ვაზის კულტურა ძველ მესხეთში
ძველად მესხეთის ტერიტორიაზე ვაზი ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მეხორბლეობასა და მეხილეობასთან ერთად, მევენახეობა-მეღვინეობა წამყვან ადგილს იკავებდა. ვაზი მოჰყავდათ თანამედროვე სამცხისა და ჯავახეთის, აგრეთვე ისტორიული მესხეთის დანარჩენ ტერიტორიაზეც - არტაანში, კოლასა და ერუშეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა). ივანე ჯავახიშვილი წერდა:
"მესხეთში ძველად მევენახეობა ყველგან იყო, სადაც ბუნების პირობების სასოფლო მეურნეობის ამ დარგის არსებობას შესაძლებელს ხდიდა". თუმცა, ვაზის გავრცელების ძირითადი არეალი მაინც სამცხეში ყოფილა. ამ საკითხის შესწავლას არაერთი კვლევა მიეძღვნა.
2014-2016 და 2019-2021 წლებში ორი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა: "ტერიტორიული დაგეგმარებისათვის სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასება გის-ანალიზის მეშვეობით" და "სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გეოინფორმაციული კარტოგრაფირება-ანალიზი ძველი თურქული დავთრების მიხედვით". ორივე პროექტი შოთა რუსთაველის სახ. ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. პროექტებს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ალმანახ "ჯავახიანის" რედაქტორი დალი ნიკოლაიშვილი, რომელსაც შედეგებზე ვესაუბრეთ.
- რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული პროექტები?
- ერთი შეხედვით, აღნიშნულ პროექტებს სხვადასხვა მიზანი აქვს, მაგრამ მათ შორის მრავალი საერთო კვეთის წერტილია. ერთ-ერთი ასეთია ტრადიციული ბუნებათსარგებლობა, რომელიც ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი ასევე მნიშვნელოვანია ქართული სუბსტრატის გამოვლენის თვალსაზრისითაც, რაც ლაიტმოტივად გასდევდა კიდეც მეორე პროექტს.
- რა წყაროები გამოიყენეთ ქართული სუბსტრატის გამოსავლენად?
- უპირველესი წყარო ოსმალეთის ხელისუფლების მიერ XVI-XVIII საუკუნეებში შედგენილი დავთრებია. ისინი უტყუარი დასტურია იმისა, რომ ვაზი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აგროკულტურა იყო ძველ მესხეთში. მაგალითად, 1595 წლის "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, რომელიც თურქულიდან თარგმნა და გამოსცა პროფესორმა სერგი ჯიქიამ, არაერთ სოფელშია მითითებული ვენახის ნაკვეთები და მათზე გაწერილი გადასახადები. კერძოდ, ახალციხის ლივაში (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ისტორიულ ოსმალეთში) 41 სოფელშია აღრიცხული 111 ვენახის ნაკვეთი, ხერთვისის ნაჰიეს (მუნიციპალიტეტი) 17 სოფლიდან 7-ში - 23 ნაკვეთი. ასევე დიდი იყო ვენახის ნაკვეთების რაოდენობა ჩრდილის ნაჰიეში - 20. აღნიშნულ დოკუმენტში მრავალი სოფელია დასახელებული, სადაც ვენახის გადასახადი არა მარტო სამცხის, არამედ ჯავახეთის სოფლებზეცაა გაწერილი. ასეთია ახალქალაქისა და ფოცხოვის ლივები. ეს ძალზე საინტერესო ფაქტია, ვინაიდან დღეს ჯავახეთში ვაზი აღარ მოჰყავთ. გვაინტერესებდა, თუ არის შემორჩენილი ვაზი მესხეთის იმ სოფლებში, რომლებზეც ძველ ოსმალურ დავთრებში გადასახადი იყო გაწერილი. არაერთგვაროვანი სურათი მივიღეთ. ბევრგან დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მევენახეობა-მეღვინეობას, ხოლო არც ისე მცირეა სოფლების რაოდენობა, სადაც მათი კვალი საერთოდ აღარ არსებობს. უმთავრესად, ეს ჯავახეთის სოფლებზე ითქმის.
- ხომ არ დაასახელებთ ჯავახეთის რომელიმე სოფელს, სადაც წარსულში ვაზი იყო გავრცელებული?
- ასეთია, მაგალითად, სოფელი ოლოდა, რომელიც აღნიშნული დავთრის მიხედვით, ჩრდილის ლივის ქანარბელის ნაჰიეში შედიოდა. ამჟამად იქ ნასოფლარია, რომელიც ახალქალაქის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ოლავერდის (ფარავნის აუზი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900-1940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ანუ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მტკვარი შემოედინება საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც დავთრიდან ირკვევა, აქ ხეხილისა და ვენახის 1 ნაკვეთი ყოფილა, ოღონდ არ არის მითითებული გადასახადის ოდენობა. XVI საუკუნის "მესხური დავითნის ქრონიკაშიცაა" ნახსენები სოფელი ოლოდა. დოკუმენტში ვკითხულობთ: "ვენახის ერთი ნაკვეთი ყალი-ბეგის, ვენახი და ბაღი - ღაზანფერის მფლობელობაში ყოფილა".
ვაზი გავრცელებული ყოფილა სოფელ მირაშხანის მიდამოებშიც, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდ. აზმანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ნაქალაქევის თემში, ზ/დ 1300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ გადასახადის ოდენობა მითითებულია. საინტერესოა ისიც, რომ მოხსენიებული არიან ვენახის მფლობელებიც. ორ მათგანს ქართველებისთვის/ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი სახელი ერქვა: აღდგომელა და გოგიჩა, თუმცა დავთრის შედგენის მომენტისათვის ამ მიწებს უკვე ახალი მფლობელი ჰყავდა. ანთროპონიმებიდან გამომდინარე, ისინი სავარაუდოდ, მუსლიმანები უნდა ყოფილიყვნენ.
- ნარატიული წყაროების გარდა, ჯავახეთში ვაზის გავრცელებას კიდევ რა ადასტურებს?
- ჯავახეთში ვაზის გავრცელებაზე მეტყველებს არქეოლოგიური მონაპოვარიც: ქვევრები, საწნახელები, მარნები, ნავენახევი ადგილები, ვაზის ნაშთები და სხვ. მაგალითად, სოფ. იხტილაში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) მიკვლეულია დიდი ტევადობის ქვევრები და საწნახელები. ამის დასტურია აგრეთვე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი საწნახელები. ამასვე ადასტურებს მრავალი ძველი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი. ზოგიერთ დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ როგორ სწირავდნენ ეკლესია-მონასტრებს ვენახებსა და ღვინოს. მაგალითად, თისელის მონასტრის ხელნაწერებში (XIV-XVI სს.) აღნიშნულია: "შემოგწირე... თისლისა ღმრთისმშობელსა და თქუენსა მონასტერსა ტყემლუანას ვენახი", "მე, სიაოშა, ვიყიდე... ნავენახევი და მივეც საშენებლადა ლაკლაკისძესა სანახევროდა; და... შევსწირე თისლისა ღმრთისმშობელსა".
მრავლად გვხვდება ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული ტოპონიმიც: ბებერი ვენახები, მარნის ყანები, მარნის ხევი, ნავენახარი, ნაზვრევი, საღვინეთი, ქვევრების სერი და სხვ. ასეთი ტოპონიმები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ანდრიაწმინდის, ახალციხის, აწყურის, გურკელის, კლდის, მარდის, მუსხის, საფარის, წინუბნის, წრიოხის, წყორძის და რიგი სხვა დასახლებების ტოპონიმიაში.
- თუ არის ცნობილი, ვაზის რა ჯიშები იყო ძველად გავრცელებული მესხეთში?
- მესხეთში ვაზის მრავალი ჯიში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, თუმცა მათი უმეტესობის სახელი დღემდე არ შემორჩენილა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მესხეთში აღრიცხული გვაქვს ვაზის ექვსი ათეული ჯიში. მათ შორისაა: არიჭული, ბუდეშური, დონდღლაბი, თავცეცხლა ვარდისფერი, თამარის ვაზი, თითა-ყურძენი, მამლითვალა, მელიკუდა, როკეთულა, სამარიობო, საწური, ცხენისძუძუ, ხარისთვალა, ჯავახეთურა, ჯამურის ყურძენი და სხვ.
- მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, როგორ ახერხებდნენ ვაზის მოშენებას?
- წარსულში მესხეთში ფართოდ ყოფილა გავრცელებული დაბლარი ვენახები და სწორედ ვაზის ასეთი ჯიშებით იყო ეს მხარე განთქმული. ვაზი აქ უმთავრესად ხელოვნურად მოწყობილ ქვისკედლიან ტერასებზე - ოროკოებზე იყო გაშენებული ხეხილთან ერთად. ეს ტერასები მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობებში იყო მოწყობილი. ტერასებს სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე აგებდნენ. ეს მზის ენერგიის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. განსაკუთრებით განთქმული იყო: აწყურის, გამოღმა ჭაჭკარის, გოგაშენის, მილახევის, საროს, უნწის, ხიზაბავრის, ჯავახეთის ვარძიის ტერასები. ცნობილია ასევე, რომ ჯავახელი მეურნეები ცივი ზამთრის დადგომამდე ვაზს მიწაში მარხავდნენ და ამით დაბალი ტემპერატურისგან იცავდნენ.
- რა მიზეზით განადგურდა ვაზი ჯავახეთში?
- ცნობილია, რომ ისტორიულმა პროცესებმა აქ ვაზის კულტურა თითქმის გადაშენებამდე მიიყვანა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, ქართველი ერის სოციალური წეს-წყობილებისთვის მევენახეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და რომ ქართულ ღვინოს დიდი ადგილი ეკავა როგორც საექსპორტო პროდუქტს; ეს გარემოება საქართველოს მეზობლებმა და მტრებმაც კარგად იცოდნენ და შესაბამისად, მასთან ბრძოლის დროს, ქართველი ერის თავგანწირული წინააღმდეგობისა და ქედუხრელობითი სულისკვეთების დასაძლევად არაერთხელ სწორედ ამ სამეურნეო დარგის განადგურებას ცდილობდნენო.
- ამგვარად, ვაზი მესხეთში გარე მტრებს გაუნადგურებიათ, არა?
- ნამდვილად ასე იყო, თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: პალეოკლიმატური პირობები. XVI საუკუნის შემდგომი პერიოდი კლიმატის აცივებით ხასიათდებოდა, ხოლო XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ხანმოკლე - 40-წლიანმა - განსაკუთრებით მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა სამხრეთ საქართველოში მევენახეობის მოსპობა გამოიწვია. თუმცა, ცხადია, რომ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამაც, რის შესახებაც წერდნენ ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ფრონელი, ნიკო კეცხოველი და სხვანი, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ბოლოს მინდა დავძინო, რომ ძველ ისტორიულ დოკუმენტებსა თუ ლიტერატურულ წყაროებში შემორჩენილი ცნობები ვაზის ან რომელიმე კონკრეტული ჯიშის გავრცელების შესახებ, აგრეთვე ხელოვნური ტერასები, ტოპონიმები, გადმოცემები, არქეოლოგიური მონაპოვრები, ჯერ კიდევ შემორჩენილი გაველურებული ვაზის ნაშთები და სხვა მასალები შესაძლებლობას იძლევა წარმოჩინდეს მევენახეობის ძველად გავრცელების რეტროსპექტული სურათი. ეს საკითხი უცილობლად სხვადასხვა დარგის მეცნიერის ჩართვას ანუ კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, რათა ურთიერთშეჯერებული ანალიზი და შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს.
შორენა მერკვილაძე