"ვცდილობ, ხელნაკეთ ნამუშევრებში ქართული სული იგრძნობოდეს" - გზაპრესი

"ვცდილობ, ხელნაკეთ ნამუშევრებში ქართული სული იგრძნობოდეს"

ნახატებთან ერთად 2009 წლიდან ხელნაკეთი ნივთების შექმნაც დაიწყო. ხატვისთვის განსაკუთრებული განწყობა სჭირდება - აუცილებლად მარტო უნდა იყოს, უყვარს ლურჯი და წითელი ფერები, ცდილობს, ხელნაკეთ ნამუშევრებში ქართული სული იგრძნობოდეს.

- 1982 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ტექსტილის ფაკულტეტი. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო გობელენი, ხელმძღვანელი ეთერ ანდრონიკაშვილი გახლდათ, დავით კაკაბაძის მეუღლე. აკვარელი კი არაჩვეულებრივმა მხატვარმა და კერამიკოსმა ირა გაჩეჩილაძემ შემასწავლა. ჩემი მშობლები და მათი მეგობრები ხელოვნების მოყვარულები იყვნენ. ბევრ მათგანს აკადემია ჰქონდა დამთავრებული, დედას ხშირად დავყავდი გამოფენაზე და ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მომავალი პროფესია. აკადემიის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი და რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ დაქორწინების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს ვუთმობდი. გობელენებს მაინც ვქსოვდი, რადგან ბევრი შეკვეთა მქონდა. ჩემი გობელენები დღეს კერძო კოლექციებშიც ინახება.

269869894-314399710608898-8223156631826423591-n-1642686146.jpg

- ხატვა თქვენთვის ემოციების, განწყობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა?

- ნატურალისტი ვარ, თუმცა აბსტრაქტული ნამუშევრებიც მაქვს, გრაფიკულიც და შემიძლია ვთქვა, მხატვრისთვის ეს ნამდვილად არის გზა, შენი სათქმელი რომ თქვა. ძირითადად აკვარელში ვმუშაობ.

პანდემიის პერიოდი ისევე, როგორც სხვა ხელოვანებისთვის, ჩემთვისაც რთული იყო, მაგრამ თავისი პლუსებიც ჰქონდა. იმდენი არასდროს მიხატია, რაც ამ 2-3 წლის განმავლობაში. რატომღაც არც პერსონალური გამოფენის მოწყობაზე მიფიქრია. ერთხელ ზურა შევარდნაძე დაინტერესდა ჩემი ბოტანიკური ხელოვნებით. რადგან ძალიან მიყვარს ყვავილები, 2013 წლიდან დავიწყე მათი ხატვაც. მანამდე სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს ვაგროვებდი და თვითონვე ვუვლიდი ჩემს ბაღს. შვილები გერმანიაში ცხოვრობდნენ, მათთან სტუმრობის შემდეგ მომქონდა ხოლმე ნაირ-ნაირი ყვავილის თესლი, ბოლქვი და ჩემს ეზოში ვახარებდი. სწორედ ამ სიყვარულმა დამაწყებინა ყვავილების ხატვა. გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი ფოთლების აგებულებას და ისე ვხატავდი. ზურამ გამაკეთებინა პროექტი, ჩემი ყველა ნახატი შეისყიდა და 2019 წელს თავის სასტუმროში კარგი გამოფენაც მოაწყო. ბევრმა გამიცნო იმ გამოფენით, უცხოელებმაც მათ შორის. მაქვს ჩემი გვერდი, სხვადასხვა ჯგუფშიც ვარ გაწევრებული და იქაც ნახულობენ ჩემს ნამუშევრებს. მიხარია, რომ დღეს ბევრი აფასებს ხელოვნებას.

- ხელნაკეთი ნივთების კეთება როდის დაიწყეთ და რას ქმნით?

- ჩემი მეუღლე 2009 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის. სწორედ მაშინ დავიწყე ხელნაკეთი ნივთების კეთება. ვხატავდი ხეზე, ქვებზე, მაგრამ განსაკუთრებით ხეზე მუშაობა მიყვარს. სულ სხვა ენერგეტიკა აქვს ხეს, ეს დიდი სიამოვნებაა. ვხატავ სამზარეულოს დაფებს, კერამიკულ ჭურჭელს, საახალწლო ბურთებს, სააღდგომო კვერცხებს, ვაფორმებ სარკეებს, ჩემებურად ვხედავ და ვხატავ ძველი თბილისის უბნებს, სახლებს აივნებით, ფარდაგებით, სხვადასხვა დროის პეიზაჟებს. ეს სუვენირები ძალიან პატარებია, ყველაზე დიდი შეიძლება იყოს 20 სმ, ყველაზე პატარა - 7-8 სმ. ამიტომაც მოსწონთ უცხოელებს, იოლად წასაღებია. არა მარტო უცხოელები, ბევრი სხვაც ყიდულობს საჩუქრებად. ვცდილობ, ხელნაკეთ ნამუშევრებში ქართული თემატიკა, სული იგრძნობოდეს. ამიტომაც ვიყენებ ორნამენტებს, ქართული ანბანის ელემენტებით ვაფორმებ ნივთებს.

248757198-3110179209227813-1610906727878084031-n-1642686135.jpg

- ალბათ მცირე ზომის ნივთების კეთება უფრო რთულია.

- ძალიან რთულია, ლუპით მიწევს მუშაობა, რადგან არაერთი დეტალი უნდა დავამუშაო ისე, რომ ლამაზიც იყოს და თან სიმეტრიაც დაცული იყოს. ამას სიზუსტე სჭირდება და დიდ დროს მოითხოვს. როდესაც შუშის ბურთებზე ვხატავ, მაშინაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - შეიძლება დაასრულო და მაშინ გაგიტყდეს. ასეც მომხდარა - წასაღებად რომ უნდა მოსულიყვნენ, სწორედ მაშინ გამიტყდა და შრომა წყალში ჩამეყარა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოს მოხატული დაფები. 2010 წელს მოვხატე პირველად და დღემდე გალერეებში კარგად იყიდება. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, იმაში მთელ გულსა და სულს ვაქსოვ. არ ვჩერდები, მუდამ ახლის ძიებაში ვარ.

ნინო ჯავახიშვილი