სასიამოვნო ახალი წელიწადი? რატომ გვიხარია ყველას ახალი წლის დადგომა? სულ უბრალო მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესობას, ყველა თავის სურვილთა და წადილითა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის.

გასაკვირველი ეს არის, რომ ეს იმედი თითქმის მუდამ უმტყუნდება ადამიანს. თავის წადილი და ნატვრა თითქმის არასოდეს, არც ერთს ახალი წლის განმავლობაში არ უსრულდება, მაგრამ იმის ბუნება იმნაირად არის გაჩენილი, რომ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება, მაინც კიდევ მოელის, უცდის, იმედოვნებს და შეჰხარის ყოველ ახალ წელიწადს.

და ეს იმედი, ეს რწმენა, რომ მომავალ წელს შეასრულებს იმას, რაც გასულში არ შეუსრულებია, ანუგეშებს, ამხნევებს, ენერგიას აძლევს ადამიანს; ეს იმედი არის კაცობრიობის წინ წამყენებელი, აღმძვრელი ძალა პროგრესისა, როგორც იტყვიან..."

ნინო ჯავახიშვილი