"10-დან 7 ცხოველს ჭირი აუცრელობის და დაბალი იმუნიტეტის გამო ემართება" - გზაპრესი

"10-დან 7 ცხოველს ჭირი აუცრელობის და დაბალი იმუნიტეტის გამო ემართება"

25 წლის თამარო ჩხუბიანიშვილი მიუსაფარ ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავს. შესაბამისად, ცხოველებთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას კარგად იცნობს... საქმიანი და ცხოველების გულშემატკივარი თამარო ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და იმ პასუხისმგებლობის გააზრებაზე გვესაუბრა, ძაღლის პატრონებს რომ ეკისრებათ...

- ჩემს ოჯახში ცხოველების მიმართ ყველას ჰუმანური დამოკიდებულება გვქონდა და ყოველთვის გვყავდა 1-2 ძაღლი... მიუსაფარი ცხოველების მიმართ სიბრალული და მათზე ზრუნვის სურვილი დაახლოებით სტუდენტობისას გამიჩნდა. მეც და დედაჩემიც მიუსაფარ ცხოველებს ხშირად ვკვებავდით, ვაქცინირებას ვუტარებდით, ვმკურნალობდით... ასევე, ქუჩაში ნაპოვნი ლეკვებისთვის პატრონებს ვპოულობდით... ამჟამად, შინ 1 ძაღლი მყავს და ასევე, 5 მიუსაფარ ცხოველს ვპატრონობთ. პანდემიისას საცხოვრებლად აგარაკზე გადავედით. შესაბამისად, ცხოველებზე ზრუნვაც გაადვილდა: კერძო სახლი გვაქვს, ცხოველები ეზოში გვყავს... რაც ქალაქგარეთ გადმოვსახლდით, ხშირად ვხვდებით ტრავმირებულ ან უბრალოდ, ავტომობილიდან ჩამოსმულ-მიტოვებულ ძაღლებს... მაგალითად, სუფთა სისხლის მონადირე ძაღლი - კურცხა გვყავს, რომელიც 3 წლის წინ ქუჩაში ვიპოვე. ამ ჯიშის ძაღლებს ნადირობისას აქტიურად იყენებენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი კურცხა სახლიდან გამოგდებულია. საერთოდ, მონადირეები ასე იქცევიან: როცა ძაღლს იარაღის ხმის ეშინია ან კონკრეტულ საქმიანობაში ვერ იყენებენ, ოთხფეხა მეგობარს გასაგდებად იმეტებენ. მეოთხე წელია, კურცხა ჩვენთანაა. უკვე აღარც გავაჩუქებთ, მაგრამ მანამდე ხშირად მწერდნენ - სროლის თუ ეშინია, არა უშავს, გასამრავლებლად გამოვიყენებ, მის ლეკვებს არ შეეშინდებათო... მსგავს შემოთავაზებებს უარით ვპასუხობ.

tamaro-2-1642686298.jpg

- მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ პრობლემად რას მიიჩნევთ?

- ყველაზე დიდი პრობლემა მაინც სტერილიზაციაა, რადგან, გარდა იმისა, რომ ქუჩაში უკონტროლოდ მრავლდებიან და პოპულაციის შემცირება ურთულესია, უამრავი დაავადება ვრცელდება. მაგალითად, ცხოველებს შორის ძალზე გავრცელებულია ჭირი. ფაქტობრივად, მისი პრევენცია შეუძლებელია. მკურნალობის ერთადერთი გზა ისაა, რომ ცხოველს იმუნიტეტი გაუძლიერო. ეს ხანგრძლივი პროცესია. აქტიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაახლოებით 3-4 თვე სჭირდება... ბოლო წლის განმავლობაში, რაც ქუჩის ცხოველებთან განსაკუთრებულად ხშირი ურთიერთობა მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ 10-დან 7 ცხოველს ჭირი აუცრელობისა და დაბალი იმუნიტეტის გამო ემართება, იმუნიტეტი კი, უპირველეს ყოვლისა, შიმშილისა და სიცივის გამო ქვეითდება... მიუსაფარი ცხოველების მკურნალობა დიდ ფინანსებთან, დროსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული, ამას ყველა ვერ გააკეთებს. ამისთვის ადამიანს მიზანი და მოტივაცია უნდა გქონდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, სტერილიზაციის და კასტრაციის გარეშე ცხოველების ყოლა-გაჩუქება მართლა დანაშაულია, მით უმეტეს, როცა ცხოველი ქუჩაშია უპატრონოდ და ვერ აკონტროლებ, როდის ხდება შეჯვარება... ძაღლებისთვის სტერილიზაცია რამდენჯერმე სახელმწიფო პროგრამითაც გამიკეთებია, მაგრამ ძირითადად, მაინც კერძო კლინიკებში ვუკეთებ.

- რატომ?

- დიდი რიგებია. დიდი შანსია, რომ ამასობაში ძაღლმა ლეკვები გააჩინოს და მერე ის ლეკვებიც ჩემი სანერვიულო უნდა იყოს. შესაბამისად, მირჩევნია, ფინანსები გავიღო. ასევე საჭიროა ვაქცინირება, პარაზიტებზე დამუშავება, რასაც მე და დედა ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. ძაღლებს შორის კანის რამდენიმე დაავადებაა გავრცელებული, რომელიც უნივერსალურად, ერთი წამლით იკურნება. ეს ერთჯერადი წამალია, რომელსაც, დაავადებულ ძაღლს თუ დაალევინებ, მისი გადარჩენის შანსი დაახლოებით 80%-ით გაიზრდება. მიუსაფარი ძაღლებისთვის ეს წამალი ხშირად დამილევინებია, მაგრამ მისი მოძიება და ყიდვა არცთუ ისე იოლია, ხშირად საზღვარგარეთიდან გამომიწერია ან ვინმესთვის დამიბარებია. ცხოველებისთვის ეს საკუთარი ნებით გაწეული ფინანსური მხარდაჭერაა. რამდენიმე ვირტუალური მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემზე მილიონჯერ მეტს აკეთებენ. ყველაფერი შეფარდებითია: მე ათ ცხოველს მოვუვლი, ვიღაც - ხუთს, ვიღაცა - ასს... მგონია, რომ საერთო საქმით მომავალში სასურველ შედეგამდე მივალთ და ისეთი სიტუაცია შეიქმნება, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, სადაც ქუჩაში მიუსაფარ ცხოველს ვერ იპოვით...

- თქვენს შეფარებულ სხვა ძაღლებს რა ისტორიები აქვთ, თქვენთან როგორ მოხვდნენ?

- მაგალითად, ჩვენს სახლთან მაკე ძაღლი გამოჩნდა. როგორც კი მიხვდა, რომ ვაჭმევდით, "შემოგვეპარა". არ ვიცოდით, მაკედ თუ იყო. ერთხელ თავის 9 ლეკვთან ერთად მოვიდა. თებერვალი იყო. ციოდა, ლეკვები ყინვას ვერ გადაურჩებოდნენ, ამიტომ შევიფარეთ. მე და ჩემმა მეზობელმა 9-დან 7 ლეკვი გავაჩუქეთ. მიხარია, რომ ჩემსავით მოტივირებული მეზობლები მყავს... სამწუხაროდ, ადამიანებს ე.წ. უჯიშო ლეკვის შეფარება არ სურთ. საგვარეულო ნუსხა მაინც ძალიან აქტუალურია, რაც გულდასაწყვეტია. ამავე დროს, ქუჩები გადავსებულია ჰასკებით, გერმანული ნაგაზებით, მონადირე ძაღლებით... ადამიანები ძაღლის ყოლას რეალურ პასუხისმგებლობად არ აღიქვამენ. ხშირ შემთხვევაში, ეს მათთვის დროებითი გასართობია. ვერ ვიტან, როცა ვინმე მწერს - ლეკვი ბავშვისთვის მინდაო. ბავშვისთვის შეიძლება სათამაშო გინდოდეს, ლეკვის ყოლას კი პასუხისმგებლობა სჭირდება. ცხოველთან ერთად გაზრდილ ბავშვზე უკეთესი და ჰუმანური არავინაა, თუმცა უნდა შეიგნონ, რომ ძაღლი ბავშვისთვის კი არა, შენთვის უნდა გინდოდეს...

მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მეორე მხარე ის აგრესიაა, რომელსაც ადამიანები იჩენენ, რაც ცხოველსაც აგრესიულს ხდის - "ჯაჭვური რეაქციაა", რომელსაც ალბათ არაფერი ეშველება, იმის გარდა, რომ ამ საკითხების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალოს.

tamaro-4-1642686311.jpg

- ალბათ, თქვენს კეთილშობილურ საქციელს ყველა ადეკვატურად არ აღიქვამს...

- ასეა. თბილისში ცხოვრებისას, ზამთარში ხშირად პატარა სახლებს ვაკეთებდით, რომ კატებსა და ძაღლებს თავი შეეფარებინათ. წარმოუდგენელი და სასაცილოა, რომ კნუტისთვის განკუთვნილი პატარა კონტეინერი, რომელშიც პლედია ჩაფენილი, ვინმეს ხელს უშლიდეს, მაგრამ კორპუსის ძირში, ცხოველებისთვის განკუთვნილი ეს პატარა სახლები 2-3 დღეზე დიდხანს არ გაუჩერებიათ: ნებისმიერ უბანში, კორპუსში გამოჩნდება ადამიანი, ვისაც ეს სახლები აწუხებს... სხვათა შორის, ძალიან ადვილია მივეჩვიოთ, რომ ოჯახიდან საკვების ნარჩენები არ გადავყაროთ - ცალკე კონტეინერში ან პარკში შევინახოთ და შინიდან გასვლისას, სადარბაზოსთან დავყაროთ. ამას მართლა 2 წუთი სჭირდება და ნიშნავს, რომ რამდენიმე ცხოველს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებ - შიმშილით არ დაიხოცებიან... ეს ელემენტარული კულტურაა, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. პირადად მე, ასე ვიქცევი. შეიძლება, ვიღაცას ამ თემაზე არ უფიქრია, მაგრამ იდეას რომ მიაწვდი, ალბათობა დიდია, რომ საკვების ნარჩენების ძაღლებისთვის შენახვა აღარ დაეზარება... გამიგონია - კატას კორპუსთან ნუ აჭმევ, გვეჩვევა და სადარბაზოში ამოდისო. სადარბაზოში რას აშავებს, ვერ ვიგებ. ერთეული გამონაკლისების გარდა, დამიჯერეთ, გამორიცხულია, რომ სადარბაზოში მოისაქმოს. მაქსიმუმ, ზამთარში ფეხსაცმლის გასაწმენდ ტილოზე დაწვეს და ესეც რომ აგრესიას იწვევს, ჩემი აზრით, არაჰუმანურობის პიკია...

- ახალი წლის ღამეს რა ხდება ხოლმე, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს, ფეიერვერკებით გამოწვეული ხმაურის გამო სტრესის დაძლევაში როგორ ეხმარებით?

- ბავშვობაში ვგიჟდებოდი ფეიერვერკებზე, პიროტექნიკაზე. არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმეს ამით რაიმე სახის დისკომფორტი ექმნებოდა. მერე გავაანალიზე, რომ პატრონიანების გარდა, ქუჩაში მიუსაფარი ცხოველებიც არიან, რომლებსაც ფაქტობრივად, არანაირი გზა არ აქვთ, რომ სადმე თავი შეაფარონ და უთავბოლოდ სირბილს იწყებენ. ჰოდა, ამის გააზრებისთანავე, რა თქმა უნდა, ფეიერვერკების გაშვებაზე ხელი ავიღე. მგონია, ამ იდეის მეტად პოპულარიზებაა საჭირო. ეს პრაქტიკა ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე დაინერგა. რაც ახალი წლის ღამეს ჩვენთან ხდება, მგონი, ჩვეულებრივი ომია, რომელიც 48 საათის განმავლობაში არ სრულდება! არადა, შეიძლება, ცხოველებს შიშისგან გული გაუსკდეთ, მით უმეტეს - ჩიტებს, რომლებიც ტაშის დაკვრის ხმამაც კი შესაძლოა, სასიკვდილოდ შეაშინოს. პიროტექნიკა ადამიანებსაც დიდ ზიანს აყენებს - პირველ იანვარს საავადმყოფოები გადავსებულია ხოლმე... ჩემი სახლის გარშემო მყოფი ცხოველები შინ შემომყავს, ჩვენთან ერთად უფრო მშვიდად არიან...

დაბოლოს, ადამიანებისგან ხშირად გამიგონია: ძაღლი დამეღუპა, მეორედ ამ გულისტკივილს ვერ გავუძლებო. ამ მიზეზით ცხოველის შინ მიყვანა აღარ სურთ. მესმის, ცხოველის დაკარგვა დიდი ტკივილია, მაგრამ ჩვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გატარებული წლებიდან უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას ვიღებთ. რა თქმა უნდა, გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ 100 წელი ვერ იცოცხლებენ. თან, გაუგონარი რამ ხდება: მაგალითად, კავკასიური ნაგაზი, რომელიც მეცხვარე პატრონს წლების განმავლობაში ემსახურებოდა, დაბერებული თავშესაფარში ჩააბარა. ამაზე უარესი რა შეიძლება გაიგონო, აღარ ვიცი. მგონია, რომ ასეთი ხალხი როგორც ცხოველებს ექცევა, ადამიანებსაც ასევე მოექცევა...

ხშირად გამიგონია - შინ ცხოველი მივიყვანე, მაგრამ ბავშვს ბეწვზე ალერგია ჰქონიაო. სანამ ძაღლს შინ მოიყვან, ხომ შეიძლება, მანამდე გაარკვიო, არა?! ცხოველია და, რა თქმა უნდა, ბეწვს დაყრის, დაიყეფებს, აბა, ხომ არ დაილაპარაკებს!.. როგორც ბავშვის ყოლას უნდა დაგეგმვა და მომზადება, ასევე სჭირდება ცხოველის აყვანასაც, მაგრამ საკითხავია: გვაქვს კი ამის კულტურა...

ეთო ყორღანაშვილი