„უშამ მითხრა: მთელი ღამე მესიზმრებოდა წმინდა ქეთევანი, მისი წამებაო...“ - გზაპრესი

„უშამ მითხრა: მთელი ღამე მესიზმრებოდა წმინდა ქეთევანი, მისი წამებაო...“

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში - არჩილ ძულიაშვილი იმ მნიშვნელოვანი მოვლენების თანამონაწილეა, რომლებიც ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის... ის თბილისში, ვერაზე გაიზარდა, 51-ე სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტი ეროვნულ მოძრაობაში ჩაერთო, მერე იყო 9 აპრილი, ომი აფხაზეთში, სწავლის გაგრძელება სირიაში...

- არაბულმა ენამ როდის დაგაინტერესათ?

- სპარსული ტექსტი პირველად სკოლის პერიოდში ვნახე. დამაინტერესა არაბულმა დამწერლობამ და გადავწყვიტე შემესწავლა. დედამ ხელი შემიწყო და თავის მეგობარ პედაგოგთან მიმიყვანა. სპარსულთან ერთად, რა თქმა უნდა, ინგლისურსაც ვსწავლობდი. შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამჯერად, უკვე არაბული განხრით წავედი. პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა იწყებოდა ეროვნული მოძრაობა, მთელი ჩვენი ჯგუფი მათ შევუერთდით. მახსოვს, პირველი რესპუბლიკის დროშა უნდა შეგვეკერა. რუსთაველზე ქსოვილების დიდ მაღაზიაში ვიყიდეთ ნაჭრები და ჩემმა მეგობარმა ერეკლემ (ნოდარ ნათაძის შვილმა) შეკერა. უნივერსიტეტის წინ გაიმართა პირველი მიტინგი, სადაც დაახლოებით 150 სტუდენტი ვმონაწილეობდით. მიტინგების აქტიური მონაწილე ვიყავი, 9 აპრილსაც რუსთაველზე ვიდექი.

აფხაზეთში კურსელებთან ერთად წავედი, ომი რომ დაიწყო... გულმკერდის არეში დავიჭერი, როცა ერთ-ერთი ხელჩართული შეტაკებისას მტერმა ცეცხლი გაგვიხსნა. გარკვეული დროის შემდეგ, ბრძოლის ველიდან მეგობრებმა, ფაქტობრივად „ტყვიების სეტყვაში“ გამომიყვანეს და ოჩამჩირის ჰოსპიტალში გადამიყვანეს. მერე გადამაფრინეს ჯერ სოხუმში, შემდეგ თბილისში. მალე ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ, ისევ დავბრუნდი ომში... ჩემი და ჩემი მეგობრების მთავარ მისიას წარმოადგენდა აფხაზეთის განწირული ქართveლი მოსახლეობის დაცვა და საქართველოში შემოჭრილი მრავალათასიანი მტრის შეჩერება, რომელსაც რუსეთი გზავნიდა და უმაგრებდა ზურგს. ასევე რუსული სამხედრო შენაერთები პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებში. ომში წასვლა გადავწყვიტეთ მხოლოდ ამ მიზნით. და მართლაც, სულ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან ერთად ვიყავით. ახლა, როდესაც დიპლომატად ვმუშაობ, ჩემი მთავარი მოტივაცია არის ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. როცა ომის მერე თბილისში ჩამოვედი, აქ სწავლა შეუძლებელი აღმოჩნდა. არაბული ენის შესწავლა სირიაში გავაგრძელე. 1994 წელს დავბრუნდი საქართველოში, რადგან მამაჩემი ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ამბობენ, ბრმა ტყვიამ შეიწირა. ქვეყანაში ისევ არეულობა და განუკითხაობა იდგა.

cm-nacilebi-1642510418.jpg

- რომელი იყო პირველი ქვეყანა, სადაც დიპლომატიური მისიით წახვედით?

- საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლექტივს 1995 წლიდან შევუერთდი. სამსახურში ალექსანდრე ჩიკვაიძემ მიმიღო, პირველივე შეხვედრიდან აღფრთოვანებული ვიყავი ამ პიროვნებით. ახალგაზრდა დიპლომატს შთაგონება და სიძლიერე მომცა. პირველად, 2003 წელს ყაზახეთში მიმავლინეს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე, ასევე ვითავსებდი კონსულის ფუნქციებს. ჯერ ალმა-ატაში ჩავედი, სადაც ყველაფერი ყვაოდა და შესანიშნავი ამინდი იდგა. იქიდან მატარებლით გავემგზავრე ასტანაში, ქვეყნის ახალ დედაქალაქში, რომელიც იმ დროს შენდებოდა. მატარებლიდან რომ ჩამოვედი, ისეთი ყინვა და სუსხი იყო, დღესაც მახსოვს. ასტანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია, ტემპერატურა მინუს 40-50 გრადუსს აღწევს. საინტერესო პროცესი მიმდინარეობდა ჩემ თვალწინ - თვალუწვდენელ სტეპში, რთულ კლიმატურ პირობებში, დღე და ღამე მიმდინარეობდა უზარმაზარი მშენებლობები, იქმნებოდა ამ დიდი და მდიდარი ქვეყნის ახალი დედაქალაქი... ვხედავდი, ქვეყანა რა სწრაფად ვითარდებოდა.

- ყველა ქვეყანაში მუშაობა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ გამორჩეულად რა ეპიზოდებს გაიხსენებთ?

- დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და შეუდარებელი გამოცდილება მივიღე, როცა ვმონაწილეობდი qუვეიTში საქართველოს საელჩოს გახსნაში. სტამბოლში qუვეიTის კონსულს შევხვდი, ჩემზე გასცა სპეციალური ვიზა, ესაუბრა თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩემი ჩასვლის შესახებ აცნობა. qუვეიTის აეროპორტში დაახლოებით ღამის ორ საათზე ჩავფრინდი და სამწუხაროდ, არავინ დამხვდა. მსგავსი ისტორიები ხშირია. ქვეყანაში პირველად ვარ. რა ვქნა? ამ პირობებში ჩანს ხოლმე, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება. ტელეფონით რამდენიმე ზარი განხორციელდა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, თავისი მანქანით qუვეიTელი მოვიდა და სასტუმროში წამიყვანა. სწორედ მაშინ ვიგრძენი მათი უანგარო სტუმართმოყვარეობა და მხარდაჭერა. ჩამოგვიყალიბდა შესანიშნავი ურთიერთობები ქუვეითელ ხალხთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოს ელჩი ქუვეითში გოჩა ჯაფარიძე, რომელიც შემდეგ ეკატერინე მიქაძემ შეცვალა. ბატონი გოჩას და ქალბატონი ეკატერინეს საუბრები არაბულად, დიდ პოზიტივს ქმნიდა შეხვედრებისას და ახალ შესაძლებლობებს გვაძლევდა. სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობები არა მხოლოდ ქუვეითთან, არამედ ყურის სხვა არაბ ქვეყნებთან, რომელსაც საელჩო ფარავდა. ეს კავშირები კვლავ წარმატებით გრძელდება.

arch-1642510435.jpg

2011 წელს ეგვიპტეში გადავედი, უკვე ელჩის რანგში, სადაც ასე ვთქვათ, „ხურდებოდა“ არაბული გაზაფხული. ეს იყო ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი. ეგვიპტიდან ხდებოდა ურთიერთობის დალაგება ლიბიასთან, ტუნისთან, აფრიკის კავშირთან და ა.შ. ჩვენთვის მთავარი იყო საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ჩვენი სათქმელის მიტანა სხვა ქვეყნებამდე. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ალბათ, ამ მხრივ კულტურული დიპლომატიის უმაღლეს მწვერვალად ითვლება პირამიდებთან სუხიშვილების ისტორიული კონცერტის ჩატარება. ამაზე 2-3 წლის მანძილზე მიდიოდა მოლაპარაკება ეგვიპტურ მხარესთან. ეს იყო ჩვენი უდიდესი წარმატება.

- დიდი წვლილი მიგიძღვით „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდისა და ბენგალურ ენებზე გამოცემის საკითხში.

- ჩვენი სავიზიტო ბარათი „ვეფხისტყაოსანი“ პირველად არაბულ ენაზე ითარგმნა და სირიაში გამოიცა 1984 წელს, ქართველი მეცენატის ლევან საღარაძის თაოსნობით. იმ გამოცემიდან ძალიან ცოტა წიგნი დარჩა. ჩვენ მოვიძიეთ წიგნი პროფესორ გურამ ჩიქოვანის დახმარებით, რომელმაც არაბულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. ეგვიპტის მხარის ხელშეწყობითა და დაფინანსებით წიგნი ხელმეორედ გამოვეცით. ბატონი გურამი ისევ მხარში დაგვიდგა, ყველა დეტალს მასთან გავდიოდით და ეს ლოგიკურიც იყო.

2016 წელს ინდოეთში ელჩად დავინიშნე თუ არა, ჩასვლის დღიდან დავიწყე გარკვევა, იყო თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ გამოცემული ამ ქვეყანაში. წასვლის წინ, ჩემმა მეგობარმა ბუბა კუდავამ მაჩვენა წიგნი, სადაც ეწერა რამდენ ენაზეა „ვეფხისტყაოსანი“ გამოსული. მათ შორის მითითებული იყო ჰინდის ენა და მთარგმნელი - ინდოელი მეცნიერი მადან ლალ მადჰუ. რადგან ინდოეთში ვერაფერს მივაკვლიე ამ გამოცემის შესახებ, ცნობილი ინდოლოგის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატიები და სხვა მასალები გამოვითხოვე საქართველოს არქივიდან. თითოეულ მათგანს გავეცანი და იქაც ვერაფერს მივაგენი. დავიწყეთ ბატონი მადჰუს ძებნა, პიროვნება გარდაცვლილი აღმოჩნდა. ინდოეთის მხარე ჩავრთეთ საქმეში და ოჯახის წევრები ვიპოვეთ, ისევ ამაოდ, წიგნს ვერსად მივაგენით. აი, მაშინ გადავწყვიტეთ, გვეთარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. პოემის თარგმანი ეკუთვნის ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარს, ხოლო ინდური სტილით შესრულებული ილუსტრაციები - მხატვარ ონკარ ფონდეკარს. სხვათა შორის, მან სპილო შეიყვანა ერთ-ერთ ილუსტრაციაში და ნებართვა მთხოვა, რაზეც დავთანხმდი. ორწლიანი მუშაობის შედეგად „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდის ენაზე გამოიცა. იმ გრძნობას, როცა წიგნი ხელში გიჭირავს, ენით ვერ გადმოსცემ. ამ წიგნის ილუსტრაციების ორიგინალები გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივს. ასეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე განსაკუთრებულ ენას სიძველითა და სილამაზით. ბენგალურად ორას მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს ინდოეთსა და ბანგლადეშში. ამ ენაზე თარგმანი შეასრულა ტაჰერულ ისლამ ტაჰერმა, მხატვარია მაჰმუდალ ჰასანი. ამ შემთხვევაშიც მხატვარმა ულამაზესი ნახატები შექმნა. „ვეფხისტყაოსანი“ ბენგალურ ენაზე სულ მალე გამოვა. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და ინდოეთის სხვა ენებზეც ითარგმნება უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“.

- ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადმოცემა ამაღელვებელი ფაქტია და ეს თქვენი ელჩობის დროს მოხდა...

- ამ საკითხზე მრავალწლიანი მოლაპარაკებები მიდიოდა. ელჩად დანიშვნის შემდეგ, მეც ჩავერთე პროცესში. თითქოს ვიღაც მითითებას მაძლევდა, რა გზით უნდა წავსულიყავი... 2016 წელს ჩავფრინდი გოაში. ჯერ იმ არქეოლოგიური გათხრების ადგილი ვნახე, სადაც ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები იპოვეს, მერე გოას მუზეუმში შევედი. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე ქეთევან დედოფლის ოთახი, სადაც მისი წმინდა ნაწილების რეპლიკები იყო მოთავსებული. ლამაზად მოწყობილი ოთახი ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყარო გახდა. მუზეუმის დირექტორს შევხვდი... ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი და სტრუქტურა იყო ჩართული. ჩემთვის მოულოდნელად, ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. მითხრა: მინდა მხარი დაგიჭიროთ, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო და განახოთ გზა, როგორ შეიძლება შედეგის მიღწევაო - ამას პირველად ვამბობ. მართლაც, მან ყველაფერი გააკეთა და ბოლოს, თავად ჩამოჰყვა წმინდა ნაწილებს საქართველოში.

მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ინდოეთი საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიქვამდა საგანძურს და მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა კანონით აკრძალულია. ჩვენ ჯერ იმ შეთანხმებისთვის უნდა მიგვეღწია, რომ მოეცათ უფლება, სიწმინდეები საქართველოში რაღაც ვადით მოსალოცად ჩამოგვეტანა (ისინი გამოფენას ეძახდნენ). ზოგჯერ პროცესი ჩერდებოდა, რადგან ყველას ერთი აზრი არ ჰქონდა. თან ამ გზაზე ბევრი ადამიანი იცვლებოდა და თუ წინამორბედი მხარს გვიჭერდა, ახალმოსული თავს იკავებდა. მაგალითად, კულტურის სამინისტროში მოადგილედ ახალი კადრი მოვიდა და რატომ უნდა გადმოგცეთო? - გვითხრა. მოხდა ასეთი ფაქტიც: არქეოლოგიურ სამსახურში შევხვდი ახალდანიშნულ ქალბატონ უშა შარმას. ვისაუბრეთ და დამთანხმდა, რომ საქართველოს 6 თვით წამოეღო წმინდა ნაწილები. გასცა განკარგულებაც და ჩვენ ვიცოდით, რომ გამოფენა კიდევ 6 თვით გაგრძელდებოდა, მაგრამ წინასწარ ვერ ვამბობდით. შეთანხმებას მივაღწიეთ და ბოლო ეტაპია. მახსოვს, 2017 წლის 27 აგვისტო იყო, ქალბატონი უშა ამბობს, - ხელს ვერ მოვაწერ, არ შემიძლია, კიდევ უნდა შევათანხმო ინდოეთის კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთანო. გაოცებული დავრჩი. ვთხოვე, რამდენიმე დღეში ისევ შევხვედროდით ერთმანეთს. შევხვდით... მეუბნება, ხელს მოვაწერო. გაკვირვებული ვარ, ასე უცებ, ორ დღეში რა მოხდა? მის ნათქვამს სიტყვასიტყვით გადმოგცემთ: „მთელი ღამე მესიზმრებოდა წმინდა ქეთევანი, მისი განვლილი ისტორია, წამება...“ და დოკუმენტს ხელი მოაწერა. ასე დაიწყო ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ერთწლიანი მოგზაურობა. საბოლოოდ, სიწმინდეების ერთი ნაწილის ჩვენთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემა, პირადად ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო. ის ესაუბრა რადიომიმართვაში თავის ხალხს, აუხსნა ვინ იყო ქეთევან დედოფალი და რას ნიშნავდა ქართველებისთვის.

ინდოეთში ახალი ჩასული ვიყავი, როცა გოაში მყოფმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა მომწერა, რომ იმართებოდა წმინდა ქეთევანის სახელობის ფესტივალი. საქმის კურსში არ ვიყავი და რა აღმოვაჩინე? არგენტინელმა და გერმანელმა - ორმა მუსიკოსმა, წმინდა ქეთევან დედოფლის ცხოვრების შესწავლის შემდეგ, ისეთი ინსპირაცია მიიღეს, რომ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ დააფუძნეს, რომელიც 2021 წელს მეექვსედ გაიმართა. მთელი მსოფლიოდან მუსიკოსები ჩამოდიან და ერთიანდებიან ფესტივალის იდეის გარშემო, რომელიც გულისხმობს რელიგიათა და ხალხთა ჰარმონიულ თანაარსებობას. მთავარი კონცერტი ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილზე იმართება, მერე გადადის სხვადასხვა ლოკაციაზე. სამწუხაროდ, ფესტივალის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ახალგაზრდა მაესტრო არგენტინელი სანტიაგო ლუსარდი გირელი, წელს "კოვიდმა" იმსხვერპლა. ეს ფესტივალი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გოაში ვაპირებთ საპატიო საკონსულოს გახსნას და ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ამ ფესტივალის მხარდაჭერა იქნება.

qet-1642510454.png

- ინდოეთში ქართულ კვალს კიდევ სად მიუყვანიხართ?

- ქართველი ვაჭრის საფლავს ვეძებდი, ის XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე წავიდა ინდოეთში და სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებდა. წაკითხული მქონდა, ვაჭარი რომ გარდაიცვალა, ინდოეთში დაკრძალეს. საფლავს ქართული წარწერა ჰქონია. ჩავედით ქალაქ ვარანასში, სადაც არის ქრისტიანული სასაფლაოები, მაგრამ ქართველი ვაჭრის საფლავი ვერ ვიპოვეთ. შეიძლება დაიკარგა კიდეც. გუჯარათის პირველი ადმირალი იყო წარმოშობით ქართველი, მას „ნამდვილ გუჯარათელ ქართველს“ ეძახდნენ და ასე შემდეგ. უცხოეთში მოღვაწე ქართველების შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ბევრს ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენს შემდეგაც გაგრძელდება მუშაობა.

ინდოეთის გარდა, უამრავი კავშირია ეგვიპტესთან, ეთიოპიასთან, სირიასთან... ლიბიაში ჩავედი და გურჯების პროსპექტი ვნახე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ხუმრობით ვთქვი კიდეც: აი, ჩვენ დავბრუნდით და საუბარი გავაგრძელოთ-მეთქი. ეგვიპტეში სინას მთაზე ხშირად დავდიოდი და ერთხელ დავით აღმაშენებლის ნაქონი ბიბლია რომ გამომიტანეს, წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები. ასევე მაჩვენეს ქართველი მლოცველის მიერ დიდ ქვაზე დაწერილი ძველქართული წარწერა, რომელიც იქ ინახება.

- უცხოეთში ხშირად შეხვედრიხართ ახალ წელს?

- ახალი წლის შეხვედრამ ბევრ ქვეყანაში მომიწია. ეს არ იყო მარტო იმით განპირობებული, რომ პირადად მქონდა ამის სურვილი. ბევრჯერ, სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი. წელს დელიში არ იმყოფება ჩემი ოჯახი, თუმცა ინდოეთში ადრე მათთან ერთად შევხვდი ახალ წელს. ამ დღეს ყველას ერთი რამ აერთიანებს და მეც ასეთი განწყობით ვარ - ახალ წელს მოაქვს სიხარული, იმედი და ოპტიმიზმი იმისა, რომ მომავალი წელი ბევრ სიახლეს და კარგ ამბავს მოგვიტანს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ნანული ზოტიკიშვილი