ახალგაზრდა ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - გზაპრესი

ახალგაზრდა ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

მიუხედავად არაერთი განსხვავებისა, ცოტნე მაინც პოულობს ერთ დიდ საერთო ნიშანს აფრიკელებსა და ქართველებს შორის - ეს სტუმართმოყვარეობის ტრადიციაა.

ამ ქვეყანაში მოხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლაა, მაინც ძალიან რთულია. იქ სამუშაოდ წასვლას ცოტნე არავის ურჩევს, თუმცა, როგორც ამბობს, სასწავლებლად ჩასული ახალგაზრდებისთვის კარგი პერსპექტივაა. არსებობს ბევრი დაფასებული პროფესია. თუ როგორ უნდა მოხვდეთ აფრიკაში სასწავლებლად, ამის შესახებ რჩევები ჩვენს მკითხველს მისცა.

- აფრიკაში სასწავლებლად ჩამოვედი. მამა უკვე აქ მუშაობდა ექიმად და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი.

- რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ ქვეყანასთან შეგუება და თავიდან ახალი ცხოვრების დაწყება?

- რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობდა. ყველანაირად მხარში მედგნენ, სირთულეები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ენის ბარიერს და ახლობლებისა და ნათესავებისგან შორს ყოფნას.

- თქვენი პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.

- როდესაც პირველად ჩამოვედი, აქაურობა ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ ეს არ იყო მცდარი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული კლიმატი და კულტურაა, ადაპტაცია არ გამჭირვებია. ხალხიც ძალიან თბილად დამხვდა, სრულიად უცხოებიც კი მეხმარებოდნენ, თუ რამეს ვკითხავდი.

- საინტერესოა, საერთო რა გვაქვს აფრიკელებთან?

- ვფიქრობ, რაღაცებით ერთმანეთს ვგავართ. აფრიკელები სტუმართმოყვარე და მეგობრული ერია. უყვართ ადამიანების დახმარება, გულისხმიერები არიან.

- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ხართ და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ქვეყნის წინაშე. რატომ იკისრეთ ეს ვალდებულებები?

- ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში გვყავდა ახალგაზრდა ელჩები, აფრიკაში კი - არა. მე გავუგზავნე მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვთხოვე, იქნებ ამ ქვეყანაშიც დაემატებინათ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და თანხმობა მივიღე. შემდეგ გავიარე აუცილებელი პროცედურები და დავინიშნე ახალგაზრდა ელჩად. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მაქვს ბევრი გეგმა. მინდა, ჩემს ქვეყანას განვითარებაში დავეხმარო, თუნდაც - შორიდან. ვთვლი, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. ყველამ თითო აგური რომ დავდოთ, ქვეყანა აშენდება.

- ვიცი, რომ ხშირად მართავთ სხვადასხვა ღონისძიებას, ამაზეც გვიამბეთ.

- შეძლებისდაგვარად ვმართავ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ზოგჯერ საქველმოქმედოსაც. დეკემბერშიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო დედაქალაქ კეიპტაუნში ჩავატარეთ დიასპორული ღონისძიება, მოვიწვიეთ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოსთან დაახლოებული პირები. დამსწრე საზოგადოებას გავაცანით სიახლეები, ჩვენი ქვეყნის მიღწევები, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ხაზი გავუსვით ქართული დიასპორის მნიშვნელობას, ვუჩვენეთ ჩემ მიერ მომზადებული ვიდეო საქართველოს შესახებ. სტუმრები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ საქართველოს მიღწევებით საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა დამსწრე საზოგადოება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ქვეყანა გავაცნო აფრიკელებს, მოვიზიდო ინვესტიცია, ტურისტები. ბევრმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში ბიზნესის გასაკეთებლად წასულიყო და ძალიან კმაყოფილებიც არიან. მინდა, ამ ხალხმა გაიგოს, რომ განათლებული, სტუმართმოყვარე და დიდსულოვანი ერი ვართ.

- ქართულ კულინარიულ საღამოებს თუ მართავთ და აგემოვნებინებთ ხოლმე ადგილობრივებს ჩვენს სამზარეულოს?

- გამომდინარე იქიდან, რომ აქ ბევრი ქართველი არ ცხოვრობს და არც დიდი ბიუჯეტი გვაქვს, მსგავსი ტიპის საღამოებს ვერ ვაწყობთ. ამ შემთხვევაში ყველაფრის მომზადება ჩემს ოჯახს მოუწევს. ოჯახში კი ხშირად ვამზადებთ ქართულ კერძებს და მეგობრებს ვეპატიჟებთ დასაგემოვნებლად. ძალიან მოსწონთ, რაც მახარებს.

- გვითხარით, რომ რამდენიმე მათგანმა საქართველოში საკუთარი ბიზნესიც კი წამოიწყო. ხომ არ შეჰქმნიათ მათ რაიმე სახის პრობლემები ჩვენს ქვეყანაში?

- ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონთ და მადლიერები არიან ქართველი ხალხის. არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ, პირიქით, ისე მიიღეს, როგორც ქართველებს გვეკადრება და დახმარების ხელიც არაერთხელ გაუწოდეს. ღონისძიებებზე აქაურ ბიზნესმენებს ხშირად ვთავაზობ საქართველოში ინვესტიციის ჩადებას და დარწმუნებული ვარ, იქ ჩასულებს არანაირი სერიოზული პრობლემა არ შეექმნებათ.

242689857-4341859929233225-93225115357294035-n-1642409564.jpg

- ბევრი ქართველი ემიგრანტი თუა აფრიკაში და რა საქმიანობას ეწევიან?

- არც ისე ბევრი - დაახლოებით 50 ადამიანი იქნება. თითქმის ყველა მათგანს ვიცნობ, ჩვენს ღონისძიებებსაც ესწრებიან. სამუშაოდ და სასწავლებლად არიან ჩამოსულები. აქ მოხვედრა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, აფრიკის საზღვრები კარგად არის დაცული არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მცხოვრებთათვის. გამკაცრებულია ქვეყნის საზღვრების დატოვება. დაფასებულია ექიმისა და არქიტექტორის პროფესიები. სამხრეთი აფრიკა არ არის მდიდარი ქვეყანა და არ შეუძლია მიიღოს ლტოლვილები, სამაგიეროდ სტუდენტებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.

- როგორ უნდა მოხვდეს აფრიკაში ქართველი სტუდენტი და რა სახის დახმარების მიღებაა შესაძლებელი?

- თუ აფრიკაში სწავლას გადაწყვეტთ, უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტის საშუალებით უნდა მოიძიოთ უნივერსიტეტი, გაიაროთ გასაუბრება და ასე შემდეგ, სხვადასხვა საფეხურია გასავლელი. აფრიკა კი გთავაზობთ უფასო საცხოვრებელ ადგილს, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. სტუდენტები ასევე შეძლებენ ნახევარი განაკვეთით მუშაობასაც, სურვილის შესაბამისად.

ფიქრია რობაქიძე