"მრევლი ძალიან დიდ ძალას მაძლევს" - გზაპრესი

"მრევლი ძალიან დიდ ძალას მაძლევს"

19 იანვარს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის თბილისის ვაკის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამ უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. მას ასევე ვთხოვეთ მოეყოლა, რატომ გადაწყვიტა წლების წინ სასულიერო ცხოვრება და როგორ აღმოჩნდა ის პატრიარქის გვერდით.

- ნათლისღება ათორმეტთაგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება - სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ". ქრისტიანებისთვის ნათლისღება უმთავრესი დღესასწაულია. ნათლისღება სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევა და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, ნათლობის რიტუალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული ცოდვებისგან განიწმინდება და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. თითოეული ქრისტიანისთვის ნათლისღების საიდუმლო უმთავრესია. ნათლისღებით ხდება ჩვენი კარის გაღება ქრისტიანობაში. არიან ადამიანები მონათლულები, მაგრამ ბევრმა არ იცის, რამხელა აღქმა იდება ღვთის წინაშე ნათლობის დროს ეკლესიაში. როდესაც ნათლობის საიდუმლო აღესრულება, მღვდელი პირობას ადებინებს მონათლულსა და მის ნათლიებს, რომ ისინი აუცილებლად ღვთის ნებას აღასრულებენ. 9-ჯერ ეკითხება, განეშორებიან თუ არა ეშმაკს და 9-ჯერ ამბობენ, "განვეშორები ეშმაკს" და შეუდგებიან ქრისტეს. როდესაც პატარა ბავშვი ინათლება, მისი მშობლები და ნათლიები დებენ პირობას, რომ ეს ადამიანი აუცილებლად იქნება ქრისტიანი აღმსარებელი და ასწავლიან ქრისტიანობას პატარა ასაკიდანვე. თუკი ადამიანი დიდ ასაკში ინათლება, ის უნდა გაერკვეს კარგად, რატომ ინათლება, უნდა გაიაზროს მნიშვნელობა და საერთოდ, ოჯახებმა სიფრთხილით უნდა აირჩიონ ნათლიებიც. ადამიანები ნათლიებს არჩევენ ახლობლობით, ზოგჯერ სამწუხაროდ, ირჩევენ იმიტომ, რომ თანამდებობის პირი ან ცნობილი ადამიანია, ან შეძლებულია, და ფიქრობენ, რომ ნათლულს "გამოადგება". ამ გაგებით ნათლიის არჩევა ძალიან ცუდია. სასურველია, ის შეირჩეს ერთადერთი ნიშნით - უნდა იყოს ეკლესიური ადამიანი, აღმსარებელი, მაზიარებელი და ჰყავდეს მოძღვარი. მქონია შემთხვევა, როცა ადამიანი ნათლიად დგება და წარმოიდგინეთ, არ აღიარებს მოძღვარს და ღვთის მსახურება რიტუალი ჰგონია. მე ღმერთის მჯერა, მაგრამ ამ მსახურების არაო, - რომ იტყვის, ასეთი ადამიანი ნათლიად არ უნდა აირჩიოთ.

1558540-1382198288714235-1928324928-n-1642687531.jpg

- ალბათ ბევრი ნათლული გეყოლებათ. თუ გაქვთ მათთან ხშირი ურთიერთობა? საერო ცხოვრებაშიც გეყოლებოდათ ნათლულები.

- მყავდა საერო ცხოვრების დროსაც ნათლულები, მაგრამ ახლა ბევრი მყავს. თითოეულის მშობელს ვაფრთხილებ და ვთხოვ, რომ ატარონ ჩემთან ტაძარში. ჩემი ნათლულების უმეტესობა ჩემს ტაძარში სტიქაროსნები არიან, ტაძარში დადიან, ეზიარებიან და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ სამწუხაროდ, მყავს ისეთი ნათლულებიც, რომლებთანაც ეს ურთიერთობა არ მაქვს და ეს მიკლავს გულს.

- ამბობენ, როცა შვილის მონათვლას გთავაზობენ, არ შეიძლება უარი უთხრა. რამდენად სწორია ეს?

- ეს მოგონილი ამბავია. ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანი, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეძლებს ამ პასუხისმგებლობის აღებას. შეიძლება იმ დროს სულიერად არ ვარ მე მზად ისე, რომ მოვნათლო სხვა ან ვერ ვაბარებ აღსარებას, ან არ მყავს მოძღვარი. მონათლულმა და ნათლიამ უნდა აღასრულონ ის მცნებები, რომლებზეც მოძღვარი საუბრობს ნათლობის საიდუმლოს დროს. მე შენ შეიძლება პატივს გცემდე, ძალიან მიყვარდე, მაგრამ ვერ დავდო პირობა ეკლესიაში მოძღვართან, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვიტვირთავ. ბევრი ადამიანისთვის უარი მითქვამს მეც ნათლობაზე.

- ერთ ბავშვს რომ ბევრი ნათლია ჰყავს, ეს რამდენად სწორია?

- ესეც დამახინჯებული ფორმაა. მარტო ჩვენს ქვეყანაშია ასე, რაც 20-30 წელია, დამკვიდრდა. რამდენიმე ნათლია ჰყავთ - 5-7-9-11. მაგალითად, სერბეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ალექსანდრიაში და სხვაგან ან იყენებენ ორ ადამიანს ნათლიად, ან მხოლოდ ერთს.

- თქვენი შვილების ნათლიებზე რას იტყვით?

- ჩემი შვილების ნათლიები ჩემი უახლოესი ადამიანები არიან. პირველი შვილის ნათლია ჩემი ბავშვობის მეგობარია, ეკლესიური ადამიანია, სტიქაროსანი. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთისთვის გვქონდა ნათქვამი - რომელიც დაოჯახდებოდა პირველი, იმის ნათლია მეორე იქნებოდა. მეორე და მესამე შვილის ნათლიებიც ეკლესიურად შერჩეულები და ძალიან ახლობლები არიან. მეგობრობა აქვთ ერთმანეთთან ნათლია-ნათლულებს.

- მამა შალვა, გვიამბეთ თქვენს საერო ცხოვრებაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

- მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დავიბადე და გავიზარდე, ღვთის მადლით, ძალიან კარგ ოჯახში - 4 ძმა ვართ და სამი თაობა ვცხოვრობდით ერთ ოჯახში. ეს ტრადიცია ახლა თითქმის მოშლილია და შვილიშვილები, ბაბუა, ბებია არ არიან ერთად. ჩვენ კი სხვანაირად გავიზარდეთ. ბებია რომ გარდამეცვალა, მის სულს ვიფიცებდი, ბაბუასაც უდიდესი როლი ეკავა. მან მასწავლა ცხოვრება. სულ მესაუბრებოდა, რა იყო ღირსება, ფასეულობები მასწავლა. სოფლის თავკაცს რომ ეძახიან, ის იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, დიდი გამოცდილების კაცი. გერმანელმა ფაშისტებმა ორი ტყვიით დაჭრეს ქერჩში და დაატყვევეს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვედ იყო ბანაკში, საშინელ ტანჯვაში, მაინც რუსებს აგინებდა, სულ ლანძღავდა, ვერ იტანდა კომუნისტებს... ბაბუას სახელს ვატარებ. მახსოვს, როცა პიონერი გავხდი, მაშინ ყველა შაკოს მეძახდა და სკოლიდან ყელსახვევით რომ მოვედი, ბაბუამ მითხრა, - სუფთა შაკო ხარ ახლა, შალვა კი არა, ეს რა ყელსახვევი გაგიკეთებიაო!.. გულზე მომხვდა მისი ეს ნათქვამი, მას მერე პიონერის ყელსახვევი არ გამიკეთებია. სულ მიყვებოდა საქართველოს ისტორიას, კომუნისტები როგორი ცუდები იყვნენ და ეკლესიები რა დღეში ჩააგდეს. მთელი ცხოვრება რუსეთის მიმართ შინაგანი პროტესტი ჰქონდა და ჩვენც გვასწავლიდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მტერი იყო, თავისუფლება წაგვართვესო. ეკლესიის გამო უამრავი ადამიანი ჰყავთ ნაწამებიო.

- ტაძრისკენ თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- დედის მამა, სტეფანე ხელაია სულ ამბობდა, - ბაბუა, ჩვენს წინაპრებში მღვდელი გვყავდა, ამბროსი ხელაია, რომელიც იმისთვის დაიჭირეს, რომ ეკლესიები არ დაანგრევინა. მან თავი გაწირა, ციხეში აწამეს და იქიდან რომ გამოვიდა, მალევე გარდაიცვალაო. მაშინ ბაბუამ არ იცოდა, ამბროსი ხელაია საქართველოს პატრიარქი რომ იყო... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაბუას აღმოაჩნდა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ბროშურა და პირველი, რაც წავიკითხე სასულიერო პირის ცხოვრებაზე, ეს გახლდათ. მაშინ გავიგეთ, რომ ის იყო საქართველოს პატრიარქი. ბაბუა 1995 წელს გარდამეცვალა. ამ დროს მისი მეგობარი იყო ჩამოსული ჩვენს სახლში. იმ პერიოდში სულ იმის მოლოდინი იყო, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით და ამ განწყობით ვიყავით; მინდოდა, სამხედრო აკადემიაში ჩამებარებინა და მეც შემეტანა წვლილი ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში, ვმდგარიყავი ქვეყნის სადარაჯოზე, მაგრამ ბაბუას მეგობრის მონათხრობმა დამაფიქრა: მისგან გავიგე, რომ შემეძლო მესწავლა სასულიერო სემინარიაში, სასულიერო აკადემიაში. გარდაცვლილი ბაბუას ცხედარს მე ვუვლიდი, ყინულს ვუცვლიდი. მისმა მეგობარმა მითხრა, - კარგია, ახლა რასაც აკეთებ, ეს მადლია, მაგრამ ბაბუას სულს ფსალმუნების კითხვა სჭირდებაო. თან შობის მარხვა იყო - ბაბუა ახალ წელს გარდაიცვალა, და მარხვის შენახვა სჭირდებაო. ამ ამბების შემდეგ დავიწყე სემინარიაზე ფიქრიც, თუმცა მანამდე მარტვილის მონასტერში დავდიოდი. შინაგანად სულ მქონდა ღმერთთან ყოფნის სურვილი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო და არც არავინ მყავდა გვერდში, ვინც სასულიერო ცხოვრებას ამიხსნიდა. მამა გოჩას (ცაავა) შევხვდი, ისიც მელაპარაკა ღვთისშვილობაზე და ნელ-ნელა ვემზადებოდი. მარტვილში ფეხით დავდიოდი, მაშინ ტრანსპორტი არ იყო, 1995 წელი იდგა. 16 კილომეტრი იყო მონასტრამდე და უკანვე ფეხით ვბრუნდებოდი. შინაგანად არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ მომწონდა, მაშინ რაღაც ძალას დავყავდი... შობის მარხვა მოდიოდა. მაშინ ჩამოვიდა ჩვენს სოფელში გამოცდილი პედაგოგი ლია სალაყაია. ის დადიოდა სოფელ-სოფელ და ადამიანებს გალობას ასწავლიდა, თან ესაუბრებოდა. ჩვენს სკოლაშიც მოვიდა და მან უფრო მეტად გამიღვიძა სემინარიაში ჩაბარების სურვილი, ბევრი რამ მიამბო.

ისე მივედი სასულიერო სასწავლებელში, არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ლოცვები ხუცურად თუ უნდა წამეკითხა... მალე ვისწავლე ხუცურის კითხვა, ჩავაბარე სემინარიაში და სტიქაროსანიც გავხდი. სემინარიაში გავიცანი მამა გიორგი (ზვიადაძე), რომელიც ჩემი მოძღვარი გახდა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას?

- მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ, რა იყო ეკლესიური ცხოვრება, მაინც დადებითად შეხვდნენ ჩემს ამ ნაბიჯს. დედიკოს და მამას ძალიან უხაროდათ, როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული. დედიკო დღეს მგალობელია ბანძის ტაძარში... ჩემს უფროს ძმას ბერობა უნდოდა, ხუცურიც ისწავლა, კანონებს კითხულობდა, ძალიან ჩართული იყო, მაგრამ მერე ისევ შეიცვალა აზრი. მეც მქონდა მომენტი, როცა სემინარია დავამთავრე, ძალიან მინდოდა ბერობა. ორი წელი წავედი საჩხერეში, მონასტერში. მამა გიორგი ზვიადაძემ მითხრა, - ჩამოდი თბილისში, სასულიერო აკადემიაში ჩააბარე, მეტ ცოდნას მიიღებ და თუკი კვლავ გადაწყვეტ ბერობას, მერე წადიო. სამორჩილე კაბაც მეცვა. სასულიერო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და გადავწყვიტე, ერობაში დავრჩენილიყავი, შემექმნა ოჯახი. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ოჯახი მყავს!

17637188-1476695832361475-8421746935237339207-o-1642687547.jpg

- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით.

- ჩემი მეუღლე, ქეთევან ხუსკივაძე სამეგრელოში, ჩვენს სოფელში იყო სტუმრად ჩამოსული ჩემს ახლობლებთან და ჩემთან, სახლში გავიცანით ერთმანეთი. როგორც კი დავინახე, მივხვდი, ის უნდა გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მეგზური. სასწაული გრძნობა დამეუფლა. მაშინ პატრიარქთან ვმუშაობდი, სებისკვერებს ვაცხობდი და ერთკვირიანი შვებულება მქონდა. ქეთი სამი კვირით რჩებოდა სამეგრელოში. მეც დავრეკე და გავაგრძელე შვებულება. მასთან ერთად გავატარე დღეები და მივხვდი, ის იყო ჩემი რჩეული. იმ დროს არ იყო ეკლესიური ადამიანი და მერე ერთად დავდიოდით სიონში. ძალიან მიდგას გვერდში. გაცნობიდან ერთი წლის თავზე დავნიშნე და წელიწადსა და ერთ თვეში დავქორწინდით. ახლა რომ ვფიქრობ, სულ მიკვირს, როგორ მოვიყვანე ცოლი: ჯიბეში ფული არ მედო; რომ მივედით სამებაში და ჯვარი დავიწერეთ, იქ შემთხვევით შეგვხვდა ჩემი მეგობრის, ფეხბურთელ გოგა გახოკიძის დედა; გაიგო ჩვენი ჯვრისწერის ამბავი და 100 ლარი მაჩუქა. ეს იყო ჩემი ფული და იმით წავედით ბათუმში. ღვთის მადლით, ღვთის წყალობას ყოველთვის ვგრძნობ... სტატიებს ვწერდი "კარიბჭეში", "გზაში", გაზეთ "კვირის პალიტრაში" მქონდა ერთი გვერდი, "სარკეში", "ახალ თაობაში" და იმ ჰონორარებით ვცხოვრობდი. "ოლიმპში" გაკვეთილებს ვატარებდი და საავიაციო ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი - რელიგიას ვასწავლიდი.

- სასულიერო პირად კურთხევის დღეს როგორ გაიხსენებთ?

- პატრიარქმა მაკურთხა მღვდლად. ამ დროს სამრევლოს გაბარებენ. უწმინდესმა ჯვარი მომაწოდა და მითხრა, - ჩაიბარე მაცხოვრის ჯვარი და ერთი ადამიანიც არ დატოვო ჯვართან მთხვევის გარეშე, მანამდე იბრძოლე, სანამ ყველას არ მოიყვან ეკლესიაში, ვისაც ნახავო... ძალიან ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ, ბოლომდე რომ დავიხარჯო ადამიანებისთვის და მრევლისთვის. ღმერთი ყველაფერს გილაგებს. მიუხედავად გაჭირვების წლებისა, უფლის მფარველობასა და წყალობას სულ ვგრძნობ, ყოველ წამს და ყოველ წუთს.

- შვილებზე გვიამბეთ, როგორი მამა ხართ?

- უფროსია გიორგი. კიდევ ნინო და ილია მყავს. ილიას სახელი უწმინდესმა დაარქვა. მასთან მორიგე ვიყავი და ვუთხარი, თქვენი ნათლული იბადება და რა დავარქვათ-მეთქი? თუ ჩემი ნათლულია, "ილია" უნდა დაარქვათ, აბა, სხვა რაო?! ჩვენი მეოთხე შვილი უფალთანაა - დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა.

ვცდილობ, ძალიან ვიმეგობრო შვილებთან და არც ის მინდა, დისტანცია მოიშალოს მამისა და შვილების. ძალიან ხშირად, დრო არ მრჩება შვილებისთვის, რადგან ადრე გამოვდივარ სახლიდან და გვიან ვბრუნდები. ბოლო დროს კი ვცდილობ, ერთად გავატაროთ დრო, ადრე ამას უფრო ვერ ვახერხებდი. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის. ღმერთს ბევრი უნდა ელაპარაკო შენს შვილებზე, ბევრი უნდა ილოცო მათთვის, საქმით უნდა დაანახვო ყველაფერი და არა სიტყვებით. ძალიან უნდათ ბავშვებს მამასთან ურთიერთობა. ერთხელ ბაკურიანში ისვენებდა ჩემი ოჯახი და ჩავაკითხე. ჩემი პატარა გოგონა სასტუმროსთან დამხვდა. ჩავეხუტე და ამ დროს ერთი გამომელაპარაკა, მერე - მეორე, კიდევ სხვები და ისე მოხდა, შვილებს ყურადღება გვიან მივაქციე. სახლში რომ ავედი, ქალიშვილმა მითხრა, - ეს შენი მრევლი ფაროსანასავით როგორ ყველგანააო?!. მშობელი როგორც შვილებს არ არჩევს ურთიერთობაში, ასეთივეა მღვდლის მრევლთან ურთიერთობაც. ისინი გრძნობენ ჩემს სიყვარულს, მრევლიც ძალიან დიდ ძალას მაძლევს. როცა ხედავ, ადამიანი ცხოვრების ცუდ წესს იცვლის, ეს დიდი ბედნიერებაა მოძღვრისთვის. როცა მრევლი გაგყავს მძიმე ცოდვიდან და ისევ ამ ცოდვას უბრუნდება, ამაზე დიდი საშინელება არაფერია. ჩვენც, როცა მღვდლად გვაკურთხებენ, გვეუბნებიან, რომ ყველა გაცემულ ზიარებაზე ღმერთი პასუხს აგებინებს მოძღვარს და ამიტომ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მღვდლობა. მრევლმაც უნდა გაიაზროს, რომ შენი შეცდომით მოძღვარსაც აგდებ მძიმე მდგომარეობაში და მოძღვარსაც უნდა ესმოდეს, რომ მისი უყურადღებობით მრევლს ცუდ მდგომარეობაში აგდებს. კვირას წირვაზე ვიდექი და მთელი ოჯახი ვაზიარე: გოგონა იყო ძალიან მძიმედ და რეანიმაციაში იწვა; კვირის წირვის დროს გარდაიცვალა. მე მომიწია ოჯახის წევრებისთვის ამის თქმამ რეანიმაციაში და მთელი ოჯახი ვაზიარე. ეს ძალიან ძნელია. ამ გოგონას პატარა შვილები დარჩა...

- პატრიარქთან ურთიერთობაზეც ხომ არ ისაუბრებთ?

- უმნიშვნელოვანესი წლებია ეს ჩემს ცხოვრებაში. ამხელა პატივი რომ მერგო, ეს არის უფლის საჩუქარი. პატრიარქის მოღვაწეობას რომ ვუყურებ, გაოცებული ვარ, როგორ მაგალითს გვაძლევს თუნდაც იმისას, როგორ უნდა დაითმინო, როგორ არ უნდა უპასუხო ცილისწამებას. ამხელა ბრალდების მიუხედავად, შენ რომ მაინც გიყვარს და მაინც შვილად თვლი ადამიანს!.. ადრე რომ ვკითხულობდი წმინდანების ცხოვრებას, "მოითმინა, დაითმინა, არ უპასუხა" - კიდევ ვერ ვხვდებოდი ამას. აგერ გვყავს ამის ცოცხალი მაგალითი. ჩვენთვის დიდი საჩუქარია ჩვენი უწმინდესი. ალბათ ჩვენი წინაპრებისა და მრევლის სიყვარულით გადაიტანა ეს ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ამხელა პატრიარქი გვყავს!

თეა ხურცილავა