"კომენტარი დაგვიწერეს, თქვენზე კარგი ჭიათურაში არაფერი გაკეთებულაო - გზაპრესი

"კომენტარი დაგვიწერეს, თქვენზე კარგი ჭიათურაში არაფერი გაკეთებულაო

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2022 წლის პირველ ნომერში, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის კარგად ნაცნობ რუბრიკას "ერუდიტი" საახალწლო, სახალისო სტატიას გთავაზობთ. რუბრიკის სტუმრები იუმორისტები გიორგი ჩუბინიძე და აკაკი დარბაიძე არიან. იგივე "კეთილები", ბონდილა და ბესიკა, ტოპე და ტანჯულა, ლუიზა და ნუგზარი.

- ახალ წელს გილოცავთ! მიამბეთ, როგორ შეხვდით?

გიორგი:

- დიდი მადლობა, ჩვენც გილოცავთ. ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომელსაც ყოველთვის ოჯახში ყოფნა უხდება, ჩვენც ჩვენს ოჯახებში შევხვდით.

აკაკი:

- 31 დეკემბერს და 1-ლ იანვარს ყოველთვის შინ ვართ, მერე ვიხსნებით (იცინის). ჯერ სულ რაღაც 24-ჯერ ვართ ახალ წელს შეხვედრილი.

გიორგი:

- ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ახალ წელს ყოველთვის ჭიათურაში ვხვდებით. ჩვენი ქალაქი ძალიან გვიყვარს.

- თქვენს პერსონაჟებზე ბონდილა და ბესო, რას გვეტყვით?

აკაკი:

- ეს პერსონაჟები მაყურებელმა ძალიან შეიყვარა, ერთი პერიოდი ჩემთვის ბესიკა რომ დაგეძახა, ჩვეულებრივად მოვიხედავდი, ზოგჯერ ახლაც იგივე რეაქცია მაქვს. მაყურებელი ჩვენდამი მხოლოდ სიყვარულს და დადებით ემოციებს გამოხატავს. ზოგჯერ უხეში შემთხვევებიც არის, მაგრამ რა ვქნათ? ესეც პოპულარობის ნაწილია.

- რას გულისხმობ?

- ვიღაც მოვა, ჩაგიხუტებს, მერე ჰაერში აგაგდებს და ასე გეფერება.

- ბონდილა და ბესიკა რატომ დაირქვით?

- გიორგიმ ერთხელ თქვა, ბონდო ჩუბინიძის შთამომავალი ვარო და მერე მე ბონდილას მოფერებით ვეძახდი. ასე დაიბადა ბესიკაც, ბონდილას მოუხდა.

გიორგი:

- ჩვენი პერსონაჟები არიან ნუგზარა და ლუიზა, ტოპე და ტანჯულა.

- გამორჩეულად რომელი პერსონაჟი გიყვართ?

- ყველა მიყვარს, ეს ჯერ არც არავის უკითხავს.

აკაკი:

- მე გიორგის პერსონაჟი ბონდილა მიყვარს, გულს რომ მოგფხანს, ეგეთი ტიპია.

- ჭიათურაში რას გეუბნებიან?

- ხუმრობით გვეუბნებიან, რას გვაჯღანავებ, რას გვაგლახავებო? ერთხელ კომენტარი დაგვიწერეს, თქვენზე კარგი ჭიათურაში არაფერი გაკეთებულაო.

გიორგი:

- ქალაქში რომ გავივლით, სულ გაღიმებულები დავდივართ. თავად ადამიანები გვიღიმიან, უხარიათ ჩვენი დანახვა. ქუჩის მეორე მხრიდან გადმოგვძახებენ ხოლმე. ჩვენ "კავეენში" ვთამაშობდით და მერე მოვხვდით ტელევიზიაში.

- ახლა რუბრიკის კითხვებზე გადავიდეთ... ამ ცხოველს ჭიათურაში ვერ შეხვდებით, მაგრამ მისი სხვადასხვა სახეობა გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთში, მალაის არქიპელაგზე, უსურიისა და ამურის მხარეებში... ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად - ფრინველებსა და ქვეწარმავლებზე. თავს ესხმის ადამიანს. ცოცხლობს 8-10 წელი. ის კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. რაზეა ლაპარაკი?

- ვეფხვზე ხომ არა? ახლა მისი წელი მოდის.

- რა თქმა უნდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული, ნადირობა, ყინვა, ნაღველი და ა.შ. შეიძლება ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- დალევაზე.

- ალკოჰოლთან მეგობრობთ?

- შეძლებისდაგვარად.

- რომელი უფრო კარგად იტანთ?

- გიორგი. თამადადაც რაღაც გამორჩეულია. მე სუფრას ვაწყობ ხოლმე, გიორგი თამადობს.

- ერთმანეთის სიმთვრალის ამბები მიამბეთ.

- გიორგის ქართული სიმთვრალე აქვს, სუფრასთან რომ ზის და წესით უკვე რომ უნდა ადგეს, მაგრამ კიდევ რომ დალევს, მოლხენა უყვარს. არ გამორჩება საბიძაშვილოს, სადეიდაშვილოს, სამამიდაშვილოს სადღეგრძელოები.

გიორგი:

- აკაკის მშვენიერი სიმთვრალე აქვს, იმიტომ რომ ცოტას იკლებს, ბევრი ალკოჰოლი არ უხდება.

- დილით ნაბახუსევს როგორ შველით?

- ისევ დალევით.

აკაკი:

- მე დალევა არ შემიძლია, 2 დღე უნდა ვიძინო.

- საახალწლოდ ოჯახში ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობთ?

- ბავშვობაში ასე იყო, ახლა - არა.

გიორგი:

- მე რომ შინ მივდივარ, ნაძვის ხე უკვე აწყობილი და მორთული მხვდება.

- თუ იცით, რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

აკაკი:

- ვფიქრობ, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან.

გიორგი:

- მეც ასე მგონია.

- ვერ გამოიცანით. საქართველოში ნაძვის ხეს XVIII საუკუნიდან რთავენ. "ახალი წლის საღამოა,/ ქარი ქრის და ფიფქი ცვივა./ თოვლის საბანს რომ იხურავ,/ ნაძვის ხეო, არა გცივა?" - ვინ არის ავტორი?

გიორგი:

- ხალხურია, არა?

- ცდები.

აკაკი:

- მაშინ, აკაკი წერეთელს ვიტყვით, მაინც ჩვენებური კაცი იყო, თან ჩემი სეხნიაა.

- სწორი პასუხია ნოდარ დუმბაძე. ახალ წელს იაპონელებს თავიანთ სახლებში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობის და სიძლიერის სიმბოლო. ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელეთ მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- საკურა, არა?

- ცდები, ბამბუკზეა ლაპარაკი. რასთან დაკავშირებით დაერქვა იანვარს იანვარი?

გიორგი:

- არ ვიცი.

- დროის ღმერთის, იანუსის პატივსაცემად.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- სხეული.

აკაკი:

- არ დავეთანხმები.

გიორგი:

- რატომ, ბიჭო, რა არ მოგეწონა?

აკაკი:

- ისეთი შეკითხვაა, სხეულზე გრძელი ენა ექნება.

- ნამდვილად ასეა. ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- ისევ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ბეღურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კითხვას არ დასვამდი.

- წუთში ერთხელ არის, წამშიც ერთხელ არის, თვეში არ არის და წელიწადში ორჯერ არის, რა არის?

- ასო "წ", ეს ვიცოდი.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტულებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდი. გიორგის უყვარს ლუდი, მე - "პივა".

- დღე-ღამის მანძილზე, როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს მხოლოდ 2-ჯერ?

- გაფუჭებული.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით წარმატებით დაეხმარებოდათ ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- ვარდისფერი სათვალე.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

გიორგი:

- (იცინიან) ისაკი.

- ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

აკაკი:

- თებერვალში.

- მხოლოდ თებერვალში? გიორგი შენ რას იტყვი?

- ოქტომბერში?

აკაკი:

- საიდან მოიტანე, ბიჭო, არ დაუჯერო ამას, თებერვალია სწორი პასუხი.

- ძალიან დაიბენით, 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ვა! სად ყოფილა ეშმაკი დამალული.

- დამთვალიერებელი გალერეაში შედის და ამბობს, ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. ვინ არის მისთვის სურათზე გამოსახული კაცი?

- ბაბუა.

- აბა, დაფიქრდით.

გიორგი:

- ბაბუაა - დედის მხრიდან.

- ბიძა გამოდის... ახლა ერთმანეთის შესახებ თითო ამბავი მიამბეთ.

frhdhdsh-1641463659.jpg

აკაკი:

- მე ისეთი უჩვეულო ახალი წლები მაქვს გამოვლილი, ხომ გითხარი, სულ 24 ახალ წელს ვარ შეხვედრილი-მეთქი. აქედან 4 ახალ წელს მიყოლებით სიცხიანი ვიყავი. არ ვიცი, ასე რატომ ხდებოდა. 31 დეკემბერს და 1-ლ იანვარს ვიწექი. ეს ყველაფერი კორონამდე პერიოდში ხდებოდა. მე-5 ახალ წელს ტემპერატურა რომ აღარ მქონდა, უზომოდ გახარებული ვიყავი.

გიორგი:

- მე იმ ახალ წლებზე აკაკი ძალიან მაკლდა. ერთი ახალი წელი გამორჩეულად იმით მახსოვს, რომ 31 დეკემბერს ჩემი ბიძაშვილის ქორწილი იყო, სამეგობროსთან ერთად დავადექი და არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. პატარა შინაურული ქორწილი იყო.

აკაკი:

- არასაახალწლო ამბავი გამახსენდა, რომელიც თავს სტუდენტობის დროს გადაგვხდა: მაგრად გვშიოდა, ფული ვისაც რა გვქონდა, შევკრიბეთ, ქათმის გულ-ღვიძლი ვიყიდეთ. მზარეულობა გიორგიმ იკისრა. ერთი სული გვაქვს, როდის მოამზადებს. მოკლედ, მორჩა როგორც იქნა და პირველმა თავად გასინჯა. გაგვაფრთხილა, თქვენ არ შეჭამოთო. აღმოჩნდა, რომ ტაფაზე ზეთის ნაცვლად, "ფეირი" დაუსხია.

- გამოდის, რომ გიორგი კარგი კულინარობით ვერ გამოირჩევა.

- არა, რას ამბობ, კარგი კულინარია. ამ ერთხელ შეეშალა, ვის არ შეშლია?! ყველაფერს გემრიელად ამზადებს.

გიორგი:

- აკაკი ხიფათით სავსე კაცია. ერთხელ გადაცემას ვწერდით, რამდენიმე წუთით მარტო დავტოვე და რომ მოვიდა, ცალ მხარეს ყბა ნახევარი კილოთი მეტი ჰქონდა. მოულოდნელობები ხშირად არის მის ცხოვრებაში.

- დაბოლოს, დაასრულეთ სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდა ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

აკაკი:

- "...განწყობა".

თამუნა კვინიკაძე